Home რუბრიკები პოლიტიკა რა მოსთხოვა ჯოზეფ ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს

რა მოსთხოვა ჯოზეფ ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს

5 ივნისს, ხელისუფლების პირველი პირები ამერიკელ სტუმრებთან ერთად კინოთეატრ “რუსთაველში”, რენი ჰარლინის ფილმის “აგვისტოს 5 დღე” პრემიერას დაესწრნენ. ამავე კინოთეატრში ათიოდე დღით ადრე, 26 მაისს სააკაშვილის პოლიცია მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა. იმას, რაც 26-ში ამ კინოთეატრში მოხდა, ათეულობით თვითმხილველი აღწერს და მათი მონათხრობი პოლიციელების აღვირახსნილი სადიზმის შესახებ, ერთმანეთს მცირე დეტალებშიც კი ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მისთვის მნიშვნელოვანი ფილმის საზეიმო წარმოდგენისთვის სწორედ ეს, 26 მაისის სისხლით გასვრილი კინოთეატრი აირჩია. იყო ეს შემთხვევითობა, თუ ცინიკური დამოკიდებულების მიზანმიმართული დაფიქსირება? რა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ფიქრობდნენ დარბაზში შეკრებილი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ამერიკელი პარტნიორები (ცხადია, მომხიბლავი შერონ სტოუნისა და დანარჩენი კორდებალეტის გამოკლებით).
 
წითელი კვადრატი მწვანე ჩარჩოში
თავისთავად ფილმზე “აგვისტოს 5 დღე” ყურადღების გამახვილება ნამდვილად არ ღირს. ეს ერთი ჩვეულებრივი, ძველად რომ იტყოდნენ “ჭ-კლასის ბოევიკია”, (აქ და შემდგომ, ფილმთან დაკავშირებით პირადი შთაბეჭდილებები და სუბიექტური შეფასებებია), რომელშიც გეკტოლიტრობით “წითელი საღებავი” იღვრება, ხოლო უცხოელი მსახიობების მიერ განსახიერებული სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები სრულ იდიოტებად გამოიყურებიან. ეს ბოლო ასპექტი ერთობ სახალისო კია, თუმცა ის მაყურებელი, რომელმაც აგვისტოს ომის ტრაგედია განიცადა და გაიაზრა, ამ ფილმის ნახვის შემდეგ, სავარაუდოდ, ძლიერ გაღიზიანდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც უნიჭობას რეალური ტკივილის მიყენება შეუძლია.
“ეს პირველი ჰოლივუდური პროექტია ქვეყანაში და ადამიანი, ვინც  კრიტიკულად უდგება, ჩემი აზრით, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი”, – განუცხადა “Netgazet”-ს კორესპონდენტს დეპუტატმა კობა ნაყოფიამ, რომელმაც ამ, რბილად რომ ვთქვათ, მარაზმატული ფილმის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ხოლო 5 ივნისს საღამოს შერონ სტოუნის გვერდით დაჯდომისთვის, სააგენტო “პირველის” ცნობით, 20 ათასი ლარი გადაიხადა. Apropos, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შერონმა თქვა, რომ მას არ უყვარს ისინი, ვინც საკუთარ თავს “მაგარ ტიპებად და დღის გმირებად თვლის” და მსგავსი კომპლექსებისგან თავისუფალი ადამიანები მოსწონს, თუმცა ეს ისე, სხვათა შორის. ფაქტი კი ისაა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატმა ფილმისადმი კრიტიკული მიდგომა ლამის სამშობლოს ღალატს გაუთანაბრა. კინემატოგრაფის ისტორიაში მსგავსი იდეების განვითარებას ადგილი მხოლოდ “მესამე რაიხში” თუ ჰქონდა. თუმცა აქ ადგილი ერთ სტილისტურ ნიუანსს აქვს: ნაყოფიას განცხადებაში ნახსენებია “ჩვენი ქვეყანა” და არა “საქართველო”; ბევრი ადამიანისთვის კი, განსაკუთრებით 26 მაისის ბარბაროსული დარბევის შემდეგ, ეს ორი ცნება ერთმანეთს, სავარაუდოდ, ძლიერ დაშორდა: მარცხნივ “მათი ქვეყანაა”, ანუ სააკაშვილის, ნაყოფიას და ნუგზარ წიკლაურის ქვეყანა, მარჯვნივ კი საკუთრივ საქართველო. “აგვისტოს 5 დღე”, რომელიც “მათ ქვეყანაში”, კინოხელოვნების უბადლო ნიმუშად ითვლება, საქართველოში, ალბათ, შეფასდება, როგორც ერთი ბანალური უნიჭო ფილმი.
