“ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას გვხვდება. ეს მასობრივი მოვლენაა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში დაფიქსირებულია, რომ ყველას აქვს უფლება, მოითხოვის სამართლიანი სასამართლო. საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. ეს იმიტომ კი არა, რომ მე მაქვს ასეთი შეხედულება. უბრალოდ, ასეა დაკანონებული”, – აღნიშნა ადვოკატმა ლევან ჯოხაძემ “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბრისას.
“მოსამართლეს თუნდაც სურდეს, იყოს სამართლიანი და ობიექტური, არ გამოუვა, ვინაიდან თავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც კანონია და აღსასრულებლად სავალდებულო, არ აძლევს ამის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსი გულისხმობს სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეთა თანასწორუფლებიანობას, ეს ბალანსი შემდეგ ირღვევა, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი უფლებები მიკუთვნებული აქვს ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას. სასამართლოს, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი აღარ რჩება. მოსამართლე კი ვალდებულია, დაექვემდებაროს და იმოქმედოს საპროცესო კოდექსის შესაბამისად”.
ნახევარ სამეგრელოს პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, აფრასიძის დნმ-ანალიზი კი არ გაკეთებულა
“ზუგდიდის სასამართლოში ჯიმშერ აფრასიძის მკვლელობის ბრალდებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებული იყო ირაკლი ხასაია. გამოძიებამ გაარკვია, რომ მოკლული უკანასკნელად ნახეს ხასაიასა და ორ ქალბატონთან ერთად სოფელ ჯვარში, სასადილოში. სწორედ ეს გახდა ბრალდების საფუძველი. ობიექტის მესაკუთრის და დამსწრე ქალბატონების ჩვენებებით, არანაირი შელაპარაკება და დაძაბულობა ხასაიასა და აფრასიძეს შორის არ ყოფილა და ისინი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ აფრასიძე გაუჩინარდა. ძებნის შედეგად აფრასიძის გვამი იმავე სასადილოს მახლობლად, ძველი სავაჭრო ცენტრის შენობაში იპოვეს. გვამს ჰქონდა მრავალმხრივი დაზიანებები. სხეულზე აღენიშნებოდა ჰემატომები და შემავალი ჭრილობები, თავის ქალა ჰქონდა ჩამსხვრეული.
ექსპერტიზამ გვამის აღმოჩენის დროს მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მიუხედავად მრავალმხრივი დაზიანებებისა, სისხლის ერთი წვეთიც კი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც გვამი იყო. საქმეში ფიგურირებდა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ გვამის აღმოჩენის ადგილიდან 150 მეტრში, ავტობუსის გაჩერებასთან, მოსაცდელში, სკამებსა და კედელზე აღმოჩნდა სისხლის კვალი, რომლის ჯგუფიც შეესაბამებოდა მოკლულის სისხლის ჯგუფს. მხოლოდ სისხლის ჯგუფის დადგენით იმის დადასტურება, რომ ეს იყო შემთხვევის ადგილი, შეუძლებელია. ნახევარ სამეგრელოს პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, დნმ ანალიზი კი არ გაკეთებულა.
ეჭვმიტანილად ირაკლი ხასაია მხოლოდ იმის გამო მიიჩნიეს, რომ უკანასკნელად მასთან ერთად ნახეს აფრასიძე. საქმის მასალებით ისიც გაირკვა, რომ მკვლელობის იარაღი ხასაიას სახლში აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნო, რომ აქ ბევრი საეჭვო დეტალი იყო”.
