მთავარი პოლიტიკა დანაშაული & სასჯელი ანუ რა ბედი ეწევათ საშუალო რგოლის ჯალათებს

დანაშაული & სასჯელი ანუ რა ბედი ეწევათ საშუალო რგოლის ჯალათებს

583
გააზიარეთ

26 მაისის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ უცნაურ აზრს ავითარებენ, რომელიც ყველაზე სხარტად კახა ბენდუქიძემ ჩამოაყალიბა: ,,ის ადამიანები, რომლებიც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ”. ამ მოკლე ფრაზის მიღმა საკმაოდ უცნაური ლოგიკა, მეტიც, სავარაუდოდ, მთელი მსოფლმხედველობა დგას.

გამორიცხული არაა, რომ, როდესაც ახალგაზრდა კახა ბენდუქიძეს (ან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა გამოჩენილ წარმომადგენლებს) ქუჩაში სცემდნენ, ის მართლაც სახლში იკეტებოდა, სასწავლებელში სიარულს წყვეტდა და ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშს ან უცაბედად დაცალიერებულ მაცივარს, ჰანიბალის არ იყოს, საზეიმო ფიცს აძლევდა (თავიდან მინდოდა, დამეწერა ,,სკარლეტ ო’ჰარას არ იყოს”, მაგრამ შინაგანმა ცენზორმა გამკოჭა), რომ გაიზრდება და მჩაგვრელებს, მარტივად რომ ვთქვათ, დედას უტირებს. თუმცა ყველა ადამიანი ასე როდია მოწყობილი, ბუნებრივი რეაქცია ამ შემთხვევაში, ალბათ, მაინც არის “Stand Up and Fight!“ (,,ადექი და იბრძოლე!”). მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არა რაღაც აბსტრაქტული ჰეროიზმია, არამედ ბანალური ლოგიკა და თვითგადარჩენის ინსტინქტი. მან, ვინც გუშინ უსამართლოდ გცემა, ხვალ შეიძლება ასევე უსამართლოდ მოგკლას. აქედან გამომდინარე, მისი დამარცხება (შეჩერება) პრიორიტეტული ამოცანა ხდება.
მსგავსი გათვლებით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, 2007 წლის ნოემბერშიც ხელმძღვანელობდა და შედეგად მიიღო ის, რომ მომდევნო აქციებზე ასი ათასობით განრისხებული ადამიანი გამოვიდა. პირდაპირი პარალელების გავლება დღევანდელ მდგომარეობასთან, ალბათ, არამართებული იქნება, თუმცა პრინციპი ერთია, ხელკეტითა და ტყვიითაც კი ადამიანს პოლიტიკიდან ვერ გააგდებ. ასე რომ ყოფილიყო, კაცობრიობის ისტორია სულ სხვანაირი იქნებოდა.
საერთოდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ,,ხალხი ქუჩაში აღარ გავა”, შეიძლება ორ გარემოებაზე მიანიშნებდეს: ან ისინი სიტუაციას საკუთარი, მძიმე ბავშვობაში გვარიანად ნაბეგვი ლუზერების საზომით უდგებიან, ან ცდილობენ, საკუთარი თავი დაირწმუნონ, რომ 26 მაისის დარბევამ მათ რაღაც დადებითი შედეგი მოუტანა. ვინაიდან ამ კომპლექსებში ქექვა ვერანაირ ინტელექტუალურ კმაყოფილებასა და ესთეტიურ სიამოვნებას ვერ მოგვანიჭებს, სჯობს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე გადავიდეთ.
1945 წლის აპრილში, ბოლო ოპერატიულ თათბირზე თავის ნახევრადდანგრეულ სამინისტროში, იოზეფ ჰებელსმა, რომელიც იმ მომენტამდე ხელქეითების კამათში არ ერეოდა, უცებ თავი აწია და თქვა: ,,ბატონებო, რატომ თანამშრომლობდით ჩვენთან? ახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან…”, ადგა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ პროპაგანდის სამინისტროს პირდაღებულ ჩინოვნიკებს ზედაც არ შეხედა. ისე, მისი სამინისტროს სრული სახელწოდება ,,სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტრო” იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ის განათლების სისტემას კურირებდა. ამით ,,მეცნიერების, აღზრდისა და სახალხო განათლების” მინისტრი ბერნგარდ რუსტი იყო დაკავებული. ჰებელსის შემთხვევაში ,,სახალხო განათლება” მოსახლეობის იდოლოგიურ გამოთაყვანებაზე ზრუნვას გულისხმობდა, დაახლოებით ისე… ვინაიდან თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით _ ,,დაახლოებით როგორ”, მესამე რაიხის ისტორიიდან დანაშაულისა და პასუხისმგებლობის თემაზე გადავინაცვლოთ, ანუ ,,ბატონებზე, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ”.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები სააკაშვილის ხელისუფლებას მოუწოდებენ, 26 მაისს მომხდარი გამოიძიოს. ამასთანავე, ძალიან ძნელია, საქართველოში იპოვო ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ 26 მაისს პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონიაო. გამოძიება გარდაუვალია; დღეს თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაიწყება. სხვა საკითხია, რამდენად ობიექტურად ჩატარდება ის. მაგრამ საზოგადოება, ძალიან დიდი ალბათობით, არ მოისვენებს მანამ, სანამ დამაკმაყოფილებელ შედეგს არ მიიღებს, რადგან 26 მაისს მომხდარის დავიწყება ახლო პერსპექტივაში წარმოუდგენელია.
