მთავარი საზოგადოება კახი კავსაძე: მაშ, ვინაა პატრიოტი?

კახი კავსაძე: მაშ, ვინაა პატრიოტი?

747
გააზიარეთ

ინტერვიუსთვის მივედი და ერთი მსახიობის თეატრში აღმოვჩნდი. წარმოდგენაზე, რომელიც სავსე იყო ემოციითა და აზრით, იყო მაქსიმალურად გულახდილი და დიდოსტატურად შესრულებული, უნიკალური სპექტაკლი, რომლის ავტორი, რეჟისორი, მთავარი და ერთადერთი გმირი დიდი მსახიობი კახი კავსაძე ბრძანდებოდა.
გივი გადელიამ, კახი კავსაძის ბავშვობის მეგობარმა, კახის ტელეფონის ნომერი რომ მომცა, გამაფრთხილა _ გაგიჭირდება დაჭერა, რადგან ხან გადაღებაზეა, ხან _ გახმოვანებაზე, ხან _ თეატრში და ასე შემდეგო. დიდი მოთხოვნაა კახი კავსაძეზე, უპოპულარეს ქართველ მსახიობზე. თვითონ იკისრა გადელიამ შუამავლობა და ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს, შინ არის და შეგიძლია დაურეკოო.

ვურეკავ. შევთანხმდით, რომ დღესვე ჯობია შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან გადადებული საქმე ეშმაკისაა. დღეს _ 27 მაისია.
გუშინ იყო ბართლომეს ღამე თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მომიტინგეთა, როგორც შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე იტყვის, ხალხის ჩაძაღლების ღამე.
_ ბატონო კახი, ჩვენი საუბარი პოლიტიკის გარეშე უნდა წარმართულიყო, მაგრამ წუხანდელი დარბევის შემდეგ, ეტყობა, თვალს ვერ დავხუჭავთ და სმენას ვერ დავიხშობთ.
_ მე გულს, იცით, რა მიკლავს? სამოქალაქო დაპირისპირება! ქართველი ქართველს რომ დაუპირისპირდა. აი, თქვენც ბრძანეთ, ის აქეთ არის, ესენი _ იქით. ესე იგი, თქვენც გაყავით საზოგადოება.
სწორედ ეს არის საშინელება!
რას ჰქვია დავყოთ, ვინ უნდა დავყოთ? ეს საიდან წამოვიდა? ააა, შენ იქითა ხარ, აქეთ _ არა? მაშინ ვინა ხარ? შენ თუ ჩემთან არა ხარ, არარაობა ხარ. ერთი ამბობს ამას.
მეორე უპასუხებს, არარაობა ხარ შენ!
როცა პირველად სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, ქართველებმა რომ ესროლეს ერთმანეთს, მაშინ ვთქვი _ დავიღუპეთ-მეთქი.
გამსახურდიას დროს ვამბობ.
სამოქალაქო დაპირისპირება რომ იწყება, სამოქალაქო ომი რომ იწყება, აღარ მთავრდება! ისტორიიდან ვიცი, რომ არ მთავრდება, დაუმთავრებელი ამბავია!
ექვს თვეში დაამთავრეს ქართველებმა და მაშინ ვთქვი: _ არა, ქართველი ბრძენია-მეთქი.
ინტერვიუ ჩამოვართვი უწმინდესს კინოფილმისთვის, მაშინ ვუთხარი, ქართველების სიბრძნემ განმაცვიფრა-მეთქი.
_ კიო, _ მიპასუხა…
თურმე შევცდი მე: სამოქალაქო დაპირისპირება არ დამთავრებულა. რაც მოხდა გუშინ, უფრო ადრე _ 7 ნოემბერს და იმაზე ადრე, ეს სულ გაგრძელებაა და ეს არის უბედურება. ხოლო ვინ დაიწყო, ვინ რა გააკეთა, დეტალებია.
