Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: მათთვის ირანული ოპოზიციის დაფინანსება გაცილებით ადვილია, ვიდრე ხელისუფლების...

აკაკი ასათიანი: მათთვის ირანული ოპოზიციის დაფინანსება გაცილებით ადვილია, ვიდრე ხელისუფლების დატოვება

26 მაისს მოწყობილი ბართლომეს ღამისთვის ვაშინგტონმა სააკაშვილი არ დატუქსა, თუმცა “სახალხო კრების” დაკნინების ფონზე მისი შემცვლელის ძებნა ე. წ. რვიანში, ანუ “კონსტრუქციულ ოპოზიციაში” აქტიურად მიმდინარეობს. “საქართველო და მსოფლიოს” ტრადიციონალისტთა ლიდერი, ბატონი აკაკი ასათიანი ესაუბრა.
_ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა უნდოდა “სახალხო კრებას” და საერთოდ ამ აქციის ორგანიზატორებს. ბევრი სისულელე მინახავს, მაგრამ მსგავსი _ არაფერი. ვინმემ იცის, რას მოითხოვდნენ ისინი? რომ მეძახი, სად მეძახი, რატომ მეძახი? მხოლოდ იმიტომ, რომ პარადი ჩავშალო?! ასე უმოტივოდ, უაზრო დაძახილზე მე პირადად ვაკის პარკში სასეირნოდაც არ გავყვები ადამიანს, არამც თუ _ აქციაზე. მოდით, მე სისულელეს ვაკეთებ და თქვენც ჩემთან ერთად ისულელეთო, მაგარი ლოგიკაა არა?!

დაღუპულებზე პასუხისმგებლობა მთავრობას არანაირად არ ასცდება, მაგრამ აქციის ლიდერებმა რატომ დააყენეს ეს ხალხი ამხელა საფრთხის ქვეშ? ხელისუფლება ისედაც იმდენ უკანონობას სჩადის და ლიდერების მიერ მიცემულ საბაბს არ გამოიყენებდა სათავისოდ? ჯერ ერთი, აქციისთვის ნებართვის აღება რა საჭირო იყო; თუ იღებდნენ, 25 მაისის 12 საათს რაღას უთითებდნენ, ან მერე რატომ არღვევდნენ საკუთარ პირობას?!
1989 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც კი არ მოუქცევიათ ხალხი ალყაში, მხოლოდ ერთი მხრიდან გვიტევდნენ. მომიტინგეებს  რუსთაველის მხრიდანაც შეგვეძლო გაქცევა და იქვე ჩამავალი პატარა ქუჩებიდანაც, უბრალოდ, მომიტინგეები არ გავქცეულვართ. რომ გავქცეულიყავით, არანაირი მსხვერპლი არ იქნებოდა, მიუხედავად მიტინგის მასშტაბურობისა. აქ კი ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს, გაქცევა კი უნდოდათ, მაგრამ ვინ გაუშვა. კიდევ კარგი, ბევრი ხალხი არ იყო, თორემ მსხვერპლიც გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე 9 აპრილს.
_ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ხალხის რაოდენობის სიმცირე?
_ ფაქტია “სახალხო კრების” აქციას მხარდაჭერა ნამდვილად არ ჰქონდა, ალბათ, მისი ლიდერებიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, ბურჯანაძე ნამდვილად არ იყო ისეთი პოპულარული ხალხში, რომ მას ათასობით ადამინი გაჰყოლოდა. ამ აქციებით მან კიდევ უარესად გაიფუჭა პოლიტიკური რეპუტაცია. აქციებში სხვა ისეთი ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ზემოქმედებას ვერ გაუძლებდნენ, ფაქტიც სახეზეა.
ზოგადად, კომიკური სიტუაციაა ქვეყანაში, კომიკურია თავად ის ფაქტი, როცა უშიშროების ყოფილი მინისტრი (ბათიაშვილი. _ რედ.) სასაზღვრო ჯარების ყოფილი სარდალი (ბიწაძე. _ რედ.) და გენერალი (უჩავა. _ რედ.) მოღიავებულ რესტორანში სხედან და რაღაც გეგმებს აწყობენ.
_ რამდენად შესაძლებელია, რომ “სახალხო კრების” ფონზე “რვიანი” ხელისუფლებამ, თუნდაც დასავლეთმა, წაახალისოს?
