Home რუბრიკები სამართალი ციხეში მიცვალებულებსაც ძარცვავენ

ციხეში მიცვალებულებსაც ძარცვავენ

703

არახალია, რომ ციხეში პატიმრებს აწამებენ, რომ მათზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა ხორციელდება, რომ მკურნალობა ხელმისაწვდომი ვერა და ვერ გახდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევები ფატალური შედეგით სრულდება. ამაზე უამრავი უფლებადამცველი საუბრობს, თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, ციხეში თურმე მიცვალებულებს ძარცვავენ კიდეც. დიახ, ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გარდაცვლილ პატიმარს 108 ლარი “წაართვეს”.
42 წლის ირაკლი ყორანაშვილი წლეულს, 2 იანვარს, თბილისის #1 საპატიმროში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ყორანაშვილს (27 დეკემბერს) დედამ პლასტიკურ ბარათზე 110 ლარი ჩაურიცხა. 3 იანვარს, როცა ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნივთები და მათ შორის პლასტიკური ბარათი გადასცეს, გაირკვა, რომ ყორანაშვილის ბარათიდან მისი გარდაცვალების შემდეგ გახარჯულა ჯერ 41, შემდეგ კი 67 ლარი.

ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა.
_ ყორანაშვილს ჩარიცხული ჰქონდა თანხა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე და აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილის შემდგომ ეს თანხა გაიხარჯა. ხომ შეუძლებელია, რომ გარდაცვლილ ადამიანს ტელეფონით ესაუბრა? როგორც ჩანს, პატიმარი უპატრონო ეგონათ და ადმინისტრაციის მეშვეობით მოხდა, ალბათ, ამ თანხის გახარჯვა. სხვა, აბა, რა შეიძლება იყოს.
_ როგორც ვიცით, იგი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
_ დიახ, მაგრამ დაკავებისას ის სრულიად ჯანმრთელი იყო. წლების მანძილზე იგი ითხოვდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მაგრამ  სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ უზრუნველყო ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. ფაქტობრივად, სახელმწიფომ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ დამდგარიყო ლეტალური შედეგი, არასათანადო სამედიცინო მკურნალობის გამო.
_ თქვენ ხშირად აკეთებთ განცხადებებს პატიმართა წამების შესახებ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
_ აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პირიქით, უარესდება მდგომარეობა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები  უფრო აგრესიული და დაუნდობელი გახდნენ. განსაკუთრებით საშინელი მდგომარეობაა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ხორციელდება  პატიმრებზე ზეწოლა.
შემიძლია დავასახელო კონკრეტული გვარები: ზურაბ ბოსტოღანაშვილი, რომელიც ამჟამად დაავადებულია ინფექციური პათოლოგიის დაავადებებით და უნდა იმყოფებოდეს ინფექციურ განყოფილებაში, ჰყავთ თერაპიულ განყოფილებაში. ჯერ კიდევ 2009 წელს, სახალხო დამცველმა დასაბუთებულად განაცხადა, რომ ეს ადგილი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საავადმყოფოდ, მიუხედავად ამისა, იქ მდგომარეობა არ შეცვლილა. იქ გადატვირთულობის პრობლემაცაა. პატიმრებთან შესვლას და მათთვის მედიკამენტების მიწოდებას ექიმებსაც კი უკრძალავენ. ზურაბ ბოსტოღანაშვილს ყოველდღიურად უსწორდებიან ფიზიკურად ადმინისტრაციის წარმომადგენლები _ რეჟიმის განყოფილების უფროსი, გიორგი თოლორდავა, აგრეთვე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი _ გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვ.
თუ  ზურაბ ბოსტოღანაშვილი ან სხვა რომელიმე პატიმარი პროტესტს გამოთქვამს, მას ადმინისტრაცია ადმინისტრაციული წესით უფარდებს დამატებით პატიმრობას, რომელიც  საერთო სასჯელში არ შედის.
მძიმე სიტუაცია აქვს დენის ყვარელაშვილსაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის მძიმე ავადმყოფი (კონკრეტულად კი ის არის მესამე ხარისხის ჰიპერტენზიით დაავადებული, აგრეთვე _ C, D და B ჰეპატიტით და ა.შ.) გაწერილ იქნა სამკურნალო დაწესებულებიდან არასამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ მისი ოჯახი უზრუნველყოფს მას მედიკამენტებით. ოჯახი კი სოციალურად დაუცველია. სამკურნალო დაწესებულებაში არ გააჩნიათ ელემენტარული მედიკამენტებიც კი, ისეთი როგორიცაა ციტრამონი.
არის უამრავი ავადმყოფი, რომელსაც სასჯელის გადავადება ეკუთვნის, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესში რომ არ შედის ამ პიროვნებების გათავისუფლება, ანუ მათ ხელისუფლებაში “პროტეჟეები” არ ჰყავთ, არ ათავისუფლებენ და ამის გამო დგება ლეტალური შედეგები. ასეთი შედეგი მალე, ალბათ, დადგება ნიკოლოზ მჭედლიშვილზე, რომელიც ციხეში ჯერ განზრახ დააავადეს შიდსით, შემდგომ კი _ ტუბერკულოზით. ის, უკვე მეოთხე წელია, სარეცელს არის მიჯაჭვული და უმძიმესი ავადმყოფია, რაც დადგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არ ხდება სასჯელის გადავადება. ევროპულმა სასამართლომ დაამთავრა ამ საქმის განხილვა და ველოდებით გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლებას პასუხისგება მოუწევს არამარტო ამ საქმეზე, არამედ ყვარელაშვილისა და სხვათა საქმეებზეც.
_ შიდსით განზრახ დაავადებაში რას გულისხმობთ?
_ სახელმწიფო ვალდებულია, პიროვნებას დაპატიმრების შემდეგ  სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტაროს და, თუ ის დაავადებულია რაიმეთი, დაუყონებლივ უნდა ჩაუტაროს მკურნალობა. ფაქტია, რომ როდესაც ის პიროვნება შეყვანილ იქნა დაწესებულებაში, მას შიდსი არ ჰქონდა, რაც სამი წლის მანძილზე მუდმივი სამედიცინო გამოკვლევებითაც ჩანს. შემდგომ კი აღმოჩნდა დაავადებული. ეს, ალბათ, არასტერილური ინექციის საშუალებით მოხდა. ახლა კი ამას  ტუბერკულოზიც დაემატა. ეს დაავადება სხვებსაც აღმოაჩნდათ, მაგალითად, მამუკა კოჭლამაზაშვილს. ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომ ეს პიროვნებები დაპატიმრებამდე ამ დაავადებით არ იყვნენ ავად და შიდსით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააავადეს.
 
ესაუბრა სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here