საშინელებაა სამოქალაქო დაპირისპირება: იმათ მიიღეს, ამათ _ არა, ესენი ვაჟკაცურად მოიქცნენ, ისინი _ შეშინებულები არიან…
ეს პატრიოტიაო, იციან თქმა. რა არის პატრიოტი? პატრიოტი ისაა, ვინც მაგრად ირტყამს მკერდზე მჯიღს, თუ ის, ვინც ბევრს ყვირის _ წიიინ! გაუძღვება წინ და მერე, გაპონის არ იყოს, მიატოვებს ხალხს.
თუ პატრიოტი ისაა, ვინც ჩუმად ზის, თავისთვის, არ ყვირის და ქვეყნის საქმეს აკეთებს?
თუ ჩვეულებრივი ქართველი ბიჭია პატრიოტი, რომელიც იძახის ქართველი ვარო და ისე იქცევა და ისე ცხოვრობს, რომ სხვები _ ქართველები და უცხოელებიც ამბობენ _ შეხედეთ, რა ბიჭია!
მას ქართველობა ტვირთად დააქვს და ძირს არ უნდა დადოს ეს ტვირთი.
ერთი ამბავი მახსენდება.
მანქანით მოვდიოდი ბერლინიდან და უნდა გამომევლო ავსტრია. საზღვარზე ვიზა უნდა მომცენ. მოაღწია ჩემმა რიგმა. მივაწოდე საბუთები. წაიკითხა და მეუბნება ის მესაზღვრე, მოშორდი აქედანო!
_ რატომ და რა ხდება-მეთქი?
_ მოშორდიო!
ჩავაცივდი. ის კაცი ყვირილზე გადავიდა და მომაძახა:
_ ქართველები ყარხართ!
ყელში ვწვდი. ძლივს გამაჩერეს.
რა ჩაიდინეს ქართველებმა ისეთი, რომ ეს მაკადრა რიგითმა მესაზღვრემ, რომელმაც, როგორც კი დამინახა ქართველი, თავის ქვეყანაში არ შემიშვა.
რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა… ანდა პირიქით: ქართველი მოვიდა! მობრძანდი! კნიაზი მოვიდაო. ისე მიგიღებენ, რომ მეცხრე ცაზე გეგონება თავი.
მაშ, ვინაა პატრიოტი?
ერთხელ იმის მოწმეც ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილს ისეთი ქება შეასხეს, რომ ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ: _ აი, ბატონო ბიძინა, თქვენ, და როცა თქვენ… და ასე _ აღმატებულად.
მართლა ძალიან არ უყვარს ბიძინას შექება, ძალიან ცუდ დღეში ვარდება. ბევრჯერ ვარ ამის მომსწრე.
_ თქვენი ჭირიმე, არ თქვათო, _ შეხვეწნია.
_ როგორ არ ვთქვათო, _ შეპასუხებიან, _ როცა ამას აკეთებთ და ამაზე მეტსაცო.
_ არა, ბატონო, მე შემიძლია და იმიტომ ვაკეთებო. შემიძლიაო…
_ სხვას, რომ შეუძლია და არ აკეთებს?!
_ ეს მისი პრობლემა არისო. მან იფიქროს ამაზე. მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და ამიტომ მაგარი ვარო? გმადლობთო, მაგრამ ამისთვის ნუ მაქებთ, თქვენი ჭირიმეო.
ასე თქვა ბიძინამ.
ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით.
ერთი რამეც მახსენდება, სასწაული ამბავი, რომელიც მოსკოვში მოხდა, ჩვენს საელჩოში გამოჩენილი ექიმების მიღებაზე. მეც მთხოვეს მივსულიყავი როგორც სტუმარი. ალბათ, იმიტომ, რომ მიცნობენ რუსული კინოებიდან და, განსაკუთრებით, ფილმიდან “Белое солнце пустыни”. დამინახავდნენ და _ “Абдула пришел!” _ და ფეხზე დგებოდა მთელი დარბაზი.
რუსებს რაღაც გართულება აქვთ ნატოზე, ჩემდა გასაოცრად, გამონაკლისი არც ცნობილი პედიატრი, პროფესორი ლეონიდ როშალი აღმოჩნდა.