ზეწოლა დანაშაულის აღიარებისთვის
“ხასაიასთან სახლში მივიდა პოლიციელთა ერთი ჯგუფი. ის გამოიყვანეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გზაში ხასაიამ პოლიციელებს სიგარეტი სთხოვა. მას მისცეს სიგარეტი, რომელიც, სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეკეთებული მარიხუანით. მოაწევინეს და შემდეგ წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მას აუღეს ანალიზები. როგორც ჩანს, პოლიციელები იმდენად იყვნენ დარწმუნებული, რომ დადებით პასუხს მიიღებდნენ, მთელი ღამე ხასაიას პოლიციის შენობაში გაატარებინეს. მეორე დილით წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო ბერიშვილის თავმჯდომარეობით სხდომა გაიმართა, რომელზეც ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებისთვის ხასაიას შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი. აქ აღსანიშნავია ერთი დეტალი: სხდომის ჩანაწერების მიხედვით, სხდომა დაიწყო 10 საათსა და 35 წუთზე და დასრულდა 10 საათსა და 55 წუთზე. ნარკოლოგიური დისპანსერიდან ცნობა ხასაიას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგებზე კი გაცემულია თორმეტ საათსა და 15 წუთზე. მას შეეფარდა ორკვირიანი პატიმრობა და, როგორც ჩემთან საუბრისას აღნიშნა, სასტიკად სცემეს, რომ აფრასიძის მკვლელობა ეღიარებინა. ხასაიამ დანაშაული არ აღიარა”.
ჩხრეკას ნასვამი და ფსიქიკურად დაავადებული მოწმეები დაასწრეს
“ხასაიას სახლიდან გამოყვანის შემდეგ ოჯახში მიდის პოლიციელთა მეორე ჯგუფი და ჩხრეკას ატარებს. მოწმედ მიიყვანეს ორი პიროვნება. მათგან ერთი ნასვამ მდგომარეობაში იყო, მეორე კი სულიერად ჯანმრთელი არ გახლდათ. ჩხრეკის შედეგად კარადის თავზე აღმოაჩინეს დანა, რომელზეც იყო იმ ჯგუფის სისხლის კვალი, რომელიც აფრასიძეს აღმოაჩნდა. ცოტა უცნაურია, რომ ეს დანა ვერ შენიშნეს ოჯახის წევრებმა მაშინ, როცა წინა დღეს დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ და ამ კარადის თავზე ნამცხვარი დაალაგეს. არ მგონია, ასეთ დროს სისხლით დასვრილი დანა შეუმჩნეველი დარჩენოდა ვინმეს”.
მთელი გზა “მკვლელს” სისხლიანი დანა ხელში ეჭირა?
“შემთხვევის ადგილიდან ხასაია წავიდა სახლში. მისი სახლი სოფელ ჭალაშია და დაახლოებით სამი კილომეტრი უნდა გაევლო. ამასთან, უნდა გადაელახა ენგური. ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრიდან ამოვიღე ცნობა, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ იმ დღეს კოკისპირულად წვიმდა. თუ ხასაიამ რაიმე დაზიანება მიაყენა აფრასიძეს დანით, რომელიც შემდეგ ვითომ აღმოჩნდა ხასაიას სახლში, მაშინ რაღაც კვალი ხომ უნდა დარჩენოდა, თუ ის დანას ჯიბეში ჩაიდებდა. მის ტანსაცმელზე ასეთი კვალი არ აღმოჩნდა. თუ ხელში ეჭირა და ისე მიჰქონდა, მაშინ თავსხმა წვიმაში დანას სისხლის კვალი არ შერჩებოდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დანაშაული ჩაიდინა, მარტივად შეეძლო დანაშაულის იარაღის გაქრობა. როგორც გითხარით, ენგური უნდა გადაევლო და, ბოლოს და ბოლოს, დანას მდინარეში გადააგდებდა”.
ჟონგლიორი ხასაია, თუ გაყალბებული იარაღი
“ჩატარდა ამოღებული დანის ექსპერტიზა და დადგინდა პარამეტრები, იარაღის პირის სისქე და სიგანე, ისევე, როგორც თავის დროზე გვამსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა ამ ჭრილობების პარამეტრებიც. პარადოქსია, რომ მიუხედავად მრავალი ჭრილობისა, დანის პარამეტრები არც ერთ ჭრილობას არ დაემთხვა. ზოგზე დიდი იყო, ზოგზე – პატარა, მაგრამ მაინც ჩათვალეს მკვლელობის იარაღად. საერთოდ, პრაქტიკაში ცნობილია, რომ დანა ერთი ან ერთნახევარი მილიმეტრით მეტია ჭრილობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთ ჭრილობას არ დაემთხვა. გარდაცვლილი აფრასიძე აღნაგობით ძლიერი პიროვნება იყო და მას თავდაცვა შეეძლო. ხასაია ტანმორჩილია და მას ნამდვილად ვერ მოერეოდა, და თუ იარაღით დაჯაბნა, მაშინ ხასაია ჟონგლიორი უნდა ყოფილიყო, რომ სხვადასხვა დანით დაერტყა აფრასიძისთვის, რადგან ამოღებული დანა არ იყო მკვლელობის იარაღი”.