_ ამერიკელები უკვე ღიად ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებებია საჭირო, საარჩევნო კოდექსია შესაცვლელი; თითქმის არ მალავენ, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს პრემიერი. “რვიანის” მოთხოვნაც სწორედ ეს კონკრეტული ამოცანებია.
_ თუმცა ხელისუფლების წაქეზება სწორედ ჯონ ბასის განცხადებამ გამოიწვია…
_ ჯონ ბასმა ამის გამო მორალური კუთხით ბოდიშიც კი მოიხადა, მან თქვა ერთი, სააკაშვილმა გაიგო მეორე. ეს ჩვენ ვამბობთ, რომ მისი განცხადება წაქეზებას უდრიდა, მაგრამ იურიდიულად ამას ვერავინ დაუმტკიცებს. ბასმა აღნიშნა, შეიძლება მომიტინგეების დაშლაო, ხელისუფლებაც ადგა და მთელი თავისი ძალები მათ წინააღმდეგ მიმართა. სააკაშვილმა ნებართვა მიიღო, მაგრამ იმდენი ვერ განსაზღვრა, რომ მერე ამისთვის პასუხსაც მოსთხოვდნენ. სააკაშვილი თავიდანვე მიჩვეული იყო ამერიკისგან თავზე ხელის გადასმას. 7 ნოემბრის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გაყალბდა და სააკაშვილზე მილოცვა საქართველოს ცესკოს ბუშმა დაასწრო. არადა, ცესკოს ჯერ კიდევ დაუჯამებელი ჰქონდა არჩევნების შედეგები. დასავლეთის მხრიდან ეს ქმედება პირდაპირი დიქტატი და თავხედობა იყო. დღეს სიტუაცია შეიცვალა, სააკაშვილის დრო წავიდა…
_ ანუ ამერიკა ორმაგ სტანდარტებს მიმართავს…
_ გეთანხმებით, ამ სტანდარტებს ისინი ყველაზე ეშმაკურად იყენებენ, ვიდრე სხვა ქვეყნები. ავიღოთ თუნდაც მსოფლიო მოვლენებში ამერიკის როლი, იგი ერთი კვირა შეეცადა მუბარაქის დაცვას, მაგრამ, როცა ჩათვალა, რომ მილიონობით ეგვიპტელი მაინც თავისას გაიტანდა, მერე კი ამერიკას მტრად მოუბრუნდებოდა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და თქვა, ჩვენ ხალხის მხარეზე ვართ _ გინდათ დემოკრატია? იყოს დემოკრატიაო!
ამერიკა ორპირია, მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკა სწორი აქვს, ორ კურდღელს ერთად იჭერს. ასევე მოიქცა ჩვენ შემთხვევაშიც, ამერიკამ სააკაშვილი ჯერ მიუშვა, ახლა კი ტუქსავს. ხელისუფლების ძალის გადამეტება სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმაც აღიარა, ამიტომ დასავლეთი ამ ფაქტის გამოძიებას აპირებს, ეს უკვე მათ ინტერესებში შედის.
ამერიკამ გაუშვა შევარდნაძე და მანვე  დასვა სათავისო ძალა სათავეში. სხვათა შორის, ეს რუსეთის თანხმობით და უშუალო მონაწილეობით მოხდა. უშიშროების საგარეო საქმეთა მდივანი იგორ ივანოვი სწორედ ამის გამო იყო ჩამოსული საქართველოში.
ამერიკა სააკაშვილს აქამდეც მოუვლიდა, უბრალოდ, მაშინ სათავისო ძალა არ ჩანდა. თუმცა დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკას არც ახლა ჰყავს შერჩეული სააკაშვილის შემცვლელი, მაგრამ ვნახოთ, აწი რა იქნება.
_ რვიანში ხომ არ ეძებს დასავლეთი სათავისო ძალას? დიდი ალბათობით გათვლა ალასანიაზეა…
_ გეთანხმებით. ეს ძალა “რვიანიდან” იქნება, სხვათა შორის არც თქვენ მიერ ნახსენები კანდიდატია გამორიცხული, მაგრამ მხოლოდ პრიმიტივებს სჯერათ, ამერიკას პიროვნულად მოეწონოს ვინმე და შემდეგ სათავეში დასვას. ეს ყოველივე მარათონს ჰგავს, ყველა ერთის წინააღმდეგ მიდის და, ვინც სხვებს აჯობებს,  თავისი შესაძლებლობებით დაწინაურდება, ფინალშიც ის გადის.