(ლეონიდ როშალი, “მსოფლიო ბავშვთა ექიმი”, როგორც ჟურნალისტებმა მონათლეს. მას, და მასთან ერთად მისნაირ მოხალისეთა ბრიგადას ათასობით ბავშვი ჰყავს გადარჩენილი მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა “ცხელ წერტილში”: მოსკოვში _ დუბროვკაში “ნორდ ოსტის” ტერაქტის დროს სპიტაკში მიწისძვრის შემდეგ, ჩეჩნეთში, ყოფილ იუგოსლავიაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ისრაელში, მიწისძვრით დაზარალებულ იაპონიაში, კალიფორნიაში, სახალინზე, ინდოეთში, თურქეთში, სამჯერ იყო ავღანეთში და ა.შ. _ ეს ცნობისთვის. _ ა.ს.).
დიდი პატივი მიაგეს როშალს, საქართველოს აკადემიკოსობა მიანიჭეს, თუ არ ვცდები, აქეს და ადიდეს. იმანაც მადლობა გადაიხადა, სრულად დააფასა მასზე დახარჯული კეთილი სიტყვები და უცებ იფეთქა:
_ Что вам надо в НАТО! Что вам надо в НАТО! _ გაიმეორა და გაიმეორა.
გავგიჟდი! მივხვდი, ეს კაცი თუ არ დავამუხრუჭე, ისე შორს გარეკავს, ვეღარ შემოვაბრუნებთ.
_ რომელ ნატოზე ლაპარაკობთ-მეთქი? _ ვკითხე, _ ნატო ვაჩნაძეზე ხომ არა?
_ Какая Нато Вачнадзе?
_Нато Вачнадзе, наша гениальная актриса.
_ არაო.
_ ააა, ესე იგი, თქვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ლაპარაკობთ?
_ კიო.
ვხედავ, რომ გამოვთიშე იმ რეგისტრიდან და განვაგრძე:
_ Как Вам не стыдно. Что такое НАТО, что оно значит? Без России в мире никто не имеет право даже пукнуть!..
ურააა! დაიძახეს, ახარხარდა ხალხი, ატყდა ტაში და ამ სიცილ-ხარხარში დაწყნარდა გამწვავების პირზე მისული “პოლიტიკური სიტუაცია”.
ამაზე ვლაპარაკობ: ვისთვის რას ნიშნავს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული.
_ თქვენთვის?
_ მე მინდა ისეთი არტისტი ვიყო, რომ ყველას ვაჯობო. თუმცა ყველა ქართველი მსახიობი ჩემი მეგობარი და ძმაკაცია. ყველას გამარჯვება მიხარია! ამას მართლა გულით ვამბობ, იმიტომ, რომ, რაც უფრო ბევრი კარგი არტისტი იქნება, ხელოვნების, თეატრის თამასა უფრო მაღლა აიწევს და უფრო დიდ სიმაღლეებს წავეპოტინებით.
სხვა სფერო, სხვა საქმე მე არ ვიცი. არ მესმის, რა არის პოლიტიკა. მაგრამ რახან მკითხეთ, გიპასუხებთ, რომ, ჩემი აზრით, ეს არის ადამიანთა ურთიერთობა: რომელ მოღვაწეს, პოლიტიკოსს როგორ უნდა ველაპარაკო, არ ვიცი. მე ვიცი, როგორ უნდა ველაპარაკო ჩემს კოლეგებს, კარგ რეჟისორს, როგორ დავემორჩილო მას, როგორ დაველაპარაკო ჩემს პარტნიორს ან დრამატურგს _ როგორ ვთხოვო მას, ვთქვათ, რომელიმე სცენის გადაკეთება. ეს ვიცი.
ვინმეს გვერდზე დავდგე? მაშასადამე, ამით სხვისი მოწინააღმდეგე გავხდე?
ეს გინდათ?
არ გამოვა!
მე არტისტი ვარ და ყველანი ჩემი მაყურებლები არიან. მაყურებელი კი ჩემს შვილზე მაღლა დგას. უპატივცემულესი ხალხია.
მისი უდიდებულესობა მაყურებელი! იგი მოდის, რომ მნახოს. მე ამ მაყურებლის მომხრე უნდა ვიყო და იმ მაყურებლის _ არა?
