“უკან არ დავიხევთ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს, რადგან ჩვენ უკან საქართველო დგას,” _ აცხადებს “სახალხო კრების” ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი და ხალხს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. ცნობილი მოჭადრაკე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ხალხი გაიმარჯვებს, რადგან მარცხის შემთხვევაში საქართველო განწირულია.
“საქართველო და მსოფლიოს” “სახალხო კრების” მიზნებსა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ნონა გაფრინდაშვილი ესაუბრა.
_ რატომ მოვიდა აქციაზე ასე ცოტა ხალხი?
_ უამრავი ადამიანი დაიჭირეს და იმიტომ. ხალხი შეშინებულია, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. სპეცრაზმი, პოლიცია, ზონდერ-ბრიგადები ოპოზიციის მხარდამჭერებს ცალ-ცალკე სახლებში უვარდებიან და აპატიმრებენ. ჩვენს აქციაზე დასასწრებად და ჩვენს მხარდასაჭერად აჭარიდან 70 მანქანა მოდიოდა, მაგრამ, როგორც შეგვატყობინეს, მათ მანქანები წაართვეს. ჩასაფრებულები არიან და აქციის მონაწილეებს იტაცებენ. ხელიდან გვაცლიან აქტივისტებს.
ახლახან ისიც შევიტყვეთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უთხრეს, საზღვარგარეთ მოეწყოთ ხელისუფლების მხარდასაჭერი აქცია. მაგრამ მოხდა პირიქით: ბარსელონაში, კატალონიაში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოგვიცხადეს. ყველას ვერ გააჩუმებენ.
გვაქვს ინფორმაცია, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად გადაიხვეწნენ და ჩვენი საელჩოები არაფერში ეხმარება, არჩევნების დროს იბარებენ და აიძულებენ, მიხეილ სააკაშვილს მისცენ ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაშვებითა და საქართველოში დაბრუნებით ემუქრებიან.
ხელისუფლებამ იმდენი ოჯახი გააუბედურა, თითოეული ოჯახიდან ერთი ადამიანიც რომ გამოვიდეს აქციაზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება და მინდა, ხალხს ვუთხრა: რაც მეტი ხალხი გამოვა და ბევრნი ვიქნებით, მით უფრო უმტკივნეულოდ დასრულდება ყველაფერი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვართ, თუ ახლა დავმარცხდით, დაღუპულია საქართველო.
_ თუ ხალხი არც შემდგომ დღეებში შემოგიერთდათ, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მიზნის მიღწევას?
_ ჩათვალეთ, რომ პირველ დღეს რამდენი ხალხიც მოვიდა, ორჯერ მეტი მოვიდოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელისუფლებას ტერორი რომ არ დაეწყო. ვინც მოვა, მათთან ერთად დავიწყებთ მოქმედებას. უკან არ დავიხევთ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს.
_ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 26 მაისს ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, რას აპირებს “სახალხო კრება”?
_ ხელისუფლებას აღლუმს არ ჩავატარებინებთ, ხელს შევუშლით. თუ გვესვრიან, ტყვიებს წინ პირველი მე დავხვდები, მზად ვარ, თავი გავწირო. მეტი რა გითხრათ…
ჩვენ იარაღი არ გვექნება, ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ისეთი მხედართმთავარი, რომელიც ომის დროს შეშინებული ძირს ფორთხავდა, ნებისმიერ ქვეყანაში თანამდებობას დატოვებდა. სააკაშვილმა კი აღლუმი უნდა ჩაატაროს?!
_ აქციის ორგანიზატორებს გათვალისწინებული თუ გაქვთ ყველა მოსალოდნელი საფრთხე და სისხლისღვრის შემთხვევაში ვინ აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე?
_ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება. მე რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით დავმდგარიყავი და მისთვის მხარი დამეჭირა, მშვენივრად მოვიწყობდი ცხოვრებას, მაგრამ არ მინდა. რადგან ისეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა, სადაც ახალგაზრდებს ტელევიზიების მეშვეობით რყვნიან. ახალი ტიპის ახალგაზრდების შექმნა სურთ, რომლებსაც არც მშობლების პატივისცემა ექნებათ, არც საკუთარი ენისა და არც ტრადიციების.
_ რა ინფორმაცია გაქვთ, შემოგიერთდებიან “ოპოზიციურ რვიანში” შემავალი პარტიები, ლეიბორისტები?
_ არ მაინტერესებს, ვინ რას იზამს. თუ მოვლენ და ხალხის გვერდით დადგებიან, მივესალმებით ამ ნაბიჯს და ხელს ჩამოვართმევთ. “რვიანი” ხალხს ატყუებს, საარჩევნო გარემოს შევცვლითო. რას შეცვლიან, ვის ატყუებენ? ხელისუფლება არჩევნებზე, რასაც უნდა, იმ შედეგს დადებს. ამიტომ პირდაპირ ვამბობ (ცალ-ცალკე პოლიტიკოსებს არ დავასახელებ), ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს, ყველას ლუსტრაცია მალე მოხდება.
ტერიტორიები ხომ დავკარგეთ, თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა, მალე საქართველოში ქართული არაფერი დარჩება.
_ თუ პროცესები გასცდა კანონის ჩარჩოებს, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს რევოლუციურ ხელისუფლებას, ხომ არ აღმოჩნდება საქართველო იზოლაციაში?
_ როგორც ახლო აღმოსავლეთში დაუჭირა მხარი ხალხს საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოშიც ასე მოხდება. უკვე წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა საკააშვილს ყველაფერში მხარს უჭერდნენ. უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად აშუქებს. უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ნეობოლშევიკურია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ხალხი ამიტომ გამოვიდა.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი