ეუთოს მიერ მიღებული თეზისი იმის თაობაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ერთნაირად დამნაშავეა როგორც ფაშისტური გერმანია, ასევე სსრკ, ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლებს, თუ ბერლინისა და მოსკოვის სამხედრო-სტრატეგიულ გეგმებს შევადარებთ ერთმანეთს.
თუ გერმანული გეგმიდან, რომელიც Drany nach Osten -ის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, ბოლოს და ბოლოს გამოიჩეკა სსრ კავშირის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია, საბჭოთა გეგმა წმინდა წყლის თავდაცვითი ხასიათისა იყო, რომელიც 22 ივნისმა საერთოდ გააუქმა.
დავიწყოთ გერმანიით.
Drany nach Osten
1940 წლის 18 დეკემბერს ფიურერმა დაამტკიცა “ბარბაროსას გეგმა”, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის საერთო ჩანაფიქრი იყო გადმოცემული. გეგმა ბლიცკრიგის თეორიაზე იყო დაფუძნებული. “გერმანიის შეიარაღებული ძალები, _ აღნიშნული იყო ჰიტლერის დირექტივაში, _ მზად უნდა იყვნენ საბჭოთა რუსეთის გასანადგურებლად ხანმოკლე კამპანიის დროს, მანამდე, სანამ ინგლისის წინააღმდეგ ომი დასრულდება”.
“ბარბაროსა” ითვალისწინებდა სწრაფად, მაქსიმუმ ხუთ თვეში წითელი არმიის მთავარი ძალების განადგურებას, რომლებიც თავმოყრილი იყო დასავლეთის საზღვართან, პირველი ბრძოლების შემდეგ ბრძოლისუნარიანობა შენარჩუნებული ჯარების უკანდახევის აღკვეთასა და ვერმახტის მიერ იმ ზღვრამდე მიღწევას, საიდანაც გერმანიის ტერიტორიის დაბომბვა საბჭოთა თვითმფრინავების მიერ შეუძლებელი იქნებოდა. “რუსეთის სახმელეთო ჯარების ძირითადი ძალები, დასავლეთ რუსეთში რომაა განლაგებული, უნდა განადგურდეს სატანკო კოლონების სწრაფი წამოწევის მეშვეობით განხორციელებული გაბედული ოპერაციების განხორციელების გზით. მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანი ჯარების უკანდახევა რუსეთის ტერიტორიის სივრცეებში თავიდან უნდა იქნას აცილებული”, _ მოითხოვდა დირექტივა.
სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზნად დასახული იყო “დამცავი ბარიერის შექმნა აზიური რუსეთის წინააღმდეგ ვოლგა-არხანგელსკის საერთო ხაზზე”. ვერმახტის დარტყმის მთავარ სტრატეგიულ ობიექტად შერჩეული იყო ლენინგრადი, მოსკოვი, ცენტრალური სამრეწველო რაიონი, დონბასი. ურალის ინდუსტრიული რაიონის პარალიზება ავიადარტყმებით იყო გათვალისწინებული.
საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მზადება 1941 წლის 15 მაისისთვის უნდა დამთავრებულიყო. გერმანია გამალებით იკრეფდა ძალებს. 1941 წლის პირველი ნახევრისთვის მას და მის მოკავშირე სახელმწიფოებს შეიარაღებულ ძალებში ჰყავდათ 5 მილიონი კაცი, 47 ათასზე მეტი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 4,4 ათასამდე ტანკი და შეტევის ქვემეხი, 4,4 ათასი თვითმფრინავი.
სსრკ-ზე თავდასხმამდე გერმანიამ შექმნა მოკავშირეთა ბლოკი, რომელშიც შედიოდა იტალია, ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მათთან ერთად _ ბულგარეთი, სლოვაკია, ხორვატია. ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა საფრანგეთი ვიშის მთავრობის სახით, ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი. აღმოსავლეთისკენ შეტევის განსახორციელებლად ემზადებოდა ბლოკი, რომელიც თითქმის მთელი ევროპის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეყრდნობოდა.
საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმა დოკუმენტურად მტკიცდება. განვიხილოთ მხოლოდ გადამწყვეტი ეტაპი _ 1941 წლის მაის-ივნისის პერიოდი. 7 მაისს სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსი გალდერი თავის “სამხედრო დღიურში” ჩაწერს: “ოპერაცია “ბარბაროსას” განსახორციელებლად რკინიგზისა და გზატკეცილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “ბარბაროსას” გეგმის მიხედვით, თავმოყრა: 17 ათასი მატარებელი. ჯარების გადასხმის გადაყვანის შემდეგ დაიწყება რეზერვების გადასხმა”.
