Home რუბრიკები საზოგადოება თბილისის გერბის ავტორი, ცნობილი მხატვარი 74 წლის ემირ ბურჯანაძე სპეცნაზმა ცემით...

თბილისის გერბის ავტორი, ცნობილი მხატვარი 74 წლის ემირ ბურჯანაძე სპეცნაზმა ცემით სიკვდილის პირას მიყვანა

1378

ფერთა სიმბოლიკა დომინირებდა იმ დღეს _ წითელი ხალიჩა, წითელი ვარდები, რომლებიც საგანგებოდ ეკვადორიდან ჩამოიტანეს მაძღართა პურის საჭმელი ადგილის _ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის თეთრი სუფრის დასამშვენებლად…
შერონ სტოუნის ხასხასა წითელი კაბა ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლის ჯინსების ფონზე.
და მეწამული სისხლი, რომელიც რუსთაველზე დაიღვარა 26 მაისის ღამეს.
წითელი ვარდი, კარგა ხანია, საქართველოში სიყვარულის სიმბოლოდ არ აღიქმება, ხალხის სისხლთან ასოცირდება.
მაინც ერთგულებს ამ ფერს ჩვენი ხელისუფლება…
 

 
 
არ ვიცი, ფიქრობდა თუ არა ფერთა სიმბოლიკაზე ცნობილი ქართველი მხატვარი ემირ ბურჯანაძე, რომელიც 26 მაისს ფეხქვეშ გაიგდეს შავხალათიანმა “წესრიგის დამცველებმა”.
ალბათ, არ ფიქრობდა.
მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, როგორც ჩანს, რადგან პერსონალურად მის თავს გადამხდარ ამბავშიც აისახა საქართველოს ხელისუფლების მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის არნახული სიკეთე სრულად და კონკრეტულად.
თანაც ისე მარტივად, როგორიც სასკოლო თვალსაჩინოებაა დამწყები კლასებისთვის.
თაფლაკვერი: ბატონ ემირს სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიანიჭა საპატიო თბილისელობა (2005 წელს) და ეროვნული სახელმწიფო პრემია (2009 წელს).
მათრახი: იმავე ხელისუფლების ერთგულმა ოპრიჩნიკებმა 26 მაისის ღამეს ისე გამეტებით ურტყეს საქართველოსთვის ომებში გაცვეთილი რეზინის ხელკეტები, რომ ეს დამსახურებული, 74 წელს მიღწეული ადამიანი დღეს ლოგინად არის ჩავარდნილი და ახლობლები ღმერთს მის უვნებლად გადარჩენას ევედრებიან.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისგან ინტერვიუს ჩამორთმევაზე ფიქრიც კი ამორალურია. პროფესიულ ეთიკაზე არაფერს ვამბობ.
თვითმხილველთა ნაამბობს გადმოგცემთ.
მათ შორის პირველი ყოფილი პარლამენტარი, “ნაცმოძრაობის” წევრი დაფუძნების დღიდან, ამათი წესდებისა და პროგრამის თანაავტორი (ვანო მერაბიშვილთან ერთად), “ნაცების” მიერ ნაპატივები და ნალოლიავები იგორ პატარიძეა, ხანდაზმული კაცი, რომელსაც, როგორც “ობიექტივი” იტყობინება, დაუნდობლად სცემეს რუსთაველზე და “სხეულის სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად ტვინის შერყევა მიიღო”.
ეგეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ამათგან მიღებული სიკეთე სატანისეულია, მეფისტოფელისთვის ფაუსტის მიერ სულის მიყიდვასავითაა და უბედურებად შემოუბრუნდება ნებისმიერს.
