Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლება მედპერსონალს მიზანმიმართულად ებრძვის

ხელისუფლება მედპერსონალს მიზანმიმართულად ებრძვის

674

ალბათ, შეამჩნევდით, ბოლო დროს რაღაც არაბუნებრივად გახშირდა ექიმების დანაშაული, კვირა არ გავა, რამდენიმე ექიმი არ მაიბრძანონ ჩვენს “საქებ-სადიდებლ” საპატიმროებში.
გარდა ამისა, თვალშისაცემად გაიზარდა იმ ექიმთა რაოდენობაც, რომლებიც უკანასკნელ პეროდში საავადმყოფოების გაყიდვის შედეგად უსამსახუროდ და ულუკმაპუროდ დარჩნენ. ამ ყველაფერზე საკამოდ კრიტიკული მოსაზრებები აქვს მედიცინისა და ფარმაციის თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტ ჯონი ჯანაშიას.

რა პრობლემებია დღეს მედიცინის სფეროში და რატომ მიმდინარეობს სამედიცნო პერსონალის მიმართ შავი პიარი ჯონი ჯანაშია მოგვიყვება.
_ ბოლო დროს თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ დღეს მედიცინა “შავ დღეშია” და რომ სამედიცინო პერსონალის დისკრედიტაცა მიმდინარეობს. რა გაძლევთ ამის საბაბს?
_ ასეთი ქართული ანდაზა არსებობს: “საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო”. დღეს ვერ მიადგებით ქართულ მედიცინიაში ვერც ერთ მიმართულებას, მძიმე მდგომარეობა რომ არ იყოს. დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ქართველი მედიცინის მუშაკების წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარი. დღე არ გავა, რომ მასმედიის საშუალებებით ექიმები დამნაშავეებად არ წარმოაჩინონ. ექიმი ნარკომანია, მკვლელი, უვიცი, მექრთამე… ექიმი არის ყველანაირად საზიზღარი და საშიში არსება თურმე ამ ქვეყანაზე. რატომ ხდება ეს?! ძიების შედეგად მივდივართ ერთ საინტერესო მომენტამდე _ ვიღაცას უნდა დაბრალდეს ის, რაც ქვეყანაში ხდება. ამ შემთხვევაში ექიმები აღმოჩნდნენ განტევების ვაცები.
დაიცალა ბიუჯეტი, რატომ და როგორ, ეს კარგად მოგეხსენებათ, ტაშფანდურსა და ფასადურ პოლიტიკაზე ვართ გადასული. ქვეყანა, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებს. მივდივართ ერთადერთ “გამოსავალთან” _ ქონების გაყიდვასთან. ეს არის გაჭირვებული კაცის პოლიტიკა, როდესაც თვითონ არ მუშაობს, თავი რომ ირჩინოს, სახლიდან გააქვს ნივთები და ყიდის. მოგეხსენებათ, სავადმყოფოებს ყოველთვის ჰქონდათ სტრატეგიულად პაციენტებისთვის მოსახერხებელი ადგილები, სადაც პაციენტისთვის მისვლა და მიდგომა გამარტივებული იყო. ასეთი ადგილმდებარეობის მქონე საავადმყოფოების გაყიდვა, როგორც ჩანს, ხელსაყრელი აღმოჩნდა სახელმწიფოსთვის, ინვესტორისთვის კი _ ნოყიერი ლუკმა.
_ თქვენ შავი პიარი ახსენეთ. მოქმედებს თუ არა ეს ექიმებსა და მოსახლეობას შორის ნდობის დაკარგვაზე? როგორ ფიქრობთ, ეს შეგნებულად კეთდება?
_  რა თქმა უნდა, მოქმედებს. ამ პოლიტიკით ნელ-ნელა ჩნდება ნაპრალი პაციენტებსა და ექიმებს შორის ურთიერთობაში. ამით მიაღწევენ იმას, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ გაუჩნდება ექიმების დაცვის სურვილი. პირიქით, მკვიდრდება ასეთი შეხედულება: ეს საზიზღრები უნდა გაყაროთ სამსახურებიდან, რად უნდათ მაგათ საავადმყოფოები, სამსახური! გაყიდეთ, ესენი კი გაუშვით ქუჩაში.