გამოძიების დასრულების შემდეგ კი (თუ პოლიციელების ბრალეულობა გამოიკვეთება) გამოჩნდება ორი გზა და საქართველოს ერთგვარი ტესტის ჩაბარება მოუწევს. სააკაშვილის ხელისუფლებასთან მიახლოებული მახასიათებლების მქონე რეჟიმების დანაშაულებებთან დაკავშირებით მსოფლიოში ორი ძირითადი მიდგომა არსებობს. ერთს პირობითად ,,ევროპულს” უწოდებენ. ის ეფუძნება იმ პოსტულატს, რომ სამართალმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იზეიმოს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს (სასჯელი შეიძლება ზომიერი იყოს, თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია). მეორე მიდგომა კი აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დომინირებს. იქ წინა პლანზე ,,ჭეშმარიტების ძიება და ეროვნული თანხმობის მიღწევა” გადმოდის. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, არც ერთი სასამართლო პროცესი (ცხადია, განხილული თემის კონტექსტში) არ გამართულა, მიუხედავად იმისა, რომ იქაურმა ძალოვანებმა არაერთი ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინეს. იქ ,,ჭეშმარიტების დადგენისა და შერიგების” კომისია მუშაობდა არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუს ხელმძღანელობით; მან მთელი რიგი მამხილებელი მასალებისა გამოაქვეყნა, თუმცა აშკარად გასასამართლებელთა 99% არ გაუსამართლებიათ.
მართალია, სამხრეთ აფრიკა ცოტა რთული შემთხვევაა და იქ სასამართლო პროცესების სერია თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის, სავარაუდოდ, ვითარების დაძაბვას გამოიწვევდა, მაგრამ დაახლოებით ასეთი პრობლემების წინაშე ლათინური ამერიკის მთელი რიგი ქვეყნებისა იდგა (ჩილე, სალვადორი, არგენტინა, ეკვადორი…). ამასთანავე, იქ კრახისკენ მიმავალი დიქტატორების მიერ მართული პარლამენტები ხშირად იღებენ კანონებს, რითაც რეჟიმის მსახურებს მომავალი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს (იურიდიული ფორმულირება, ცხადია, სხვანაირია, თუმცა არსი ეგ არის). ბოლივიაში ეს კანონები არ გაუუქმებიათ და დღეს პრეზიდენტ რენე ბარიენტოსისა და სხვა მსგავსი დიქტატორების ფრიად გასვრილი ხელქეითები თავისუფალი არიან. მართალია, ისინი მარილზე არნახული ინტენსიურობით გადიან, თუმცა ამას, კანონის უზენაესობასთან საერთო არაფერი აქვს; კერძო პირების თვითშემოქმედებაზე დაფუძნებულ ანგარიშსწორების ასეთ მეთოდებს, ცხადია, ლეგიტიმურს ვერ ვუწოდებთ.
მოკლედ, მუშაობენ კომისიები, ქვეყნდება ოდესღაც საიდუმლო მასალები, თუმცა ,,ქვედა და საშუალო რგოლის ჯალათების” აბსოლუტური უმრავლესობა გარეთ დადის. მათი დასჯა (ირიბად ამით მათი ოჯახების წევრებიც ზარალდებიან), ფაქტობრივად, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის დასჯასა და გარკვეულწილად საზოგადოებისგან გარიყვას ნიშნავს, რაც ამა თუ იმ არასტაბილური ქვეყნის მდგრადობასა და ეროვნულ სოლიდარობას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.
გამორიცხული არაა, საქართველო ახლო მომავალში მსგავსი დილემის წინაშე დადგეს. ზოგადად, მსგავს ვითარებაში ,,დანაშაულისა და სასჯელის” ურთულეს თემაზე უამრავი დისკუსია იმართება. საინტერესოა, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: ,,ევროპულს” თუ ,,ლათინოამერიკულს”? პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შეიძლება არც ისე მარტივი აღმოჩნდეს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here