Home რუბრიკები საზოგადოება რეზო ამაშუკელი: ხალხი ისეა გამწარებული, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომით არ...

რეზო ამაშუკელი: ხალხი ისეა გამწარებული, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომით არ დაკმაყოფილდება, და ნება რომ მისცე, მაგათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში

1955

შევთანხმდით _ არავითარი პოლიტიკა. პოეზიაზე ვილაპარაკებთ, უწინარეს ყოვლისა, ხელოვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, თორემ რეზო ამაშუკელის მასმედიური სახე ერთგვარად ცალმხრივია _ მებრძოლი, უშიშარი, სიმართლის მეციხოვნე, სიტყვის ორლესური მახვილის უბადლოდ მფლობელი და ა.შ. ეს ყველაფერი შესანიშნავია, რადგან მამულიშვილურია, ერისკაცობაა.
მაგრამ არის კიდევ რეზო ამაშუკელი, პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად ჩვენთაგანია ერთ-ერთი, თუმცა გამორჩეული და ყოველმხრივ პატივდებული.
იგი პოეტია!

და პირველი შეკითხვაც, ცხადია, ამ რიგისაა.
კიდევ ერთი: სტუდენტობიდან მოყოლებული, ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად, მკითხველთან გაშინაურებას არ ვაპირებთ, და კადრს მიღმა ვტოვებთ მხარზე ხელების ტყაპუნით ინტერვიუს წარმართვას.
გემოვნებაზე სწორედ რო დაობენ
_ ბატონო რეზო, რა საიდუმლოებას ფლობთ ისეთს, რომ “ლექსის ჩუქურთმის” ჩამოსხმის ჟამს ბუნების ძალებიც რეზონირებენ თქვენს პოეტურ ჟინთან და ერთი შტრიხით, კალმის ერთი მოსმით ემოციის მეცხრე ცაზე ადიხართ მკითხველთან ერთად:
მთვარე, მე, შენ და არაგვი,
მთვრალი ვიყავით ოთხივე.
თუნდაც ეს.
საიდან მოდის?
_ ეს ისეთი შეკითხვაა, რომ კაცმა შეიძლება ადვილად გაქცეთ პასუხი, თან შეიძლება, ვერაფერი გითხრათ.
თავისთავად ყველაფერს შრომა უნდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ლექსის წერა აბსოლუტურად სპონტანურია. პირველი სტრიქონი მოდის და არც ვიცი, შემდეგ რა მოხდება. “რახილი” სიზმარში მაქვს დაწერილი. რომ გავიღვიძე, მაშინ გადავიტანე ქაღალდზე.
ადამიანი ყველა სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, ამიტომ ვერ გაიგებ, საიდან რა და როგორ მოდის.
ერთი რამეა ცხადი _ გაადამიანურების ერთი რეგისტრი არის ის, რომ ადამიანი პოეზიით სუნთქავს… რასაც, სამწუხაროდ, კაცობრიობა თანდათან კარგავს, და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკარგოს.
იაპონელები ამბობდნენ, რომ მოვა დრო, როცა რობოტები დაიწყებენ ადამიანების მართვას. მაშინ ეს სასაცილოდ არ გვყოფნიდა. მაგრამ, როგორც ვუყურებ, შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს.
_ სულიერებაგამოცლილი ადამიანები…
_ თუ რამით შეიძლება კაცობრიობამ იამაყოს გაქრობამდე, ამასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, როგორც დასაწყისი. ეს ის სალაროა, სადაც პოეზია ყველაფრის წარმმართველია.
ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო. მხოლოდ გემოვნებაზე დაობენ, ჩემი დაკვირვებით. გემოვნება არის ის ატომი, რომლის გარშემოც ბრუნავს ყველაფერი _ სულიერება, მენტალიტეტი…
პოლ ვალერის მზარეულმა თქვა, მე სადილებს ვაკეთებ, ბევრი საქმე მაქვს და სხვა რამისთვის არ მცალია, თუმცა ვიციო. ფილოსოფიურად განსაჯა.
თუ ჩვენც ამ თვალით შევხედავთ რეალობას, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ არსებული სხვადასხვაობა, ნაირფერობა ისე უნდა გავაერთიანოთ, შევუთავსოთ ერთმანეთს, მოვახერხოთ გაზავება ისე, რომ ხსნა ჰქონდეს ადამიანის სულიერებას. ასეთი ჰარმონიის მიღწევის მუხტი პოეზიას აქვს, იგია კულტურის ანიც და ჰოეც. ხოლო ქართული კულტურის გარეშე მსოფლიო კულტურის წარმოდგენა შეუძლებელია. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ დღეს ყოველნაირად.