მართალია, კინიოთეატრ “რუსთაველის” პერსონალმა ათი დღის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქაურობისთვის წითელი ლაქები მოეცილებინა, მაგრამ იმ საღამოს დომინანტური ფერი მაინც წითელი იყო. ეკრანიდან, სადაც ამაყად დაფრინავდნენ ჰელიკოპტერები და გოროზად დაცოცავდნენ ტანკები, “წითელი საღებავი” ღვარად მოედინებოდა, თუმცა იმ საღამოს აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის თვალში სამყაროს სურათი, სავარაუდოდ, მწვანედ იყო შეღებელი, გასული კვირის განმავლობაში ეს ფერი მას მოსვენებას აშკარად არ აძლევდა. ბასს სპეციალური განცხადების გაკეთება მოუხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებას 26 მაისის აქციის დარბევაზე “მწვანე შუქის ანთების” შესახებ “უსაფუძვლოდ მიიჩნევს”. საზოგადოებაში ეს მოსაზრება საკმაოდ ფართოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 25 მაისს საღამოს, ბასმა გააკეთა განცხადება, რომელშიც შემდეგი ფრაზა იყო: “ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ვალდებულებაა დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საპროტესტო მოქმედებით არ შეილახოს სხვა მოქალაქის უფლებები არ შეეშალოთ ხელი მათ თავის საქმიანობაში, გადაადგილებაში და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადო აღნიშვნაში”. ამასთანავე, ბასმა იქვე თქვა, რომ “პროტესტის გამომხატველ ჯგუფებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ კონფრონტაციას იწვევენ”.
ფორმალურად, ეს “მწვანე შუქის ანთება” მართლაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, არც ჰენრი II-ს უბრძანებია ტომას ბეკეტის მოკვლა, მან უბრალოდ თქვა: “ნუთუ ვერავინ მიხსნის ამ ადამიანისგან?!”, ჯონ ბასის განცხადება კი გაცილებით უფრო ბუნდოვანი იყო. თუმცა ეშმაკი დეტალებშია – გასულ კვირას “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “ჯონ ბასმა გააკეთა განცხადება, რომელიც სააკაშვილმა, სავარაუდოდ, აღიქვა როგორც “მწვანეს ანთება”, ანუ ამ კონტექსტში მთავარია არა იმდენად ის თუ რა თქვა ბასმა, არამედ ის, თუ როგორ აღიქვა მისი ნათქვამი სააკაშვილმა; ის ფაქტი, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, დიდი ხანია დადგენილია. შვიდწლიანმა გამოცდილებამ კი ნათლად აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური დალტონიზმის უცნაური ფორმა ჭირს, ის მწვანეს გარდა სხვა ფერებს არ აღიქვამს და პრაქტიკულად გამორიცხულია, ბასის განცხადებიდან რაიმე სხვა დასკვნა გამოეტანა.
“როდესაც ჯონი სახლში დაბრუნდება…”
საერთოდ, როდესაც ელჩს “მწვანის” (ან “წითლის”) ანთებაში ადანაშაულებენ, ეს თავისთავად მის შეცდომაზე მიანიშნებს, რადგან მსგავსი რამ მასპინძელი ქვეყნის საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქმება. საერთოდ, გამოცდილი დიპლომატები, ზესახელმწიფოს წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, გამაფრთხილებებელი “ყვითლის” გარდა სხვა ფერებს, როგორც წესი, არ იყენებენ. საინტერესოა, რატომ მოხვდა ჯონ ბასი ამ გაუგებრობაში?