_ როგორც ექიმისთვის ყველა ავადმყოფი პაციენტია და სხვა არაფერი.
_ აბსოლუტურად! როგორც კი ვიწყებ მაყურებლის გრადაციას, შინაგანად ვირღვევი. ერთხელ დაწერეს ჩემზე _ კახი ყველა სპექტაკლს თამაშობს ბოლომდეო.
სხვანაირად არ შემიძლია.
ამას თუ დამიშლი, მე შენი ვერ ვიქნები.
_ თქვენი ამ მონოლოგიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: არა დაპირისპირება, არამედ სიყვარული და მხოლოდ სიყვარული შეიძლება იყოს ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. ისეთი ამაღლებული, როგორიც დონ კიხოტის სიყვარულია დულსინეასადმი?
_ დულსინეა ტობოსელი მან შეთხზა, შექმნა თავისი ოცნების ქალი, შემდეგ, როცა ყველაფერი გაირკვევა, გაქრება ოცნება და ვერ გაუძლებს ლამანჩელი, გული გაუსკდება. მის ოცნებას ხორცი არ შეესხა და მოკვდა კაცი.
მაინც უნდა იოცნებო!
_ ამავე კატეგორიისაა ბრძოლა ქარის წისქვილებთან?
_ ჰეეე! ბოლოს და ბოლოს ესეც წარმოსახვითი მტერი აღმოჩნდა და ესეც კლავს კაცსა: ეგონა მტერს ებრძოდა, ბოროტებას და თურმე ქარის წისქვილი ყოფილა!
_ დონ კიხოტის როლში შესვლას, მის გათავისებას, ალბათ, დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ფილმის დამთავრების შემდეგ მალე გამოხვედით როლიდან?
_ ყოველთვის მეცინება იმ მსახიობებზე, რომლებიც ფილოსოფიური სერიოზულობითა და შესაფერი ინტონაციით აცხადებენ: “მე შევედი როლში და ძალიან მიჭირს გამოსვლა”… ჰამლეტს ითამაშებს და მომდევნო სამ დღეს თავჩაქინდრული დაიარება.
არა, ბატონო!
ერთადერთი, რაც დონ კიხოტის როლში შესასვლელად გამიჭირდა, ის იყო, რომ ძალიან უნდა გავმხდარიყავი.
ბატონმა რეზო ჩხეიძემ სინჯებზე რომ გამომიძახა, კიდევ ერთხელ გადავიკითხე სერვანტესის წიგნი. ზოგი ამბობს, “დონ კიხოტი” ბავშვობაში მაქვს წაკითხულიო. ბავშვობაში, კაცო?! ეს უდიდესი წიგნი დიდი ჭკუის კაცმა უნდა წაიკითხოს, ბოლომდე რომ ჩაწვდეს მის სიღრმეებს.
დავინტერესდი, ისეთი დიდი ადამიანები, შემოქმედები, როგორებიც იყვნენ ჩარლი ჩაპლინი, თომას მანი, ფოლკნერი, აინშტაინი, ეიზენშტეინი და ა.შ., რას ამბობდნენ დონ კიხოტზე. ვერსად ვერაფერს მივაკვლიე, საერთო აღფრთოვანების გამომხატველი პოზიციის გარდა _ ეს ჩემი უსაყვარლესი წიგნია; ეს ჩემი სამაგიდო წიგნია; მის გარეშე არსად დავდივარ, ეს არის ჩემი მეგზური… მეტი არაფერი.
სრულიად შემთხვევით წავაწყდი გენიალური რუსი არტისტის, რომელმაც ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, მიხაილ ჩეხოვის პატარა წიგნს, რომელშიც მსოფლიო ლიტერატურისა და მსოფლიო დრამატურგიის გმირებს ახასიათებს. წაიკითხავ და მიხვდები, როგორ უნდა ითამაშო, როცა ამა თუ იმ გმირის განსახიერებას გადაწყვეტ. საით უნდა წარმართო შენი შინაგანი ფსიქოძალები, ასე ვთქვათ.