12 მაისს სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ოპერატიული განყოფილების მაღალი თანამდებობის თანამშრომელი გელენი, რომელიც მალე აღმოსავლეთის ფრონტის საარმიო დაზვერვის ხელმძღვანელად დაინიშნება, გალდერს წარუდგენს მოხსენებას ოპერაცია “ბარბაროსას” დასაწყებად ჯარების მობილიზების დამთავრების შესახებ. გალდერი მოსხენებას მიაწერს: “გაკეთებულია ყველაფერი, რაც დასახული გვქონდა”.
22 მაისს რაიხის სატრანსპორტო არტერიები აღმოსავლეთში ჯარების სტრატეგიული გაშლის დასაჩქარებლად საგანგებო გრაფიკზე გადადის. საბჭოთა კავშირის საზღვრებთან გერმანიის სამხედრო ძალების კონცენტრაციის ჭეშმარიტი მიზნების დასაფარად გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის უფროსი, გენერალ-ფელდმარშალი კეიტელი გამოსცემს განკარგულებას ფართო დეზინფორმაციული ოპერაციის მეორე ფაზაზე გადასვლის შესახებ: “…დეზინფორმაციაში მონაწილე უმაღლესი შტატებისა და სხვა ორგანოების ძალისხმევა უფრო მეტად მიმართულ უნდა იქნას საიმისოდ, რომ ძალთა თავმოყრა ოპერაცია “ბარბაროსას” დასაწყებად წარმოაჩინოს როგორც დასავლეთელი მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით ჩაფიქრებული მანევრი”.
საბჭოთა საზღვრების მიმდებარე რაიონებში ყოველდღიურად აგზავნიდნენ საშუალოდ 300 ეშელონს. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ასეთი მასშტაბური გადასროლის დაფარვა მხოლოდ დიდი ტყუილით თუ შეიძლებოდა.
30 მაისს გალდერის დღიურში ასეთი საკვანძო ჩანაწერი გაჩნდა. “… გადაყვანა გეგმის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. ფიურერმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია “ბარბაროსას” დაწყების ვადა უწინდელია _ 22.6”.
5 ივნისს ჰიტლერმა დაამტკიცა სსრკ-ში შეჭრის საბოლოო მოსამზადებელი ღონისძიებები. 10 ივნისს კი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ-ფელდმარშალმა ბრაუხიჩმა გასცა განკარგულება ოპერაცია “ბარბაროსას” დაწყების დროის შესახებ _ 1941 წლის 22 ივნისის 3 საათი და 30 წუთი, პირობითი ნიშნით “დორტმუნდი”, რომელსაც ჯარები 21 ივნისის 13:00 საათზე მიიღებდნენ, ნება დაერთვებოდათ, მოეხსნათ ყოველგვარი შენიღბვა და დაუფარავად ემოქმედათ.
20 ივნისს, საღამოს, შტაბებმა მიიღეს ფიურერის მოწოდება გერმანელი ხალხისა და ჯარებისადმი “ბარბაროსას” გამო. სწორედ ამ მიმართვაში ჩამოაყალიბა ჰიტლერმა თავისი თეზისი გერმანიის ვითომდა იძულებითი მოქმედებების შესახებ:
“…გაძლიერდა რუსეთის ჯარების კონცენტრაცია გერმანიის აღმოსავლეთ საზღვართან… გერმანიის ვერმახტმა და გერმანულმა სამშობლომ იცის, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან არ იყო არც ერთი გერმანული სატანკო თუ მოტორიზებული დივიზია… დღეს ჩვენს საზღვართან დგას 160 რუსული დივიზია. უკანასკნელი კვირების განმავლობაში განუწყვეტლივ ირღვევა ეს საზღვარი _ არა მარტო ჩვენთან, არამედ შორეულ ჩრდილოეთსა და რუმინეთში… უკვე დადგა ჟამი, როცა აუცილებელია, გავილაშქროთ ომის ებრაულ-ანგლოსაქსური გამჩაღებლებისა და მოსკოვში ბოლშევიკური ცენტრის ებრაელ მბრძანებელთა წინააღმდეგ”.
