Home რუბრიკები სამართალი პრეზიდენტო, თქვენ დედა გყავთ? აი, ჩემს შვილს კი “აუორთქლეს”…

პრეზიდენტო, თქვენ დედა გყავთ? აი, ჩემს შვილს კი “აუორთქლეს”…

1054

უთქვამთ, “სიბერემდე სიქაჩლეო”… მართლაც, რას არ მოესწრება კაცი, განსაკუთრებით, “ახალ, დემოკრატიულ” (?!) საქართველოში. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ იმას ნამდვილად არა, რომ ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯებდი თუ არა, სიბერისკენ მიმავალ გზაზე შემხვდებოდა ჭიპგადმოგდებული ახალგაზრდა ქალი და საქართველოს სახელით მეტყოდა, “თქვენ ის არ ხართ, ვინც ამდენს ხანს გეგონათო” (?!). მკითხველო, არ დაიბნე, მართალს ვამბობ. მეორე თვეა, ვარკვევ – თუ მაყვალა ბერიანიძე არ ვარ, აბა, ვინ ვარ?.. ბენიანიძე ხარო (?!). პირადობის მოწმობა მაქვს #01009008844 #ბ.0144936.
დავყურებ… ჩემი სურათია, თითქოს ბერიანიძეც წერია, მაგრამ მეუბნებიან, შენ არ ხარ (?!); დაბეჭდილი კარგად არ არის (?!), რ ცოტა გაურკვევლად (?!) არის და ჩვენს კომპიუტერში ბენიანიძე ხარო (?!).

კი, მაგრამ, მე რა შუაში ვარ, თქვენს კომპიუტერს თუ “პირველად ჩანაწერს” ცოტა აურევია-მეთქი.

იწყინეს. ჩვენ “დემოკრატიული ქვეყანა” ვართ, ამას როგორ გვკადრებთო. გავცეცხლდი…

– ეს სურათი ჩემია? – ვიკითხე… ამათვალიერეს და ჩამათვალიერეს…

– დიახ, თქვენია.

– ბერიანიძე წერია?

– თითქოს (?!). ჩვენ შეგვიძლია (?!), ბერიანიძეც დავწეროთ და ბენიანიძეც(?!), მაგრამ კომპიუტერში ბენიანიძე გვიწერია და ვერ შევასწორებთ (?!).

ღმერთო, დიდებულო! მოქალაქის პირადობის მოწმობა მაქვს, გაცემული თბილისში, ვაკის რაიონის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 1997 წლის 17 ივნისს, მოქმედების ვადა 2017 წლამდეა, მაგრამ აქ რომ მეგონა და ვარ (!) ბერიანიძე, იმ შეჩვენებულ კომპიუტერში ბენიანიძე ვყოფილვარ.

ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა “გადაყლაპა” და მერე როგორ.

ჯერ ეროვნების გრაფა გააქრეს პასპორტიდან, მერე – მამის სახელი. მერე ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმდა და რეგისტრაცია შემოიღეს. ეს მიხეილ სააკაშვილის წინადადება იყო, ეს ყველაფერი გადავყლაპეთ, ახლა კი…

საჯარო რეესტრში ყოფნისას იმდენი “უმისამართო” ვნახე, დავიბენი, განცხადებებში ვერ წერდნენ, სად ცხოვრობდნენ (?!).

ნეტა ასერიგად მომრავლებული ჩინელები თუ არიან სადმე რეგისტრირებული, თუ ისინიც ასე “უმისამართოდ დაეხეტებიან ქართულ “სამოთხეში”, – გამკრა კითხვამ…

მე გვარი წამართვეს! ამათ სამოთხეს საჩუქრად აძლევენ…

ისევ საჯარო რეესტრში ვარ, აბაშიძის ქუჩაზე, ვაწვდი დოკუმენტებს… ათასნაირს(!). ყველგან ბერიანიძეა. არ გვაინტერესებს (?!), თქვენ ბენიანიძე ხართო.

“გადამამისამართეს”… ახალგორში “აირბინეთ” (?!), მტკიცებულებები მოიტანეთ, რომ ბერიანიძე ხართო (?!).

