რატომ შეაჩერა პროკურატურამ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტ მანანა ღურჭუმელიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე? სპმთპ-ს წევრი პედაგოგების – ნინო გელაშვილისა და მერი გვასალიას განცხადებაში მანანა ღურჭუმელიძის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოყვანილი ფაქტები, მართლაც, ვარაუდის დონეზე იყო გამოთქმული თუ პროფკავშირების პრეზიდენტის ბედი 7 მაისს წყნეთის დასასვენებელ სახლში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამ გადაწყვიტა?
პედაგოგთა ისედაც მცირე ხელფასებიდან საწევროს სახით გადახდილი თანხები, მართლაც და მიზნობრივად იხარჯება და არანაირ ფინანსურ დარღვევას არ აქვს ადგილი თუ ხელისუფლებასთან ალიანსზე მოარული ხმები საფუძველს მოკლებული არაა? ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა საკმაოდ ძნელია, რადგან დღესდღეობით განათლების პროფკავშირები აუღებელი ციხესიმაგრეა, რომლის შიდა სამზარეულოში ჩახედვა არათუ გარეშე თვალისთვის, წევრი პედაგოგებისთვისაც კი შეუძლებელია.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მანანა ღურჭუმელიძის საქმიანობით გამოძიება ადრეც დაინტერესდა. იმ ეტაპზე ფინანსურმა პოლიციამ პროფკავშირში არსებული დარღვევის შესწავლა ჟურნალისტ დოდო ლაზარაშვილის განცხადებისა და ფინანსური ანგარიშების აუდიტის დასკვნის საფუძველზე დაიწყო, რომელიც მასწავლებელთა პროფკავშირში შავი ბუღალტერიის არსებობას ადასტურებდა. მას წაყენებული ჰქონდა ბრალდება, რომელიც სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა განათლების პროფკავშირის პრეზიდენტი მაშინაც სუფთად გამოვიდა. მითუმეტეს, რა გასაკვირი იყო, საქართველოს პროკურატურას თვალი დაეხუჭა მანანა ღურჭუმელიძის დანაშაულებრივ საქმიანობაზე მას შემდეგ, რაც, როგორც ჩვენთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, განათლების პროფკავშირის პრეზიდენტი ხელისუფლებას ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას მხარში ამოუდგა. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიასთვის მიცემული პირობა – საქართველოს მასწავლებლების 100 ათასი ხმა შენი იქნებაო, პირნათლად შეასრულა. ხელისუფლება ასეთ სიკეთეს არ ივიწყებს და ჩანს, გაწეული ღვაწლი არც მანანა ღურჭუმელიძეს დაუვიწყეს.
პედაგოგების – ნინო გელაშვილისა და მერი გვასალიას – განცხადება კი რჩება “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.
ცნობისათვის, “საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” ორი ორგანიზაციის – “განათლების მუშაკთა პროფკავშირისა” და “სოლიდარობის” შეერთების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მასში 100 ათასი მასწავლებელია გაერთიანებული. ისინი საწევროს სახით ყოველთვიურად ხელფასის 1%-ს რიცხავენ ამ ორგანიზაციაში, რაც წლიურად დაახლოებით 2,5 მილიონ ლარს შეადგენს. ამას ემატება უცხოეთიდან შემოსული გრანტები. ესეც საკმაოდ სოლიდური თანხაა და ჯამში განათლების პროფკავშირის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარით განისაზღვრება. წესით, ეს თანხა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვას, მათ პროფესიულ მომზადებას უნდა ხმარდებოდეს.
სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, ქალბატონი მანანა საგანმანათლებლო რეფორმისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების სასტიკი წინააღმდეგია. განათლების ხარისხის ამაღლების ნაცვლად პედაგოგებს რეფორმებისა და გადამზადების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს და მასწავლებელთა სახელს ხელისუფლების შანტაჟისა და პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს.