_ თქვენ ახსენეთ დასაწყისი და დასასრული. გამახსენდა სახარების ერთი პასაჟი: მაცხოვარს მოწაფეებმა ჰკითხეს: _ როგორი იქნება დასასრული? იესომ უპასუხა: _ იცით კი დასაწყისი? როდის დაიწყო რეზო ამაშუკელი როგორც პოეტი?
_ ზედმეტი თავმდამბლობის გარეშე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მეტისმეტი თავმდაბლობა უზრდელობას ჰგავს, ვაცხადებ: მე რომ პატრონი მყოლოდა, პირველად ლექსი რომ დავწერე, მაგრად უნდა ვეცემე და ამ უბედურებას გადავრჩებოდი მეც და მკითხველიც.
სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, დედაჩემისგან მახსოვს, ლექსებს ვამბობდი, დაულაგებელს, ბავშვურს.
დედა, თავისი გენიალური გარეგნობის მიუხედავად, მკაცრიც იყო. ძალიან ლამაზი იყო. ყველა დედა ყველა შვილისთვის ლამაზია, მაგრამ… პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების მესვეურების დედებზე ლამაზი იყო… მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკას არ შევეხებოდით.
დედას სახეები ახსოვდა.
მე სხვა პროფესია არც მქონია, არც მდომებია. თუმცა 14 წლის რომ გავხდი, დირიჟორობაზე დავიწყე ოცნება, მინდოდა, რომ ჩემი “ბიგ-ბენდი” _ “დიდი ბანდა” მყოლოდა.
ზოგ-ზოგს ჰგონია, რომ პრეზიდენტობა პროფესიაა და აცხადებს, რომ პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, არქიტექტორი გამოვიდოდიო…
_ ვის წაუკითხეთ პირველი ლექსი?
_ არ მახსოვს. მაგრამ ქართულის მასწავლებლები პატივისცემით რომ მექცეოდნენ, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კი “გიჟპოეტას” მეძახდა და სამელნე მოვარტყი თავში, ეს მახსოვს. კინაღამ გამრიცხეს მაშინ სკოლიდან. გადამარჩინა დირექტორმა ტიტე სურგულაძემ.
_ “გიჟპოეტობა” რა საკადრისია, მაგრამ შემოქმედი ადამიანები საკმაოდ თავისებურები რომ არიან, ეს, კარგახანია, შემჩნეულია.
_ შემოქმედ ადამიანს, თუკი მართლა შემოქმედია და არა ხელოსანი, გარკვეული გადახრები ექნება. გადახრებში იმას არ ვგულისხმობ, ახლა რომ აქვს ზოგიერთს. მაგრამ თავისებური ფსიქიკის ადამიანია და ცოტა უფრო მეტი შემწყნარებლობაა მათ მიმართ საჭირო. არ ვამბობ, რომ მე ვინმემ შემიწყნაროს, რადგან მე თვითონ აღარ ვარ შემწყნარებელი.
დიდ ხელოვანთა ბიოგრაფიებიც გვიდასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ უგებენ მათ სხვა ადამიანები.
_ არაერთხელ გითქვამთ და ასეცაა, რომ ხართ სახეებით მოაზროვნე ადამიანი, ასეთი მსოფლაღქმა გაქვთ, მეტაფორული. ეს საიდან მოდის?
_ ქართველ კაცში, როგორც კურკა ხილში, ისეა ჩადებული ლტოლვა პოეტური აზროვნებისკენ. რამდენი ადამიანი ვიცი, ვისაც სტრიქონი არ დაუწერია და არც აქვს პოეტობის პრეტენზია, მაგრამ სწორედაც რომ პოეტური აზროვნება აქვს.
რატომ, იცით? იმიტომ, რომ კარგი მკითხველი სამჯერ ჯობია გლახა პოეტს. იმიტომ, რომ ის არის პოეზიის სალარო. იმისთვის იქმნება ყველაფერი ღირებული.
იმ ადამიანების გადასარჩენია დღეს პოეზია, ვისაც ჭეშმარიტად ესმის მხატვრული სიტყვა, პოეზია, კულტურის ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ ცდილობენ ამ ყველაფრის ჩაკვლას. მაგრამ ეს სხვა ჭრილია და მე შევეცდები, ავარიდო თავი მის განვრცობას.
