Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა საკუთარ რეჟიმს ყელი გამოსჭრა

სააკაშვილმა საკუთარ რეჟიმს ყელი გამოსჭრა

649

26 მაისს სააკაშვილის ხელისუფლებამ “წითელ ხაზს” გადააბიჯა. მიხეილ სააკაშვილმა თავის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე დიდი, კატასტროფული შეცდომა დაუშვა, რომლის ანალო­გი საქართველოს ისტორიაში იოლად მოსაძებნი არაა. სადისტური ანგარიშსწორება მომიტინგეებთან ერთგვარ მიჯნად იქცა; ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი, თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყო. ამაზე, ცხადია, დაწვრილებით ვისაუბრებთ. თუმცა, თუ პერსპექტივას ზოგადად შევაფასებთ, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 მაისის შემდეგ რეჟიმი ერთობ დაემსგავსა თავმოჭრილ ქათამს: მან შეიძლება საკმაოდ დიდხანს ირბინოს, დიდი აურზაური გამოიწვიოს და გარშემო ყველაფერი სისხლით მოთხვაროს, თუმცა არსებითად ეს არაფერს შეცვ­ლის, რადგან სინამდვილეში ის უკვე მკვდარია.
“დამზადებულია შეერთებულ შტატებში”
საქართველოსთვის 26 მაისს დატრიალებული ტრაგედიის მთავარი შედეგია – დიდი, პრინციპული ხასიათის განხეთქილება ხელისუფლებასა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის; ზოგისთვის ეს ბზარია, ზოგისთვის – ნაპრალი, საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კი – უფსკრული, რომლის გადალახვა შეუძლებელია. ორ მხარეს შორის კომუნიკაცია შეწყვეტილია; მართლაც, რაზე უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, რომელთა ახლობლები 26 მაისს სასტიკად სცემეს, დააპატიმრეს ან საერთოდ “გააქრეს”, მათთან, ვინც ყოველივე ამის გაკეთებაში ფულადი პრემია აიღო? ან კიდევ: რა დარჩა საერთო იმ ქართველებს, ვინც 26 მაისს გამწარებული დაკარგულ ახლობლებს ეძებდა, მათთან, ვინც მიტინგის დარბევას კმაყოფილებით შეხვდა?
მეორე პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ ხსენებული უფსკრულის პირას სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანები ერთმანეთს, სავარაუდოდ, მტრებად აღიქვამენ, როგორც სასიკვდილო საფრთხეს, რომელიც უნდა განეიტრალდეს. ბევრი მათგანი, ვისაც რუსთაველის გამზირზე გაუსწორდნენ ან დარბევის საზარელი კადრები ნახა, ძალიან დიდი ალბათობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ხელისუფლება სოციალურად საშიში გახდა და მის (მისი ოჯახის წევრების) სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნის. თავის მხრივ, სააკაშვილის გვერდით მდგომმა პირებმა, სავარაუდოდ, გააცნობიერეს, რომ უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ და მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ყველა მეთოდის გამოყენება მოუწევთ. 26 მაისმა აჩვენა, რომ ეს “ყველა მეთოდი” თავის თავში ტოტალურ რეპრესიებსა და სისხლის დაღვრასაც გულისხმობს.
