Home რუბრიკები საზოგადოება ადა მარშანია: ბაგაფში იყო ის ადამიანი, რომლისთვისაც არ უნდა აგეხსნა, რა არის...

ადა მარშანია: ბაგაფში იყო ის ადამიანი, რომლისთვისაც არ უნდა აგეხსნა, რა არის საქართველო

1339

ადა მარშანია არა მარტო ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა, არამედ ერთგვარი სიმბოლოც დედასამშობლოს მოკვეთილი აფხაზეთის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი პასიონარია.
სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან შვილია იგი ლორიკ მარშანიასი, დიდი კაცის, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ქართველთა და აფხაზთა ძმობისა და ერთობის მეციხოვნედ დარჩა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
“საქართველო და მსოფლიოს” დღევანდელი სტუმარია ქალბატონი ადა მარშანია.

26 მაისის ღამეს იგი რუსთაველის პროსპექტზე იდგა მომიტინგეთა შორის. ამაზე ილაპარაკებს და იმ გორგალსაც გაჰკვეთს, რომელიც საგანგებოდ დაბურდეს, რათა საზოგადოებას აუბნიონ გზა და კვალი თბილისური ბართლომეს ღამის ორგანიზატორთა გამოაშკარავებასა და ჭეშმარიტ მიზეზთა დადგენაში.
მხოლოდ ერთ ფრაზაში _ საბრძოლო ყიჟინაში, რომლითაც “სამშობლოს გმირი დამცველები”, შავხალათიანი, “ზონდერებად” და “სპეცნაზელებად” წოდებული აფთრები დაერივნენ ხალხს, დაშიფრულია ის კოდი, რომელიც იძლევა უტყუარ პასუხს კითხვაზე _ ვინ არის დამნაშავე?
მანამდე კი ორიოდ შტრიხი ადა მარშანიას ბიოგრაფიიდან.
_ დავამთავრე ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სამი წელიწადი ვიმუშავე საქართველოს უმაღლეს სასამართლოში, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში; 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ჩავერთე და მას შემდეგ ვარ პოლიტიკაში, პირველ რიგში, აფხაზეთის გამო. ვარ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი: მივლინებულები ვართ დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არჩეული იყო ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს და ჯერ კიდევ საბჭოთა კონსტიტუციის ძალით.
_ საუბარსაც აფხაზეთით დავიწყებთ. გასულ კვირაში დაკრძალეს აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში…
_ შეხების წერტილები ჩვენს ოჯახს სერგეი ბაგაფშთან ხშირად ჰქონდა. არაერთხელ ყოფილა ჩვენთან სტუმრად, სადილად. ეს მაშინ ბუნებრივი იყო. მამაჩემის ჯერ სტუდენტი, შემდეგ კი ასპირანტი იყო. მამა საქართველოს სახელმწიფო სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად მუშაობდა და ბევრი სტუდენტი და ასპირანტი ჰყავდა. სერგეი ბაგაფში მათ შორის გამორჩეული იყო…
_ ცნობილი პოლიტოლოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია ჩვენი გაზეთის წინა ნომერში წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც სურს და არც შეუძლია აფხაზეთის პრობლემის მოგვარება: “მხოლოდ მოღალატეები და დამნაშავეები არ ისარგებლებდნენ ქართველებისა და აფხაზეთის დასაახლოებლად იმ პერიოდით, როცა ხელისუფლებაში სერგეი ბაგაფში და მისი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. აფხაზი პოლიტიკოსების ახალ თაობასთან ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვექნება”.
_ დღევანდელ ხელისუფლებას ვისთან არ გაუჭირდება ურთიერთობა?! საკუთარ ხალხთანაც კი ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას და იქ, სადაც ძალიან გართულებულია ურთიერთობა და სადაც უამრავი ტრაგედია დატრიალდა, მის უნარზე ლაპარაკიც კი ზედმეტია _ არა მხოლოდ გაუჭირდება, არამედ, სამწუხაროდ, დაკეტილი აქვს ყველა გზა.
ბაგაფში იყო ის ადამიანი, რომლისთვისაც არ უნდა აგეხსნა, რა არის საქართველო. რადგან სწავლობდა და მუშაობდა საქართველოში, ხშირად ჩამოდიოდა თბილისში, სადაც უამრავი მეგობარი და კოლეგა ჰგავდა. მისი მეუღლე ქართველი ქალი, შონიების გვარიდანაა. პიროვნებად ჩამოყალიბდა იმ წლებში, როცა ქართველის და აფხაზის გარჩევა სირცხვილიც კი იყო. ბაგაფში ჩვენი ისტორიული მეხსიერების მატარებელი ადამიანი გახლდათ.
