Home რუბრიკები ისტორია ხვალ იყო ომი

ხვალ იყო ომი

სულ რამდენიმე დღე დარჩა გასული საუკუნის ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღამდე, რომლის 70 წლისთავი წლეულს აღინიშნება: 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, დაიწყო სისხლისმღვრელი ომი, რომელსაც მილიონობით ადამიანი შეეწირა ორივე მხრიდან.
ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინური პროპაგანდის მთელი სიბინძურე და სიყალბე ბოლო პერიოდში სულ უფრო ნათლად მჟღავნდება. სრულიად უსაფუძვლო გამოდგა თითიდან გამოწოვილი შეცდომების ბელადისთვის დაბრალება, რამაც თითქოს გამოიწვია წითელი არმიის მარცხი ომის პირველ პერიოდში.
ელექტრონული გამოცემა “სტრატეგიული კულტურის ფონდის” მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, სიმართლის დადგენისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია.
ცნობილია, რომ ომისწინა რამდენიმე თვის განმავლობაში სტალინის და, შესაბამისად, ქვეყნის ხელმძღვანელობასა და არმიის მოქმედება ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა _ როგორმე თავი აერიდებინათ ომისთვის და არავითარი საბაბი არ მიეცათ გერმანელებისთვის საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად. ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა ლიდერი ერთდროულად დიამეტრალურად განსხვავებულ ღონისძიებებს მიმართავდა. სტალინი გრძნობდა, რომ აგრესიის საშიშროება დღითიდღე ძლიერდებოდა, ქვეყანა კი მტრის მოსაგერიებლად მზად არ იყო. იგი, ერთის მხრივ, ფიურერის დაშოშმინებას ცდილობდა: აკრძალა გერმანული ავიაციის საბჭოთა ტერიტორიაზე ფრენის შეზღუდვა, მკაცრად აკონტროლებდა, რათა გერმანიაში ხორბლის, ქვანახშირის, ნავთობპროდუქტების და სხვა სტრატეგიული მასალების მიწოდება გრაფიკის დაურღვევლად განხორციელებულიყო, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ყველა ქვეყანასთან; მეორეს მხრივ, ცდილობდა, თავისი მოქმედებითა თუ განცხადებით ზემოქმედება მოეხდინა ჰიტლერზე, დაებრკოლებინა მისი აგრესიული განზრახვანი ძალის დემონსტრაციით. სწორედ ამიტომ 1941 წლის დადგომისთანავე ქვეყნის სიღრმიდან დასავლეთის საზღვრებისკენ დაიწყეს ოთხი არმიის გადმოყვანა. შეიარაღებულ ძალებში 800 ათასი რეზერვისტი გაიწვიეს. შემტევი ტონალობით იყო გამორჩეული სტალინის სიტყვა, რომელიც მან 1941 წლის 5 მაისს სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულთა კრემლში შეკრებაზე წარმოთქვა.
ღონისძიებათა შორის, რომლებიც ფიურერის დეზინფორმირებას ისახავდა, იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებსაც კრემლთან შეთანხმებით საბჭოთა სპეცსამსახურები განახორციელებდა.
ასე მაგალითად, გერმანიის აგენტურას მოსკოვში შეუგდეს (თანაც _ წარმატებით, რასაც მოწმობს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული ამგვარი ხასიათის დოკუმენტები) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირზე ყველაზე რეალურ და საშიშ შესაძლო დარტყმად ქვეყნის ხელმძღვანელობა მიიჩნევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებას _ აღმოსავლეთ პრუსიიდან ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და ლენინგრადისკენ. ავრცელებდნენ ხმებს, რომ აქ თავს იყრის წითელი არმიის ძირითადი ძალები. სამხრეთ-დასავლეთის და სამხრეთის მიმართულება (უკრაინა და მოლდავეთი) კი, პირიქით, შედარებით დაუცველად არის მიტოვებული. სინამდვილეში კი სწორედ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით იყო კონცენტრირებული წითელი არმიის მთავარი ძალები: კიევის საგანგებო სამხედრო ოლქის ჯარების შემადგენლობაში ომის წინ 58 დივიზია და 957 ათასი ადამიანი იყო გაერთიანებული.
პოტენციური მოწინააღმდეგის მხარეს ავრცელებდნენ ინფორმაციას იმაზე, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობაში ოპოზიციური განწყობილება იკიდებს ფეხს. მაგალითად, თავდაცვის სახალხო კომისარი ტიმოშენკო თითქოს დაბეჯითებით მოითხოვდა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ყოველმხრივ გაძლიერებას, რათა, როგორც გერმანული აგენტურა პატაკობდა, შეესუსტებინა მისი მშობლიური უკრაინის სამხედრო პოტენციალი და ამით გარანტირებულად ჩაებარებინა იგი გერმანელებისთვის.
დეზინფორმაციის ფიგურანტად თვით სტალინიც კი მოგვევლინა. “რიბენტროპის ბიუროში” შენახულია აგენტურული პატაკები საკავშირო კომუნისტურ პარტიაში ერთგვარი “მშრომელთა ოპოზიციის” ფართე მოძრაობის შესახებ, რომელიც გამოდიოდა “გერმანიისადმი სტალინის უზომო დათმობების წინააღმდეგ”.
