Home რუბრიკები საზოგადოება “ლატენტური ფაშისტი” და უზნეობის კომპასი

“ლატენტური ფაშისტი” და უზნეობის კომპასი

1368

ის, ვინც გასული კვირის განმავლობაში განათლების ყოფილი მინისტრის გია ნოდიას განცხადებებს აკვირდებოდა, შესაძლოა ხშირად იხსენებდა სხარტ ფრაზას ერთი კარგი ესპანური ფილმიდან: “ფაშისტი სხვა არავინაა, თუ არა შეშინებული ლიბერალი”. ესპანელებს ამ საკითხის კარგად გაეგებათ, თუმცა, ალბათ, აჯობებს ეს შეფასება ნოდიას არ მივუსადაგოდ, თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ხანია, მას შეუძლებელია “ლიბერალი” ეწოდოს; ხოლო ვიდრე ტერმინებზე შევთანხმდებით, შეგვიძლია დროებით “თვითგამოცხადებულ ლიბერალად” მოვიხსენიოთ. ეს, პრინციპში, გაცილებით ელასტიური განსაზღვრებაა, ვიდრე, მაგალითად, “ლატენტური ფაშისტი”.

სხვანაირად კი გამოვა, რომ ანასტასიო სომოსაც (უმცროსი) ლიბერალებში უნდა ჩავწეროთ. ხუმრობის გარეშე, ნიკარაგუაში ორი პარტია იყო, კონსერვატორები და ლიბერალები, დიქტატორი მეორეს მიეკუთვნებოდა, ისევე, როგორც მისი მამა და ძმა, რომელთაგან ხელისუფლება გადაიბარა. ამ ბუმბერაზი ლიბერალების ოჯახმა 300 ათასამდე ადამიანი მოკლა. სომოსას გამოსვლებში სიტყვა “ლიბერალური” უფრო უხვად იყო წარმოდგენილი, ვიდრე თვით მიხეილ სააკაშვილის შესაბამის ტექსტებში. იქაური კონსერვატორები კი, რომელთა ოპოზიციურობის ხარისხი, სადღაც ჩვენებურ ქრისტიან-დემოკრატებსა და ედპ-ს შორის მერყეობდა, დაახლოებით ასე რეაგირებდნენ: “კარგის არდანახვა არ შეიძლება. ძალიან ლიბერალური კაცი ხარ, ანასტასიო, მაგრამ კიდევ უფრო ლიბერალური უნდა გახდე!”. “მივესალმები კონსტრუქციული ოპოზიციის კრიტიკას! _ პასუხობდა გულაჩუყებული სომოსა: პირობას ვდებ, რომ ამ კურსს არ გადავუხვევ!”. შემდგომი ლიბერალიზაცია, როგორც წესი, დახვრეტილების რიცხვის გაორმაგებაში გამოიხატებოდა.
დღეს არავის მოუვა აზრად ნიკარაგუას ყოფილი მმართველი ლიბერალად მოიხსენიოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ეს შესაძლებელია. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა გია ნოდიას შემთხვევაშიც. კაცი დგას და ლამის ღიად პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას მოითხოვს; რა სამართალი, რის პრეზუმპცია, რომელი უფლებების უზენაესობის პრიმატი… ეფექტი ძალზე შთამბეჭდავია, დაახლოებით ისეთი, საშინელებათა ფილმებში, ერთის შეხედვით კეთილშობილი პროფესორი სისხლს მოწყურებულ მაქციად რომ გარდაისახება.
ჯერ მან თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას სადაც შემდეგი პასაჟი იყო: “სახელმწიფოს მხრიდან სრულიად გამართლებული იყო აქციის აღკვეთა ძალის გამოყენებით. სამართლიანია, რომ თვით გადაწყვეტილება აქციის დაშლისა არ იწვევს არც ერთი კომპეტენტური შემფასებლის ეჭვს. ამასთან, რაკი წინასწარ ცხადი იყო, რომ პოლიციას საქმე ექნებოდა ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფთან, გამართლებული იყო ამგვარი აქციების დასაშლელად კანონით გათვალისწინებული ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენება, რათა ექსტრემისტებს მინიმალური შანსები დარჩენოდათ ფართომასშტაბიანი ძალადობის პროვოცირებისათვის”. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მოუწოდა, “გამოიძიოს აქციის ორგანიზატორთა მოქმედება და გადადგას ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯები” (ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ლოზუნგის “Смерть врагам народа!” პირდაპირ ციტირებას ადგილი არ ჰქონია) ნოდია არ გაჩერებულა, მეტიც, მის შემდგომ განცხადებებში, ცოტა არ იყოს ექსტატიური ხილვების ნიშნები გაჩნდა: “იქ, ერთის მხრივ, იყო ორგანიზაცია, ქსელი, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო ომისა და მასობრივი ძალადობის ინიცირება, მეორეს მხრივ _ ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ამ ძალადობისგან იცავდა. როცა მთლიანობაში ამ ვითარებას ვაფასებთ, უნდა