შევნიშნავთ, ეს დიდი ტყუილი ლამის ღვთიურ აღტაცებას ჰგვრის იმ იდეის აპოლოგეტებს, რომლებიც ომის დაწყების გამო, მინიმუმ, თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებენ საბჭოთა კავშირს; მაქსიმუმ კი, მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ მას.
და ხვალ იყო ომი
ახლა კი საბჭოთა კავშირში არსებული ომისწინა მდგომარეობა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა: 1,9 მლნ კაცი _ 1939 წელს, 4,9 მლნ _ 1941 წელს, მათი ბრძოლისუნარიანობა შემცირდა. ახალი შენაერთების მოკლე დროში ერთდროულად შექმნამ უარყოფითად იმოქმედა მათ მატერიალურ უზრუნველყოფაზე, საბრძოლო მზადყოფნაზე. ჯავშანსატანკო და მექანიზებული შენაერთების უმეტესობაში განხორციელდა რეორგანიზაცია.
სიტუაცია გაართულა დასავლეთში ჯარების ძირითადი ნაწილის დისლოკაცის შეცვლამ აღმოსავლეთ პოლონეთში ლაშქრობასთან დაკავშირებით, ფინეთის ომმა და სსრკ შემადგენლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნების შესვლამ. საზღვრის გასწვრივ განლაგებული გამაგრებული რაიონები განაიარაღეს, ახალ საზღვარზე ანალოგიური გამაგრებული პუნქტების მშენებლობა და შეიარაღება ომის დაწყებისთვის დამთავრებული არ იყო. წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობას, რომელიც ამ პერიოდში განახლდა, აკლდა გამოცდილება _ არ იყო საბრძოლო და ოპერაციული ცოდნით აღჭურვილი. საკმარისია, ითქვას, რომ მეთაურთა 80 პროცენტი დაკავებულ თანამდებობაზე ერთ წელიწადსაც არ მუშაობდა. ახალი სამხედრო ხელმძღვანელობა _ თავდაცვის სახალხო კომისარი, მარშალი ტიმოშენკო და გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჟუკოვიც სრულად ვერ უპასუხებდნენ ამ მაღალ თანამდებობებზე დანიშნული ხელმძღვანელებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, რის გამოც სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ.
ასე, მაგალითად, აშკარად დააგვიანეს ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის საბოლოო ვარიანტის დამუშავება. 1940-1941 წლებში იგი მინიმუმ სამჯერ გადაამუშავეს. ყველაზე უფრო საშიშ სტრატეგიულ მიმართულებად მიჩნეული იყო სამხრეთ-დასავლეთის _ უკრაინის მიმართულება და არა დასავლეთ-ბელორუსიის მიმართულება, სადაც ჰიტლერულმა სარდლობამ თავი მოუყარა ყველაზე მძლავრ სახმელეთო და საჰაერო დაჯგუფებებს. 1941 წლის თებერვალ-აპრილში ოპერატიული გეგმის შეცვლისას ეს შეცდომა არ გამოუსწორებიათ.
ამასთან ერთად, დოკუმენტში რეალისტურად იყო შეფასებული შექმნილი ვითარება: “…საბჭოთა კავშირი მზად უნდა იყოს ორ ფრონტზე საბრძოლველად: დასავლეთში _ გერმანიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს იტალია, უნგრეთი, რუმინეთი დ ფინეთი, და აღმოსვლეთში _ იაპონიის წინააღმდეგ…” საბჭოთა სტრატეგიული დაგეგმვის არც ერთ დოკუმენტში გამადიდებელი შუშითაც ვერავინ იპოვის გერმანიაზე თავდასხმის მინიშნებასაც კი.
გეგმის უკანასკნელი კორექტირება 1941 წლის მაის-ივნისის დასაწყისში განახორციელეს. დაზუსტებული ვარიანტი სახელწოდებით “მოსაზრებები საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის გეგმის შესახებ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ომის შემთხვევაში” ეფუძნებოდა 1941 წლის 15 მაისისთვის შექმნილ მდგომარეობას. თავდაცვის სახალხო კომისარმა ტიმოშენკომ და გენშტაბის უფროსმა ჟუკოვმა იგი სტალინს წარუდგინეს. დოკუმენტი, რომელიც ლიტერატურაში “ჟუკოვის ბარათის” სახელითაა ცნობილი, სახელმწიფოს მეთაურთან 24 მაისს სრულიად საიდუმლო თათბირზე განიხილეს.