აღნიშნული მიმართულებით მუშაობდნენ დიპლომატებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ დეზინფორმაციულ ღონისძიებებში; ზოგიერთ შემთხვევაში ისე, რომ ამის შესახებ არაფერიც არ იცოდნენ. 1941 წლის 21 ივნისამდე საბჭოთა კავშირის ელჩი გერმანიაში დეკანოზოვი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ სტუმრობდა, მხოლოდ საოქმო საუბრებს სჯერდებოდა; განიხილავდა მიმდინარე საკითხებს საერთო საზღვრის ცალკეული უბნების მარკირების, ბერლინში, საელჩოს ტერიტორიაზე ბომბსაფარის მშენებლობის შესახებ და მისთ.
დეზინფორმაციის თავისებურ მწვერვალად წარმოდგა მოსკოვის მცდელობა, იძულებული გაეხადა ბერლინი, მეტ-ნაკლებად დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია მთელ მსოფლიოში მოარულ ხმებთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ეს იყო 1941 წლის 14 ივნისს გამოქვეყნებული საკდესის ცნობა. კრემლმა, რომელიც დეტალურად საქმის კურსში იყო სსრ კავშირზე გერმანიის თავდასხმის მზადებასთან დაკავშირებით, საკდესის არხებით აღნიშნული მოარული ხმები “ყოველგვარ საფუძველს” მოკლებულად გამოაცხადა.
მათი გავრცელება კი დაუკავშირა იმ ძალების ხრიკებს, რომელთაც არ სურთ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. სტალინს ამით სურდა, დაერწმუნებინა ჰიტლერი, რომ იგი (სტალინი) არ ფლობს ინფორმაციას საბჭოთა საზღვრებთან ვერმახტის ძალების კონცენტრირების შესახებ, რითაც აიძულებდა ჰიტლერს, თავისი პოზიცია გამოეხატა ამასთან დაკავშირებით. თუ ბედი გაუღიმებდა, ჰიტლერს შეიძლება განეხილა საკდესის ცნობა, როგორც მიპატიჟება მოლაპარაკებაზე და გადაედგა კიდეც ნაბიჯი ამ მიმართულებით. ეს კი მინიმუმ რამდენიმე თვით გადაწევდა ომის დაწყებას.
მარშალი ვასილევსკი წერდა, რომ გენერალური შტაბის მუშაკები, ისევე, როგორც სხვა საბჭოთა ადამიანები, საკდესის ამ ცნობამ ერთგვარად გაგვაკვირვაო. ეს რომ დიპლომატიური მანევრი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ბერლინის რეაქციის გამჟღავნებას, სამხედრო ხელმძღვანელთა მცირე წრემ თუ იცოდა. ამის თაობაზე არ გაუფრთხილებიათ საზღვრისპირა სამხედრო ოლქების სარდლებიც კი, რომ არაფერი  ვთქვათ უფრო დაბალი რგოლის მეთაურებზე.
1941 წლის 15 მაისს გენერალური შტაბის უფროსმა გიორგი ჟუკოვმა, მისმა პირველმა მოადგილემ ვატუტინმა და ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვასილევსკიმ სტალინს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელიც ლიტერატურაში “ჟუკოვის ბარათის” სახელითაა ცნობილი და რომლის მიხედვით წითელ არმიას ვერმახტის შეიარაღებული ძალებისთვის გაშლის პერიოდში უნდა შეეტია. გერმანელები ვერ მოასწრებდნენ ფრონტის ორგანიზებასა და ჯარების სახეობათა ურთიერთობის აწყობას. მაშასადამე, უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნებოდა. წითელი არმია განავითარებდა შეტევას, დაიკავებდა ყოფილი პოლონეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ პრუსიას.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ სტალინის მიერ ამ წინადადების მიუღებლობა ყოველმხრივ გამართლებული იყო: ფართომასშტაბიანი დარტყმა ვერმახტის პრაქტიკულად გაშლილი ჯარებისთვის საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ქცეულიყო სასოწარკვეთილთა ჟესტად: ოპერატიული დოკუმენტების დეტალური დამუშავებისა და საარმიო ნაწილების აუცილებელი დაჯგუფების შექმნის გარეშე ასეთი, თავისთავად სარისკო, ნაბიჯი ავანტიურად შემოტრიალდებოდა.
დღევანდელი გადასახედიდანაც კი კოლიზია, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს წინ უსწრებდა, ურთულესი და ძნელად გადასაჭრელი ჩანს, მით უფრო უძნელესი იყო იმ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც მაქსიმალურად შეამცირებდა დანაკარგებს და იმ უპირატესობას, რომელიც ჰიტლერის კარგად გაწვრთნილ და საბრძოლო გამოცდილებამიღებულ არმიას გააჩნდა.
ისტორიამ დაამტკიცა, რომ სტალინის მოქმედება ამ გადამწყვეტ პერიოდში საბოლოოდ გამართლებული იყო.
www.fondsk.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here