Home რუბრიკები სამართალი ლევან ჯოხაძე: ქართული სასამართლო არაკომპეტენტური, უფლებამოსილების არმქონე ექსპერტიზის დასკვნას ითვალისწინებს

ლევან ჯოხაძე: ქართული სასამართლო არაკომპეტენტური, უფლებამოსილების არმქონე ექსპერტიზის დასკვნას ითვალისწინებს

1093

სამართალწარმოებაში უდიდესი მნიშვნელობა ექსპერტიზის დასკვნას ეკისრება. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ არ უნდა იდგეს ექსპერტიზის ბიუროს კომპეტენტურობა. დღეს საქართველოში ფუნქციონირებს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური ლაბორატორია და იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური ეროვნული ცენტრი. სამართალდამცველები, ძირითადად, ამ ბიუროების საექსპერტო დასკვნებით ხელმძღვანელობენ. ადვოკატ ლევან ჯოხაძის მიერ წარმოებული საქმეების მასალებში კი რამდენიმე ისეთი დოკუმენტია, რაც ექსპერტის დასკვნის არაკომპეტენტურად მიჩნევის საფუძველს იძლევა.
არსებობს საქართველოს კანონი “პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”. მასში წარმოდგენილია ყველა ის დაწესებულება, რომელმაც უნდა გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატები. ეს კანონი არეგულირებს ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას ან მოქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და მოიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს. ამავე კანონით განსაზღვრულია აკრედიტაციის კრიტერიუმები. სერტიფიკაციის და ლაბორატორიულ ორგანიზაციებად შეიძლება აკრედიტებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირი, საკუთრების ფორმის მიუხედავად, და ფიზიკური პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და საქართველოს კანონის თანახმად შეესაბამებიან დადგენილ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური ლაბორატორია და იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური  ეროვნული ცენტრი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადიოდეს აკრედიტაციას, რათა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მათი მუშაობის პრინციპები თუ სამუშაო ლაბორატორიული დანადგარები არსებულ სტანდარტებს, რათა მან ცდომილება არ დაუშვას.

2006 წელს სტანდარტების სამსახურს დამოუკიდებელ ორგანოდ გამოეყო ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი. როგორც ლევან ჯოხაძემ “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ ცენტრის მონაცემებით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტური ლაბორატორია და იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური ცენტრი აკრედიტაციის გარეშე მუშაობენ:

– უფლება მაქვს, მოვითხოვო იმ სასწორისა და დანადგარების სერტიფიკატი, რომლებითაც შემოწმდა ნარკოტიკი. თუ არ არსებობს შესაბამისობის სერტიფიკატი, ეს დანადგარები  შემოწმებულია  სტანდარტების დაცულობის თვალსაზრისით; სრული საფუძველი მაქვს, არ გავიზიარო და ეჭქვეშ დავაყენო ექსპერტიზის კომპეტენტურობა. გამოვითხოვე ინფორმაცია აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიდან. ამ ცენტრის მონაცემებით, შსს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ ზოგადი ქიმიის ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაა აკრედიტებული. იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური ცენტრი და შსს საექსპერტო კრიმინალისტური ლაბორატორია არ არის აკრედიტებული. ეს ლაბორატორიები ამოწმებენ და ადგენენ ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობას, მაშინ, როდესაც “პროდუქციისა და მომსახურების შესახებ”, საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  მხოლოდ აკრედიტებულ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ექსპერტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს, რა მეთოდი გამოიყენა კვლევის დროს. ჩვენთან ეს კვლევები ქვის ხანის სტანდარტებითა და მეთოდებით ხდება.

– ამის საფუძველზე შეგიძლიათ, მოითხოვოთ ექსპერტიზის დასკვნის გაუქმება?

– სამწუხაროდ, არა. მას მაინც შეუძლია, გასცეს ცნობა.  პირველ რიგში, ექსპერტიზის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მისი სანდოობის ხარისხი მაღალი იყოს. ამით მე დავადასტურე სასამართლოში, რომ ეს სტრუქტურები არაკომპეტენტურები არიან; ეს ლაბორატორიები არღვევენ ორ საერთაშორისო კონვენციას – საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ, საქართველოს კანონს ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონს სტანდარტებისა და სერტიფიცირების შესახებ, საქართველოს კანონს აკრედიტაციის შესახებ. ეს კი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მის კომპეტენტურობაში შემეპაროს ეჭვი.

– რა ვითარებაა კერძო ექსპერტიზებთან მიმართებაში?

– სამწუხაროდ, საქართველოში კერძო ექსპერტიზა აღარ ტარდება,  ერთადერთი კერძო საექსპერტო ბიუროა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შპს “ვექტორი” და ფარმაკოლოგიური ლაბორატორია, რომელიც დიღომში მდებარეობს. მაგრამ ეს საექსპერტო დაწესებულებები ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დასკვნას არ იძლევიან. ამ მიმართულებით,  შს და იუსტიციის სამინისტროების ლაბორატორიების გარდა, არც ერთი ლაბორატორია არ მუშაობს, იმიტომ, რომ ეშინიათ. ალტერნატივის ვარიანტი არ გვაქვს. რომც გვქონდეს, ჩვენი სასამართლო ისეთი დამონებული და დამოკიდებულია, ამ არააკრედიტებული, არაკომპეტენტური და უფლებამოსილების არმქონე ექსპერტიზის დასკვნას გაითვალისწინებს და არა – აკრედიტებული ექსპერტიზისას.

– რატომ ეშინიათ კერძო ექსპერტებს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მუშაობისა?

– იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ. ამის გამო კი სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. როგორც აღვნიშნე, შს და იუსტიციის სამინისტროების ექსპერტიზის ბიუროები ორ საერთაშორისო კონვენციას არღვევენ. ესენია: გაეროს 1961 და 1979 წლების კონვენციები, სადაც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამ კონვენციების თანახმად, სუბოტექსის შემცველობაში არსებული ნივთიერება ბუპრენორფინი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მიეკუთვნება. საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 12 მაისს მიიღო დადგენილება უკანონო მფლობელობიდან ამოღებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებული ოდენობის შესახებ. ამ დადგენილებით ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნა ბუპრენორფინი. ამავე დადგენილებაში წერია, რომ  ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები, სუბსტანციები და არა მათი წამლის ფორმები, ანუ თუ სუბოტექსი ჩაითვლება ფსიქოტროპულ ნივთიერებად, ასეთ შემთხვევაში, დასჯადი არ არის, რადგან მას წამლის ფორმა აქვს. დასჯადი სუფთა ნივთიერების შენახვაა.

ჩემი ინფორმაციით კი, დღეს დაახლოებით 4 ათასი პატიმარია, რომელიც სუბოტექსის უკანონოდ შენახვა-რეალიზაციისთვის არიან გასამართლებული. ისინი უკანონო პატიმრები არიან.

– იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რატომ?

– ეს ხალხი არ არის გასამართლებული იმ ბრალდებით, რაც ჩაიდინეს. ბრალის წარდგენა მოხდა შეუსაბამოდ. პიროვნება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისთვის 260-ე მუხლით თუ გასამართლდა, მინიმალური სასჯელი თერთმეტი წელია. თუ ის გასამართლდა იმ ბრალით, რაც მან ჩაიდინა – ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია, სასჯელი 3 წელია. განსხვავება თვალსაჩინოა. ეს იგივეა, რაც ხულიგნობის ჩამდენი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის გაასამართლო.

 

ნანა ლაღაძიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here