განხილვის პრაქტიკული შედეგი ასეთი იყო: ფაშისტური აგრესიის წინა დღეს საბოლოოდ გაიმარჯვა მოსაზრებამ, რომლის ძალით მთავარ დარტყმას გერმანელები უკრაინის მიმართულებით განახორციელებდნენ. ბელადის მითითებით, კიევის საგანგებო სამხედრო ოლქს გამოუყვეს დამატებითი ძალები, რის შედეგადაც მას წილად ერგო დასავლეთის ყველა საზღვრისპირა სამხედრო ოლქის დივიზიების თითქმის 50 პროცენტი. ეს შეცდომა, ჟუკოვის აღიარებით, შემდეგ ძალიან მძიმედ აისახა თავდაცვით ღონისძიებებზე.
“ჟუკოვის ბარათის” გარშემო დღესაც მწვავედ კამათობენ. საქმე ის არის, რომ ბარათის ავტორები წინადადებას აყენებდნენ, დაესწროთ მოწინააღმდეგისთვის და, სანამ იგი ჯარების გაშლით იყო დაკავებული, დაერტყათ გერმანელთა არმიისთვის. განზრახული ჰქონდათ 152 დივიზიის ძალებით გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის 100 დივიზია კრაკოვი-კატოვიცეს გადამწყვეტ მიმართულებაზე, შემდეგ კატოვიცეს რაიონიდან გაეგრძელებინათ შეტევა, გაენადგურებინათ გერმანული ჯარები ცენტრსა და მათ ჩრდილოეთ ფრონტზე, დაეკავებინათ ყოფილი პოლონეთისა და აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორია.
ოპონენტების აზრით, ეს მოწმობს, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა, წინმსწრებად დაერტყა გერმანიისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა ვერმახტის უკვე გაშლილი ჯარების წინააღმდეგ წარმოუდგენელი იყო სსრ კავშირის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების, ოპერატიული დოკუმენტების დეტალური დამუშავებისა და ჯარების აუცილებელ დაჯგუფებათა შექმნის გარეშე. ეს ყველაფერი კი არ განხორციელებულა. რომელ წინმსწრებ დარტყმაზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი?
“ჟუკოვის ბარათი” მრავალთა შორის მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც გენერალურ შტაბს ჰქონდა დამუშავებული და რასაც რეკომენდაციას უწევდა უკიდურესად საშიში უკანასკნელი მომენტისთვის.
გერმანული პროპაგანდის სიცრუე აშკარაა. ჭეშმარიტება საჯაროდ წარმოთქმულ სიტყვებში კი არ ძევს, არამედ გერმანიის ხელმძღვნელობის საიდუმლო დოკუმენტებშია დაფიქსირებული.
გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის თათბირზე, რომელიც 1940 წლის 21 ივლისს გაიმართა, ჰიტლერმა დარწმუნებით განაცხადა: “რუსებს არ სურთ ომი”. პირველსავე დოკუმენტში, რომელიც დაკავშირებულია სსრკ-ზე თავდასხმასთან, კერძოდ, 1940 წლის 5 აგვისტოს “ოსტის” გენერალური გეგმის პროექტში ნათქვამია: “რუსები თავიანთი თავდასხმით სამსახურს ვერ გაგვიწევენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარები თავდაცვას განახორციელებენ”… ვერმახტის მიერ სსრკ-ის საზღვრის დარღვევამდე ზუსტად 3 თვით ადრე, 1941 წლის 22 მარტს, გენერალ-პოლკოვნიკმა გალდერმა თავის დღიურში ჩაწერა: “არ მჯერა რუსეთის მხრიდან შესაძლო ინიციატივის”.
დაბოლოს, 1941 წლის 13 ივნისს, ომის დაწყების კვირაძალს, გერმანიის სახმელეთო ჯარების გენშტაბის დაზვერვა, რომელსაც ადმირალ კანარისი ედგა სათავეში, პატაკობდა: “რუსების მხრიდან… უწინდებურად თავდაცვით მოქმედებას უნდა ველოდოთ…”
ნაცისტური ლიდერების სიცრუე სრულად იქნა მხილებული ნიურნბერგის პროცესზე. საერთაშორისო ტრიბუნალმა განაჩენში ჩაწერა, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას კანონიერი გამართლების ნიშანწყალი არ გააჩნია. “ეს აშკარა აგრესია იყო”.
ასეთია ჭეშმარიტება.
www.fondsk.ru