ექიმები ყოველთვის იყვნენ ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ავანგარდი, ამის თქმა არ მეშინია, რადგანაც ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო ინსტიტუტს აწყდებოდა ყველაზე მომზადებული ნაკადი აბიტურიენტებისა _ მედალოსნები, წარჩინებულები, რადგან თვითონ პროფესია იყო ავტორიტეტული. გარდა ამისა, არსებობდა არაჩვეულებრივი სამედიცინო სკოლები. იმ ქმედებებით კი, რასაც ახლა სახელმწიფო ახორციელებს მედიცინის მუშაკების წინააღმდეგ, მივაღწევთ იმას, რომ თვითონ ექიმებს აღარ ექნებათ სურვილი, დაიცვან საკუთარი თავი, მედიცინა. ამ შავი პიარით ცდილობენ, ექიმთა ავტორიტეტი ნულამდე დასცენ, ხალხის თვალში შელახონ მედიკოსთა დღევანდელი და მომავალი საქმიანობა. ამ ყველაფერს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ხალხი ნელ-ნელა დაკარგავს ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილს. ამათაც ეს უნდათ.
_ დასაწყისში სავადმყოფოების გაყიდვის თემას შევეხეთ. რამდენად გამართლებულია ამ ინტენსივობით უცხოელი ინვესტორებისთვის საავადმყოფოების მიყიდვა, რამდენად კანონიერია ეს?
_  ესენი ათასნაირ კანონებს იგონებენ, რომ შემდგომ უკანონობა კანონიერი გახადონ. საავადმყოფოები ერთიმეორეს მიყოლებით იყიდება, უმრავლეს შემთხვევაში კი _ ყოველგვარი პროფილის შენარჩუნების გარეშე. როდესაც ადამიანს უყიდი სახლს-კარს, წესიერება და კეთილსინდისიერება მოითხოვს იმას, რომ რაღაც ალტერნატიული ფართი შესთავაზო. დღეს ყველა ამ გაყიდული საავადმყოფოს პერსონალს 3 საავადმყოფოში ტენიან. ეს არის დიღმის რკინიგზის საავადმყოფო, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა და ქალაქის ყოფილი 31-ე ქარხნის საავადმყოფო, რომელსაც ახლა მე-5 საავადმყოფო ჰქვია.
საინტერესოა, რომ უმრავლესობას იმ ფართების შესყიდვას სთავაზობენ, სადაც გადაყვანას უპირებენ (დახლოებით 250-300 დოლარის ღირებულებით ერთი კვ.მ.). რამდენ საავადმყოფოს ექნება ამ თანხის გადახდის საშუალება?! თუ ვერ გადაიხდიან, ქუჩაში დარჩებიან. თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გაგულისებით გაიძახიან, პროფესიონალი ექიმები გვჭირდებაო! ნურავინ მოგატყუებთ, რომ ქართველი ექიმები  არაკვალიფიციურები არიან. უბრალოდ, როგორ პირობებსაც შეუქმნი, ისე იმუშავებს. პირობები კი როგორიცაა, ხომ ხედავთ.
არც იმას ვამბობ, რომ დარგში არ ხდება დანაშაული, საექიმო შეცდომები, არ არიან უვიცი ექიმები. რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ ხდება ამ კერძო შემთხვევების განზოგადება, მთელი დარგისთვის ჩირქის მოცხება და საზოგაოდების თვალში მედიკოსთა ყველანაირად დამცირება-დაკნინება.
_ როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკა გამოიწვევს თუ არა სამედიცინო პერსონალის დაშინებას და საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით პირში წყლის ჩაგუბებას?
