ქართულ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინათ “რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ” რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა და ამ ნაბიჯით 1763-1864 წლებში ჩერქეზთა წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით განხორციელებული გენოციდი ოფიციალურად აღიარა. მაგრამ საზოგადოების ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება. სწორედ ჩერქეზთა გენოციდის საკითხსა და ამ პროცესში საქართველოს ინტერესებს ეძღვნება კონფერენცია, რომელიც 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობისა” და “ევრაზიის ინსტიტუტის” თაოსნობით გაიმართება. კონფერენციის მიზნებისა და ინიციატივების შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე ესაუბრა.
– 15 ივნისს გაიმართება კონფერენცია, რომლის თემაც არის ე. წ. ჩერქეზთა გენოციდის საკითხი და საქართველოს ინტერესები. საკითხი უკავშირდება საქართველოს პარლამენტის მიერ გენოციდის აღიარებას. პოლიტოლოგები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობისა” და “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრები განიხილავენ, თუ რამდენად არის მისაღები ჩერქეზთა გენოციდის აღიარება საქართველოსთვის და რა მოტივები ამოძრავებდა ხელისუფლებას, როდესაც აღნიშნული რეზოლუციის პროექტს ამტკიცებდა.
– კონფერენციაში მხოლოდ ქართველები მონაწილეობენ?
– სასურველი იყო, მეზობელი სახელმწიფოებიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, თუნდაც ჩერქეზეთიდანაც მოგვეწვია სტუმრები და მათი აზრიც მოგვესმინა, მაგრამ ამის შესაძლებლობა დღეს, პრაქტიკულად, არ არსებობს, ვინაიდან ხელისუფლება რუსეთიდან ქვეყანაში მხოლოდ იმ ხალხს უშვებს, ვინც მას ხელს აძლევს და ვისაც თავად უხდის ფულს. მაგალითად, საქართველოში გზა ხსნილი აქვთ ისეთ საზიზღარ პერსონებს, როგორიცაა იულია ლატინინა და ვალერია ნოვოდვორსკაია. ყველაზე მარგინალ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთში ყურადღებას არავინ აქცევს, საქართველოში კი მათ დიდ მოღვაწეებად წარმოაჩენენ.
– რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს საქართველოს მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების ფაქტს?
– არის მოვლენა, რომელიც შეიძლება ცალსახად ან დადებითად, ან უარყოფითად შეაფასო და მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია, თუმცა ეს შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა, რათა არ მოხდეს მისი იზოლაცია საერთაშორისო არენაზე, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა. ეს გამოიწვევს საქართველოს წარმოჩენას მარგინალურ ქვეყნად, მარგინალური ხელისუფლებითა და მარგინალური პოლიტიკით.
ამას გარდა, უკვე წამოჭრილია სომხების გენოციდის საკითხიც, რომელიც ჩერქეზებისგან განსხვავებით, უკეთაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი.
– გენოციდის აღიარების თხოვნით, საქართველოს პარლამენტს სომხებმაც მიმართეს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია მეზობელი ქვეყნების კონფლიქტში?