გვქონდეს კარგად აწყობილი მორალური კომპასი, რომელია უფრო დიდი საფრთხე და რომელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირველ რიგში”, _ თქვა ნოდიამ და იქვე აღნიშნა, რომ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, არაადეკვატური დამოკიდებულებაა. (“ინტერპრესნიუსი”). “მორალური კომპასის” ხსენება ამ კონტექსტში, ალბათ, დაახლოებით იგივე იყო, რაც აპელირება “классовое чутьё”-ს მიმართ არცთუ შორეულ წარსულში. ისე, ეს ,,კომპასი” ფრიად საინტერესო რამ არის, შეეგვიძლია ხელში ავიღოთ და ცოტა წავითამაშოთ კიდეც, დაახლოებით ასე:
როგორც გასული წლის შემოდგომაზე გაირკვა, გია ნოდიას მინისტრობის პერიოდში განათლების სამინისტროდან ასეულ ათასობით ლარი “აორთქლდა”. ბავშვების კუთვნილი ფულის მოპარვა, ალბათ, გაცილებით მძიმე და უზნეო დანაშაულია, ვიდრე “მოლოტოვის” ჰიპოთეტურ კოქტეილში წარმოსახვითი ბენზინის ჩასხმა; ვასილი ალიბაბაევიჩის თქმის არ იყოს, “то- бензин, а то- дети …” ბარემ ნოდიას სტილი მოვიშველიოთ: “იქ იყო მთელი ორგანიზაცია, ქსელი, რომლის მიზანი არა მხოლოდ პირადი გამდიდრება, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ახალგაზრდობისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება გახლდათ. ამასთან, რაკი წინასწარ ცხადი იყო (ეს “წინასწარ ცხადი იყო” უკიდურესად მაგარი რამეა), რომ მსგავსი დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბება შეუძლებელია ისე, რომ მისი კრიმინალური საქმიანობის შესახებ მინისტრს არაფერი სცოდნოდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს განათლების ყოფილი მინისტრის გ.ნოდიას მოქმედება და ადეკვატური  სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი მორალური კომპასი მიუთითებს, რომ უპირველესი საფრთხე სწორედ მათგან მოდის, ვინც ბავშვებს ფულს პარავს”.
ნორმალური მოქალაქე მსგავს ტექსტს ხელს არასოდეს მოაწერს, რადგან მისთვის შეუწყნარებელია აზრი იმის თაობაზე, რომ ყველა მისი ეჭვის და ვარაუდის მიუხედავად, შეიძლება თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. თუმცა, გია ნოდიასთვის სიტყვები “Pრაესუმპტიო Iნნოცენტიაე”, როგორც ჩანს, უკვე აღარაფერს ნიშნავს.
ბონუსის სახით, ნოდიას კიდევ ერთი ციტატა: “ჩემი ინფორმაციით, იყო ძალის გადამეტების შემთხვევები, მაგრამ არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ძალის გადამეტებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს იყო ცალკეული პირების არასაკმარისი პროფესიონალიზმი ან კონკრეტულ სიტუაციაში არაზუსტი გათვლა, მაგრამ ეს პრობლემა ტრაგიკული ხასიათის არ არის” (“ინტერპრესნიუსი”). საინტერესოა, ზნეობრივი კოორდინატების ნოდიასეულ სისტემაში რამდენი ადამიანი უნდა მოკლან იმისთვის, რომ პრობლემამ ტრაგიკული ხასიათი შეიძინოს?
ნოდიას ესოდენ დიდი, ერთობ გაკაპასებული აქტიურობის მიზანი, შესაძლოა, შემდეგია: მაქსიმალურად შეეცადოს წარმოაჩინოს, რომ საზოგადოება 26 მაისის დარბევის ნეგატიურ შეფასებაში ერთსულოვანი არ არის და არსებობს საზოგადეობის მნიშვნელოვანი (თანაზომადი) სეგმენტი, რომელიც ხელისუფლების მოქმედებას, პრინციპში, ამართლებს. აზრთა ამ “სხვაობის” დაფიქსირება სააკაშვილისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ისე, უცნაური რამ არის ცხოვრება, ამდენი წაკითხული წიგნი, დისკუსიებში გატარებული უძილო ღამე, მოსმენილი თუ წაკითხული ლექცია და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან არადამიანური ანგარიშსწორება გაამართლო. თუმცა შესაძლოა, მას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, შეგვიძლია ვურჩიოთ, წინასწარ მოამზადოს განცხადება, საქართველოში საკონცენტრაციო ბანაკების გახსნის დაუყონებლივი და გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, როგორც ჩანს, მაინც იქეთკენ მივდივართ და, ალბათ, აჯობებს თადარიგი წინასწარ დაიჭიროს.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here