_ გამოდის, რომ ჩვენი ბედი ისევ დასავლეთის გადასაწყვეტია “რვიანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც, არ გაქვთ პრეტენზია, რომ ქართველების ბედი ბოლოს და ბოლოს ქართველმა ხალხმა თავად წარმართოს?
_ ჩვენ მათ თამაშს ბოლოს და ბოლოს უნდა მივეჩვიოთ, როცა ხედავ, სიტუაცია მწიფდება, უნდა ეცადო, რომ ის საშენოდ გამოიყენო და არა სასხვისოდ. გემის კარგი კაპიტნები ქარიშხალის დროს აფრებს ისე აკეთებენ, რომ საწინააღმდეგო ქარი სათავისოდ გამოიყენონ…
_ რამდენად შესაძლებელია, რომ 26 მაისის ფაქტით “გამოჭერილი” და “დატუქსული” სააკაშვილი აიძულონ, გადადგას სახიფათო ნაბიჯი (მაგალითად, ირანში “ფერადი რევოლუციის” ექსპორტის ხელშეწყობა, ახმადინეჯადის ოპოზიციის დაფინანსების ორგანიზება…).
_ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დარჩენის სანაცვლოდ ყველაფერზე წავა. მათთვის ირანული ოპოზიციის დაფინანსება გაცილებით ადვილი, ვიდრე ხელისუფლების დატოვება. ანალოგიურად იქცეოდა შევარდნაძის ხელისუფლებაც.
რაც უნდა სამწუხარო იყოს, ავღანეთში ჩვენი კონტინგენტის გაზრდა, თავისთავად აღნიშნულ საფრთხეებზე მიგვანიშნებს და მოწმობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება ყველაფერზე წავა.
უვიზო რეჟიმი ცუდი არა არის, მაგრამ ამის გამოყენება ირანში რევოლუციის ექსპორტისა და იქაური ოპოზიციის დაფინანსებისთვის  ნადვილად დაუშვებელი და არაკორექტული ქმედება იქნება. ირანი აქამდე ყოველთვის  კორექტული იყო ჩვენდამი და ჩვენც კორექტულობა გვმართებს. მიუხედავად დიდი შანსისა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაბიჯს არც ამერიკა და არც  საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების “შორსმხედველობას” თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ სასწაულის იმედად თუ ვიქნებით.
_ ბატონო აკაკი, რატომ ხდება ისე, რომ მსოფლიოში ცივი ომების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ჩვენთან კი _ პირით?
_ სწორედ ესაა ჩვენი ხელისუფლების დიდი პრობლემა. მაგალითად, აფრიკაში თუ რომელიმე სერჟანტი გადატრიალებას მოაწყობდა და იტყოდა დემოკრატიისთვის ვიბრძვიო, მას ამერიკა დაუჭერდა მხარს, სოციალიზმისკენ მიმართულს კი, საბჭოეთი. თუმცა, მათ რაც არ უნდა ექნათ და ელაპარაკათ, არც ერთი იყო დემოკრატი და არც მეორე სოციალისტი, მაგრამ ვინაიდან გადატრიალების ორგანიზატორები პოზიციის დეტალირებას ახდენდნენ, შესაბამისი ქვეყნებიც ვალდებულნი იყვნენ, თანამოაზრეს მიმხრობოდნენ. ასევე ხდებოდა ლათინურ ამერიკაშიც, ფიდელ კასტრომ ერთი თვის მერე გამოაცხადა, სოციალისტური რევოლუცია მომიხდენიაო, რადგან ნახა, რომ მას საბჭოეთი სჭირდებოდა და გვერდით ედგა. ასეთსავე პოლიტიკას აწარმოებენ დღეს საქართველოში. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების ასაკობრივი ახალგაზრდობისა, მათი პოლიტიკური აზროვნება ანარქისტულია. მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა 60-იანი წლებისთვის თუ იქნებოდა გამოსადეგი. ხელისუფლებამ რაც ამ შუასაუკუნეების საშინაო და საგარეო პოლიტიკით მოახერხა, ტერიტორიების დაკარგვაა.
 
ესაუბრა ეკა რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here