– საქართველოს ხელისუფლება აქამდე არ აღიარებდა სომხების გენოციდს, ვინაიდან, ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს მდგომარეობდა შემდეგში: ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისტორიული ფაქტების შეფასება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემა არ არის სახელმწიფოს განსახილველი თემა. ახლა კი რა გამოდის? რომ ჩვენ ერთ ისტორიულ ფაქტს, მე-18 საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარ ამბებს ვაფასებთ და მე-20 საუკუნის დასაწყისის უფრო აქტუალურ ფაქტს ყურადღების მიღმა ვტოვებთ?! არადა, საქართველო სომხების გენოციდს ვერ აღიარებს, ანუ ეს ფაქტი უკვე ძალიან უხერხულ ვითარებაში აყენებს საქართველოს. ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა ქვეყანა.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი – თვითონ ჩერქეზები და სხვა ჩრდილოკავკასიელები როგორ აფასებენ გენოციდის ფაქტს. საქართველოსთვის ჩერქეზეთიდან არავის უთხოვია, რეზოლუცია მიეღო. საქართველოს პარლამენტმა ზოგიერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე დიასპორის წარმომადგენელი მოიწვია, თავად მოახდინა საკითხის ინიცირება და მერე ვითომ ჩერქეზების თხოვნა დააკმაყოფილა. ჩერქეზებსა და იმ ხალხებს, ვისთვისაც გენოციდის აღიარების ფაქტი მნიშვნელოვანია, მიაჩნიათ, რომ, უპირველესად, რუსეთმა უნდა აღიაროს მათი ისტორიის ტრაგიზმი და უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებასთან უნდა მოილაპარაკონ, ხოლო აქ ისეთი დაინტერსებული მხარე, როგორიც საქართველოა, სრულიად ზედმეტია.
ჩვენს ხელისუფლებას ჩრდილოკავკასიელები სულელები ჰგონია; ფიქრობს, ჩერქეზები დაუჯერებენ, რომ “სიყვარულის ბუშტი” გაუსკდა ხელისუფლებას, მაშინ, როცა თავიდან სწორედ ეს ხელისუფლება მლიქვნელობდა რუსეთის წინაშე. ყველას კარგად ახსოვს, როგორ დაატყვევეს ჩეჩნები და გადასცეს რუსეთს. ამით სურდათ, რუსეთის ხელისუფლება მოესყიდათ, რაც ამაზრზენი ფაქტი იყო.
ყველას ესმის, ხელისუფლება თავის ნაბიჯებში მოტივირებულია მხოლოდ უგუნური და ფსიქოპათიური მოტივებით და გარკვეული დავალება აქვს მიცემული დასავლეთისგან, რომელსაც აწყობს, რომ კავკასიაში მუდმივი დაძაბულობა იყოს და რუსი და ქართველი ხალხი ვერასდროს შერიგდეს.
საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი სუვერენიტეტი არ გააჩნია, განსაკუთრებით საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში. ვხედავთ, ამერიკის ელჩი როგორ უშუალოდ ერევა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ქართველ ხალხთან საუბრობს, როგორც სამხედრო კომენდანტი. როცა ასეთ დონეზეა ქვეყნის სუვერენიტეტი დარღვეული და ფეხქვეშგათელილი, საქართველოს შეუძლია რაიმე გადაწყვეტილება თავად მიიღოს?
ამერიკა რუსეთთან უშუალო კონფრონტაციაზე, რა თქმა უნდა, არ წავა. რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად კარგი საშუალებაა საქართველო. არც ამერიკა და არც ერთი სხვა ქვეყანა ჩერქეზების გენოციდს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, ეს ჩვენ ვართ განსაკუთრებულად დამორჩილებული ქვეყანა რეგიონში.
– თქვენ ამერიკის ინტერესები ახსენეთ, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ბოლო წლებში ჩერქეზების გააქტიურებას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადასაც უკავშირებს, რომელიც ჩერქეზების გენოციდის 150 წლისთავს ემთხვევა. ვინაიდან არც ერთ მხარეს არ სურს აღნიშნული ოლიმპიადის ჩატარება, ამ შემთხვევაში, თითქოს საქართველოსა და ჩერქეზების ინტერესების თანხვედრა მოხდა…
– მსგავსი რამ ჩერქეზებისგან არ მომისმენია. ჯერ ერთი, ვთქვათ, რომ ჩერქეზ ხალხს წარმოადგენს ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს ავტონომიური რესპუბლიკების ოფიციალური ხელისუფლება და არა დიასპორა. ვფიქრობ, არ შეიძლება დიასპორების წარმომადგენლებმა ჩერქეზების სახელით ისაუბრონ.
