Home რუბრიკები პოლიტიკა გამოშერონება, ანუ პროვინციული “свадьба с генералом”

გამოშერონება, ანუ პროვინციული “свадьба с генералом”

717

ყელში მობჯენილი ბედნიერებისა და სიხარულის გამო ჩახლეჩილი ხმით ყვიროდა დაბოლილივით დარეტიანებული ახალგაზრდა. ხელებს იქნევდა, ხტუნავდა და ყვიროდა:
_ ენდი გარსიამ ხელი ჩამომართვა! ამ ხელს აღარ დავიბან! მაგარი კაცი ვარ!
დეჟავიუ! რა თქმა უნდა! გასული საუკუნის 30 წლების შავ-თეთრი კინოკომედიის კადრები გაცოცხლდა _ “Поцелуй Мери Пикфорд” (რეჟისორი სერგეი კომაროვი).

კი, ასეა!
კინოთეატრის მებილეთეს _ გოგა პალკინს, რომლის როლს ცნობილი მსახიობი იგორ ილინსკი ასრულებდა, მოსკოვში ჩამოსული ჰოლივუდის ვარსკვლავი აკოცებს. გადაირევა გოგა, ლოყას აიკრავს და ისე ახუნტრუცდება, როგორც ის ახალგაზრდა გასულ კვირა საღამოს რუსთაველის თეატრის წინ, იქ, სადაც ფულიანი ბიძები “საქველმოქმედო” ქეიფზე ისხდნენ ჰოლივუდელებთან და პრეზიდენტთან ერთად.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების დაყოფა _ ჩვენ და ისინი.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ობივატელურ ჭაობში ვართ ყელამდე ჩაფლული, როგორც ნებისმიერი მაზრის გოროდნიჩები, დობჩინსკები და ბობჩინსკები.
ამაში 2011 წლის 5 ივნისმა დაგვარწმუნა _ შეკვეთით გადაღებული ფილმის “აგვისტოს 5 დღე” პომპეზურმა საპრემიერო ჩვენებამ, როცა ჰოლივუდის ერთ რეჟისორთან და ორიოდ მსახიობთან ერთად თბილისს სააკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი გარსიაც ესტუმრა.
ესტუმრა შერონ სტოუნიც, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მართალია, არაოსკაროსანი, მაგრამ “სექსსიმბოლო”, როგორც ჩვენ, უბირ ხალხს, არ მახსოვს, “რეალტივიმ” თუ “რუსთავი 2”-მა განგვიმარტა.
სიმბოლოს, რომელიც, ღმერთი, რჯული, ერთობ თავდაჭერილად იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში მისულს სააკაშვილი საკმაოდ გაშინაურებულად ეჯაჯგურებოდა, ფილმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ თურმე “სურვილი გამოუთქვამს, ჩამოსულიყო”.
ესეც აგვიხსნეს და განგვიმარტეს, ვინმე ხეპრეს რომ არ ჰგონებოდა _ საქართველოში ჩამოსასეირნებლად დიდი ჰონორარი გადაუხადეს ქალბატონ შერონსო.
ვინ გაბედავდა ამის გაფიქრებას, რადგან ყველამ იცოდა, ქვეყნის მთავარი პიარმენეჯერი რომ იყო ამ “პეტრუშკას” იდეის ავტორი, ფული კი _ ხალხის, რომელსაც ხელს აბა ვინ ახლებს კორუფციის დამმარცხებელ სახელმწიფოში?!
მეშჩანური ტრადიცია ვაჭრების გალაღების დროიდან შემორჩენილი _ “свадьба с генералом”, რომელიც “ქეთო და კოტეს” დასკვნით ფრაზაში შესანიშნავმა ქართველმა მსახიობმა შალვა ღამბაშიძემ _ მაკარ ტყუილკოტრიაშვილმა, ვაჭარმა და სოვდაგარმა გააჟღერა:
“_ თუ ქორწილია, ქორწილი იყოს! ღუბერნატორით, არქიელითა!”
ღუბერნატორობა და არქიელობა შეუთავსეს ქალბატონ სტოუნს, რომელმაც ვერა და ვერ მოირგო “სვადებნი გენერლობა” და ვერც თავისი ფუნქცია იპოვა ამ საერთო-სახალხო ზეიმში, იმდენად დაბნეული ჩანდა, რომ ხეირიანად გაღიმებასაც ვერ ბედავდა. საპრემიერო ჩვენების თაობაზე სიტყვაც ვერ დააცდენინეს, თუმცა აცრემლებულა ფილმის დემონსტრირების დროს.
