მთავარი პოლიტიკა ვინ გახდება ბრუტუსი?

ვინ გახდება ბრუტუსი?

848
გააზიარეთ

მსოფლიო ისტორიამ არაერთი მმართველის სახელი შემოგვინახა, რომლებიც მმართველობის დასაწყისში ხალხის უსაზღვრო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ, თუმცა მმართველობის დასასრულს იმავე ხალხის სიძულვილსა და წყევლა-კრულვას სამართლიანად იმსახურებდნენ. მათ შორის იყო იულიუს კეისარი.

მართალია, კეისრისადმი ხალხის სიყვარულს, სააკაშვილისგან განსხვავებით, მის მიერ ომში მიღწეული წარმატებები განაპირობებდა, თუმცა არსებობს ზღვარი, რომლის იქით გადასვლა აკრძალულია და ასეთი ნაბიჯის გადადგმა არავის ეპატიება. კეისარიც გადავიდა აკრძალულ ზღვარს – რუბიკონი გადალახა, რომის ქუჩებში ჯარით შეიჭრა, დაამყარა ერთპიროვნული მმართველობა და თავისი მონარქისტული ტენდენციებით რომაელთა საამაყო რესპუბლიკური მმართველობა დიქტატურით შეცვალა, მაგრამ მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომლის იდეალს რესპუბლიკური მმართველობა წარმოადგენდა, მარკუს იუნიუს ბრუტუსის მეთაურობით შეთქმულება მოაწყო კეისრის წინააღმდეგ და იგი სენატის დარბაზში მახვილით აკუწა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო მეტად ემსგავსება სააკაშვილის რეჟიმი კეისრის მართველობის ბოლო პერიოდს (რა თქმა უნდა, კეისრის მიერ ომში მიღწეულ წარმატებებს არ ვგულისხმობ). უფრო მეტიც, 26 მაისს სააკაშვილმა საბოლოოდ და შეუქცევადად, ერთი ღამის სისხლიანი ანგარიშსწორებით დასახულ მიზანს მიაღწია: რადიკალურ საპროტესტო მოძრაობას ძალა გამოაცალა, საზოგადოებაში ტოტალური შიში დანერგა და ავტორიტარული მმართველობა დაამყარა. თუკი აქამდე ანალიტიკოსების მიერ სააკაშვილის რეჟიმი არაერთგვაროვნად ფასდებოდა: განვითარებადი დემოკრატია, ნახევრადდემოკრატიული, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი და ა.შ. რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა წინააღმდეგ განხორციელებულმა სადამსჯელო სპეცოპერაციამ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მიიყვანა ერთ დასკვნამდე, რომ სააკაშვილმა იმ ღამით ავტორიტარიზმის მშენებლობა დაასრულა.
26 მაისი აღმოჩნდა მიჯნა _ რუბიკონი, როცა სააკაშვილი, როგორც საფრთხე, საბოლოოდ აღმოჩნდა საზოგადოების პირისპირ. იმ დღიდან საზოგადოებაში, რომლის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა მმართველობის დასაწყისში, მორალური, ლეგიტიმურობა საბოლოოდ დაკარგა და მისი ელექტორატი კომფორმისტი “ტაშისმკვრელების” ვიწრო წრემდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების პროტესტი და უკმაყოფილება სააკაშვილის მიმართ სიძულვილში გადაიზარდა, სამწუხაროდ, მაინც შეიმჩნევა ატორიტარიზმისადმი შემგუებლური დამოკიდებულება, რაც შიშით არის განპირობებული. თუმცა ქვეყანაში, სადაც ზნეობა, პატიოსნება, განსხვავებული აზრი და დემოკრატიული ფასეულობები უგულვებელყოფილია ხელისუფლების მიერ და მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების მოყვარე პრეზიდენტის მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება, შეუძლებელია, საზოგადოება მუდმივად შემგუებლურ პოზიციაში დარჩეს და გამორიცხული სულაც არ არის, რომ საზოგადოების პროტესტმა მოულოდნელად ვულკანივით ამოხეთქოს. ამიტომ შეგონებითი საუბრები საქართველოში “რევოლუციის დასასრულზე” გადაჭარბებული და არასერიოზულია.
ვინ აღმართავს ბრუტუსის მახვილს 