იგი წერს:
Движущася звезда Мефистофеля, находится в зрачках. თვალებშია ამ პერსონაჟის მოქმედების მარცვალი, ის, რაც მას ამოძრავებს. ერთხელ რუსებმა გადაწყვიტეს მეფისტოფელის გადაღება. მაშინ ჩეხოვი წაკითხული არ მქონდა. ვიფიქრე, იგი მწყემსად განმესახიერებინა. დიდი მათრახი მოვითხოვე, რომლითაც ეს ჯოჯოხეთის ნაშობი მწყემსავდა ხალხის ბრბოს, ფარას. მოიქნევს და ჭაახ, ურტყამს.
ჩეხოვმა სხვანაირად წარმოიდგინა; მისი აზრით, თვალთა გუგებით უთვალთვალებს კაცობრიობას მეფისტოფელი.
У Гамлета _ в сердце, _ განაგრძობს ჩეხოვი, ანუ იგი სამყაროს გულით აღიქვამს. გული უსკდება მისი მამის, მისი ბიძის, დედამისის ტრაგედიის მომსწრეს.
Движушаяся звезда Лира находится в уме. ასეთი ფრაზაც აქვს მეფე ლირს: “მე ტვინში დამჭრეს”… გადარია ყველაფერმა. მაგრამ თვითონ როგორც იქცევა? ვინც სიმართლე უთხრა, ის შეიძულა. ტვინშია მისი პრობლემა…
შემდეგ: Движушаяся звезда  Санчо, находится в ягодице. დუნდულებშიაო სანჩოს ვარსკვლავი.
Движушаяся звезда  Дон Кихота находится чуть выше головы.
ეს რომ წავიკითხე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: არც მიწაზე დგას, არც ცაშია ასული.
_ დავდგეთ მიწაზე, ბატონო კახი. და გკითხავთ: რას ეტყოდით რეჟისორ რობერტ სტურუას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სომხობაზე ორი სიტყვა თქვა?
_ ჯერ ის ვთქვათ, რომ რობიკოს მოსვლამ თეატრში ყველაფერი შეცვალა. უდიდესი გავლენა მოახდინა სცენოგრაფიაზეც, დრამატურგიაზეც, მუსიკაზეც, არტისტებზე ხომ მოახდინა და მოახდინა. თეატრის დიდი რეფორმატორია რობერტ სტურუა…
რაო, რა თქვა რობიკომ?
_ სომეხია და რა ვქნაო.
_ არა, რობიკო ამას არ იტყოდა. და თუ თქვა, _ სხვა ინტონაციით თქვა. მე არტისტი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ინტონაცია.
_ ბატონო კახი, ყველა მსახიობი თავის შექსპირზე ოცნებობს, როგორც წესი, ჰამლეტის, მეფე ლირის და ა.შ. როლების შერულებაზე. თქვენი ოცნების შექსპირი როგორია?
_ მე მეოცნებე კი ვარ, მაგრამ ასე “დურაკულად” მეოცნებე მაინც არა ვარ. აი, კაცი ოტელოს თამაშობს, ჰამლეტს თამაშობს, რიჩარდს თამაშობს, აზდაკსაც თამაშობს, არადა _ მაინც და მაინც ბიბლიური აარონი უნდა რომ ითამაშოს. ხდება ხოლმე, რაღაც ოცნებას აიკვიატებენ და შემდეგ ამ ოცნებას მიაკვდებიან. მე ვცდილობ, როლზე არ ვიოცნებო. რატომ? ახლავე გეტყვით. შენ გხედავს რეჟისორი. მან თურმე შენზე უკეთ იცის, რა შეგიძლია. უბედური პროფესია გვაქვს… ერთადერთი, რაზეც მიოცნებია, ჩემთვის მიოცნებია, გოგოლის “შეშლილის წერილები” იყო. ერთხელ ვნახე, ვასაძე რომ თამაშობდა, და გავგიჟდი.
როგორ იწყება?
“Сегодня день  _ есть день величайщего торжества! В испании есть король. Он отыскался. Этот король я”.
ბედნიერი დღეაო, მეფე ვარო, და ამას მოჰყვება შეშლილის წერილები.
_ ცხოვრებაშიც ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ესპანეთის მეფეები არიან? მეფეები თუ არა, მთავარი ვეზირები მაინც.