უცხო სახელმწიფოში ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვის მისი მოწინააღმდეგეები მრავალ წელს და მილიონობით დოლარს ხარჯავენ და ხშირად საწადელს ვერ აღწევენ, მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაფერი რამდენიმე დღეში საკუთარი ხელით გააკეთა. მის აღგზნებულ წარმოსახვას, როგორც ჩანს, უბრალოდ, მიმართულება მისცეს. ეს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასე მოხდა:
1) სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ 26 მაისის პომპეზური აღნიშვნა მისთვის ძლიერ მნიშვნელოვანია (ან ეს აზრი ჩააწვეთეს);
2) სააკაშვილმა ჩათვალა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღლუმის გამართვა მაინც და მაინც რუსთაველის გამზირზე (ან ეს აზრიც ჩააწვეთეს). დღის წესრიგში მიტინგის დაშლის საკითხი დადგა;
3) აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გააკეთა განცხადება, რომელიც სააკაშვილმა, სავარაუდოდ, აღიქვა როგორც “მწვანეს ანთება”, კერძოდ კი ეს მონაკვეთი: “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საპროტესტო მოქმედებით არ შეილახოს სხვა მოქალაქის უფლებები, არ შეეშალოთ ხელი მათ  საქმიანობაში, გადაადგილებასა და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშვნაში”;
4) სააკაშვილის პოლიციამ დაარბია მიტინგი ყოვლად არაადამიანური მეთოდების გამოყენებით, რათა, მათ შორის, ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა რადიკალური ოპოზიციის “პრობლემა”;
5) საინტერესო შუალედური მომენტი, როდესაც ვაშინგტონზე მიბმული ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ვერ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კომენტარებს ჯონ ბასის 25 მაისის განცხადების ტონალობაში აკეთებდა;
6) “საარტილერიო მომზადების” შემდეგ (“Human Right Watch”-ისა და “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მწვავე შეფასებები) ავანსცენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი გამოჩნდა შემდეგი განცხადებით: “გვჯერა, რომ თავისუფლად გამოხატვის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევე იქნება დაცული, როგორც სხვა ქვეყნებში. გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის ინციდენტები, რომელთა დროსაც რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული”;
7) თბილისში “ძალადობის წინააღმდეგ” საპროტესტო მიტინგები ჩატარდა, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ – რიგ არაბულ ქვეყნებში, მათ პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობდნენ. კრიტიკული პუბლიკაციები სწრაფად მოზღვავდა; ცხადი გახდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონი სააკაშვილს “სისხლისმსმელი გველეშაპის” იმიჯს ორიოდე წუთში მოარგებს, ამისთვის მშვენიერი სასტარტო პოზიცია შეიქმნა;
8) პროცესი, ცხადია, ფრიად დინამიურად განვითარდება (ჯერ სად ვართ). მაგრამ, ალბათ, აჯობებს, შევჩერდეთ და მომხდარს ზოგადი შეფასება მივცეთ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ისპობდა სივრცეს მანევრისთვის, ბოლოს კი იმაზე ნაკლები სამოქმედო ვარიანტი დარჩა, ვიდრე უკვე ნახსენებ თავმოჭრილ ქათამს, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება სწყურია. მანიპულატორს კი პირიქით, – პრაქტიკულად ნებისმიერი სცენარის ეფექტური გათამაშების შესაძლებლობა მიეცა. მას მოქმედება გაუადვილდა და გაცილებით იოლად შეუძლია:
ა) მიიყვანოს სააკაშვილის ხელისუფლება სომოსას რეჟიმის კონდიციამდე;
ბ) უზრუნველყოს მისი იზოლაცია და ხელისუფლებაში “რვიანის” ან მმართველი პარტიის “პროგრესული ნაწილის”, ან სულაც “რადიკალების” გაყვანა;
ვ) მოახდინოს ძალისმიერი დაპირისპირების პროვოცირება და გაღვივება;
გ) მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ სააკაშვილს ხელი მოაწერინოს ნებისმიერ სცენარზე ახალი ომის დაწყების ჩათვლით და ა.შ.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ქართული (და უცხოური) საზოგადოება ყოველივე ამას, სავარაუდოდ, აღიქვამს, როგორც 26 მაისს დაწყებული პროცესების ლოგიკურ შედეგს, რასაც ობიექტური წინაპირობები ჰქონდა.
ისე, თუ რომელიმე კურსანტი ჰარვეი-პოინტში (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოსამზადებელი ცენტრი; ჩრდილოეთ კაროლინა) მსგავსი ალგორითმების გაწყობას დაიწყებდა, ალბათ, “სამიანს” დაუწერდნენ, რადგან იგულისხმება, რომ მანიპულაციის ობიექტი ჭკვიანია, ცბიერია და კლინიკური იდიოტი არ არის. მაგრამ ასეთ პრიმიტიულ ფსიქოლოგიურ ანკესზე მიხეილ სააკაშვილის “დაჭერას”, სავარაუდოდ, ეს “სამოსანი” კურსანტიც შეძლებდა.
მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს კონსპიროლოგიურ გათვლებს, ეს ჯონ ბასს მომხდარზე პასუხისმგებლობას, ალბათ, მაინც ვერ მოუხსნის. მისმა 25 მაისის განცხადე­ბამ 26 მაისის ტრაგედიაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი თუ არა, განმსაზღვრელი როლი შეასრულა. ნებისმიერ კადრს, რომელიც მიტინგის ბრუტალურ დარბევას ასახავს, ალბათ, სავსე­ბით ლოგიკურად შეიძლება დაემატოს წარწერა “Made in Usa”.
