Home რუბრიკები საზოგადოება მიხეილ ამისულაშვილი: სპეცრაზმმა ჯიბრზე სამი 16-17 წლის გოგონა თმით გამოათრია...

მიხეილ ამისულაშვილი: სპეცრაზმმა ჯიბრზე სამი 16-17 წლის გოგონა თმით გამოათრია და დარბაზის შუაგულში, პირდაპირ სცენაზე დაუწყო ცემა…

26 მაისს გამართული აქციის დარბევა არაერთგზის შეაფასეს ოპოზიციისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანალიტიკოსებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გაზეთი საქართველო და მსოფლიო მკითხველს აქციის მონაწილის, მიხეილ ამისურაშვილის მონათხრობს გთავაზობთ, რომელიც არა მარტო თვითმხილველი იყო შემზარავი ფაქტებისა, არამედ დაზარალებულიც.

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანავუგრძნო დაკარგული მოქალაქეების ახლობლებს. ვინ იცის, რამდენი დაკარგული მოქალაქე იქნებ გარდაცვლილიც კია და ხელისუფლება ამას მალავს.
 

21 წელია, ეროვნულ მოძრაობაში ვარ, არანაირი წამება ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ არც ერთი ჭრილობის გამო არ მიგრძვნია ისეთი ტკივილი, როგორიც 26 მაისს.

_ აგვიწერეთ, რა მოხდა 26 მაისს?

_ ეს არ იყო აქციის დარბევა, ეს იყო აქციის მონაწილეების პირდაპირ დასჯა, მათზე შურისძიება. სპეცრაზმის დავალება, მხოლოდ აქციის დარბევა რომ ყოფილიყო, ალყას არ შემოგვარტყამდა და ხალხს გაქცევის საშუალებას მისცემდა. ყველა მხრიდან წამოსული სპეცრაზმი ბოლოს ერთმანეთს შეუერთდა და შუაში მოყოლილებს ზედ გადაგვიარეს. ცხოვრებაში არ მინახავს ხალხზე ასე დაგეშილი, გამწარებული და აგრესიული რობოტები, ზომბები. ძლივს მოვახერხე მანქანის ქვეშ შეძრომა, შემდეგ კი სხვებთან ერთად კინოთეატრს შევაფარე თავი (თუU ამას თავის შეფარება ერქვა).

კინოთეატრს, ძირითადად, მოხუცები და მანდილოსნები მიაწყდნენ. ისინი მეორე სართულის დარბაზში შეიყუჟნენ. მე კი ეკრანის უკან დინამიკში შევძვერი, რადგან ვეჭვობდი, რომ სპეცრაზმი იქაც შემოვიდოდა. მართლაც, ცოტა ხანში სპეცრაზმი კინოთეატრის ოთხივე (ორი ზემოთ, ორი ქვემოთ) შემოსასვლელს მოადგა. რამდენიმე გასროლის შემდეგ, მათ ხალხის დაწიოკება დაიწყეს. არავის ინდობდნენ _ არც ქალს, არც მოხუცს, არც ბავშვს, ყველას უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით. მოხუცებს სულ თავები დაუტეხეს და იატაკზე დაყარეს ხელებშერკული.

ბიჭები წამოცვივდნენ _ ქალები და მოხუცები მაინც  გაუშვით, ჩვენ, რაც გინდათ, ის გვიყავითო. მაგრამ სპეცრაზმმა ჯიბრზე სამი 16-17 წლის გოგონა თმით გამოათრია და დარბაზის შუაგულში, პირდაპირ სცენაზე ცემა დაუწყო. თქვენც ეგ დღე გელითო, _ ხალხს ემუქრებოდნენ. საწყალ გოგონებს სულ შემოახიეს ტანსაცმელი, წიხლები და ხელკეტები სახეში და მუცელში ურტყეს, ეს არ იკმარეს და იატაკზე სისხლის გუბეში მწოლიარეებს ნამუსის ახდითაც ემუქრებოდნენ. ვიფიქრე, მივეშველები-თქო, მაგრამ ისეთ აფექტში იყვნენ ეს ძაღლები, რომ უარესს ჩაიდენდნენ გახელებულნი. არც კი ვიცი, ეს ბავშვები ცოცხლები თუ გადარჩნენ. ბოლოს ამ ბავშვებსაც, სხვების მსგავსად, პლასტმასის ხელბორკილები დაადეს და ღმერთმა იცის, სად წაიყვანეს.

როცა ხალხის ძირითადი მასა კინოთეატრიდან გაიყვანეს, დამალულების ძებნა დაიწყეს, მეც მაშინ მიპოვეს. გამომათრიეს დინამიკიდან და დუბინკებით უმოწყალოდ მცემეს, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ხომ საუბარიც აღარაა. მერე ხელები შემიკრეს, შენობის სავენტილაციო მილთან მიმათრიეს და მილში შეძრომა მიბრძანეს. ასეც მოვიქეცი, ოღონდაც თავი დაენებებინათ და ჭერზეც  დავიწყებდი სიარულს. ერთმა სპეცრაზმელმა მილიდან გამოთრევა და ისევ ცემა დამიპირა, მაგრამ მეორემ შეაჩერე, თავი დაანებე მილში მაინც ჩაძაღლდება, ამისიო…

თავიდან გამიხარდა კიდეც, აქ ყოფნას აიტანს კაცი-მეთქი, მაგრამ თანდათან ისეთი  სიცივე ვიგრძენი, რომ ლამის სული დავლიე. მილიდან ცივი ჰაერი უბერავდა და სველი ტანსაცმელი სულ ზედ შემაშრა, ჭრილობებმაც ტკივილი დამიწყო. მილი ერთი მეტრის სიგანისა იქნებოდა, ოთხკუთხედად ამოჭრილი, რომელსაც ზემოდან მთავარი სავენტილაციო ქსელი უერთებოდა და ცივი ჰაერის ნაკადს უწყვეტად უშვებდა. გაყინვას აღარ დავეძებდი, ნეტა, შიგნით არ შემითრევდეს ეს ნაკადი-თქო… მაგრამ გადავრჩი, მილი ზემოთ მოხვეული იყო და ვერ წამიღო. ვიფიქრე ხელებს მაინც გავიხსნი-თქო, მაგრამ გვიან ღამემდე სპეცრაზმი შენობაში დადიოდა, მეც გამოსვლას ვერ ვბედავდი. მერე იქვე მილის თუნუქზე დავიწყე პლასტმასის ბორკილების ჭრა.

მაშინ არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ დღეს, ხომ ხედავთ, ფეხზე ვერ ვდგები, თავი გატეხილი მაქვს, თირკმელები ჩალეწილი და საშინლად გაციებული ვარ. ისეთი თავის ტკივილები მაქვს, ტვინის შერყევასაც არ გამოვრიცხავ, სხეულში ანთებით პროცესებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

_ რამდენ ხანს მოგიწიათ სავენტილაციო მილში ყოფნა?

_ მთელი ღამე იქ ვიყავი, აღლუმის ჩაბარების შემდეგ გამოვედი. სპეცრაზმმა სასიკვდილოდ შემაგდო მილში და მაგათ ცოცხალი დავენახვებოდი? როცა აღლუმი სააკაშვილმა ჩაიბარა და შენობაში კინოთეატრის თანამშრომლები შემოვიდნენ, მხოლოდ მაშინ გავბედე სავენტილაციო მილიდან გამოსვლა. სულ გათოშილი ვიყავი. აღლუმის ჩაბარების შემდეგაც კარგა ხანი გავიდა ჩემს გამოსვლამდე, რადგან საბოლოოდ უნდა დავრწმუნებულიყავი, ვინ იყო რეალურად შენობაში. საუბრით მივხდი, რომ ნამდვილად თანამშრომლები იყვნენ, რადგან ინვენტარის დალეწვის გამო ზოგი ხელისუფლებას აგინებდა გაცხარებული, ზოგიც _ მომიტინგეებს.