_ რა უნდა უთხრას ამ დროს ფსიქიატრმა გიჟს? კი, გენაცვალე, მეფე ხარ. ჩემი მეგობრის სიდედრი ლილი ნაკაშიძე იყო გენიალური ქალბატონი და არაჩვეულებრივი ფსიქიატრი, სულ გენაცვალეთი ელაპარაკებოდა სულით ავადმყოფებს, ეთანხმებოდა ყველაფერში… იყოს რა, გაკლდება ამით რამე?
_ რომელი იყო თქვენი ის როლი, რომლის შესრულების შემდეგ მიხვდით, რომ თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ?
_ ასეთი როლი არ ყოფილა. მაგრამ იყო ერთი როლი, რომლის შესრულების შემდეგ მივხვდი, რომ თურმე არტისტობა შემიძლია.
ერთი ხანობა თეატრიდან წასვლა და ექიმობა დავაპირე. ვმუშაობდი კიდეც სანიტრად. ალექსანდრე გზირიშვილი იყო არაჩვეულებრივი ქირურგი, აკადემიკოსი. მან ნება დამრთო, მეყურებინა ოპერაციისთვის.
ოპერაციის შემდეგ ექიმები მიდიოდნენ და რჩებოდნენ ავადმყოფები ორი საწყალი, მოხუცი ქალის ანაბარა. დავიწყე ამათთან მუშაობა. ფულსაც კი მაძლევდნენ _ 400 მანეთამდე.
ერთხელ სპექტაკლზე დავპატიჟე ბატონი ალექსანდრე. წარმოდგენის შემდეგ პატარა ბარათი მომწერა: “შვილო კახი, მოდი ყველამ თავის საქმეს მიხედოს”. ის დღე იყო და ის დღე _ ექიმობაზე აღარ მიფიქრია.
_ რა როლი იყო, რომელმაც თეატრში დაგაბრუნათ?
_ ძალიან კარგად მახსოვს: კაკულის ვთამაშობდი  სპექტაკლში “პეპო”. ხოლო ის როლი, რომელმაც დამარწმუნა, რომ არტისტობა შემიძლია, სუმბათაშვილის “ღალატში” სოლეიმან ხანის როლი იყო. რობიკომ დადგა და შემომთავაზა, რომ ჩემს პერსონაჟს უნდა ელაპარაკა წვრილ ხმაზე და ნელა ემოძრავა. ეს ძალიან ძნელად გადასაწყვეტი ამოცანა იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გამომივიდა. სოლეიმან ხანი, მოვლინებული გველი, დადიოდა და დასრიალებდა საქართველოში, რათა მოეხრჩო ქვეყანა.
დაქირავებული კაცი, რომელიც დავალებას ასრულებს, ჯანმრთელი არ არის. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა რეჟისორს. თრიაქით გაბრუებული ისე მოკლავდა ადამიანს, ვითომც არაფერი. ეს ავადმყოფი და გარყვნილი კაცი ერთ ქალს კოცნის, მეორეს კოცნის და ხეზე, რომელიც სცენის ცენტრში დგას და საქართველოს ყლორტს განასახიერებს, ორგაზმით იკლავს ბილწ აგზნებას თავისას.
ხეზე!
დაქირავებული შემსრულებელი გახრწნილია სულიერად და ფიზიკურად…
ამ სპექტაკლისა და ამ როლის შემდეგ ვიფიქრე, რომ თურმე არტისტობა შემძლებია.
ერთი უცნაური თვისება მჭირს, როცა კინოში როლს შევასრულებ, გავახმოვანებ და მეტყვიან, მორჩა ყველაფერიო, აღარ მაინტერესებს იმის ბედი. აღარ ვნახულობ. რომ გითხრათ, “ღვინის ქურდები” არ მინახია, დაიჯერებთ?
_ არა, რადგან მე ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ, აღარც კი ვიცი, მერამდენედ.