ამიტომ “გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი”?
თუ რეჟისორმა თქვა, ვიტირეო?
ტელეეკრანებიდან გადმოღვრილი აღფრთოვანებული შეძახილების ნიაღვარსა და ნაკადში, დაზუსტებით ვერ გავარკვიე ვინ.
ისევე, როგორც ვერ გავარკვიე, იყო თუ არა ვინმე _ აგვისტოს ომის მონაწილე, დაღუპულის ჭირისუფალი ან დევნილი მიწვეული რუსთაველის კინოთეატრში.
ტელერეპორტიორებს ამაზე სიტყვაც არ დასცდენიათ.
ალბათ, არ იყვნენ: თქვენ თქვენთვის იტირეთო!
სანამ პატივცემული თვითკმაყოფილება კინოთეატრში ბრძანდებოდა, მიხეილ სააკაშვილი ალექსანდროვის ბაღში “რეჩს იჭერდა” და ხალხზე ზრუნვის მორიგი ფაქტით გვახარებდა.
გვაუწყა, რომ ჯერ ერთი, ევროპის მსგავსად, ბაღებმა და პარკებმა ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა. ისე აღარაა, როგორც უწინ, როცა პარკები “სადღაც გადასაკარგავში” იყო, მაგალითად, ვაკეში, კუსტბაზე, სადაც ზოგჯერ ისვენებდნენ ადამიანები, რათა შემდგომ სოციალისტურ შრომას შედგომოდნენ.
ახლა დაისვენებენ ქალაქის ცენტრში და… სად ჯანდაბაში და როგორ შრომას შეუდგებიან, პატივცემულ მიხეილს არ უთქვამს.
მეორე. მანვე გვაუწყა, რომ ამ პარკში სიბინძურისა და ნარკომანიის ბუდე იყო. სიბინძურისა და ნარკომანიის ბუდე უწოდა იმ ადგილს, სადაც (განა ვინმეს დაავიწყდა?!) ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტების სისხლი დაიღვარა 1956 წლის 9 მარტს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების სისხლი.
ასეთი სახელმწიფოებრივი ხედვით გამსჭვალული შესავლის შემდეგ ვიღას გაუკვირდებოდა იმ აბსურდის თეატრის ხილვა, რომელიც ლაქუცა ფინიებმა ღია ცის ქვეშ, რუსთაველის პროსპექტზე, გამართეს.
2008 წლის დღენახევრიან ომში ხომ გავიმარჯვეთ?
გავიმარჯვეთ.
2011 წლის 5 მაისს კი “მთელ მსოფლიოს დავანახეთ”, რომ გავიმარჯვეთ ხელმეორედ.
აბა!
დაქირავებული მომტირლების ხმაზე კიოდა საგანგებოდ შერჩეული და პატრიოტთა ბანაკებში რეპეტიციაგავლილი გოგო (უმთავრესად) _ ბიჭების “მასოვკა”, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ შეეყარათ, ტროტუარზე (ახლოს ვინ მიუშვებდა!) და რომელსაც დავალებული ჰქონდა, ამერიკული პოპსას მიბაძვით, გულ-ღვიძლის ამოყოლებამდე ეწივლათ და ესტვინათ იმ ბედნიერების გამოსახატად, რომელიც ხელისუფლებამ მიანიჭა ჰოლივუდის მსახიობთა ხილვით.
მეწამულ ხალიჩაზე, რომელიც ნასისხლარ ასფალტზე სტუმრებს ფიანდაზად დაუგეს, ამერიკელმა ზეადამიანებმა ისე გაიარეს, როგორც ეგზოტიკურმა სირაქლემებმა _ საჰარის ცხელ ქვიშაზე.
არ ვარგა!
სხვა ვარიანტი: ჰოლივუდის ვარსკვლავებმა 26 მაისს დარბეული აქციის მონაწილეების ღია ჭრილობებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაუარეს.
იქნებ, ასე თქმაც არა ა ბოლომდე სამართლიანი: ვინ ეტყოდა მათ თუ რა გმირობა ჩაიდინა აქ, ამ ადგილზე ხელისუფლებამ ათიოდ დღის წინათ?!
მაგრამ, რაც ვიხილეთ, იმაზე ვამბობ. იმათთვისაც _ ვინც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მასპინძლებს მინდობილი სტუმრები.
არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here