შესაძლოა, პრობლემაა ისაა, რომ ჯონ ბასს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, საქართველოში ჩამოსვლამდე კი ერაყში “ბაღდადის პროვინციული რეკონსტრუქციის გუნდს” ხელმძღვანელობდა. 2009 წლის იანვარში, ამ თანამდებობაზე ყოფნისას, ის ასეთ განცხადებებს აკეთებდა: “ჩვენ კი არ ვუკეთებთ კანალიზაციას, არამედ ვასწავლით, როგორ შეაგროვონ და გაანალიზონ მონაცემები, რათა კანალიზაციის პრობლემის გადაწყვეტის გზები თავად გამონახონ”. გასაგებია, რომ ბაღდადის კანალიზაცია თავისთავად, ჩახლართული, ღრმა და ამოუწურავი თემაა, თუმცა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ჯონ ბასს საქართველოში ჩამოსვლის წინ ცოტა სხვა ნიადაგზე წაევარჯიშა.
აშშ-ს ელჩის 25 მაისის განცხადებამ ქართული საზოგადოების საკმაოდ მოცულობით ნაწილში, ძალიან დიდი ალბათობით, ანტიამერიკული განწყობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ჯონ ბასი ფრიად ორაზროვან მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეტიც, ერთ-ერთი მომდევნო განცხადებით, მან ეს მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმა. მართალია, 3 ივნისს მან თქვა, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას და დასძინა “ნამდვილად შეწუხებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ არიან ადამიანები ვისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია” (“ინტერპრესნიუსი”), მაგრამ პრაქტიკულად დაუყონებლივ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა: “პრობლემა  ნაწილობრივ თავად ტერმინის განსხვავებაშია, ნაწილი ადამიანების, რომლებიც იყვნენ დაკავებულები ითვლებოდნენ დაკარგულებად, მეორე ნაწილი კი მხოლოდ დაპატიმრების შიშით არ ამჟღავნებდა თავიანთ ადგილსამყოფელს, მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა შეიტყვეს რომ ამის საშიშროება აღარ არსებობს, ისინი გამოჩნდენენ”. მსგავსი განცხადება შსს-ს წარმომადგენელს, შოთა უტიაშვილს რომ გაეკეთებინა, ეს გასაკვირი, ალბათ, არც იქნებოდა, რადგან შოთას, მარტივად რომ ვთქვათ, “სამუშაო აქვს ასეთი”, მაგრამ რა მიზნებს ისახავდა ჯონ ბასი, როდესაც ამ ვერსიის ტირაჟირებას ეწეოდა, ძნელი სათქმელია. გაკვირვება ამ განცხადებით, ისეთმა ზომიერმა დეპუტატმაც კი დააფიქსირა, როგორიცაა დიმიტრი ლორთქიფანიძე.
“When Hohnny comes marching home again…” – იყო ამერიკული სამოქალაქო ომის დროს ასეთი სიმღერა, რომელსაც ფრონტის ორივე მხარეს მღეროდნენ, რადგან სამხრეთელებსაც და ჩრდილოელებსაც უნდოდათ, რომ ჯონი სახლში, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო. გამორიცხული არაა, ის ჯონ ბასისთვის ეს მოტივი მალე აქტუალური გახდეს, რადგან ძია სემს ზოგადად არ ხიბლავს სიტუაცია, როდესაც ტელეეთერში მისი ელჩის გამოჩენისთანავე მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობას ეკრანისთვის ჩუსტების ტყორცნის დაუოკებელი სურვილი უჩნდება (ამას საქართველოში, სავარაუდოდ, ძალიან ცოტა უკლია). შესაძლოა, ახლო პერსპექტივაში მას სხვა დიპლომატით ჩაანაცვლებენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბასმა თავისი მისია წარუმატებლად შეასრულა.
