Home რუბრიკები საზოგადოება არქიმანდრიტი შიო ხარძეიშვილი: არც კი მინდა, წარმოვიდგინო ის სასტიკი სასჯელი, რაც აღსარების...

არქიმანდრიტი შიო ხარძეიშვილი: არც კი მინდა, წარმოვიდგინო ის სასტიკი სასჯელი, რაც აღსარების გამცემ მოძღვარს მოელის!

1992


არქიმანდრიტი შიო ხარძეიშვილი… ნიკოლოზობას და შიო მღვიმელის ხსენების დღეს ყინწვისში მყოფს განსაკუთრებულად გვტკივა ეს გამორჩეული მოძღვარი.
მასთან ეს საუბარი 2006 წლის ივლისში ჩავწერე, 2006 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. მაშინ იგი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო, სადაც განისვენებს.
გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ მომიახლოვდა ერთი გოგონა, მამა შიოს სულიერი შვილი, თვალებში უდიდესი სიყვარული ჩაბუდებოდა, მოკრძალება, სითბო. ისიც ჩემსავით გარინდებული შეჰყურებდა ყინწვისის ანგელოზს. შემდეგ ხმადაბლა, მოწიწებით წარმოთქვა: “მამა შიო თითქოს გამჭვირვალეა, ჩავიხედავ და მის მიღმა მთელს სამყაროს ვხედავ, მაგრამ არა ისეთს, როგორიც ჩვენ ირგვლივაა, არამედ სინათლით, სიწმინდით, სითბოთი, მადლით, სიყვარულით სავსეს… ეს სამყარო საკუთარი სულივით ტკბილია და უზომოდ მიყვარსო…”.
გავიხედე და ტაძრის შესასვლელიდან მამა შიოს მოვკარი თვალი. მას ყინწვისის ანგელოზისფერი, ლაჟვარდისფერი, უძირო თვალები ზევით, უსასრულობისკენ მიეპყრო, იმ თვალუწვდენელი უსასრულობისკენ, სადაც მარადიული ჭეშმარიტება და სიყვარულია.
_ მამა შიო, თქვენ ხომ უამრავი ადამიანის ტკივილსა თუ სიხარულს დაატარებთ გულით.. ალბათ, ძალიან ძნელია მოძღვისთვის ამხელა ტვირთის ზიდვა…
_ როცა ადამიანთა ტკივილს, ცოდვებს მოისმენ, დგება მომენტი, როცა გიჭირს ამ ყველაფრის გადახარშვა, ჩვენ ხომ, პირველ ყოვლისა, ადამიანები ვართ! ამიტომ არის მოძღვრის ტვირთი მძიმეც და მწარეც, უფრო სწორად, ტკბილ-მწარე. ადვილი ნამდვილად არ არის, ადამიანმა მეორე ადამიანის ტკივილი იტვირთო, მაგრამ უფალი ბრძანებს: “ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”. მოძღვარი ხომ ანგელოზი არ არის, მასაც თავისი სულიერი ბრძოლები აქვს. უნდა იტვირთო უამრავი ადამიანი _ ყველა მათგანი ხომ სულიერად ჯანმრთელი არ არის? და ამ ადამიანებთან ერთად უნდა იარო წინ ისე, რომ არ შეგეშალოს, არ ატკინო, არ აწყენინო, რადგან თითოეული მათგანი უფალმა შენ ჩაგაბარა, თითოეულ მათგანზე პასუხს აგებ უფლის წინაშე! მაცხოვარი პეტრე მოციქულს ეუბნება _ მე თუ გიყვარვარ, “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო”. Dდიახ, შენი კი არა, “ჩემი ცხოვარნიო”. მოძღვრები ხანდახან ვცდებით და ვამბობთ: ჩემი მრევლი, ჩემი სამწყსო, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ, უბრალოდ, ხიდი ვართ უფალსა და ადამიანებს შორის. მათ ჩვენზე უნდა გაიარონ, რომ უფალთან მივიდნენ. უფალმა თავისი სამწყსო ჩვენ ჩაგვაბარა და ისინი უვნებელნი, სწორად გაზრდილნი უნდა მივიყვანოთ მასთან და, ერთ მათგანს მაინც თუ დავკარგავთ, ათმაგად ვაგებთ პასუხს უფლის წინაშე. შენ, მოძღვარი, ადამიანთა სულების მწყემსი ხარ, თითოეული ადამიანის სული კი ძალიან ძვირფასია. მთელი ხილული სამყარო რომ აიღო, მას ერთი ადამიანის სული გადასწონის, რადგან ყველაფერი ხილული მოკვდავია, წარმავალია, ხრწნადია, სული კი _ უკვდავი, მარადიული. ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მრევლის სულზე ისე, როგორც საკუთარზე… თუმცა ისეც ყოფილა, რომ ჩემი მრევლი სხვასთან წასულა, რაღაც არ მოსწონებია ჩემში… მაგრამ მთავარია, ადამიანი ცხონდეს და ვისთან იქნება _ ჩემთან თუ სხვასთან, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არ არსებობს ჩემი და სხვისი მრევლი, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ქრისტესი ვართ. ადამიანს ერთი მოძღვარი, ერთი სულიერი მამა უნდა ჰყავდეს, ვისი კურთხევითაც იცხოვრებს, ერთი და არა მრავალი! თუმცა აღსარება შეიძლება სხვა მოძღვარსაც ჩააბარო. ხშირად უნდათ, მოძღვარი ახლოს ჰყავდეთ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უმჯობესია, მოძღვარი შორს გყავდეს და მისი კურთხევით ცხოვრობდე, ვიდრე ახლოს გყავდეს და მის კურთხევას არ ასრულებდე.
_ მამაო, თქვენი გაოცება ნამდვილად ძნელია, მაგრამ თუ არის ამ ქვეყნად რამე, რაც გაკვირვებთ?
_ იცით, ნამდვილად გამიკვირდება ისეთი ადამიანის ხილვა, ვინც ჭეშმარიტად მორწმუნეა. დღეს ისეთი დრო დადგა, ადამიანს სურს, შეაზავოს ღმერთისა და ეშმაკის სამსახური და, სამწუხაროდ, ამას ახერხებს. შეუძლია დილით წირვაზე ეკლესიაში გრძელი კაბით, მანდილით მივიდეს, საღამოს კი დისკოთეკაზე წაბრძანდეს, ნახევრად შიშველი და სიგარეტი მოწიოს. დღეს გასაკვირი მხოლოდ ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება, ღვთის უანგარო სამსახურია. ეკლესიაში ადამიანი მოდის იმიტომ, რომ ოჯახი კარგად ჰყავდეს, ჯანმრთელობა ჰქონდეს, ბარაქა არ გამოელიოს, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოს და არა იმის გამო, რომ უფალს მთელი გულით, წრფელად, უანგაროდ ემსახუროს. დღეს ადამიანებს უფლისადმი უანგარი სიყვარული აღარ შეუძლიათ…
…უფალს ნახევრად ვერ ემსახურები. უფალი წმინდა წერილში ამბობს _ ან ცხელი იყავი, მდუღარე, ან ცივიო. გულგრილი მსახურება სძაგს უფალს. ნელ-თბილი წყალი ხომ გულს გვირევს? ასევეა გულგრილი ადამიანიც უფლის წინაშე. დღეს ამბობენ, სხვა დროა, XXI საუკუნეა, რაღა დროს გრძელი კაბაა, მანდილია, რა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, ზიარება, აღსარება… ასე ცდილობენ, გაიმარტივონ ცხოვრება, ავიწყდებათ, რომ სასუფეველში ადვილად ვერ შევლენ… ხანდახან შემომჩივლებენ, ლოცვებს ვერ ვკითხულობ, დრო არ მაქვსო. განა 24 საათში თხუთმეტი წუთი არ აქვთ ლოცვისთვის? მაგრამ ურჩევნიათ, ეს დრო სერიალებს და ათას გონების დამაჩლუნგებელ, სულის წამბილწველ რამეს დაუთმონ. ეკლესია შეუძლებელს ადამიანს არაფერს სთხოვს, თუმცა იმ მცირეოდენის გაკეთებაც არ უნდა საკუთარი სულისთვის…
_ რა არის დღეს ადამიანის უგუნურება?