კარგი იქნება, თუ მოღვაწეები, რომლებიც ვაშინგტონთან მჭიდრო პარტნიორობის აუცილებლობაში გვარწმუნებდნენ, ამას საკუთარი ხელით გააკეთებენ.
“მარტო სახლში – 5”
26 მაისის შემდეგ ყოველგვარი საუბარი “დემოკრატიის შუქურაზე”, სავარაუდოდ, სამუდამოდ დასრულდება; კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის – ლინკოლნ მიტჩელის თქმის არ იყოს, “რეალურად ისინი არსებობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ზუსტად ეს არის ნახევრად-ავტორიტარული რეჟიმის განმსაზღვრელი” (Netgazeti.ge). ასევე დასრულებულია დისკუსიები “პოლიციის წარმატებულ რეფორმაზე”, რადგან მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, სადაც სააკაშვილის პოლიციელები იქცეოდნენ ისე, როგორც არ შეიძლება იქცეოდეს არა მხოლოდ “რეფორმირებული პოლიციელი”, არამედ საღ გო­ნებაზე მყოფი ადამიანი ზოგადად.
სავარაუდოდ, ამ ფაქტის გაცნობიერებამ სააკაშვილს მიტინგის დარბევიდან მეორე დღეს გააკეთებინა ძალიან უცნაური განცხადება, რითაც მან პოლიცია ლამის ეკლესიას გაუტოლა: “ჩვენ ხალხში დიდი მხარდაჭერა გვაქვს. პოლიციას 87% ენდობა. ეს თითქმის იგივეა, რაც ეკლესიისადმი ნდობა” (“ინტეპრესნიუსი”). გამორიცხული არაა, რომ ამ, ერთი შეხედვით, გოროზი სიტყვების მიღმა, იმის სასო­წარკვეთილი გაცნობიერებაც იდგა, რომ პოლიციისადმი ნდობა (თუ ოდესმე მაღალი იყო) 26 მაისის შემდეგ, სავარაუდოდ, პლინტუსზე დაბლა დაეცემა (გაყალბებულ რეიტინგებს არ ვგულისხმობთ) და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამიერიდან მსჯელობა “პოლიციის წარმატებულ რეფორმაზე” ვინმემ სერიოზულად აღიქვას.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი მარჯანიშვილის თეატრში “ეკვადორის კულტურის დღეებზე” მივიდა (ეს სასარგებლოა, აწი ხშირ-ხშირად გავმართოთ “პარაგვაის დღეები”, “სალვადორის დღეები” და ა.შ., რათა უკეთ შევიგრძნოთ, თუ რა ჰონდურასში ვცხოვრობთ), ერთი ნიშანდობლივი ინციდენტი მოხდა.
არსებობს ორი ვერსია: ან ახალგაზრდებმა სააკაშვილს შოკოლადი სტყორცნეს, ან “მკვლელი” უწოდეს. თუმცა ხელისუფლების რეაქცია (ერთ-ერთი ახალგაზრდა ციხეში სამი თვით ჩააყუდეს), მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილმა ძლიერ განიცადა, გამწარდა ან მოულოდნელობისგან ძლიერ შეეშინდა, ან იფიქრა, რომ ამ ახალგაზრდების ადგილზე შეიძლებოდა ვინმე სხვა, უფრო რადიკალურად განწყობილი ყოფილიყო, ან უცებ იგრძნო, რომ 26 მაისის შემდეგ თბილისში მშვიდად ვეღარ გაივლის. თუმცა სხვა შედეგი მოსალოდნელი არც იყო მაშინ, როდესაც პოლიციელები ადამიანებს ცემით კლავენ (როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით) იმისთვის, რომ მათმა მმართველმა რამდენიმე საათში იმავე ადგილზე აღლუმი გამართოს და ჰაერში ფერადი ბუშტები გაუშვას.
ის მოქალაქეებიც კი, რომლებიც ქუჩაში რადიკალური ლოზუნგებით არ გამოდიან, სავარაუდოდ, ამა თუ იმ (ხშირად გაუცნობიერებელი) ფორმით სააკაშვილისგან გაუცხოებას, მისგან დისტანცირებას დააფიქსირებენ და გამორიცხულია, მან ეს ატმოსფერო ვერ იგრძნოს. სააკაშვილი, სავარაუდოდ, არასდროს აპატიებს ნინო ბურჯანაძეს იმას, რომ მისი პოლიტიკური მომავლის, მისი “საპრეზიდენტო იახტის” ასეთი გამანადგურებელი ტორპედირება მოახდინა; მართალია, თვითონაც “აფეთქდა” (ნაწილობრივ), მაგრამ სააკაშვილი გაცილებით სერიოზულად დააზარალა.