გაივსო ნაგვით ფილმებიც და წიგნებიც, თუმცა წიგნი დღეს აღარავის უნდა.
“პარტიარქმა გადამირჩინა ბაია”
_ მეგობრის დაკარგვა ყოველთვის ცალმხრივი არ არის. ზოგჯერ ჩემი ბრალიც შეიძლება იყოს, თქვენიც. ხართ თვითკრიტიკული?
_ როგორ არა! მიზეზს, პირველ რიგში, საკუთარ თავში ვეძებ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ძალიან ხშირად ვერ ვპოულობ ამ მიზეზს საკუთარ თავში. არ ვთქვა ეს? თვალთმაქცობენ, როცა სურთ, დიდ ქრისტიანებად წარმოგვიდგინონ თავი და ყველა ცოდვას საკუთარ თავზე იღებენ. არ არის ასე.
უცოდველი, რა თქმა უნდა, არ ვარ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოქნეული ხანჯალი, რომელიც ზურგში ჩამცეს, ჩემი მიზეზით არ იყო. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
_ ქრისტიანობა ახსენეთ. რეზო ამაშუკელი და ეკლესია, ეგებ, ამ თემასაც შევეხოთ. მე მახსოვს კრიტიკული, ძალიან მძიმე მომენტი თქვენს ცხოვრებაში, როცა ეკლესიას მიენდეთ და ღმერთმა დაგიფარათ.
_ პატრიარქმა გადამირჩინა მაშინ ბაია. ყოველთვის ღრმადმორწმუნე არ ვიყავი. როგორ შეიძლებოდა, ეკლესიურად მეცხოვრა, როცა, როგორც ვთქვი, ყომარბაზობა, დროსტარება და ა.შ. არ დამკლებია. მაგრამ, როცა პირველი საღამო გამიმართეს ფილარმონიის დიდ დარბაზში კომუნისტების დროს (ახლა ვიღაცა გამომიხტება და მეტყვის, ნოსტალგია გაქვსო. დიახ, მაქვს ნოსტალგია. ბევრი რამის გამო მაქვს ნოსტალგია. თუ ვინმეს აინტერესებს, დამიჯდეს და წვრილად გავურჩევ, რატომ და რის გამო მაქვს ნოსტალგია. რაშიც არ მაქვს, იმასაც ვეტყვი), ვიღაცამ წერილი გამომიგზავნა (ეგონა, დავმალავდი და არ ვუპასუხებდი): ამასწინათ ეკლესიაში გნახეთ. რით აგვიხსნით ამას? _ მეკითხებოდა იმ ბარათის ჩასაფრებული ავტორი.
გამოვედი და სახალხოდ ავუხსენი, რატომაც ვიყავი ეკლესიაში. ყოველთვის დავდიოდი ეკლესიაში, ყოველთვის.
ერთხელ ცეკაში რომ ვმუშაობდი, სტუმრები ჩამოგვივიდნენ და წავყევი ეკლესიაში. ცეკას პროპაგანდის განყოფილების გამგე იყო დამიანე გოგოხია, ბრძენი კაცი. მეძახის ბატონი დამიანე, ეკლესიაში სანთლები ხომ დაანთე, წადი და ჩემი სახელითაც დაანთეო. შევტრიალდი წასასვლელად, მიმაბრუნა: _ არაო, ჩემი ფულით უნდა დაანთოო. მომაწოდა ფული. გამოვართვი და შევუსრულე თხოვნა. შინაგანად ქართველი კაცი ყოველთვის იყო ქრისტიანი.
დღეში სამჯერ ვანთებ შვიდ-შვიდ სანთელს, აქ პატარა ეკლესია მაქვს მოწყობილი ჩემთვის.
როცა ღმერთმა განსაცდელი გამომიგზავნა შვილის ავადმყოფობის სახით, ჩემი ხელით გადავპარსე თავი ბაიას, მე თვითონ ავიყვანე მოსკოვის ბურდენკოს სახელობის კლინიკის საოპერაციოში. ამას ჩემს მეტი ვერავინ გაუძლებდა. თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთეს. მაგრამ ხომ ხედავთ, ბაია ბარემ ხუთ კაცს სჯობია დღეს.
ვიმეორებ, პატრიარქმა გადაგვარჩინა მაშინ. უწმინდესი ჩემი სულიერი მამაა. და გარდა იმისა, რომ იგი არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრონი, გარდა იმისა, რომ ბრძენია, გარდა იმისა, რომ მისი ყოველი ეპისტოლე არის პროგრამა ქართველი ერისთვის, იგი ჩემი მეგობარიცაა.
ხშირად მანებივრებს საჩუქრებით. ერთხელ ფეხსაცმელები გამომიგზავნა. რომ მივედი, რად არ გაცვიაო, მკითხა. როგორ შემიძლია, თქვენი ნაჩუქარი ფეხსაცმელი ჩავიცვა, _ ვუპასუხე, _ პიანინოზე მიდევს-მეთქი.
თამაზ წივწივაძე და გოგი ხარაბაძე რომ შემომიჩნდნენ, ცალ-ცალი გავყიდოთ და ფულს გავაკეთებთო, ესეც ვუთხარი და ამაზეც ბევრი იცინა.
ადამიანურად ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უფლება, ხანდახან შევხვდე, დაველაპარაკო და მისი ხმა გავიგონო.
_ სიმბოლისტების აზრით, პოეზია არის ფერისა და მუსიკის სინთეზი. თქვენ უკრავთ, თქვენ ხატავთ, თქვენ ხართ პოეტი. მაშასადამე, პრაქტიკულად ადასტურებთ მათ შეხედულებას.
_ მე ვერ ვიტან სიუჟეტურ პოეზიას, როცა ამბებს ყვებიან, ზედმეტად ფილოსოფოსობენ. ზოგიერთმა ყურიდანაც გამოყო ენა და ჰგონია, რომ რაღაც ახალი შექმნა. ჩემთვის პირადად პირველადია სიტყვა, მაგრამ სიტყვაში თუ არ არის გასხივებული ფერი და არ არის მუსიკა, ის სიტყვა მკვდარია.
როგორც უნდათ, ისე გაიგონ, შეიძლება ვინმემ დამაბრალოს, რომ ცოტა ხმამაღლაა ნათქვამი ეს წინადადება: მე ვაღიარებ და პატივს ვცემ მხოლოდ არისტოკრატიზმს პოეზიაში.
“სხვისი კარგი ლექსი ჩემს ყულაბაში ჩაყრილი განძია”
_ არსებობს ხალხური პოეზია, რომლის შედევრებში ხშირად უფრო მეტი არისტოკრატიზმია, ვიდრე ძალიან ერუდირებული და გადატყლარჭული პოეტების ლექსებში. ყველა ქართველი  თავისი საქციელითა და ბუნებით არისტოკრატია, რისი წაშლაც უნდათ, რაც იკარგება. აი ამის გამოა, გაცოფებული რომ ვარ.
_ პიანინოზე დაკვრა, ხატვა ვინ გასწავლათ?
_ ერთი ნოტი არავის უსწავლებია. ხატვის სწავლა, არ ვიცი, როგორ შეიძლება.
_ ესე იგი, თუ კაცი ნიჭიერია, ყველაფერში ნიჭიერია?
_ ყოველმხრივ ნიჭიერებაზე გამახსენდა. ბობ დილანი ჩემი პირადი სტუმარი იყო. დავპატიჟე ჩემთან. იქ მობრძანდა ერთი ახალგაზრდა, რომლის გვარს არ დავასახელებ და რომელსაც მიაჩნია, რომ არის ერთდროულად მხატვარი, პოეტი, მომღერალი, დეპუტატი. მოვიდა და ბობ დილანს თავის გიტარაზე ავტოგრაფი წააწერინა: საზოგადოებაში თავის გამოსაჩენად და თავისი მრავალმხრივი ნიჭიერების დასადასტურებლად…
არ შეიძლება ბევრი დედის შვილი იყო. ერთ რამეს უნდა შეწირო შენი სული და ცხოვრება. ასე მწამს. მე რომ ვუკრავ და ვხატავ, ეს არაფერია, გართობაა მხოლოდ. მე რომ ვუტყაპუნებ პიანინოს კლავიშებს, ასე ნახევარი საქართველო უკრავს.
მაგრამ პირდაპირ ვაცხადებ: რასაც ჩემს საქმედ ვთვლი და ხელს ვკიდებ, იქ ყოველთვის პირველი ვიქნები. შედარებითია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ ამბიცია არ გაქვს, უნდა გადააგდო კალამი. პირდაპირ ვაცხადებ: _ საშუალო ექიმი ექიმია, მაგრამ საშუალო პოეტი არაფერი არ არის.
_ მაგრამ ეს ამბიცია თქვენ ხელს არ გიშლით, აღიაროთ თანამედროვე მეკალმეთა ნიჭი და პოეტობა.
_ რასაკვირველია. სხვანაირად როგორ შეიძლება! ჩემთვის ყველა კარგი ლექსი, რასაც ქართველი პოეტი დაწერს, ასეთები კი ძალიან ბევრია, ჩემს ყულაბაში ჩაყრილი განძია. ჩემი ამქარია.
ჩემს სათქმელს ვერავინ იტყვის ისევე, როგორც მე ვერ ვიტყვი მისას. ამ მრავალფეროვნებაშია აზრი პაექრობის. უნდა ეჯიბრებოდე კარგსა და ნიჭიერს, თორემ უნიჭოებთან პაექრობას რა აზრი აქვს.
გადახედეთ ჩემს წიგნებს და დარწმუნდებით, რომ ორმოცამდე მიძღვნა მაქვს. ეს მათდამი ჩემს სიყვარულსა და პატივისცემაზე მეტყველებს. ისეთებსაც მივუძღვენი ლექსები, რომლებმაც მერე ხანჯალი მომიქნიეს.
არიან ასეთებიც.
მაგრამ ხომ არ შეიძლება, სულ მე გეფერებოდე და პატივს გცემდე? შენ რატომ გიჭირს, მაღიარო?
_ შიშის ზღვარს რომ გადააბიჯეთ, თქვით. ამას ხომ არ მოსდევს მიმტევებლობა? მიმტევებელი ხართ?
_ ძალიან მიმტევებელი ვარ. შემიძლია ჩემი შეურაცხყოფა მივუტევო კაცს. დამერწმუნეთ, ეს არ არის საგანგებოდ მოფიქრებული, გაპრანჭული ფრაზა. შეურაცხყოფას გააჩნია, რა თქმა უნდა. ბევრისთვის მიპატიებია. მაგრამ, რაც შეეხება ჩემს სარწმუნოებას, ჩემს სამშობლოს, ჩემს (როგორც ქართველის) თვითმყოფადობას, ჩემს ისტორიას, კულტურას, ჩემს ქართველობას, იქ დაუნდობელი ვარ და საკუთარ შვილს არ ვაპატიებ! პატრიარქმა ბრძანა, ქართველობა გვაკლიაო. ერთ ლექსში მაქვს: “არა პურითა, ქართველობით განვიცდი შიმშილს”.
მეორე ლოყის მიმშვერი აღარა ვარ, ვაცხადებ ამას ხმამაღლა.
_ ბატონო რეზო, ალბათ, გახსოვთ, პირველად უნივერსიტეტში ლექსები რომ წაიკითხეთ, როგორი ტაშით დაგაჯილდოვათ სტუდენტურმა აუდიტორიამ.
წლების შემდეგ თქვენ გერგოთ პატივი და აღიარება რუსთაველის სახელმწიფო პრემიის მონიჭებით. რომელი უფრო ღირებულია თქვენთვის?
_ ახლა ამ უმაღლეს ეროვნულ პრემიას საგანგებოდ უკარგავენ ფასს. ეს საყოველთაოდ ცნობილია და თქვენს მკითხველებსაც კარგად მოეხსენებათ.
ხალხის სიყვარული წყაროს ის სათავეა, რომელიც პრემიით გვირგვინდება. ამად აქვს ამ პრემიას ფასი.
მე ვიცი რუსთაველის პრემიის ზოგიერთი ლაურეატი, ვის დანახვაზეც ხალხი იფურთხება. ისიც ვიცი, ვის როგორი წვალებით აქვს მიღებული რუსთაველის პრემია. ისიც ვიცი, რომ ყველაფერს კადრულობდნენ ამ პრემიის მისაღებად.
მე რუსთაველის პრემია ორჯერ მაქვს მიღებული. ერთხელ, როცა ხმების დათვლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ რეზო ამაშუკელს ერთი ხმა დააკლდაო. მაშინ ადგა დიდი ქართველი მერაბ ბერძენიშვილი, ღმერთმა სულ კარგად გვიმყოფოს, და თქვა: _ მე ჩემი ხმა არავისთვის მიმიცია და ახლა ვაძლევ რეზო ამაშუკელსო.
კომისიაში მეც ვიყავი, მეკუთვნოდა თანამდებობრივად, და გეუბნებით, ჩემი გვარი მე თვითონ წავშალე: თუ მეკუთვნის ჩემი ხმის გარეშეც მომცემენ-მეთქი. ჩემ თავთან უნდა ვყოფილიყავი მართალი!
დასხდნენ კომისიის წევრები, ითათბირეს და გამოაცხადეს, არ გამოვა, რადგან ხმები ისე გადანაწილდაო… რაღაც აბდაუბდა თქვეს. საქმე კი ის იყო, რომ ირაკლი აბაშიძეზე იძია შური მურმან ლებანიძემ, რომელიც პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის კომისიის თავმჯდომარე იყო.
მეორეჯერ, როცა მომცეს პრემია, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს ძალიან დიდი აღიარებაა.
ხოლო ის ტაში, რომლითაც უნივერსიტეტში დამაჯილდოვეს, დღემდე სულს მითბობს.
მაგრამ სიძულვილიც ძალიან ბევრია ჩემ გარშემო. ეს იმიტომ, რომ პირში მთქმელი კაცი ვარ, არ შემიძლია დავმალო ის, რასაც ზოგი კარგად ნიღბავს. მეტსაც გეტყვით, ჩემდა სამარცხვინოდ, სუფრიდან გამიგდია კაცი, რომელიც აქებდა და ადიდებდა მეორეს, და მაქებარმაც და ქების ადრესატმაც კარგად უწყოდნენ, რომ მე ვიცოდი, როგორ ეზიზღებოდათ ერთმანეთი.
ჩვენი საუბარი კარგახანს გაგრძელდა, მათ შორის, პარიზში, მოლიერის თეატრში რეზო ამაშუკელის სამ დღეს გამართულ შემოქმედებით საღამოებზე, იქ, სადაც “ნობელიანტების გარდა ცხვირი არავის შეუყვია”, და როცა მეგონა, რომ შეთანხმებისამებრ, პოლიტიკის გარეშე გავედით ბოლოში, თბილისში “სახალხო კრების” აქცია დაიწყო.
ამას გვერდს ვერ ავუვლიდით. დავურეკე და კომენტარი ვთხოვე.
_ ხალხს, _ თქვა ბატონმა რეზომ, _ უკიდურესი და რადიკალური მოთხოვნები აქვს, ვიდრე იმ პარტიებს ხალხის სახელით რომ ბრავირებენ. ხალხი ისეა გამწარებული, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომით არ დაკმაყოფილდება, და ნება რომ მისცე, მაგათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში.
ტელევიზიით მოვისმინე _ ეკრანებთან რომ სხედხართ, შემოგვიერთდით, თქვენი ადგილი აქ არისო. ვუპასუხებ: მე რომ მარტო ვიბრძოდი, მათი სახსენებელი არსად იყო. შუბლი ტყვიისთვის რომ მქონდა შეშვერილი, ესენი ლიმუზინებში ისხდნენ და მილიარდებს შოულობდნენ. ყველამ თავის ბინძურ წარსულს მიხედოს. ჩემზე რადიკალურები ეგენი ვერ იქნებიან, მე კარგად ვიცი ანატომია ამ მანქურთების.
“არ მჯერა და მაქვს უფლება, არ მჯეროდეს”
_ ხელისუფლებაზე ამბობთ?
_ ხელისუფლებაზე ვამბობ. ეკეთებინათ ქართული საქმეები და არავის გაუჩნდებოდა კითხვა _ ვინ სომეხია, ვინ _ მონღოლი, ვინ _ მექსიკელი. ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ: არც მხარგრძელები იყვნენ ქართველები.
ჩემი საქმე ისაა, რასაც ვწერ და ვამბობ. მე დროშის ქნევას ვერ დავიწყებ. არ ვარ მიტინგების ადამიანი.
მამუნათებენ, რატომ არ დგახარ ჩვენთანო. მე ყოველთვის იქ ვდგავარ, სადაც საქართველოა! ჩემთვის არ არსებობს პარტია. ჩემი პოლიტიკა ის არის, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი სულიერება და ღირებულებები, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვომობდი.
ხალხს თუ დასჭირდება, ოღონდ ისე არა, პოლიტიკოსები საპნის ბუშტივით რომ გაუშვებენ ფრაზას, რომელიც მალევე სკდება, მზად ვარ, თავი შევწირო. თუ დააკვირდებიან, მე ოჯახიანად მაქვს თავი გადადებული და უკან არ დამიხევია არაფერზე, მაშინ, როცა ესენი ოქროსა და ფულში ცურავდნენ _ გინდ ხელისუფლება, გინდ _ ოპოზიცია.
არ მჯერა და მაქვს უფლება, არ მჯეროდეს!
ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here