დაბეჯითებით გიპასუხებთ, მასთან ნორმალური, ეფექტიანი კონტაქტების დამყარება აბსოლუტურად შესაძლებელი იყო.
მამაჩემი ამას ცდილობდა. ინდივიდუალური კონტაქტები, რა თქმა უნდა, ჰქონდათ, მაგრამ სერიოზულად და ფართოდ არ განვითარდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ამის არც უნარი, არც სურვილი არ გააჩნდა.
_ თქვენ შეეცადეთ, აგემოქმედებინათ?
_ გეტყვით. “ვარდების რევოლუციის” 9 თვის თავზე სააკაშვილმა ინება დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა. სამწუხაროდ, საგნობრივი და კონკრეტული საუბარი თემაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს როლის, ადგილისა და ფუნქციის შესახებ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით არ შედგა. უამრავ სისულელეზე ლაპარაკში დაიკარგა დრო. ბოლოს ვთხოვე სააკაშვილს, კვლავ გამართულიყო შეხვედრა, სადაც საგნობრივად განვიხილავდით პრობლემას.
დაგვპირდა, რომ ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს ვისაუბროთო. მას შემდეგ რამდენი წელიწადი გავიდა და არ გაგვკარებია.
იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაზე მას გადავეცი დოკუმენტები, რომლებიც  მამაჩემს ჰქონდა შეგროვებული აფხაზეთთან დაკავშირებით, მათ შორის, რეკომენდაციები, წინადადებები პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე და წერილის პროექტი პუტინისადმი.
სააკაშვილმა მთხოვა, მამას ჯერ არ გაეგზავნა ეს წერილი რუსეთის პრეზიდენტისთვის, გადავხედავ და შემდეგ გავაგზავნითო.
_ შედეგი?
_ არავითარი… მამას პრინციპი იყო _ ვინც გინდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში, მიეწოდებინა თავისი აზრი, რჩევები…
ასე იყო პირველ თვეებში. თორემ შემდეგ აშკარა გახდა, რომ არავინ მისი რჩევის მიმღები არ იყო. და, საერთოდაც, აფხაზეთის საკითხებში გარკვეული, კომპეტენტური ადამიანები სრულიად იგნორირებული ვიყავით.
რატომ მოხდა ასე, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელია.
ამჟამად აფხაზეთში იმდენად დამძიმებულია ვითარება, რომ ეს ხელისუფლება კი არა, ძალიან კარგი ხელისუფლება რომ ჩაუდგეს სათავეში საქართველოს, იმასაც ძალიან გაუჭირდება… მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მაინც შესაძლებელი იქნება.
_ ღმერთმა გისმინოთ… შეგეკითხებით, როგორც პროფესიონალ იურისტს. 26 მაისის ბართლომეს ღამის სამართლებრივი საფუძვლების გარჩევისას გამართლებული იყო თუ არა საპროტესტო აქციის დარბევა მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით? ამ სადამსჯელო ოპერაციის ანალიზისას რატომღაც (შეგნებულად ხომ არა?) არაფერს ამბობენ იმ მიზეზთა-მიზეზზე, რომელმაც საპროტესტო აქცია გამოიწვია, _ საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ყურადღების მიღმა რჩება.
სხვა სიტყვებით: უარყოფს თუ არა სამართალი საერთო სიტუაციას, საიდანაც აღმოცენდა პროტესტი, უგულებელყოფს მის გამომწვევ მიზეზებს და მხოლოდ 26-ის 00 საათისთვის აქციის ჩატარების ნებართვის ვადის ამოწურვით იფარგლება?
_ არ უარყოფს. რასაც აკეთებენ, ეს არის ფორმალური ჩაკირკიტება და მხარეების კინკლაობა… ამიტომ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მაინტერესებს ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. ამ ყველაფერს პოლიტიკური თვალთახედვით ვუყურებ და ვაფასებ.
იმ ღამეს იქ აღმოვჩნდი, უპირველესად, იმიტომ, რომ მივედი ხალხთან. ბევრი ჩემი მეგობარი იყო იქ, იყვნენ დევნილები და, რა თქმა უნდა, მათთან უნდა ვყოფილიყავი.
იმასაც გეტყვით, რომ იქ იდგა სასოწარკვეთილი ხალხი, იმედგადაწურული იმ ვითარების გამო, რომელიც საქართველოშია გაბატონებული, და არა იმიტომ, რომ ვინმეს მომხრეა თუ მოწინააღმდეგე. მე მგონი, ეს შორიდანაც კარგად ჩანდა, მით უფრო აშკარა იყო აქციაზე მისულებისთვის. ამიტომ რუსთაველზე იმ ხალხის დგომა მიმაჩნია მორალურად აბსოლუტურად მისაღებად, აღლუმის არდაშვების მოთხოვნა კი _ ზნეობრივად, ადამიანურად და პოლიტიკურად გამართლებულად… ჩვენ ჭირისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენმა მთავარსარდალმა ჩააბარა კოდორის ხეობა, ჩემი წინაპრების მიწა-წყალი (მე ვარ პირდაპირი შთამომავალი კოდორელი მარშანიების), 152 სოფელი დღე-ნახევარში მოსწყვიტა საქართველოს და სამხედრო აღლუმების მიღების უფლება არა აქვს.
არც ქვეყანას არ აქვს ამის უფლება. მთავარი ჩვენი საფიქრალი ქვეყნის გამთლიანებაა.
_ გავაფრთხილეთ და არ დაიშალნენო, ამას რომ იმიზეზებენ?
_ 12 საათი ჯერ არ იყო შესრულებული, როცა გაზის გაშვება დაიწყეს… ხალხი დარბევას ელოდებოდა, მაგრამ _ უფრო გვიან.
გაფრთხილება მე ასე მესმის: ხალხი უნდა გააფრთხილო, და თუ არ დაიშლება, მის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებ _ წყლის ჭავლით, ტყვიით, გაზით დაშლი. მინდა გითხრათ, რომ მას მერე, რაც გაზს გაუშვებენ, არავითარ წინააღმდეგობის გაწევაზე ლაპარაკიც არ შეიძლება: ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ არ დაიღრჩოს… ერთადერთი ინსტიქტი, რაც ამ დროს მუშაობს, გადარჩენის ინსტიქტია.
გაფრთხილება იყო ფორმალური _ მივიდა მერიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელობის დანაბარები გადასცა. გამოცხადებით კი არაფერი გამოუცხადებიათ, თუმცა საამისო ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ.
გაფრთხილება უნდა გამოაცხადოს იმ ძალამ, ოფიციოზმა, რომელიც დარბევას აპირებს.
_ ქალბატონო ადა, გჯერათ, რომ კომისია, რომლის შექმნასაც ითხოვენ, შეძლებს საქმის ობიექტურ გამოძიებას?
_ გააჩნია, ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში. მგონი, მემარჯვენეებმა წამოაყენეს წინადადება, რომ ომბუდსმენთან შეიქმნას ეს კომისია. ჩემთვის ეს უფრო იმედიანი იქნება. წინასწარ ვიცი, რომ მრავალ დაბრკოლებას შეუქმნიან ელემენტარული საკითხების გამოძიების დროსაც კი, მაგრამ ეს ფაქტი უნდა შედგეს. რაც შეიძლება ცნობილი, ავტორიტეტიანი, პატიოსანი ადამიანები უნდა შევიდნენ იმ კომისიაში, ვისაც ხალხი ენდობა, ვისი ნათქვამისაც სჯერა. აუცილებელი არ არის, რომ იურისტებისგან იყოს დაკომპლექტებული. კონსულტანტებად, კი ბატონო, მიიწვიონ, _ ეს აუცილებელიცაა.
სახალხო დამცველი ტუღუში კი არის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული, მაგრამ ისეთი სტრუქტურა აბარია, რომ უნდა თქვას სიმართლე, გაბედოს… სხვათა შორის, ცდილობს კიდეც. მაგრამ საზოგადოება უნდა დაეხმაროს თავისი ავტორიტეტით, გვერდით დგომითა და აქტიურობით.
_ მეტრო “თავისუფლების მოედანთან” ერთსართულიანი მაღაზიის სახურავზე ორი გარდაცვლილი ადამიანის “აღმოჩენის” ფაქტს როგორ შეაფასებთ?