ღურჭუმელიძემ პროფკავშირი საოჯახო ბიზნესად აქცია. უსინდისოდ ითვისებს პედაგოგთა საწევრო შენატანებს და შესანიშნავად იწყობს პირად ცხოვრებას. მან პროფკავშირის თანხებით შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებული აგარაკი, მანქანა “ტოიოტა RAV-4” 28400 ამერიკულ დოლარად, ხელფასი გაიზარდა 3 ათას ლარამდე, მაშინ, როცა მასწავლებლების ხელფასი 300 ლარს არ აღემატება; თავისი სამივლინებო ხარჯები მთავრობის სამივლინებო ხარჯებს გაუტოლა; საკუთარ თავს ანებივრებს პრემიებით, იმ მოტივით, თითქოსდა მისი დამსახურება იყოს პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, დაზღვევა, მე-13 ხელფასის გაცემა, მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე სახელმწიფოებრივი ზრუნვის ზრდა და ა.შ. პროფკავშირში დაასაქმა ახლო ნათესავები (ქმარი, შვილი, სიძე…), მათ შორის, ხელმძღვანელ პოსტებზე. საქართველოს ბანკში გახსნა დეპოზიტი, სადაც პედაგოგთა საწევრო თანხა ირიცხება. რაც ყველაზე საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია “სოლიდარობა” “განათლების მუშაკთა პროფკავშირთან” გაერთიანების შემდეგ დაიხურა, საბანკო ანგარიში მაინც დარჩა. დღემდე არარსებული ორგანიზაციის ანგარიშზე პარალელურ რეჟიმში პედაგოგთა საწევროების სახით ირიცხება თანხები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია.
სამაგიეროდ, მანანა ღურჭუმელიძემ ლანძღვა-გინებით გამოისტუმრა შემწეობისთვის მისული სამაჩაბლოდან დევნილი ერედველი პედაგოგი იმ მიზეზით, რომ სპმთპ საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, მაშინ, როცა პედაგოგთა მიერ გადახდილი საწევროებით ქუთაისში ორჯერ მოაწყო 13-ათასიანი და თბილისში 8-ათასიანი ბანკეტები.
საინტერესოა, თუკი პროფკავშირი ვალდებული არ არის, დაეხმაროს ერედველ პედაგოგს, რატომ უნდა ხელეწიფებოდეს პედაგოგთა საწევრო თანხებით ძვირადღირებული ბანკეტების მოწყობა ამ ქალბატონს?
ეს ერთ-ერთი იმ კითხვათაგანი იყო, რომლითაც მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის სახელით თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან დოლიძემ ღია წერილით მიმართა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 და მე-40 მუხლების შესაბამისად, მანანა ღურჭუმელიძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა პედაგოგმა დავით ფერაძემაც. მას კონკრეტულად აინტერესებდა 2007-2008 წლების პროფკავშირის ბიუჯეტის გეგმა, პროფკავშირთა ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მოცულობა, საშტატო და ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა ნუსხა და სახელფასო ანაზღაურება, სპმთპ-ს პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია, სპმთპ-ს პრეზიდენტის სახელფასო ანაზღაურების, სატრანსპორტო, სატელეფონო, სამივლინებო და სხვა ხარჯების დადგენილი ნორმები და დადგენილების საფუძვლები, გრანტებიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა და ა.შ.
აღნიშნული ინფომაცია ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, არ გამხდარა დავით ფერაძესთვის. პირიქით, მანანა ღურჭუმელიძემ მას და ქეთევან დოლიძეს სასამართლოში უჩივლა და მორალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
ქალბატონი მანანა განათლების თავისუფალ პროფკავშირში ექსკლუზიურ-მონოპოლისტური უფლებების გასამყარებლად და განსამტკიცებლად, როგორც ამბობენ, არ ერიდება პროფკავშირის თანამშრომელთა და სკოლის დირექტორთა შანტაჟს, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ინტრიგას; საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს აიძულებს, ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გადაურიცხონ პედაგოგთა საწევროები. ამით კი ირღვევა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 51-ე მუხლი და საბანკო ოპერაციების თანხების ანაზღაურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლისთვის გამოყოფილი სახსრები იხარჯება. ხოლო იმ სკოლების წინააღმდეგ, რომლებიც უარს აცხადებენ “ხარკის” გადახდაზე, სარჩელი შეაქვს სასამართლოში ან განათლების სამინისტროს გენინსპექციაში აგზავნის მათ მაკომპრომეტირებელ წერილებს.