ისე, კარიერის მიწურულს სომოსამ, სტრესნერმა, ბატისტამ და ბევრმა სხვამ კონტაქტები გარე სამყაროსთან მკვეთრად შეზღუდეს და ერთგვარ “გაუცხოების კაფსულაში” მოექცნენ; დიქტატორების ეს სიცარიელით სავსე დღეები დანარჩენი ქვეყნისგან მოწყვეტილ სასახლეში ზოგადად ძალზე საინტერესო თემაა. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს დღეს დიდად აინტერესებდეს ექსკურსიები მიხეილ სააკაშვილის ქვეცნობიერის ლაბირინთებში, რადგან 26 მაისს “ყველაფერი მის შესახებ” ისედაც ცხადი გახდა. სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას კი, ალბათ, ყველაზე კარგად ერთი ამერიკული გამონათქვამი მიესადაგება: “You are Empty!”, რაც ერთდროულად ნიშნავს “შენ ტყვიები აღარ გაქვს!” და “შენ ცარიელი ხარ!”.
“Mene, Tekel, Upharsin…”
ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობა უკვე დასრულდა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივა მას, ალბათ, უკვე აღარ აქვს. რასაკვირველია, კიდევ იქნება თავგანწირული ბრძოლა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებული ხრიკები, პროტესტის ჩახშობა, მაგრამ ამის გარდა, სავარაუდოდ, სხვა აღარაფერი იქნება. ყოვლის­მომცველი პოლიტიკური კრიზისი, რომლის მთავარი საკითხი ხელისუფლების შეცვლაა, სავარაუდოდ, გაგრძელდება მანამ, სანამ პრობლემა რაიმე ფორმით არ გადაწყდება და ვიდრე ეს არ მოხდება, რაიმე პოზიტიური დინამიკა ქვეყნის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სავარაუდოდ, გამოირიცხება. საქართველო ამ პროცესში გაფლანგავს დროს, რესურსებს და გამორიცხული არაა, ბევრი მოქალაქის ჯანმრთელო­ბა და სიცოცხლეც შეიწიროს.
ხოლო  ჩვენ ვიდრე აღწერილ მოვლენებში ვიყავით ჩართული, 27 მაისს ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა: “რაც შეეხება ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მჯერა, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ 2008 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მათ კარგად იციან, რომ ეს შეთანხმება დაიდო მაშინ, როდესაც საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იყო და ამიტომ ახლა საქართველო სრულიად თავისუფალია რუსეთისგან (“LA GEORGIE D`AUJOURD`HUI EST TOTALEMENT LIBRE DE LA RUSSIE”). მას უნდა შეეჩერებინა ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში და მე არ დამავიწყდება, რომ ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა შეასრულა”.
ეს განცხადება, პრინციპში, სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის დიპლომატიის ცენტრალური პოსტულატის მიწასთან გასწორება, საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან საუბრის დასრულება იმაზე, რომ რუსეთი ჯარებს ძველ პოზიციებზე არ აბრუნებს. ისე, რატომ დაუდგება გვერდში სარკოზი ან ობამა ხელისუფლებას, რომლის იმიჯიც მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლით დაისვარა?! ნიკოლა სარკოზი, სავარაუდოდ, საკმაო დროის განმავლობაში ეძებდა ხელსაყრელ მომენტს, რათა “ქართული ტვირთი” მოეცილებინა და სააკაშვილმა შესაბამისი ფონი საკუთარი ხელით შეუქმნა. მეტიც, დღეს ვაშინგტონი, მოსკოვი და ევროპული დედაქალაქები ლამის ერთხმად მოითხოვენ 26 მაისს მომხდარის გამოძიებას. სააკაშვილმა ამასაც “მიაღწია”.
26 მაისს მომხდართან დაკავშირებით ბევრი შეფასება გაკეთდა (და მომავალშიც გაკეთდება) და იმასაც ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ოდესმე ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება: “2011 წლის 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის რღვევის ბოლო ეტაპი დაიწყო”.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here