_ დღეს ადამიანის უგუნურება ის არის, რომ მან მიატოვა შემოქმედი _ ღმერთი და მთელი თავისი ყურადღება მიწიერზე გადაიტანა. მისთვის მთავარია ქონების შეძენა, მიწიერი კეთილდღეობა. დავით მეფსალმუნის სიტყვებს გავიხსენებ: “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მას”. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რათა იგი ემსახუროს თავის შემოქმედს, ღმერთს, მაგრამ მან შემოქმედი თვისი დაივიწყა და პირუტყვს მიემსგავსა _ მისტირის მიწიერ დიდებას, ჭამა-სმას, გართობას, კეთილდღეობას……ასეთი ადამიანი და მთლიანად საზოგადოება არის უგუნური, რადგან მან უმთავრესი დაივიწყა. სახარება გვამცნობს: “რა სარგებელი აქვს ადამიანს, თუ ყველაფერს შეიძენს, მიწიერს, ამქვეყნიურს და სულს დაკარგავს?”. ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს, რომ ადამიანი იყოს, ადამს მიემსგავსოს, პირველქმნილ ადამს, რომელიც უცოდველი იყო.
_ მამაო, თქვენ ეს სოფელი დაუტევეთ… მარადიული ჭეშმარიტების ძიებაში. როგორ ფიქრობთ, დღეს უფალთან ხართ?
_ უფალთან ადამიანი კი მიდის, მაგრამ რამდენად არის უფალი მასთან, ეს არის საკითხავი.Uუფალი სახარებაში ამბობს _ ვისზე განვისვენო?_ მშვიდზე და მდაბალზეო… არ შემიძლია იმის თქმა, რომ უფალი სულ ჩემთან არის ან მე განვისვენებ მასში. ამის თქმა ძალიან ძნელია ჩემთვის.
_ ანუ თქვენი ბერული ცხოვრება არის მცდელობა ქრისტეში ყოფნისა?
_ დიახ, ყველა ადამიანი და მითუმეტეს ბერი ამას უნდა ცდილობდეს. ერთ წმინდა მამას გარდაცვალების წინ ჰკითხეს: “თქვენც გეშინიათ, მამაო?” მან კი უპასუხა: “მე ვიღვაწე ამ ქვეყანაზე, მაგრამ არ ვიცი, ჩემი ცხოვრება სათნოა თუ არა უფლისთვისო”. ეს მხოლოდ უფლის ნებაა, გაცხონებს თუ არა. შეიძლება, ისეთი ადამიანი აცხონოს, ვისაც ეკლესიურად ერთი დღეც არ უცხოვრია. ეს უფლის განგებაა და მხოლოდ მან იცის, ვინ აცხონოს.
_ და მაინც, რა არის ბერობა?
_ ბერობა, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან მუდმივი ბრძოლა, თავის უარყოფაა. ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ადამიანს სამი რამის წინააღმდეგ უხდება ბრძოლა: წუთისოფლის, საკუთარი თავისა და ეშმაკის წინააღმდეგ. ბერისთვის ეს ბრძოლა კიდევ უფრო მკაცრი და რთულია… როგორც ამბობენ, ბერობა ჭეშმარიტი ფილოსოფიაა. ბერობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება ამ ქვეყანაზე…
_ თუ მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა?
_ …დიახ, მცდელობა… მცდელობა ანგელოზებრივი ცხოვრებისა…
_ როგორ ფიქრობთ, მამა შიო, ჩვენ ბოლო ჟამის მაცხოვრებლები ვართ?