ქალბატონმა მანანამ პროფკავშირში ახალი წესებიც შემოიღო და ხმის მიცემის პროცედურა იმდენად გაამარტივა, რომ პროფკავშირის წევრებისთვის უკვე მინდობილობითაა შესაძლებელი არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
მაგალითისთვის, 2009 წლის 13 სექტემბერს წყნეთის დასასვენებელ ბაზაზე ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე გასაგზავნი დელეგატები აირჩიეს. როგორც “საქართველო და მსოფლიოსთვის” სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, წყნეთის დასასვენებელი სახლის სასადილო ოთახში, სადაც რეალურად 200 კაციც კი ვერ დაეტეოდა (ერთ-ერთმა დელეგატმა დათვალა სკამების რაოდენობა და აღმოაჩინა, რომ 402 დელეგატისთვის 112 სკამი იყო გათვალისწინებული), სამანდატო კომისიის მოხსენების მიხედვით, 318 დელეგატი იმყოფებოდა. ეს საკმაოდ თვალშისაცემი სიყალბე იყო, თუმცა აღნიშნული ფაქტი არც ერთ დამსწრეთაგანს არ გაუპროტესტებია. ჩვენივე წყაროს ცნობით, ამ ყრილობაზე 10-15 პიროვნება პროფკავშირის აპარატის წარმომადგენელი გახლდათ და დარბაზში რეალურად 100 კაცი იმყოფებოდა. ხოლო მაჩვენებელი 318 მინდობილობებით იყო შევსებული. თავის დროზე სპმთპ-ს პრეზიდენტად ქალბატონი მანანა ღურჭუმელიძის არჩევაც სწორედ მსგავსი მინდობილობებით მოხდა ღია კენჭისყრით. მთელი დარბაზი ხედავდა, ზოგიერთ დელეგატს როგორ ეჭირა 3-4 მანდატი და სხვის ნაცვლად ხმას აძლევდა.
ანგარიშგება-არჩევნების ჩატარების, სტრუქტურული ქვედანაყოფის თავმჯდომარეების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის შესახებ დებულებაში განათლების პროფკავშირი ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს კანონით “პროფესიული კავშირების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით, ასკვნის, რომ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ხმის მიცემა შეიძლება განახორციელოს სპმთპ-ის კოლეგიური ორგანოს წევრთა კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
საინტერესოა, რომელი კანონით იხელმძღვანელეს განათლების პროფკავშირში, როცა ასეთი უცნაური წესი დაამკვიდრეს აღნიშნულ ორგანიზაციაში ან რომელ ნორმატიულ აქტში ამოიკითხეს მინდობილობებით ჩატარებული არჩევნების კანონიერების შესახებ?
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მანანა ღურჭუმელიძე პრეზიდენტად აირჩიეს იმ წესდების საფუძველზე, რომელიც იმავე ყრილობაზე მიიღეს და ოფიციალურ ორგანოებში დარეგისტრირებული არ იყო.
“ეს მართლაც ნონსენსია, ფიზიკურად ადამიანი ყრილობას არ ესწრება და რაღაც ნოტარიულად დამოწმებული ქაღალდის საფუძველზე მის ნაცვლად სხვა აძლევს ხმას. მანანა ღურჭუმელიძეს თავად აქვს ნათქვამი – ფიზიკურად ხალხის დასწრებას ქაღალდები მირჩევნიაო. მართლაც, რაც ნაკლებად შეამჩნევენ მის სიყალბეს, უკეთესია, – აღნიშნა ჩვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა საუბრისას, – მისი არჩევაც მინდობილობით მოხდა. ქუთაისიდან თბილისში ჩამოსულმა ქალმა, რომელსაც გზისა და ღვეზელის საყიდელი ფულიც კი არ გააჩნდა, ამერიკის პროფკავშირის წარმომადგენლის – ბობი ფილდინგის დახმარებით იმდენს მიაღწია, რომ მდიდარი და საათივით აწყობილი ორგანიზაცია ხელში ჩაიგდო კურორტებით, ბაზებით, დიდი ბიუჯეტითა და უშრომელი შემოსავლით. დღეს უკვე პროფკავშირის ფინანსებს პედაგოგების ნაცვლად საკუთარი კორუფციული საქმიანობის ჩაფარცხვას ახმარს. ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ პროფკავშირის შიდა სამზარეულოდან გამოსული ხმების თანახმად, მანანა ღურჭუმელიძე რესურსცენტრის უფროსებს, გამგეობების წარმომადგენლებსა და განათლების სამინისტროს თანამშრომელს, ვინმე ჟურულს, თანხებს უხდის სიჩუმის სანაცვლოდ”.
ნათია ქადაგიშვილი