_ სინამდვილეში ვინ გაანადგურა კინოთეატრის ინვენტარი? სხვადასხვა ტელეარხების გადმოცემით, იგი მომიტინგება დაარბიეს და შენობაში არსებული ტელეფონების მაღაზიაც მათ გაძარცვეს…

_ რა სისულელეა, ხალხს სად ჰქონდა ინვენტარის მსხვრევის თავი, ყველა გადარჩენაზე და დამალვაზე ფიქრობდა ამ მხეცობის შემყურე. ამას კიდევ იფიქრებდა კაცი, მომიტინგეები, თავდაცვაზე რომ გადასულიყვნენ, მაგრამ ვინ გაბედავდა ამას?! თითო მომიტინგეზე 6 სპეცრაზმელი მოდიოდა. შეტევაზე გადასვლა კი არა, ზოგი აქციაში მონაწილეობას საერთოდ უარყოფდა, გავლელი ვარ, უბრალოდ, ინტერესის გამო მოვედიო და ა. შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის ინდობდნენ. თავად სპეცრაზმმა დალეწა ყველაფერი. ახლახან გავიგე, ეკრანიც დაჭრილი ყოფილა, ესეც მაგათი ნახელავი იქნება, დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რაც მომიტინგეებმა დალეწეს, კინოთეატრის შუშებია, ისიც იმიტომ, რომ ხალხს შიგნით შესვლა მოეხერხებინა.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ისიც, რომ მომიტინგეებს არაფერი გაუძარცვავთ. რა მობილურების დარდი ჰქონდა ხალხს, საკუთარი მობილურიც კი იქ დავკარგე. ვიდრე სპეცრაზმი შემოვიდოდა და ხალხის დარბევას შენობაში გააგრძელებდა, ყველაფერი უვნებელი იყო.

ინვენტარი კი არა, კინოთეატრის დაცვის თანამშრომელიც კი ცემა სპეცრაზმმა. ბიჭი ეუბნებოდა, ვინც იყო, შესაბამისი საბუთიც წარუდგინა, მაგრამ მაინც არ უჯერებდნენ და ხელკეტებით მის სასტიკ ცემას განაგრძობდნენ, ვიდრე მეორე დაცვის თანამშრომელმა არ დაარწმუნა სპეცრაზმელები, რომ იგი არ იტყუებოდა.

_ თავდასაცავად მომიტინგეებს დროშის ტარები და, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოლოტოვის კოქტეილებიც გქონდათ…

_ ვის ახსოვდა დროშის ტარები, ან ვინ გაბედავდა ისეთი შეირაღებული, ფარებიანი სპეცრაზმის წინააღმდეგ დროშის ტარებით წასვლას?! ხელებაწეულ ხალხს რა გვიქნეს და, ვინმეს რომ გაებედა, ხომ სულ ჩაგვხოცავდნენ.

რა მოლოტოვის კოქტეილები? ასეთი შეიარაღებული რომ ვყოფილიყავით, თავს მაგათ ვაცემინებდით ან ლიდერებს ამისთვის არ ჩააყუდებდნენ?! ახლა, აბა, რას იტყვიან _ მშვიდობიანი მომიტინგეები დავლეწეთ და ვცემეთო?!

_ იმასაც ამბობენ, სპეცრაზმელები ქართველები არ იყვნენო…

_ რა სისულელეა, ყველანი ქართულ ენაზე იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ. ერთი სხვა ენაზე მოლაპარაკე სპეცრაზმელი არ შემხვედრია. უბრალოდ, ხალხს არ უნდა, დაიჯეროს, რომ თანამემამულეეებმა ასე გაიმეტეს. სააკაშვილმა უპრეცედენტო რამ გააკეთა _ მედიას ამ ყველაფრის გადაღების საშუალება მისცა, რათა ხალხს მისი ძლიერება დაენახა; ამით ყველას უთხრა _ მკიდია თქვენი შეფასებებიო.

_ აქციის ლიდერებს თუ მოჰკარით თვალი დარბევისას?

_ მინდა, გითხრათ, რომ არც ერთი ლიდერი ადრე არ წასულა, როცა ხალხს სპეცრაზმი დაერია, ტრიბუნაზე ნონა გაფრინდაშვილი, შალვა ხაჭაპურიძე, თემურ შაშიაშვილი, გია ბურჯანაძე და, რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე იდგნენ. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. თავიდან ნინო ბურჯანაძესთან მისასვლელ გზას ვიცავდი აქციის სხვა მონაწილეებთან და მის დაცვასთან ერთად. როცა დარბევა დაიწყო, მისმა დაცვამ სამივე მანქანა ტრიბუნასთან ჩააყენა. ვკითხე: ვტყდებით-მეთქი? _ არა, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების მანქანები ყველა მხრიდან წამოვლენ და ჩვენს მანქანებს შეგნებულად დაამტვრევენო.