_ ეს მხოლოდ უფალმა იცის… სახარება გვეუბნება, როცა ხეს ფოთოლი გამოაქვს ან მისი რტო დარბილდება _ ეს ნიშანია გაზაფხულის მოსვლისა. ასევე, როცა ჩვენ ვიხილავთ უღმერთობას, ფულის სიყვარულს, გარყვნილ ცხოვრებას, უსიყვარულობას, ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ ქვეყანა დასასრულს მიუახლოვდაო. თუმცა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ჩვენ ბოლო ჟამის მაცხოვრებლები ვართ, არ იქნება მართებული, რადგან ჩვენ, უბრალო მოკვდავთ ამის გამოსაცნობად ძალა არ შეგვწევს. ეს მხოლოდ უფლის ნებაა! როგორც სახარებაში წერია, ეს ქვეყანა ჰგავს იმ ყანას, სადაც ხარობს ხორბალი _ კეთილი და ღვარძლი _ ბოროტი. ამ ქვეყნის დასასრული უნდა დადგეს, რომ განირჩეს კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან. მორწმუნე ადამიანი უნდა ფიქრობდეს ახალ მიწაზე _ ახალ იერუსალიმზე, როგორც საგალობელი გვამცნობს, სადაც სიხარულია დაუსრულებელი, სადაც უფალი სუფევს თავისი სიკეთით. მხოლოდ ორი გზა არსებობს ამ ქვეყანაზე _ არის გზა ვიწრო, რომელზეც მცირედნი დადიან, და არის გზა ფართე, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი დადის… მესამე გზა არ არსებობს.
_ რა გადაგვარჩენს ქართველებს ამ გლობალიზაციის ეპოქაში? არის ხსნა?
_ უფალმა უდიდესი წყალობა მოიღო ჩვენს ერზე და უმთავრესი საუნჯე _ მართლმადიდებლობა მოგვმადლა. მართლმადიდებლობაა, მხოლოდ ის ქვაკუთხედი, რომელზე დაყრდნობითაც გადავრჩებით. უამისოდ მთელი ქვეყანა დაემსგავსება ქვიშაზე აშენებულ სახლს, რომელსაც სულ უმნიშვნელო სიოც კი დაანგრევს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ცრემლით შემოგვინახეს ეს მადლმოსილი სარწმუნოება და განა გვაქვს უფლება, მას თვალისჩინივით რომ არ გავუფრთხილდეთ? მართლმადიდებლობაა მხოლოდ საყრდენი ჩვენი ერის გადარჩენისა, სხვა ყველაფერი ამაოა, ცრუა, ყალბია, ჩვენს თავს ძალით მოხვეული უგუნურებაა! ამიტომაც ვიდგეთ მტკიცედ და მყარად მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე და გადავრჩებით!
ბერძენი ბერი იყო _ კირილე ლავრიოტისი (კირილე ლავრელი), რომელიც ათონის მთაზე, წმ.ათანასე დიდის ლავრაში მოღვაწეობდა. მან იოანეს გამოცხადება განმარტა _ ბოლო ჟამს ერები მოვლენ საქართველოში, ქართველი ერისაგან ისწავლიან მართლმადიდებლობას, რადგან საქართველო იქნება უძლიერესი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომლისგანაც ბევრი ერი განათლდებაო. აი, რამხელა მისია აქვს საქართველოს კაცობრიობის წინაშე!
… მადლიანი ქართული მიწა დედა ღვთისმშობელს თავისთვის შემოუნახავს, თავის წილხვედრად დაუდგენია და ვაი იმას, ვინც ქვეყნიერების დედის ამ სამფლობელოს თავისი ბილწი ხელებით შეეხება, მის დაგლეჯას და დანაწევრებას შეეცდება!
_ მამა შიო, დაგვლოცეთ.
_ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, სიყვარულით აგავსოთ! ყინწვისის ანგელოზის წინაშე ყოველ ცისკარსა თუ მწუხრზე აღვლენილი ლოცვის მადლი გეწეოდეთ. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ, ამ გაზეთის მკითხველებს და სრულიად საქართველოს! ამინ!
შორენა სიხარულიძე
დასასრული

1 COMMENT

  1. გმერთმა გაუნათოს ყველა ადამიანს გონება და დააყენოს სწორ გზაზე! გვფარავდეს უფალი!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here