მაისის კრიზისს სხვა რაკურსიდან თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ სააკაშვილი ვაშინგტონზე გაცილებით დამოკიდებული გახდა, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა 26 მაისის შემდეგ მისი როგორც “საზიზღარი დიქტატორის” იმიჯის დამკვიდრებას ხელი არ შეუწყონ. ამასთანავე,  უმწვავესი შიდაპოლიტიკური კონფრონტაციის პირობებში შტატების დახმარება სააკაშვილისთვის ჰაერივით საჭირო გახდა. მისი მართვა კი ამერიკელებისთვის გაცილებით გაიოლდა და ამ მდგომარეობის მიღწევაში განმსაზღვრელი როლი, შესაძლოა, სწორედ ჯონ ბასმა შეასრულა (ნებით თუ უნებლიეთ – საკითხავი აი ეს არის). იდეაში, მას ვაშინგტონში საყვედურით კი არ უნდა შეეგებონ, არამედ ორდენით, საპატიო სიგელით, ცხრასართულიანი ტორტით და უფასო საგზურით გრენლანდიაში.
რაც შეეხება ქართული საზოგადოების ნეგატიურ რეაქციას ელჩის განცხადებებზე, ის ამ კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უსიამოვნო, თუმცა არაკრიტიკული თანმდევი ეფექტი. თუმცა, ალბათ, დროა უფრო წონიან ფიგურებზე ვისაუბროთ. რომში (მათ შორის) სააკაშვილთან შესახვედრად და შიდაქართული კრიზისის შედეგად მიღებული “მოსავლის ასაღებად” აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გაემართა.
“ოპერაცია Y” და მიშას სხვა თავგადასავლები
კომენტატორები სააკაშვილი-ბაიდენის შეხვედრის შემდეგ ორ ძირითად თემაზე საუბრობდნენ. “EurasiaNet”-მა ყურადღება ავღანეთში ქართული კონტინგენტის სავარაუდო გაზრდაზე გაამახვილა (მინიმუმ 1550 სამხედრომდე). მოგვიანებით თავდაცვის სამინისტორში სააგენტო “პირველს” დაუდასტურეს, რომ საკითხი დღის წესრიგში მართლაც დგას, თუმცა დამატებითი კონტინგენტის რაოდენობა განსაზღვრული ჯერაც არ არის. ისე, ამ ტემპებით თუ გავაგრძელეთ მალე ავღანეთში მთელი შეიარაღებული ძალები აღმოჩნდებიან. შემდეგ, ალბათ, ტოტალურ მობილიზაციას გამოვაცხადებთ, და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმ საეჭვო ომში გაუგებარი მიზნებით, თუმცა, კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გვესვრის: ესენი – აქ, თუ ისინი –  იქ.
მეორე საკითხთან დაკავშირებით, “Thomson Reuters”-ის წყაროები იტყობინებიან, რომ “საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას აღარ დაბლოკავს”. ადგილობრივი პოლიტიკოსების თანმდევი კომენტარები მიანიშნებენ იმაზე, რომ თბილისი მსო-სთან დაკავშირებულ საკითხებში, მართლაც თეთრი სახლის რეკომენდაციებით (თუ ინსტრუქციებით?) იხელმძღვანელებს. ის, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდა, ცხადი, ალბათ, მას შემდეგ გახდა, რაც ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამ პრობლემით პირადად დაკავდა.
მხარეები ქართული “დემოკრატიის” თემასაც შეეხნენ. გამორიცხული არაა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მოსთხოვა სააკაშვილს ქვეყნის შიგნით გარკვეული ნაბიჯები (არ) გადადგას, რათა საერთაშორისო არენაზე მთლად მობუტუ სესე სეკო კუკუ ნგბენდუ ვა ზა ბანგად არ წარმოჩინდეს, თორემ ფიგურანტმა ამ თვალსაზრისით, ბოლო დროს აშკარად “გაუტია”.