_ დავუშვათ, რომ ის ადამიანები რაღაცნაირად აძვრნენ სახურავზე და დაარტყა მაღალი ძაბვის დენმა. რუსთაველზე გამართულ მიტინგზე მისული მოქალაქეები რამ აიძულა ასე მოქცეულიყვნენ, რა დღეში იყვნენ ისინი? ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
საკუთარი თვალით ვნახე, გადარჩენის ინსტიქტით შეპყრობილი ხალხის რა მასა მიაწყდა კინოთეატრ “რუსთაველის” ჩაკეტილ კარებს.
მე და ჩემი მეუღლეც მათ შორის ვიყავით. მაშინ ისეთი რაოდენობით გაუშვეს გაზი, რომ თავის გადარჩენას შენობაში შეღწევით თუ შევძლებდით. ვერ შევედით და ფურცელაძის ქუჩაზე დავაპირეთ დაშვება, რომელიც კინოთეატრს ჩაუყვება, მაგრამ იქ ხუთ რიგად იდგნენ პოლიციელები, რომლებიც, როგორც მათი კოლეგები რუსთაველზე, გვესროდნენ ტყვიებს და გაზის ყუმბარებს აფეთქებდნენ.
ხალხი მირბის, თავის გარიდებას ცდილობს. შევუხვიეთ სახელმწიფო მუზეუმისკენ, სადაც, ცოტა ქვემოთ ასევე ხუთ რიგად იდგა პოლიცია და გზა სატვირთო ავტომანქანებით იყო ჩახერგილი. ხალხმა გვერდი აუარა და მიაწყდა ღობეს, რომლითაც შემორაგული იყოს რაღაც მშენებარე ობიექტი. ძნელია იმის აღწერა, რაც იქ დატრიალდა იმ დროს.
რაც შეეხება ორ ახალგაზრდას, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით, დენის დარტყმით დაიღუპნენ, ამის დადგენა კვალიფიციური ექსპერტისთვის ძველადაც არ იყო ძნელი, ახლა მით უფრო ადვილია. იმის დადგენაც ადვილია, შემდეგ “დაარტყეს” დენი თუ არა.
_ როგორც ამბობენ, 50-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
_ გადამოწმებული ინფორმაციით, ზუსტად 49 ადამიანია დაკარგული.
_ 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის დროსაც უამრავი ადამიანი დაიკარგა. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ ისინი დახოცეს და მტკვარში გადაყარეს. შეიძლება იმის დაშვება, რომ 26-შიც ასე მოიქცნენ?
_ იმდენჯერ არ დავუშვი საშინელი რაღაცები, მაგრამ შემდეგ მაინც მოხდა, თანაც უარესი ვარიანტით, რომ ახლა უკვე ვშიშობ, ვაითუ ისეა, როგორც თქვენ თქვით. ასეთია ჩემი პასუხი.
_ დღეს საქართველო დაჩეხილია არა მარტო ტერიტორიულად, არამედ საზოგადოებაც დანაწევრებული და დაცალკევებულია, ლამის გათითოკაცებულია. მეთანხმებით?
_ გეთანხმებით.
_ რა უნდა მოხდეს ისეთი, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს?
_ ეს შეკითხვა დღეს ხშირად მესმის. საქართველო გვაქვს გასამთლიანებელი და მეტი მიზეზი ერთად დგომისთვის, გაერთიანებისთვის რაღა გინდათ, ადამიანებო? სხვა რა უნდა დაგვემართოს ამაზე მეტი? სამი წლის წინათ 152 სოფელი დავკარგეთ! რა მნიშვნელობა აქვს, მიშას ბრალია, რუსეთის ბრალია თუ ამერიკის?! ეს უბედურება ჩვენ გვეწვია და ვინ უნდა მიხედოს, ჩვენ თუ არა?!
_ რუსეთი ახსენეთ და ამასთან დაკავშირებით: რა ვქნათ, ისევ ვეჯაჯგუროთ და ვაგინოთ რუსეთს, თუ სხვა გზები უნდა მოვსინჯოთ და არ უნდა შეგვაშინოს რუსეთის აგენტებად მონათვლამ?
_ რუსეთში ვსწავლობდი და ძალიან კარგად მახსენდება ჩემი სტუდენტური წლები. მგონია, რომ ის დრო სრულიად საქართველოსაც კარგად ახსენდება.