წამოდით, ერთად წავიდეთ სულ სირბილ-სირბილით, მე ახალგორში დავიბადე, ჩემი დოკუმენტების პირი იქაურ არქივშია, მაგრამ ახალგორი მტრის მიერ ოკუპირებულია-მეთქი…

ოო… დაგვავიწყდაო” (?!).

ცენტრალურ არქივში გამაგზავნეს. ვაკის რაიონიდან დიდუბისკენ, წერეთლის გამზირისკენ ავიღე გეზი. მგონი, სამი ტრანსპორტი გამოვიცვალე.

“სწრაფი” მომსახურების თანხა რომ არ მქონდა, ორლარიან ქვითარს და 50-თეთრიან საბანკო მომსახურებას დავჯერდი და დაველოდე 6 ოქტომბერს, როცა ნანატრი დოკუმენტი უნდა მიმეღო.

ლოდინმა არ გაამართლა. ავიღე ცნობა, რომ ჩემი დაბადების წლის მონაცემების ლენინგორის მასალა არქივში არ ინახება.

ახლა ამ ცნობით მივადექი ისევ აბაშიძის ქუჩას და კილომეტრიან რიგში პატიოსნად მოვინიშნე ჩემი ადგილი.

სული მეხუთებოდა. გარეთ გამოვედი, მიდამო მივათვალიერ-მოვათვალიერე. “ეროვნული ფორუმის” დროშები ფრიალებდა რეესტრის თავზე. ხომ არ მომეჩვენა-მეთქი… არა, მართლაც ასე იყო და ვიფიქრე, იქნებ, კარგის ნიშანია, უეროვნებო, უმამისსახელო რეესტრის რეგისტრაციის “არქივში” შეკრებილ ადამიანებს რომ “თავს დასტრიალებს და დაფრიალებს” “ეროვნული ფორუმის” დროშები-მეთქი.

ნაცნობს გავუზიარე ჩემი ნაფიქრი. სიცილით მოკვდა. “ჭკვიანად იყავი, მაგ დროშების ფონზე არ გადაგიღონ სურათები, სამსახურიდან არ გაგათავისუფლონ შენ და შენი მეუღლე ან არ დაგიჭირონ “ეროვნული ფორუმის” კარგად ხსენების გამოო”.

დავამშვიდე. ჩემი მეუღლე, სპორტის დამსახურებული ოსტატი, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ 23-ე (!) დღეს გაათავისუფლეს. ბრძანებაში მიზეზი არ წერია და დღემდე უმუშევარია.

დამოუკიდებელ საქართველოში ჩემთვის სამსახური (მით უფრო – სახელმწიფო) ვერავინ გაიმეტა.

საიდან გაგვათავისუფლებენ?

თუ დამიჭერენ, იმას მაინც დავადგენ, ბერიანიძე დაიჭირეს თუ ბენიანიძე.

ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ერთმა მშვენიერმა გოგონამ, თუ არ ვცდები, სოფო ძაგანიამ და ახალგაზრდა ვაჟმა (მას ზურიკო ერქვა), სიმშვიდე დამიბრუნეს. ცდილობდნენ საქმეში ღრმად გარკვევას, ყველა დოკუმენტის გულდასმით გაანალიზებას.

ამ ორმა ახალგაზრდამ ძველი წყენა დამავიწყა. სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, გულდასმით ვადევნებდი თვალს მათ მუშაობას. არავითარი აჩქარება, ტონის აწევა. განსაკუთრებით ხანდაზმულებს “ეფერებოდნენ”, უხსნიდნენ, ეხმარებოდნენ დოკუმენტების შევსებაში, აკვალიანებდნენ.

ბრმა უნდა იყო, სიკეთე რომ არ დაინახო. სამოქალაქო რეესტრი ერთი დიდი ორგანიზმია და ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თაფლში ერთი წვეთი შხამიც საკმარისია, რომ მთელი კასრი გაფუჭდეს.