ოპოზიცია და ექსპერტები, დიდი ხანია, ხელისუფლების შიგნით არსებულ წინააღმდეგობებზე საუბრობენ, თუმცა სააკაშვილი მუდმივად ცდილობს, “ნაციონალური მოძრაობა” მონოლითურ პოლიტიკურ ორგანიზმად წარმოაჩინოს, სადაც სრული ურთიერთგაგება სუფევს. მაგრამ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის სტილი და სურვილი _ მუდმივად იყოს ძალაუფლების სათავეში _ თავისთავად გამოიწვევს მის ხელქვეითთა უკმაყოფილებას. რის შემდეგაც “ხავერდოვანი რევოლუციის” თვითმხილველი შეიძლება კიდევ ერთხელ გავხდეთ.
თუმცა ასეთი “დელიკატური” ღონისძიება ამერიკის მხარდამჭერის გარეშე ვერ განხორციელდება, რადგან საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ამერიკის ინტერესები, დამარცხებისთვის არის განწირული. მაგრამ არსებობს კი იმის ალბათობა, რომ ამერიკა სააკაშვილს გაწირავს?
თუკი აშშ-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა, როგორც ლიდერმა, თავისი თავი ამოწურა და თავისი ავტორიტარული მმართველობით საფრთხეს უქმნის ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს კავკასიაში, მაშინ მას უპრობლემოდ მოიშორებენ. ასეთ დროს დღის წესრიგში დადგება მისი გუნდის წევრების (“მსხვილფეხოსნების”) პოლიტიკური მომავლისა და მემკვიდრის საკითხი. ამიტომ შესაძლებელია, გათამაშდეს “სასახლის კარის გადატრიალების” იმიტაცია და ბრუტუსის როლში, ანუ “დემოკრატიის დამცველად” “კეისრის” კარზე დაახლოებული რომელიმე პოლიტიკოსი მოგვევლინოს. მაგრამ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ვინ იქნება ბრუტუსი?
სანამ უშუალოდ შესაძლო “კანდიდატთა” დახასიათებაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ნებისმიერი “ჩინოვნიკი”, რომელიც გადაწყვეტს, გახდეს ბრუტუსი, მოუწევს, გამონახოს საერთო ენა ოპოზიციასთან (სავარაუდოდ, კონსტრუქციულ ალასანია-თარგამაძის გუნდთან), რათა საზოგადოების კეთილგანწყობისა და პოლიტიკური ინდულგენციის მიღების შემდეგ ჩაატაროს “სამართლიანი არჩევნები” ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად.
შენც… გიგი?!
დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორც კი სააკაშვილის ირიბი კრიტიკა დაიწყო, “ნაცმოძრაობის” “სოროსული” ფრთა მაშინვე გააქტიურდა შესაძლო ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. პიონერი კი ამ საქმეში გიგი უგულავა აღმოჩნდა. მის მიერ ჩატარებული ონლაინ-კონფერენცია, რომელიც, ბუნებრივია, შერჩეულ-დამუშავებული კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ბევრმა საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეაფასა. თუმცა პრეზიდენტობას მოისურვებს თუ პრემიერ-მინისტრობას, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ყველასთვის მოულოდნელად უგულავამ სააკაშვილს “ნაციონალური” სილა გააწნა, როცა სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტებასა და სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, მართალია, შელამაზებულად, თუმცა მაინც ალაპარაკდა. ამ ნაბიჯით გიგი უგულავამ დაამტკიცა, რომ ამბიციური პოლიტიკოსია, რომელიც ყოველ ქმედებაში ამჟღავნებს სურვილს – იყოს ქვეყნის პირველი პოლიტიკოსი. ის, როგორც პირდაპირი გზით არჩეული მერი დედაქალაქისა, რომლის მოსახლეობა რესპუბლიკის მცხოვრებთა 30%-ს შეადგენს და სადაც სააკაშვილი კატასტროფულად დამარცხდა, აშკარად შთამბეჭდავად გამოიყურება. გარდა ამისა, უგულავა ხელისუფლების თანავარსკვლავედში ყველაზე კომუნიკაბელური პოლიტიკოსია, რომელსაც შესწევს უნარი, მოსინჯოს ძალა დიდ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ “დიდების მწვერვალისკენ” მიმავალ გზაზე თანაპარტიელების მხრიდან წინააღმდეგობას არ წააწყდება ან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას სხვა “ჩინოვნიკი” არ დაასწრებს, თუნდაც “ბრუტუსის” სტილში.