არავის არ უნდა ვაგინოთ, უპირველესად, მეზობლებს, ეს ხომ ანბანური ჭეშმარიტებაა! რაც უფრო დემოკრატიული იქნება რუსეთი, მით უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის, განა ასე არ არის? მაგრამ ეს რუსეთის საქმეა და მიშას “ფილიპიკები” ვერაფერს შეცვლის. სამაგიეროდ _ ურთიერთობას უკიდურესად ძაბავს.
ჩვენი მთავარი სტრატეგიული, ზნეობრივი ამოცანა _ საქართველოს გამთლიანება, გვინდა თუ არა, რუსეთის სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.
_ 21-26 მაისის მოვლენებმა, თქვენი აზრით, “ვარდების რევოლუციის” ტრიუმვირატის ცოცხლად დარჩენილი ორი წევრიდან ვინ უფრო “ააფეთქა” _ ნინო ბურჯანაძე თუ მიხეილ სააკაშვილი?
_ ბურჯანაძეზე არაფრის თქმა არ მინდა _ არც ცუდის, არც კარგის. უეჭველია, რომ ერთმნიშვნელოვნად დააზარალა ხელისუფლება, არა მხოლოდ სააკაშვილი. ის სპეცრაზმელები ხალხს გამეტებით რომ ურტყამდნენ, იცით რას ჰყვიროდნენ?
_ არა, არ ვიცი.
_ ყვიროდნენ: “მეტი საქმე არ გვაქვს, თქვენს გამო ხელფასები დავკარგოთ”. ასეთია იმათი მორალური სახე, ვის იმედზეც არის სააკაშვილის ხელისუფლება.
_ ერთგული დამცველები!
_ ჩემი ყურით მოვისმინე! უარესსაც ყვიროდნენ…
(ქალბატონ ადასთვის მიცემულ არგამოქვეყნების პირობას ვარღვევ და თავს უფლებას ვაძლევ, მოვახდინო იმის ტიცირება, რასაც გულადი მებრძოლები, საბრძოლო ყიჟინად დასძახებდნენ იმ ბართლომეს ღამეს თანამოქალაქეებს _ ქართველებს, სისხლითა და ხორცით ნათესავ ადამიანებს, ურტყამდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ და ყვიროდნენ: “თქვე რუსეთისა და პუტინის ბოზებო!”
ასე _ არც მეტი, არც ნაკლები, _ ბოზებოო!
ექსპერტები დავობენ და კამათობენ, ვინ უნდა დაისაჯოს თბილისური სადამსჯელო ექსპედიციის მოწყობის გამო _ ორგანიზატორები თუ შემსრულებლები, ვინც “ძალას გადაამეტა”?
თუ _ ისინი, ვინც ამ ტვინგამორეცხილთა მასას ჩაუნერგა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვა, ადამიანის უფლებების დაცვა, პროტესტი რუსეთისა და პუტინის ბოზობა ყოფილა.
მთავარი დამნაშავის საკითხი გადაწყვეტილია და არაა საჭირო იურისპრუდენციის ღობე-ყორეს მიდებ-მოდება. განა ასე არ არის?).
_ აღლუმის შემდეგ ბათუმში რომ გადაფრინდა სააკაშვილი, _ განაგრძობს ადა მარშანია, _ და სიტყვით გამოვიდა, ისეთი ფრაზა წარმოთქვა, რომელიც  26 მაისის ღამის დაგვირგვინება იყო: რუსთაველის პროსპექტზე ჩვენმა პოლიციამ სცემა (ანუ მე ვცემეო) ფეესბეს და პუტინს!
როგორი ვაჟკაცია, ააა!
ამის შემდეგ ვის გაუკვირდება “ზონდერებისა” და “სპეცნაზელების” არაადამიანური ქცევა, რომლებიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის პროპაგანდას უდიდესი მორალური წნეხის ქვეშ ჰყავდა!
_ თქვენ შავები რომ გაცვიათ, ქალბატონო ადა…
_ 13 აგვისტოს მამას გარდაცვალების წლისთავი შესრულდება.
_ მიგაჩნიათ, რომ საქართველო ძაძით უნდა შეიმოსოს იმის გამო, რაც მოხდა?
_ გარდაცვლილთა ხსოვნისადმი ყველაზე ღირსეული პატივის მიგება, ალბათ, დამეთანხმებით, გაათმაგებულად იმ საქმის კეთებაა, რასაც იმ ადამიანებმა სიცოცხლე შესწირეს.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here