გურჯაანის პროკურორი გიორგი ქოქიაშვილი თბილისისკენ მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოდიოდა, რასაც შედეგად ავტოავარია და 50 წლის ქალბატონის დაღუპვა მოჰყვა. ავტოავარია საგარეჯოში მოხდა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანა, რომელსაც გურჯანის პროკურორი ქოქიაშვილი მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ქოქიაშვილი საკუთარი ავტომანქანით შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად კი მანქანაში მჯდომი ქალბატონი (ცისკარიშვილი) გარდაიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს საქმის დეტალების გამოძიება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქოქიაშვილს ამ დრომდე უფლებამოსილება არ შეჩერებია და “მკვლელი” პროკურორი დღემდე განაგრძობს სხვა დამნაშავეთათვის განაჩენის გამოტანას.
“საქართველო და მსოფლიო” თავად ბრალდებულს, გურჯაანის რაიონის პროკურორ გიორგი ქოქიაშვილს დაუკავშირდა. მან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა და განგვიმარტა, რომ მიმდინარეობს დანაშაულის ადგილის შესწავლა და რომ უახლოეს მომავალში სამართალდამცველთა მიერ გამოვლინდება დანაშაულის რეალური მხარე.
“ამ საქმეს გურჯაანის პროკურატურა არ იძიებს. საქმე გადაცემულია მთავარ პროკურატურაში. მე, როგორც ერთ-ერთი დამნაშავე მხარე, დამკითხეს და ჩვენება მივეცი. რა განაჩენს გამოიტანს პროკურატურა და ვის ცნობს დამნაშავე მხარედ, ეს უკვე მისი პრეროგატივაა,” – განმარტა ქოქიაშვილმა.
გურჯაანის პროკურორის ასეთი სიმშვიდე და დიპლომატიური პასუხი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მას ერთგვარი იმუნიტეტი იცავს. ქოქიაშვილი ვანო მერაბიშვილის კადრია და ეს არა მარტო ჟურნალისტებმა ვიცით, ამ ინფორმაციას პროკურატურაც ფლობს.
პროკურორ ქოქიაშვილის შემთხვევა იმ დანაშაულთაგან ერთ-ერთია, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა საქართველოს რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლეს.
სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობის ფაქტმა თითქმის შეიწირა ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობა. აღარაფერს ვამბობთ ქუთაისში პატრულის მიერ მოკლული ბიჭის შესახებ. ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ კი აღნიშნული სამართალდამცველები 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამავე დროს, ამავე ქვეყანაში, ამავე კანონმდებლობით, მობილური ტელეფონის ქურდობისთვის 17 წლის მოზარდს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან.
ეს მაგალითები სწორედ ქართული სამართლებრივი სივრცის რეალობიდან მოგვყავს. ამიტომ წინასწარვე ნათელია, როგორი იქნება პროკურორ ქოქიაშვილის საქმეზე გამოტანილი “განაჩენი”.
იურისტის შეფასებით, პროკურორის მიერ სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი. პირველი: გიორგი ქოქიაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომანქანას; მეორეც: მიუხედავად ეჭვმიტანილის სტატუსისა, ის დღემდე რჩება თანამდებობაზე, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: “თუკი საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მაშინ ის აკეთებს სისხლის სამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავარი პროკურორი იღებს. ძალიან ძნელია თქმა იმისა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რა სასჯელი ელის დამნაშავეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. მთავარი ერთია, რომ დანაშაულის ჩადენამდე პირის მიერ ხდებოდა სამართალდარღვევა, ეს განაჩენს ერთგვარად ამძიმებს”.
ჯერ არ დადგენილა ვადა, რამდენ ხანში დასრულდება გამოძიება. იმის მიუხედავად, რომ განაჩენი ყველასათვის წინასწარვე ცნობილია, საზოგადოება და გარდაცვლილი ქალბატონის ახლობლები მაინც იმედოვნებენ, რომ გამოძიების პროცესი ობიექტურად წარიმართება.
ჩინოვნიკები კი დღემდე თვითდაჯერებულნი არიან, რომ პოლიტიკური სტატუსის გამო შეუძლიათ ჩაიდინონ (თუნდაც უნებლიეთ) დანაშაული და მოახერხონ სასჯელის თავიდან აცილება, მხოლოდ იმიტომ, რომ “ზემოთ” ახლობელი ან მეგობარი ჰყავთ.
შორენა გოგოლაძე