ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანია მოკლული; ვერ გაგვიგია, სად ვეძებოთ უგზო-უკვლოდ დაკარგულები; ასეულობით ოპოზიციონერი ციხეებშია ჩაყრილი. არ მეგონა, რომ ოდესმე მსგავსი ფრაზის დაწერა მომიწევდა; ასეთი რამ ადრე მხოლოდ იმ ლათინოამერიკული ქვეყნების შესახებ გვსმენია, რომლებსაც ახლო წარსულში ბინძური დიქტატურები მართავდა.
რაც ყველაზე საინტერესოა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივე ამას ამართლებენ. მთელ საზოგადოებასთან მიმართებაში ისინი, სავარაუდოდ, მხოლოდ მცირე, მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა ბუნებაში ნამდვილად არსებობენ. ცხადია, 26 მაისის მიტინგის დარბევის გამართლებას (მთლიანობაში) არც ეს ადამიანები ცდილობენ, რადგან ეს, ძალიან დიდი ალბათობით, აღქმული იქნება როგორც მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამოვლინება, თუმცა მოკრძალებულ დუდღუნს რაღაც დიად მიზანზე, რომელიც ,,განათლებულ ავტორიტარიზმს” თითქოსდა ამართლებს, ადგილი ნამდვილად აქვს.
ეს ,,განათლებული” საიდან მოაქვთ, გაუგებარია, თუმცა ხსენებული ავტორიტარიზმის გაუნათლებლობის ხარისხის ზუსტი განსაზღვრა ჩვენს ამოცანას ამჯერად არ წარმოადგენს.
,,მართალია, პინოჩეტმა ათასობით ადამიანი მოკლა, მაგრამ ჩილე ხომ ააყვავა”, _ ამბობენ ეს ადამიანები. ამ პოსტულატის სიღრმისეულ უზნეობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ შემოვიფარგლოთ იმ მარტივი ფაქტის კონსტატაციით, რომ პინოჩეტს ჩილე არ აუყვავებია. სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პინოჩეტმა ჩილე გააუბედურა, ხოლო ფართოდ გავრცელებული მითი ,,აყვავების” შესახებ მხოლოდ ციფრებით მანიპულაციას ეფუძნება.
პინოჩეტის მმართველობის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6,4%-ით დაეცა. 1973-ში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3600 დოლარი იყო. ამ მაჩვენებლის მიღწევა (ინფლაციის გათვალისწინებით) 1993-შიც კი ვერ მოხერხდა (3170 დოლარი). 1974-89 წლებში უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ხუთ ლათინოამერიკულ ქვეყანას ჰქონდა.
პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის 6 თვის თავზე მოსახლეობის მყიდველუნარიანობა 60%-ით შემცირდა. 1974 წელს, თუნდაც ოფიციალური (გაყალბებული) სტატისტიკის თანახმად, პურის ფასი 22-ჯერ, შაქრის კი 29-ჯერ გაიზარდა. უმუშევრობა გაიზარდა 6%-ით (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის _ 18%). უფასო სამედიცინო მომსახურება გაუქმდა.
მომდევნო წელს ჩილეში დაიწყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის აღსაზრდელების ,,სახელოვანი რეფორმები”. მშპ 19%-ით შემცირდა, წარმოება _ 25%-ით, მშენებლობა _ 50%-ით. უმუშევრობამ 20%-ს მიაღწია (ზოგიერთ რეგიონში კი _ 35-40%-ს). ეროვნული ვალუტა ესკუდო ქაღალდად იქცა და მის ნაცვლად პესო შემოიღეს. პინოჩეტის მმართველობის დასასრულს პესო დოლართან მიმართებაში 300-ჯერ დაეცა.
არა, რასაკვირველია, რაღაც-რაღაცები იზრდებოდა: ბიუროკრატიული აპარატი გაიზარდა 18%-ით, სამხედრო ხარჯები გაორმაგდა, 80-ათასიანი არმიის რიცხოვნებამ 1976-ში 300 ათასს მიაღწია.
დაიწყო საგარეო ვალის სწრაფი ზრდა, პინოჩეტმა ჩაიბარა ქვეყანა 4,13 მილიარდი დოლარის ვალით და 27 მილიარდი დოლარის ვალით დატოვა.