ბატონი პატარიძე ყვება, რომ კინოთეატრ “რუსთაველს” შეფარებული შეხვდა ემირ ბურჯანაძე. გარეთ გასვლას რომ შეეცდებიან, სპეცრაზმელები გზას გადაუღობავენ, ცხვრებივით წინ გაირეკავენ, შემდეგ ხელებს გადაუგრეხენ და მიწაზე დაყრიან: “ემირ ბურჯანაძეც გამოიყვანეს, პატარა ბიჭიც და კიდევ ვიღაც მოხუცი. 8 თუ 9 კაცი ვიყავით. ესენი გვერდზე დააწვინეს. ამ საწყალ ბურჯანაძეს სისხლი მოსდიოდა. მხოლოდ თვალები უჩანდა. მოვტრიალდი და ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვუთხარი: _ ბიჭო, ნახე ეს კაცი რა დღეშია, ხელები გამიხსენი და სადმე წავიყვან. ცემა გინდოდათ და უკვე გვცემეთ-მეთქი.
ამ დროს დაუჭერელი ხალხი, დაახლოებით 60 კაცი გამოჩნდა. ქვემოთ კორდონი იდგა. ერთი მაღალი სპეცრაზმელი დავინახე. ვიფიქრე, ამას ვაჟკაცობა მაინც ექნება-მეთქი და ვუთხარი: ბიჭო, ახალგაზრდა ხომ ხარ? ხომ მიდის ეს ხალხი? გამიხსენი ხელები, ამ კაცს წავიყვან-მეთქი. ისიც ვუთხარი, ხომ ხედავ, რა დღეშია. მეორე სპეცრაზმელმა ხელი მომკიდა, შენ რა აქეთ-იქით დადიხარ, დადექი, ნიკაპი მანქანაზე დადეო”.
იმ მაღალმა მე ხელები არ გამიხსნა, მაგრამ, ეტყობა, ექიმის მოსაყვანად წავიდა. შემდეგ გავიგე, რომ ემირ ბურჯანაძე საავადმყოფოში წაეყვანათ” (ობიექტივი.ნეტ, 2011 წლის 3 ივნისი).
საავადმყოფოში მიყვანილ ბურჯანაძეს ვიღაც 4 უცნობი მიჰყვა და დაემუქრა, არსად, არავისთან წამოგცდეს, რომ გცემეს, თორემო და ა.შ.
ახლობლებმა იმავე ღამეს გამოაპარეს საავადმყოფოდან.
ათი წლის ბიჭი ტყიბულში ისე დაეცა, რომ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა _ ოპერაცია თავის ტვინზე, ბედად ომგამოვლილი ქირურგი შეხვდა, რომელმაც ტრეპანაცია გაუკეთა და გადაარჩინა, ფაშისტებთან ნაომარმა კაცმა.
60-ზე მეტი წლის შემდეგ მშობლიური უშიშროების ძალების უსახელო გმირმა ჩექმის ქუსლი ჩასცხო მიწაზე დაგდებულ ადამიანს შუბლში, წარბებშუა.
“ჩემი პოლიცია მე მიცავს!”
ემირ ბურჯანაძე პოლიტიკაში არასოდეს ჩარეულა, მხატვარია და მთელი თავისი შემოქმედება სამშობლოსთვის აქვს მიძღვნილი.
ჩარევა? არ ჩარევა? _ ჰამლეტისეული ორჭოფობა დღევანდელ პოლიტიკასთან დაკავშირებით ასე ტრანსფორმირდება: ჩაერევი ვაია, არ ჩაერევი _ ვუი?
მაშ, რა?
პასუხი არ ჩანს ისევე, როგორც არ ჩანს დემოკრატია.
სამაგიეროდ შედეგი სახეზეა: ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი და ახლობლებს უკვე ის უხარიათ, რომ “მუცლის ღრუ ნორმაშია”, გულ-მკერდის მდგომარეობაა რთული, უჭირს სუნთქვა, ტვინი აქვს შერყეული.
სპეცრაზმი დაიძრა მულღაზანზარის ჯარების წინააღმდეგ, გაიქცა ხალხი, გაერიდა. უტევენ შავხალათიანები, რომლებიც შავი ხელკეტებითა და პოლიციის შენობებივით გამჭვირვალე ფარებით არიან აღჭურვილი.
ფეთქდება გაზის ყუმბარები.
კვამლი დგას ყროლი და მომწამვლელი.
ისვრიან. ეცემა ხალხი.