თითქოსდა სულ ეს იყო, თუმცა შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ვაშინგტონი ამით არ დაკმაყოფილდებოდა და მაქსიმალურად გამოიყენებდა სააკაშვილის შეჭირვებულ მდგომარეობას, რათა ის რეგიონში, რომელიმე სარისკო სტრატეგიის განხორციელებაში ჩაერთო. საინტერესოა, რომ უშუალოდ რომის შეხვედრამდე და მის პარალელურად, შტატებში კვლავ დაიწყო საუბარი სააკაშვილისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე. პირველი, რასაკვირველია, ისევ ჯონ მაკკეინი იყო, შემდეგ ამ იდეას მხარი ერთმანეთის მიყოლებით, ორმა ექსპერტმა, რონ ალექსანდერმა და კეიტ სმიტმა დაუჭირეს. ამასთანავე, “Washington Post”-ში ჯენიფერ რუბინის ისეთი ტონალობის წერილი გამოქვეყნდა, გეგონებოდა, რომ საქართველო ერთადერთი ადგილია პლანეტაზე, სადაც ,,ცივი ომი” გრძელდება და კონფრონტაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ეს კომენტარი ძალიან შემჭიდროებულ ვადებში გაკეთდა.
საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემას, როგორც წესი, მაშინ ახსენებენ, როდესაც ობამას საგარეო პოლიტიკის, რუსეთთან “გადამეტებული გადატვირთვის” გაკრიტიკება სურთ. თუმცა დღეს მსოფლიოში იმდენი “პირველი რანგის” კრიზისი ფეთქავს, რომ ამ თემას შტატებში ყურადღების ცენტრში მოხვედრის შანსი არ აქვს. შეიძლება გამოითქვას მეორე ვერსია, რომ ამ კომენტატორებმა იგრძნეს (შეიტყვეს), რომ საკითხი შეიძლება დადებითად გადაწყდეს და წინდაწინ ქულების ჩაწერა განიზრახეს, თუმცა აბსოლუტურად არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ თბილისისთვის იარაღის მოწოდებაზე ,,არაფორმალური ემბარგოს” მოხსნას აპირებს. შეიძლება მესამე ვერსიაც გაჩნდეს, რომ ვაშინგტონი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების შემდგომ გაღვივებას ცდილობს, ან კიდევ, კრემლს ამ კონფრონტაციიდან გამომდინარე ზოგადკავკასიური არასტაბილურობით ემუქრება. ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ეს ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსით შეტრიალბას ნიშნავს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
ამასთანავე, შეიძლება გამოითქვას მეოთხე ვერსიაც: განცხადებების ერთობ არაბუნებრივად გაზრდილი ინტენსიურობა და შეცვლილი ტონალობა შეიძლება მთელი კამპანიის ხელოვნურობაზე მიანიშნებდეს, იმაზე, რომ ეს მხოლოდ დამაბნეველი მანევრია, სინამდვილეში კი ვაშინგტონი საქართველოს გამოყენებას არა რუსეთის, არამედ რეგიონის სხვა ლიდერი სახელმწიფოს წინააღმდეგ აპირებს (მაგალითად, “ფერადი რევოლუციის” აქტიური მომზადების საქმეში). იარაღის ჰიპოტეტური მიწოდება და რუსეთთან კონფრონტაციის მოჩვენებითი ესკალაცია, ამ კონტექსტში შეიძლება ვაშინგტონის სტრატეგიული ოპერაციის “ქართული შემადგენლის” ლეგენდირებისთვის გამოიყენებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, “დაე, ძველი შაბლონებიდან გამომდინარე იფიქრონ, რომ სააკაშვილს მოსკოვთან ქიშპის გარდა სხვა საზრუნავი და ფუნქცია არ აქვს”. კონკრეტული სამიზნე ქვეყნის დასახელება ამ ვერსიის ჩარჩოებში დადასტურებული ფაქტების გარეშე შეუძლებელია, თუმცა თუ ის სიმართლეს შეესაბამება, ეს ფაქტები, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება. მანამდე კი, ალბათ, ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი დემონსტრაციულ სიგნალებს ამერიკულ მედიაში და დავაკვირდეთ, რა მიმართულებით წავა ეს საინფორმაციო კამპანია.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here