ჰყავს ამ ავტონომიურ რესპუბლიკებს ლეგიტიმური ხელმძღვანელობა, ეს ხალხი იღებს რუსეთიდან ხელფასებს და არანაირ აღიარებასა და რუსეთის შემადგენლობიდან გასვლას არ ითხოვს.
– თქვენ ახსენეთ, რომ ადგილობრივი ჩერქეზები არ ითხოვენ აღიარებასო, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, ყველა ჩერქეზი ერთხმად აღიარებს, რომ გენოციდს ადგილი ჰქონდა.
– აფხაზები არ არიან დარწმუნებული, არ იციან, რომ ოდესღაც მათი, ასე ვთქვათ, “გენოციდიც” მოხდა? მაგრამ დღეს აფხაზეთი რუსეთის მზეს ფიცულობს. ყველამ კარგად იცის ყველაფერი. კი, ბატონო, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობდა რუსულ-კავკასიური ომი, რომელშიც დამარცხდნენ კავკასიელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას გენოციდი ვუწოდოთ და საკითხის განსჯა დავიწყოთ. ეს არის პროვოკაცია ქართული მხრიდან, რასაც თავად ჩრდილოეთ კავკასიაც ცუდად შემოგვიბრუნებს.
– იყო მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების ფაქტი კავკასიაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევდა. შეიცვლება თუ არა ვითარება და შეძლებს თუ არა საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერის ფუნქციის აღებას?
– საქართველოს ხელისუფლებას იმდენად დაკარგული აქვს ავტორიტეტი, რომ ეს შეუძლებელია მოხდეს. კავკასიაში საქართველოს გავლენა დაკარგულია. 2008 წლის აგვისტოს ომმა განსაკუთრებით ცუდი იმიჯი შეუქმნა საქართველოს, როცა სააკაშვილმა თავის მიერვე წამოწყებული ომი ორ დღეში წააგო.
– ანუ თქვენ ემხრობით რუსეთის ვერსიას, რომ ომი საქართველომ დაიწყო?
– რეალურად ასეა. ჩრდილოკავკასიელებმა ხომ კარგად იციან, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. 8 აგვისტოს თურმე ერთ-ერთ ქელეხში ბრძანდებოდა თემურ ალასანია და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა, გილოცავთ, აღდგა ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტი ცხინვალის რეგიონზეო. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ. იმედოვნებდნენ, რომ რუსეთი დაფრთხებოდა და ვერ ჩაერეოდა ამ კონფლიქტში. როგორი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ისეთ ლიდერს, რომელიც მიწაზე ფორთხავს და ჰალსტუხს ჭამს? ასეთ ლიდერს პატივს არავინ სცემს, განსაკუთრებით კავკასიაში.
ხელისუფლება რუსულ “ლიბერასტულ” ჟურნალ-გაზეთებს დიდ ფულს უხდის, რომ საქართველოს რეფორმებზე მითები შექმნას, მაგრამ სიმართლე ყველამ კარგად იცის.
– მაგრამ ხელისუფლება მსგავს ნაბიჯებს იმით ამართლებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პიარი ქვეყანას სჭირდება.
– მაშინ შედეგი სად არის? როდესაც ნოვოდვორსკაიასა და ლატინინას მსგავსი ადამიანები გაქებენ, ეს კიდევ უფრო უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, რადგან რუსი ხალხი ანტიპათიურადაა ამ ადამიანების მიმართ განწყობილი, თუ საერთოდ იცის მათი არსებობა. სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი თავის ტკბობასა და ნარცისიზმშია გადავარდნილი. საქართველოს ხელისუფლება ამერიკაშიც ბევრ ფულს ხარჯავს, რათა სხვა ქართველ ოპოზიციონერებს, მაგალითად, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს აჯობოს. მიმდინარეობს ბრძოლა არა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არამედ ამერიკის გავლენიანი წრეების ნდობის მოსაპოვებლად.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძე: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია