Home რუბრიკები სამართალი თურქეთის ბაზარზე გაყიდული ქართველები და მონობიდან დახსნილი მეგობარი

თურქეთის ბაზარზე გაყიდული ქართველები და მონობიდან დახსნილი მეგობარი

982

ქართველთა მრავალწლიანი ემიგრაცია ქვეყნისთვისაც და თავად ემიგრანტებისთვისაც მძიმე და დამქანცველ მარათონად იქცა. სხვათა მსახურებად ქცეული ქართველები ფიზიკურად გამოიფიტნენ და სულიერად გაღატაკდნენ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყნიდან გასულია, ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობს. ქართველებიც ვერ გადაურჩნენ თანამედროვე მონობას – ტრეფიკინგს. გთავაზობთ ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარების კოორდინატორის – თამარ სანიკიძის ნაამბობს.

90-იან წლებიდან საქართველოში სიტუაცია აირია. ძმათა სისხლისღვრამ დათოს სული აუმღვრია. გაუქმებული სამსახურიდან გამოძევებულს პირველად გაუჭირდა შინ დაბრუნება და მთავარ ქუჩაზე გავიდა, სადაც შენობათა ფასადებს მხოლოდ მოძმის მისამართით გასროლილი ტყვიათა კვალი გასდევდა. სახლში გვიან ღამით ქურდივით შეიპარა…
“თეთრი მელას” ტახტზე დაბრუნებამ შეძრა დაზაფრული ერი, მაგრამ იმედოვნებდა – სახელიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია, იქნებ ქვეყანას რამე უშველოსო, მაგრამ ზედიზედ იკეტებოდა საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, ორგანიზაციები, ღატაკდებოდა სოფლები. უსახსრობა დაუნდობელი ნიაღვარივით  მოდიოდა და დათოს ოჯახსაც გასრესით ემუქრებოდა. ნიჭიერი, განათლებული, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა, ოჯახის მამა მონუსხულივით მისჩერებოდა ქვეყნის განადგურების პროცესს. თეორიულად იცოდა, რომ მხოლოდ მოქმედება, მოძრაობა და ბრძოლა განუქარვებდა დარდს, მაგრამ სამოქმედო ასპარეზს ვერ ხედავდა.

არასრულფასოვნების კომპლექსი მოეძალა, რომ არაფრის მაქნისი და უნიათოა. მოგვიანებით ფსიქოლოგთან საუბრისას თქვა: “ინსპირირებულმა ძმათა ომმა ტყვია საქართველოს ესროლა, რომელმაც იდეა მოკლა, რასაც ბუნებრივად ერის სულიერი სიძაბუნე მოჰყვა”.

“ვარდების რევოლუციის” გამარჯვებამ ქვეყანაში ბოროტება გაამძაფრა. ზნეობაშერყვნილი ხელისუფლება ხალხს უფრო მეტად თრგუნავდა. ყველაფერი წყალს მიჰქონდა – ცოდნა, ურთიერთპატივისცემა, თავისუფლება, ეროვნული ღირებულებები და თვით ადამიანური ღირსებებიც. დათოსნაირი ათასობით ადამიანი საშიმშილოდ გაიწირა.

დათრგუნული დათო ძველ მეგობარს შეხვდა. ნუგზარი კარგად გამოიყურებოდა, ახალი მანქანაც შეეძინა. რესტორანში შეიპატიჟა, დასხდნენ – ბავშვობა, უბნის, ინსტიტუტის ამბები გაიხსენეს. ნუგზარი სტამბოლში მუშაობდა, კმაყოფილი იყო ანაზღაურებითა და პირობებით. დათოს თურქეთში სამუშაოდ წასვლა ურჩია, თავისი კოორდინატებიც დაუტოვა და შეზარხოშებული მეგობარი სახლამდე მიაცილა. დამშვიდობებისას ჯიბეში “რაღაც” ჩაუცურა, დათომ იუკადრისა, მაგრამ ნუგზარი ხელიდან დაუსხლტა და მანქანიდან დაემშვიდობა.

სახლში შესულმა საჩუქარს დახედა – 500 დოლარი იყო, რაც მისი ოჯახისთვის “ღვთის საჩუქარს” ჰგავდა, მაგრამ “ნაწყალობევი თანხა” დათოს თავმოყვარეობას ულახავდა და ნაჩუქარი ფულით სტამბოლში – ნუგზართან გამგზავრება გადაწყვიტა. მეგობარი, შეთანხმებისამებრ, დახვდა. მცდელობის მიუხედავად, დათომ ნუგზართან სამუშაო ადგილი ვერ იშოვა და იძულებული გახდა, სტამბოლიდან გემით ქალაქ კატიგორში წასულიყო… ნუგზარმა გააცილა და დაჰპირდა, რომ ცოტა ხანში სტამბულში გადმოიყვანდა. კატიგორში ჩასულმა ავეჯის სახლში სამუშაო მალევე იშოვა, თვეში 350 დოლარის გადახდას დაჰპირდნენ. 4 დღე ნორმალურ პირობებში იმუშავა, შემდეგ თურქმა დამსაქმებელმა პასპორტი მოსთხოვა. იმ დღიდან დათოს ცხოვრებაში პრობლემები დაიწყო. მას აეკრძალა გარეთ გასვლა და ტელეფონით სარგებლობა, მხოლოდ შენობის ტერიტორიაზე შეეძლო გადაადგილება. აიძულებდნენ, დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე ემუშავა. ამ ხნის განმავლობაში დაჯდომასა და  სიგარეტის მოწევასაც კი უკრძალავდნენ. ცუდად კვებავდნენ: დილით ჩაით, ხოლო შუადღისას კვერცხით ან წვნიანით. მოკლებული იყო ჰიგიენურ პირობებს. 10 კვ. მეტრ ოთახში 3 უცხო ეროვნების კაცთან ერთად ეძინა, ხელფასს უგვიანებდნენ, ხოლო მოთხოვნისას დამცინავად პასუხობდნენ – იქნებაო! მიხვდა, რა მახეშიც გაება, ტრეფიკერთა გულებში ჩაბუდებული ბოროტება აღიზიანებდა, განსაკუთრებით –  ზედამხედველის კონტროლი. ერთხელ, ნერვებმა უმტყუნა, ზედამხედველის ბრძანებას არ დაემორჩილა, ხელსაწყო, რომლითაც მუშაობდა, კედელს შეალეწა, მისმა ყვირილმა და გინებამ ზედამხედველი დააფრთხო. მთელი საამქრო შიშჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა.

საღამოს “ავეჯის სახლის” დაცვამ ის მფლობელთან შეიყვანა – დათოს ფიზიკურადაც და მორალურადაც სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ გონწასული საწოლზე გასისხლიანებული დააგდეს. მისი მიკარება ვერავინ გაბედა. საკუთარმა მარცხმა და უძლურების შეგრძნობამ მის ფსიქიკაზეც იმოქმედა, თვალები შეშლილივით უგიზგიზებდა, ხშირად მასთან ერთად ოთახში მყოფთ ესმოდათ მისი კვნესა და ოხვრა, მაგრამ მისი გოდება ამაოდ ეხეთქებოდა ტრეფიკერთა მიერ ჩაკეტილ ყრუ კედლებს, სიავით დაბრმავებულ მათ თვალებსა და ბოროტებით გაქვავებულ გულებს.

ნუგზარი მეგობართან კონტაქტის გაწყვეტას დარდობდა, მით უმეტეს, რომ დათოს ოჯახიც ხშირად აწუხებდა. საბედნიეროდ, დიდი მაჰმადიანური დღესასწაული დაიწყო, რამაც ნუგზარს საშუალება მისცა, მეგობრის ამბის გასაგებად კატიგორში ჩასულიყო. “ავეჯის სახლის” დაცვა 2 კაცამდე შეთხელებულიყო. ნუგზარმა მოახერხა ანგარებიან მუსლიმანთა მოსყიდვა. თავზარი დაეცა, როდესაც თავისი ბავშვობის მეგობარი ნაცემი, ჭუჭყიანი, მშიერი, ძონძებში გახვეული და პიროვნულად განადგურებული ნახა. გულში ჩაიკრა მეგობარი, რომელიც არაადამიანური ღრიალით თხოვდა, აღარ შემიძლია აქ გაჩერება, წამიყვანეო; უჩოქებდა, ყელს უწევდა, – არ მიმატოვოო!

ნუგზარს ყელში ბოღმა მოებჯინა. თვალნათლივ ხედავდა, სადამდე მიიყვანა ტკივილიანმა ცხოვრებამ მისი უბნის, სკოლისა და ინსტიტუტის ერთ-ერთი უპირველესი და უნიჭიერესი ბიჭი. ჩონჩხადქცეული ძმაკაცი ბავშვივით ხელში აიტაცა და ალაყაფისკენ გასწია. როდესაც დაცვა იარაღით წინ გადაუდგა, რაც ჯიბეში ფული ჰქონდა, ფეხქვეშ დაუყარა, ასევე, მისცა თავისი ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი, საათი, მოიხსნა ბაჯაღლოს ჯაჭვი ნათლობის ჯვრით, გამუდმებით ყელზე რომ ეკიდა. მან თურქებისაგან მეგობარი ისევე იყიდა, როგორც სტამბოლის ბაზარზე მე-16 საუკუნეში საბამ – ორი ქართველი ბავშვი.

ნაწამებ-ნაგვემ დათოს მანქანაში ჩაეძინა, ნუგზარს კი სიმწრის ცრემლი ჩამოსდიოდა. სტამბოლში დათო ექიმს აჩვენა, წამლები და ტანსაცმელი უყიდა, დაბანა, მოაწესრიგა, ექიმის დანიშნულებისამებრ ასვა-აჭამა, ადამიანს დაამსგავსა. თავისივე მანქანით სამშობლოში ჩამოიყვანა და სამართალდამცავებთან მომხდარზე დაუფარავად განაცხადა.

დათომ რეაბილიტაციის ცენტრში ორი თვე დაჰყო; თანდათან დაწყნარდა; სიმშვიდე დაუბრუნდა.

ეს ტრაგიკული ისტორია დაფიქრებად ღირს – რატომ ვიქეცით ამგვარი სიტუაციების მსხვერპლად? ვინ და რამ გამოგვიტანა ამგვარი მკაცრი განაჩენი? როდის დადგება დრო, რომ ქართველები საკუთარ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებენ?

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here