ადამიანებს ყურადღება სჭირდებათ. ამ სამსახურს კი გულთბილი, პროფესიონალი და მოწესრიგებული თანამშრომლები. ისინი ქმნიან მის ავტორიტეტს. მე ერთიც ვნახე და მეორეც, კარგიც და ცუდიც.

როგორ “აუორთქლეს” ჩემს შვილს დედა…

უარესი მელოდა წინ. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ჩემი შვილის დაბადების მოწმობა დაიკარგა სასწავლებელში. აღდგენა გადავწყვიტე. მითხრეს, დაბადების მოწმობები დაბეჭდილი არ არის და ამონაწერს მოგცემთო.

დავუტოვე დაბადების მოწმობის ასლი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურებულია (ორგზის!), რომ დედა ბერიანიძეა.

ორივე დოკუმენტი ჩავაბარე საჯარო რეესტრში. თან მივაყოლე ძველი და ახალი გადახდის ქვითრები და ისევ “ლოდინის რეჟიმში” ჩავდექი ერთი უბრალო მოკვდავი მოქალაქე.

მომცეს ახალი მოწმობა და, ჰოი, საოცრებავ, ჩემს შვილს დედა “აუორთქლეს”!

ჩემი შვილის დედა ვინმე ბენიანიძე ყოფილა. არსებობს კი ასეთი ქალი საქართველოში?

ქორწინების მოწმობაში, რომელიც 1992 წლის 9 ივლისს გაიცა, მაყვალა ბერიანიძე ვიყავი და ქმარსაც არ მოუნდომებია ამ გვარის “წართმევა” და დავრჩი ბერიანიძედ.

ამ კანონიერი ქორწინების კანონიერი შვილია ჩემი ბიჭი, მაგრამ ვიღაც იდიოტის (აბა, სხვა რა შეიძლება ითქვას), პირველადი თუ კომპიუტერული შეცდომის გამო, მოგონილი დედა გაუჩნდა.

ბუდაპეშტის ქ. #2. დილის 10 საათიდან 3 საათამდე ვარ. აგრესიულია ვინმე ნათია ბერაძე თუ ბერიძე (რა მნიშვნელობა აქვს (?!) ა თუ ი. “აი” ხომ გამოდის? მერე “იასაც” მიაყოლებს…

ვეუბნები: ქალბატონო, ჩაგაბარეთ დაბადების მოწმობის ასლი, მმაჩის განყოფილების ამონაწერი. ამ ბავშვს დედა არ ჰყავს ბენიანიძე. მე ვარ დედა და შიგ წერია ბერიანიძე. ჩაასწორეთ, გთხოვთ…

10 საათიდან 3 საათამდე ველოდე… რამდენიმე სტაჟიორი, შტატიანი თუ უშტატო თანამშრომელი “გამესაუბრა”.

3 საათზე კი ნათია ბერაძემ (იქნებ ბერიძემ) მომიგდო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) მმაჩის ბიუროს ამონაწერი, დაბადების მოწმობის ასლი (იქ დედა ბერიანიძეა!) და თან მოაყოლა დაბადების ახალი მოწმობა, სადაც ბავშვის დედა ბენიანიძეა (?!).

– რა ვქნა ახლა მე? – ვიკითხე…

– რაც გინდათ, ქენით. არც ვაშაძეა ჩემი უფროსი და არც პრეზიდენტი, ჩვენ ასე ჩავწერეთ “პირველადი აქტით” (?!).

– აბა, ეს ამონაწერი რა არის?

– არ მაინტერესებს, წადი და გაიგე, ვინ არის ბავშვის დედა (?!).

პრეზიდენტო, დედა ხომ გყავთ? ერთ დღეს რომ “აგიორთქლონ”, რას იზამთ? გესიამოვნებათ, ალასანიას ნაცვლად ალასარია რომ ჩაგიწერონ და უხეშად გითხრან, რ და ნ კარგად არ ჩანდა და კომპიუტერში ასე და ასე შევიტანეთო?

ქალბატონმა გიულიმაც კი იცის, რომ მე ბენიანიძე არ ვარ.

