თანამედროვე პოლიტოლოგების განსჯის საკითხთა-საკითხი ახალ საერთაშორისო პოლიტიკურ წესრიგზე გადასვლაა, რომელიც დაკავშირებულია “სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებთან; საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი მოწინააღმდეგის დადგენის დროებით დეზორიენტაციასთან; ძალთა კოალიციებისა და კავშირების გადაჯგუფებასთან; ადრეული სტერეოტიპების ჩანაცვლებასთან; პოლიტიკური რეჟიმების შეცვლასთან; ახალი სახელმწიფოების შექმნასთან და ა.შ.”.
ამ ჭკვიანური ტერმინებისა და გონიერი დასკვნების უკან დგას მსოფლიო სურათის სერიოზული ტრანსფორმაცია, რომელიც პოლიტიკური ექსტრემიზმისა და აგრესიული ნაციონალიზმის აფეთქებით, რელიგიური შეუწყნარებლობით, ეროვნებათაშორისი კონფლიქტების გაღვივებითა და მიგრაციული პროცესების გაძლიერებით ხასიათდება.
ეს ყველაფერი ჩვენთვის სავსებით გასაგებია, რადგან საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და გადატანილი.
თავისთავად ამ მზის ქვეშეთში ახალი არაფერი ხდება: დღეს საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინატთა სისტემის ცვლილებას ბაცილების განსაკუთრებული პოპულაციის მეშვეობით ახდენს ერთპოლარული მსოფლიოს სათავეში მოქცეული ძალა.
უწინ _ “ცივი ომის” ეპოქაში _ ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები.
სისტემა საგანგებო მრჩეველების, ძირითადად, სამხედრო მრჩეველთა, ჩანერგვაზე იყო დაფუძნებული იმ ქვეყნებში, რომლებიც ინტერესის საგანს წარმოადგენდა ზესახელმწიფოებისთვის.
კლასიკური და საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია ავღანეთი, სადაც ჯერ საბჭოთა სამხედრო მრჩევლები ახდენდნენ გადატრიალებებს და “ჯარების შეზღუდული კონტინგენტის” შესასვლელად ამზადებდნენ შესაფერის ნიადაგს, შემდეგ _ ამერიკელმა სპეცებმა და სპეცსამსახურებმა დაიწყეს საერთაშორისო ტერორიზმთან ომი.
ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო მრჩევლები სახელმწიფოთა სათავეში მოსასვლელად ამზადებდნენ და შემდეგ რეკომენდაციას უწევდნენ მედროვე ავანტიურისტებს, მომავალ დიქტატორებს, რომლებიც ყვლეფდნენ საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყნებს ამერიკელი პატრონების საამებლად და მათი უკიდეგანო გავლენის გასაძლიერებლად.
შედეგად ჩნდებოდა “ბანანის რესპუბლიკები”, სახეწაშლილი, ეროვნებაგამოცლილი, უძალო, სხვის ნება-სურვილს დამორჩილებული ქვეყნები.
ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, რომლებსაც ახალი საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის მსახვრალი ინტერესი შეეხო და ბალკანიზაციად არის მონათლული. ამ პროცესს ფრანგი ანალიტიკოსი ლოლანი “პლანეტის ბალკანიზაციას” უწოდებს, მიიჩნევს, რომ სოლიდარულ ურთიერთობათა და ურთიერთდამოკიდებულების სტაბილურობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდა ომისშემდგომ პერიოდში, რღვევისა და დაშლის შეუქცევადი პროცესის სტადიაში გადავიდა.
ბალკანიზაციის, ლიბანიზაციის, ლათიონოამერიკანიზაციის შედეგები მსოფლიოს ხელისგულზე უდევს: რელიგიურ-კონფესიური, ენთიკური დაპირისპირება, ქვეყნების ტერიტორიების დანაწევრება-დაქუცმაცება, ექსტრემიზმის აღზევება, დემოკრატიის ნიშნების საბოლოოდ მოშლა და დიქტატურის აღზევება. “ჩვენი შობელძაღლების” იმ დრომდე შენარჩუნება, სანამ პატრონები ერთის მეორეთი ჩანაცვლებას არ მოისურვებენ. საქართველოც ამ ორბიტაზე ტრიალებს.
პერსპექტივა უარესი იკვეთება და ამის ერთ-ერთი ნიშანია ის კონკრეტული შედეგი, რომლითაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობის სტრატეგიის საკითხებში, ჯერალდ ჰოვარდმა ეს-ესაა გაგვახარა: დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ გამოიგზავნა სამხედრო მრჩეველი, “ვოენიე სოვეტნიკების” იმ კასტის წარმომადგენელი, რომლის დამკვიდრება ქვეყანაში, გადატრიალება თუ არა, ბანანის რესპუბლიკად ტრანსფორმაციის აშკარა ნიშანია.
ისე ლამაზად შეგვიფუთა ეს სიახლე, როგორც ნაძვისხის ქვეშ დადებული საშობაო საჩუქარი: “მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე… (ესენი ისეთივე თავგამოდებით გვიჭერენ მხარს ნატოში გასაერთიანებლად, ისე უსაზღვროდ ირჯებიან, რომ დღეს საქართველო გამოსული უნდა იყოს ამ სტრუქტურიდან. _ ა.ს.). დღეს სიამოვნებით მინდა განვაცხადო, რომ ბრიტანეთიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოიგზავნება” (სიამოვნებს ბატონს! მაგრამ ჩვენ რომ უკვე “ნანახი გვაქვს ეს კინო”? ანუ ვიცით, როგორ სასწრაფოდ აიკრეს გუდა-ნაბადი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის ინგლისიდან მოვლენილმა მრჩევლებმა და სამხედროებმა, როცა საქართველოს ძალიან გაუჭირდა. ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის პრომეთე-ამირანი, რომლის გამოგზავნას ბატონი მინისტრი გვპირდება, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის მსგავსი ვითარების განმეორების შემთხვევაში (ღმერთმა არ ქნას!), თავის ლიმუზინს არ გაასწრებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთას? _ ა.ს.).
დაბოლოს: “ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით ავღანეთში და მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად იღებს”. ჯერ ამის მთარგმნელს რა ვუთხარი, შემდეგ ამის მთქმელს _ ბატონ ჰოვარდს:
ბატონო მინისტრო, დავიჯეროთ, რომ ინგლისში ჭირისუფალს მისამძიმრების ნაცვლად მადლობას ეუბნებიან? საქართველო ავღანეთში დაღუპული სამხედროების ჭირისუფალია და, უწინარეს ყოვლისა, სამძიმარი ეგების.
მაგრამ ასეთი მორალისთვის თქვენ სად გცალიათ, ახალი მსოფლიო წესრიგი გაქვთ დასამყარებელი, მსოფლიოს ახალი კონფიგურაცია მოსაწყობი, სადაც მაღალი ზნეობისთვის ადგილი არ რჩება!
არმაზ სანებლიძე