ყველაზე დიდი შანსი, შეასრულოს “ბრუტუსის” როლი, აქვს მერაბიშვილს, რადგან ის ქვეყანაში გავლენით მეორე კაცია (“სააკაშვილის შემდეგ”) და, როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე, “საქართველო ხერხემალია”. მის დაქვემდებარებაში არსებული პოლიციური სტრუქტურების სიძლიერე ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ “ხელისუფლების გადატრიალებისთვის” საჭირო რესურს ადვილად მონახავს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაუჩნდება. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, მერაბიშვილის, რომელმაც ქართული პოლიცია ირანის შაჰის დროინდელ “სავაკად” აქცია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასათრგუნად იყენებს, განსაკუთრებით კი 26 მაისის ღამით ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ, “ბრუტუსის”, ანუ “დემოკრატიის დამცველის” როლში ხილვა.
“ბრუტუსობის” ასევე დიდი შანსი იუსტიციის მინისტრ და გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს აქვს. მას შეუძლია, ერთდროულად “ორი კურდღელი” დაიჭიროს, თანაც კანონის ძალით. კერძოდ, მას შეუძლია აღძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გასცეს სანქცია 26 მაისის ღამეს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოსაწყობად. ამით მოახერხებს, შეამზადოს ნიადაგი “კეისრის” გასანადგურებლად და მისი “კონსულის” (მერაბიშვილის) პოზიციებსაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში გიგა ბოკერია ამბიციური, მაგრამ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკოსია. თუმცა, მიუხედავად მის მიმართ საზოგადოების უნდობლობისა, სერიოზული ლობი ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით (“თავისუფლების ინსტიტუტი”), ისე ქვეყნის გარეთ (აშშ). ასევე, როგორც ჩანს, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის თვალში სიმპატიითაც სარგებლობს. კერძოდ, ალასანიამ გიგა ბოკერია გონიერ და ადეკვატურ პოლიტიკოსად შეაფასა, როცა ხელისუფლებასთან შეჩერებულ მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებდა. ალასანიას ეს დიპლომატიური “კოცნა” ნიშნავს თუ არა მისი და ბოკერიას პოზიციების დაახლოებას, ძნელი სათქმელია.
ზურაბ ჯამბურია
P.S. რომაელი სენატორი მარკუს იუნიუს ბრუტუსი მეფის ხელისუფლების დამამხობლისა და რომის რესპუბლიკის დამაარსებლის _ ლუციუს იუნიუს ბრუტუსის შთამომავალი იყო და მისთვის რესპუბლიკა ყველაფერზე და ყველაზე მაღლა იდგა. ამიტომ კეისრის მონარქისტული ტენდენციები და დიქტატორული მმართველობა მის უკმაყოფილებას იწვევდა. თუმცა კეისრის ამბიციების მოთოკვა კანონის ძალით შეუძლებელი გახდა, რამაც აიძულა ბრუტუსი, რესპუბლიკის გადასარჩენად აღემართა მახვილი კეისრის წინააღმდეგ.
 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. მეგონა ბრუტუსზე იყო მაგრამ მაინც სააკაშვილს გადასწვდით.სად მოღალატე ბრუტუსი და და სააკაშვილი???

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here