სპეცრაზმელთა ცუნამის ტალღა ტალღას მოსდევს: გადაუვლიან ერთნი, სხვები გადაუვლიან ხელმეორედ და მიწაზე რჩებიან ხელფეხდაბორკილი “რუსეთის აგენტები და მოღალატენი”.
ურტყამენ წიხლებს, ხელკეტებს.
ერთ სპეცრაზმელს კარგად ნაცემი მომიტინგე გაუკოჭავს. ზურგიდან ყავს დაჭერილი, მეორე ფინია სპეცრაზმელი სახეში გამეტებით ურტყამს მუშტებს. ვერ წვდება. მაღალია ის კაცი. ახტება და დაარტყამს ერთი მხრიდან. ახტება და დაარტყამს მეორე მხრიდან.
მომიტინგე დგას, არ იძვრის.
ფინია კი ხტება და ურტყამს.
ლესია უკრაინკას ქუჩიდან წვიმის ღვარში გდია პერანგგადახეული კაცი უძრავად, გულაღმა. მკვდარია?
ემირ ბურჯანაძე მიჰყვება მასის ნაკადს. უცებ მის წინ მავალი წაიქცევა _ ან ტყვია მოხვდა, ან გაზმა მოწამლა. იქნებ, ფეხი დაუცდა ძალაგამოლეულს?
ემირ ბურჯანაძე თავს ვერ შეიმაგრებს და ეცემა. ზედ ეცემიან სხვები _ დომინოს პრინციპი სწორედ მასაში ვლინდება ყველაზე უკეთ. მდევრები მყისვე თავს დაადგებიან და ურტყამენ. ურტყამენ ხელჯოხებს.
ერთი ადამიანის სახედაკარგული “ზონდერი” ქორივით დააცხრება მიწაზე დაგდებულ ემირ ბურჯანაძეს და შუბლში წიხლს ჩააზელს.
ქუხს, ელავს. მეხის გავარდნა ყოველწუთიერია. აირია და აიზილა ცა და დედამიწა.
თავგახეთქილი ადამიანების სისხლი აწითლებს რუსთაველის პროსპექტს იქ და იმ ადგილზე, სადაც 10 დღის შემდეგ საზეიმო მეწამულ ხალიჩას დააფენენ.
ერთ მწერალთან ამოვიკითხე: “ადამიანი კეთილშობილურად იქცევა მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ აქვს”. ეტყობა, სახელმწიფოც ასეა. ყოველ შემთხვევაში, სწორად ასე ირჯება ჩვენი სახელმწიფო.
როცა სჭირდებოდათ, ხელის გულზე ატარეს ბატონი ემირ ბურჯანაძე.
როცა ხალხის უკმაყოფილება იგრძნეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს.
ეს მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა კი არა, ბოროტებაა.
მხოლოდ ბოროტმა და უგნურმა შეიძლება აღმართოს ხელი ადამიანზე, ვინც კოდები გაშიფრა ქართული დამწერლობის. გადატრიალების  წინაშე ვდგავართ?
“აი ია” ამოხსნა ისე, როგორც, ეტყობა, იაკობ გოგებაშვილმაც არ იცოდა, მაგრამ იყო ამ ორ სიტყვაში დაშიფრული. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
წიგნი, რომელიც ამ აღმოჩენის შესახებაა, დასაბეჭდად იყო გამზადებული, როცა ცეცხლის კევრი დაატრიალეს ემირ ბურჯანაძის თავზე.
არაჩვეულებრივია წმიდა გიორგის ხატი, რომლის დამთავრებას სულ ცოტა აკლია. გრაფიკაა, ოქრო-ვერცხლით, ლალით გამდიდრებული და დამშვენებული.
უიშვიათესია.
ასეთი კაცი, შემოქმედი ადამიანი მიუგდეს საჯიჯგნად გამხეცებულ ზონდერებს.
დაღვარეს სისხლი.
არმაზ სანებლიძე
P.S. ძველ გერმანულ ტომებს ჰქონდათ ასეთი ცნება _ “ვერგელდი” _ “სისხლის ფასი”.
როგორ ზღავს ხალხის იმ სისხლს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად დაღვარა?
როგორია ჩვენი ხელისუფლების “ვერგელდი”?
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here