_ რა თქმა უნდა, გამოიწვევს. ექიმების უმრავლესობამ შესანიშნავად იცის თავისი საქმე. თუ მას სავადმყოფოს ჩამოაშორებ, ავადმყოფს წართმევ და არ მისცემ მკურნალობის საშუალებას, მაშინ რა უნდა აკეთოს? მინდა კიდევ ერთხელ  მივმართო ყველა ექიმს, რომ გაერთიანდნენ და იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის, რადგან გათითოკაცებულის დამარცხება ბევრად ადვილია ამ ხელისუფლებისთვის.
საქართველოს მედიცინის პროფკავშირები არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენთ, არანაირი სურვილი არ გვაქვს ქვეყნის სათავეში მოსვლის და არც ქვეყნის მართვის ამბიცია გვაწუხებს. ჩვენი ერთადერთი მიზანი ჩვენი დარგისა და ექიმების სოციალური, ეკონომიური, მორალური მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვაა.
ასევე შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მედიცინას არ ჭირდება რეფორმა, რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ეს რეფორმა არ უნდა იყოს ისეთნაირად წარმართული, რომ დარგი დაზარალდეს.
სამედიცინო სფეროში უკვე მთელი რიგი დარგები გაქრობის წინაშე დგას (პარაზიტოლოგია, ადამიანის რეპროდუქტოლოგია). დღეს-ხვალ გაყიდიან კანისა და ვენერიულ სნეულებათა ინსტიტუტს და დისპანსერსაც მიაყოლებენ. იგივე ელოდება დამწვრობის ცენტრსაც. გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს ცენტრი შექმნა ამ საქმის დიდმა ენთუზიასტმა და დიდოსტატმა ბატონმა ბესიკ იაშვილმა. ეს თავის დროზე იყო “ნოუ ჰაუ” იმ პერიოდის საქართველოსთვის. მსგავსი ანალოგი მას მთელ კავკასიაში არ ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში ავადმყოფის ერთი-ორი დღე მკურნალობა არ კმარა. დღეს გვეუბნებიან, რომ ასეთ ავადმყოფებს სხვა კლინიკებში დააწვენენ. ნურას უკაცრავად, დამწვრობას სხვადასხვა მიკრო ორგანიზმები და ვირუსები ახლავს თან, რომლებიც არაფრით არ შეიძლება სხვა დაავადების მქონე გვერდით მწოლ პაციენტს გადაედოს.
იყო საუბარი, რომ ინსტიტუტს ათსაწოლიან განყოფილებაში გადაიყვანდნენ. ამაზე ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე  დათმობაზე წავიდნენ და თქვეს, რომ ოცსაწოლიანში გადაიყვანენ. ამის კმაყოფილებიც არ ვართ, რადგან დღეს ამ ცენტრში 27 პაციენტი მკურნალობს და როგორ გადაჰყვათ 20-საწოლიანში?!
_ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ხშირად საავადმყოფოების ხელმძღვანელებად არასამედიცინო განათლების მქონე პიროვნებები ინიშნებიან, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებული. რამდენად საზიანოა ეს?
_ დღესღეობით ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ინვესტორების ისეთი ჯგუფები გამოჩნდენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ინვესტიცია განეხორციელებინათ, წურბელებივით მოასხდნენ საავადმყოფოებს კისერზე. მოიყვანეს თავიანთი ურიცხვი ეკონიმისტი, იურისტი, წარმოუდგენლად გაბერეს ადმინისტრაციის შტატები. არადა, ახალი არაფერი შექმნილა ამ საავადმყოფოებში, ამ ხალხის  გამოსაძღომად ასეთი  გამოსავალი იპოვეს _ ექიმებს ხელფასები დაუკლეს და პაციენტებს მომსახურების გადასახდი გაუძვირეს. შედეგად კი მოსახლეობა დაზარალდა, ადამიანები უსახსრობისა და მაღალი გადასახადის გამო ვეღარ მიდიან ექიმთან. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ადამიანები ავად აღარ ხდებიან, უბრალოდ, მათ მკურნალობის საშუალება აღარ აქვთ.
ესაუბრა თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here