მშვენიერი დედა და დეიდა ჰყავს გიორგი ვაშაძეს, მართლაც კარგ ხელმძღვანელს, მაგრამ მისმა დედამ და დეიდამაც იციან, რომ მე არა ვარ ბენიანიძე.

რა ვქნა? ნათია ბერაძეს (თუ ბერიძეს) და ბუდაპეშტის ქ. #2-ის მესვეურებს არ სურთ ამის გაგება.

ბუშმა ვერ “გააბუშა” საქართველო, მიუხედავად დიდი მცდელობისა.

ბუში ქართულად “ნაბიჭვარს” ნიშნავს. რა გინდათ ახლა, თქვენ, სუყველას? მე-9 შვილი ვარ. მამა ბერიანიძე იყო, შვილებიც… 8 შვილი ბერიანიძეა და მე “ნაბუშარი” – ბენიანიძე?

სკოლაში – ბერიანიძე, შრომაში – ბერიანიძე, პასპორტში – ბერიანიძე, პირადობის მოწმობაში – ბერიანიძე, უმაღლესი სასწავლებლის 4 დიპლომში – ბერიანიძე, ყველა დოკუმენტში – ბერიანიძე, წიგნების ავტორი – ბერიანიძე, სტატიების ავტორი – ბერიანიძე, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა (ბავშვის) ბერიანიძე და… მითხარით, ვინ არის ის ერთი იდიოტი, ვინც ასოების წერა ჩემს გვარზე ისწავლა? ვინც ჩემს შვილს დედა “აუორთქლა?”

ვიღაც იტყვის, ამ “ერთ ასოზე” რა ამბავი ატეხაო… ერთი “ასოა”, რაც არის…

ბავშვობისდროინდელი ამბავი მახსენდება. არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, ნინო ხომერიკი. ქიმიას გვასწავლიდა. ერთხელ წარჩინებულ ბავშვებს თანაკლასელები მოგვამაგრა – თუ მაგათ ცოტას მაინც არ ასწავლით, თქვენი ფრიადოსნობა არაფერიაო. მე იზო შემხვდა. ოსი იყო, ძალიან ლამაზი. ბევრი ბიჭი ეტრფოდა. მას კი ქიმია არ მოსწონდა და, საერთოდ, სწავლა ეზარებოდა. დავიწყე მისი “განათლება” – ერთ გაკვეთილს მაინც ვასწავლი-მეთქი… ნატრიუმისა და წყლის მოქმედება და ა.შ.

მართლა კარგად ისწავლა. მთელი კლასის წინაშე თავი გამოიჩინა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ნინო ხომერიკი განრისხდა და წიგნი თავზე დაადო… იქნებ, აქედან მაინც ჩაგივიდეს თავში, ფიქრები სადღაც რომ გაგირბისო…

ვერაფერს მივხვდი… ყველა ფორმულა სწორი იყო, მაგრამ ბიჭების ხარხარმა ყველაფერი გადაფარა. ნატრიუმისა და წყლის “ამბებში” იზომ რატომღაც ასო “წ” ააორთქლა და მთელი დაფა სავსე იყო ნატრიუმისა და … (?!) მოქმედებით…

ერთი ასო… “აორთქლდა” და… ვითომც არაფერი, ისეთი რამ გამოვიდა.

ერთი ასოა “შეცდომით” – გული და გალი.

თხა და ფხა… ჰა და რა…

ერთი ასოა “აორთქლებული” წყლის “საქმეში”…

ერთი ასოა “აორთქლებული”, ვთქვათ, პრეზიდენტის “საქმეში”… რჩება რეზიდენტი…

ერთი ასოა “შეცდომით” ჩემს გვარში და არავინ იცის, ვინ არის ბენიანიძე, რომელმაც ჩემი ვაჟი “დაბადა” (?!).

ერთი ასო! ღმერთო, შენ მიშველე, რომ ჩემს სამშობლოში “ნაბუშრად” არ დავრჩე… და არა მხოლოდ მე.

 

მაყვალა ბერიანიძე

2009 წლის 9 ოქტომბერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here