_ ძალიან მიჭირს ჩემი თავის ყურება. ერთადერთხელ იყო, როცა გოლდონის “სასტუმროს დიასახლისში” თვალი მოვკარი მომენტს, როცა რაღაცას ვჭამდი (ჭამის განსახიერება ეკრანზე ძალიან ძნელია. სცადეთ და დამეთანხმებით),  ბოლომდე ვუცქირე, ვთქვი, ვა, რა სწორად ვჭამ! ავდექი და წავედი.
ერთხელაც რომელიღაც ფილმში დავინახე, რომ დავრბივარ. ვააა, რა ჯანმრთელად დავრბივარ! დანარჩენით არ დავინტერესებულვარ.
ახლა ჯანმრთელობის მხრივ რაღაც პრობლემები მაქვს და ჩემი თავი დავიჭირე, რომ მინდა რაღაცები მოვასწრო.
ამასწინათ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ ქართველები, ჩვენი სპექტაკლის _ “მოხუცი ჯამბაზების” ნახვა მოისურვეს. თქვესო, რომ კახი ავად არის, გვინდა, მოვასწროთ, თურმე ძალიან სერიოზულად არის საქმეო. საქმე მართლაც სერიოზულადაა… მოვიდნენ, მიყურეს და, სპექტაკლი რომ დამთავრდა, ერთს უთქვამს: _ ეგ თუ ავად არის, მე მკვდარი ვყოფილვარო.
_ ისევეა, როგორც “შენ თუ ამას დალევ… შენ თუ ამას დალევ”…
_ (გულიანად იცინის). სოფიკო ამბობდა კოტეზე, გრძნობდა, კარგად რომ ვერ იყო და რაღაცა უნდოდა მოესწროო…
მეც ჩემი თავი დავიჭირე ამ სურვილზე _ რაღაცა უნდა მოვასწრო.
_ ეს იქნება საზოგადოებრივი საქმე?
_ არა! თუ საზოგადოებრივ მუშაობაში გადავყავი თავი, მე დავივიწყებ ჩემს საქმეს. მგონია, რომ ჩემი პროფესია ბოლომდე არ ვიცი. ყოველთვის ისეთ შინაგან რაღაცას აღმოაჩენ, რომ, ვაი, დედა, როგორ ვბედავდი ამ როლის თამაშს…
_ ახლა რაზე მუშაობთ?
_ ფოლკლორული ცენტრი არის ასეთი, რომელსაც გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობს. მთხოვეს, კავსაძეების საღამო გავაკეთოთო, მამაჩემის _ დათაშკა კავსაძის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მამამ ქართველი ტყვეების მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა და 1943 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა კონცერტი.
_ იქ?!
_ იქ, აბა?! ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში რომ ბრუნდებოდა, სოჭში დააპატიმრეს. 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა თუ მოკლეს, არ ვიცით.
ჰოდა, გამართეს მამაჩემისადმი მიძღვნილი საღამო ფოლკლორულ ცენტრში მომუშავე კარგმა ადამიანებმა. ამ საღამოს დაესწრო ჩემი ქალიშვილის მეგობარი რეჟისორი ნანა ჯანელიძე და გაგიჟდა, ისე მოეწონა. ნანასთან ერთად რამდენიმე ფილმზე გვიმუშავია.
_ მე უნდა კინო გადავიღოო, _ გადაწყვიტა. ახლა ეს ფილმი უკვე დამთავრებულია (30 მაისს გაიმართა პრემიერა კინოთეატრ “ამირანში”. _ ა.ს.). “ნეტავი, იქ თეატრი არის?” _ ასე ჰქვია ამ ფილმს.
* * *
ნეტავი! სანეტარო დროის დადგომისთვის ზოგი ხმალამოღებული იბრძვის, ზოგი _ პოლიტიკური, “მშვიდობიანი” ხერხებითა და მეთოდებით.
კახი კავსაძის სანეტარო დრო ერთიანი, გაუხლეჩავი, დაუპირისპირებელი საზოგადოებაა ერთიან და მთლიან საქართველოში.
მას თავისი გზა აქვს არჩეული, სხვას _ სხვა.
ასე იქნება თუ ისე, უნდა დადგეს ეს დრო, რადგან ასეთია კაცობრიობის განვითარების ლოგიკა.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here