1977-ში წარმოება 1968 წლის დონემდე დაეცა, უმუშევარი კი 4-ჯერ მეტი ადამიანი დარჩა, ვიდრე პინოჩეტის მმართველობის დასაწყისში. ოფიციალური სტატისტიკითაც კი 550 ათასი უსახლკარო ადამიანი ქუჩაში ცხოვრობდა. ორჯერ გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა, ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები _ ექვსჯერ.
,,ეკონომიკურ სასწაულზე” საუბრისას, პინოჩეტის აპოლოგეტები, როგორც წესი, 1976-81 წლების ცალკე აღებული პერიოდის ციფრებს იყენებენ, როდესაც ზრდა წელიწადში საშუალოდ 6,6% აღწევდა. თუმცა ამ დროს ისინი არ ითვალისწინებენ წინა წლების ვარდნას. ეს იგივეა, რომ ღრმა ორმოდან მიწის ზედაპირზე ამომძვრალ ადამიანზე ვთქვათ, ევერესტი დაიპყროო. ეს პოსტკრიზისული ზრდაა, როდესაც ეკონომიკა მხოლოდ ,,დაკარგულ ტერიტორიას იბრუნებს”. ამ მხრივ, კარგი მაგალითია აშშ-ის 1936 წლის 14,1%-იანი ზრდა ,,დიდი დეპრესიის” შემდეგ (საუკეთესო მაჩვენებელი მშვიდობიანობის წლებში). ამასთანვე, 1982-ში ჩილეს ეკონომიკა ისევ ორმოში ჩავარდა, წარმოება 20%-ით შემცირდა, წამყვანი ბანკების უმრავლესობა გაკოტრდა.
1982 წელს ქუჩაში, ღარიბთა უბნებში (პობლაციონეს), პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ, უკვე 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, კიდევ ერთი მილიონი ქვეყნიდან გაიქცა. 1984-იდან კი დაიწყო ციებ-ცხელება ეკონომიკის მუდმივი ,,დაცემა-წამოდგომით”. ასე რომ, აჯობებს არა ცალკეულ წლებზე, არამედ მთელ პერიოდზე ვისაუბროთ.
ფერნანდუ კარდოზუს მონაცემებით (ცნობილი ეკონომისტი და სოციოლოგი; ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი), საშუალო წლიური ,,ზრდა” პინოჩეტის მმართველობის (1974-89) წლებში მინუს (!) 3,9%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც საშუალოდ ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში +4%-ს აღწევდა.
ამ ,,რეფორმებისთვის” მოკლეს ის უამრავი ადამიანი?
პინოჩეტის მმართველობის ბოლო, 1989 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 41,2% ცხოვრობდა. არ არსებობს მაჩვენებელი, რომლის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990-ში მოსახლეობის 80% ცხოვრობდა უკეთ, ვიდრე 1970-ში; გამდიდრდა მხოლოდ 20% (ე.წ. მეხუთე კვინტილი).
ყველაზე მეტად ამერიკელებმა იხეირეს. მათ ხელში, ფაქტობრივად, ჩილეს მთელი ეკონომიკა ჩაიგდეს (,,ყველაფერი, სინდისის გარდა”, იქაც იყიდებოდა) და ქვეყანას ,,საგარეო ვალის ხელბორკილი” დაადეს. ასევე იხეირეს მდიდრების მცირერიცხოვანმა ფენამ და მათი უსაფრთხოების დამცველმა ძალოვანებმა. დანარჩენი მოსახლეობა კი, სალვადორ ალიენდესა და მისი წინამორბედის _ ედუარდო ფრეის მმართველობის წლებთან შედარებით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გაუბედურდა.
იმ საშინელების შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც პინოჩეტმა საკუთარ ქვეყანას დამართა, ჩილელები დღემდე ზრუნავენ. ჩვენ კი, ალბათ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ სანაგვეზე მოვისროლოთ მითები ,,ჩილეს სასწაულზე” და ,,განათლებულ ავტორიტარიზმზე” საუბარიც ზედ მივაყოლოთ.
დიმიტრი მონიავა