ლიდერებმა მაშინ დაიწყეს დაშლა, როცა ორივე მხრიდან (თავისუფლების მოედნიდან და რუსთაველის გამზირიდან) წამოსული სპეცრაზმი ერთმანეთს შეუერთდა. პოლიტიკოსებიდან ყველაზე ადრე ბათიაშვილი მოტყდა, სპეცრაზმის შეერთების მომენტში იგი მომიტინგეებს შორის უკვე აღარ იყო. სხვათა შორის ლიდერები კი არ გაიქცნენ, სპეცრაზმმა გაატარა…

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ სპეცრაზმმა და ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა ლიდერების უდანაშაულობა. ამიტომაც არ აიყვანეს და გაუშვეს.

_ ბატონო მიხეილ, ოპოზიციურმა ლიდერებმა ისევ რომ დაუძახოს საზოგადოებას, თქვენ თუ გახვალთ?

_ თუკი დარწმუნებული ვიქნები, რომ ძალადობა არ იქნება და დაცული ვიქნებით, რა თქმა უნდა, გავალ.

მრცხვენია იმ ადამიანის მაგივრად, რომელმაც მეორე არხით აქციების მუდმივი გაშუქების გამო პროტესტი გამოხატა, მეორე არხზე ჩვენი პოლიტიკური ასპარეზისთვის საკმარისი დრო არ გვრჩებაო, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებდეს. ეს არის  ეროვნული მოძრაობის პატრიარქის სამარცხვინო ვაჟი კოკო გამსახურდია.

მოღალატედ მიმაჩნია გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი, ზვიად ძიძიგური და სხვა მათნაირები, რომლებიც ამ მოვლენებზე საერთოდ ხმის ამოღებას ბედავენ _ ვიცოდით, სახახლო კრება ხალხს შეცდომაში შეიყვანდაო. შე დალოცვილო, თუ ამდენი იცოდი, რატომ შენს მოქალაქეებს, შენს ხალხს გვერდით არ დაუდექი რაიმე ფორმით, ახლა რომ ფილოსოფოსობ უკვე მომხდარ უბედურებაზე?! როგორ ისხდნენ ტელევიზორებთან ამ დროს გულხელდაკრეფილნი?!

რა უნდათ, რომ საბოლოოდ ნანკა კალატოზიშვილისა და შორენა ბეგაშვილისნაირმა ქალებმა გაუზარდონ ქართველ ერს შვილები?!

 

ესაუბრა

ეკა რობაქიძე

  

1 COMMENT

  1. ეს არის ჩვენი ვაჟკაცი სპეც რაზმელები რომლებსაც სამშობლო ერი და ბერი ფეხებზე ჰკიდია!!! ყველაზე არ ვამბობ იმიტომ რომ უფალს იმ სპეცრაზმში ჰყავს თავისიანები და ისინი ნაკლებად აქტიურები არიან მაგ დროს!!! მაგრამ დანარცჰენები დემონები არიან!!! არანაირი სიმართლე და ადამიანობა არ გადის!!! ღმერთი დასჯის ეგეთ სპეცრაზმელებს1 ადრეც დაუსჯია და ეხლაც დასჯის!!!

  2. გიორგი! რაღა დასჯა უნდა იმ უბედურებს მათმა შვილებმა თუ იციან მამების ნამოქმედარი, შთამომავლობა დასჯილია სამუდამოდ. გაიკითხეთ 30 – იანი წლების კკბ – შნიკების შთამომავლები სად არიან ახლა.

  3. ყველაფერი საშინელებაა და მე მგონი ყველა ქართველს ჭრლიობა დაგვიტოვა გულში ამ რღმემ, მაგრამ ეკადრება ასეთ იდეებზე მოლაპარაკე კაცს ასე მოისხენიოს მშვენიერი გოგოები? ნანკა კალატოზიშვილი საკმაოდ განათლბული გოგოა და კარგი მსახიობი. ამ შორენასთან რა უნდა? მედია და ხალხი არ ასვენებს. რაც არი, კარგია! თავხედი არ არი და ბოღმა. ბევრს ჯობია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here