16 შუამდგომლობა პროკურატურის პასიურობის წინააღმდეგ
“თექვსმეტი შუამდგომლობა არ დამიკმაყოფილა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ. ვითხოვდი, რომ იდენტიფიკაციისთვის ჩატარებულიყო სისხლის დნმ-ის გამოკვლევა. მოვითხოვე, დადგენილიყო, აფრასიძის ფეხსაცმლიდან აღებული მიწის გრუნტი შეესაბამებოდა თუ არა დანაშაულის ადგილის მიწის გრუნტს თავისი შემადგენლობით; დაკითხულიყვნენ მოწმეები, რომლებზედაც არსებობდა ინფორმაცია (სხვათაშორის, თვითონ მოკლულის ოჯახის წევრებისგან). ოჯახი იძლეოდა ჩვენებას, რომ აფრასიძე მიდიოდა სამუშაოდ სოფელ ცაიშში. მას უნდა ჰქონოდა ფული, რადგან შეშის ყიდვას აპირებდა. იყო ვერსიაც, თითქოს აფრასიძე დაინახეს, როგორ ჩაჯდა “ურალის” მარკის ავტომანქანაში, რომელიც მესტიაში მიდიოდა, მაგრამ მესტიიდან იმ მძღოლის ჩამოყვანა და დაკითხვა ვერ მოხერხდა. უნდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების უფროსი ყველანაირად ცდილობდა, შესრულებულიყო ეს საგამოძიებო პროცესები, მაგრამ პროკურატურის მხრიდან იყო პასიურობა და დაინტერესება, რომ მაინცდამაინც ხასაია მიცემულიყო პასუხისგებაში”.
პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთით მეტი უდანაშაულო იქნებოდა ციხეში თუ ერთით ნაკლები…
“ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ხასაია გამოუშვეს. ის ბიძასთან იმყოფებოდა ზუგდიდში. რამდენიმე ხნის შემდეგ მიაკითხეს ბიძის ოჯახში და დააპატიმრეს ისე, რომ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ. ხასაიამ ვეღარ გაუძლო ამდენ უსამართლობას და ქუთაისის ციხეში თავის მოკვლა სცადა – მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ორივე ფეხი მოიტეხა. ჩვენ იმდენს კი მივაღწიეთ, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს – გაუკეთდა ოპერაცია.
ფაქტობრივად, რეალური მტკიცებულებების არარსებობის გარეშე ეს პიროვნება იხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ ჩაუდენია. ყოველ შემთხვევაში, არსებული მასალები მაძლევს ამის თქმის საფუძველს. მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა იმ დანისა, რომელიც, როგორც აღვნიშნე, საეჭვო მტკიცებულებად იქცა.
მას ცამეტი წელი მიუსაჯეს. სააპელაციო სასამართლომ კი ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ძიება ჩატარდა არაპროფესიონალურად. გარდაცვლილი აფრასიძის ახლობლები ითხოვდნენ დამნაშავის დასჯას. ისინი ისე ეკიდებოდნენ ამ საკითხს, რომ მათთვის მთავარი იყო, ვინმე დასჯილიყო და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მართლა იყო თუ არა ხასაია მკვლელი. ჭირისუფლებმა ცხედარი მიიტანეს პროკურატურასთან და იმუქრებოდნენ, რომ მას არ დამარხავდნენ, ვიდრე დამნაშავე არ დაისჯებოდა. პროკურატურას კი სკანდალი არ უნდოდა; ფორსირებული ტემპით დაიწყეს დამნაშავის ძებნა და ხასაია პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთით მეტი უდანაშაულო იქნებოდა ციხეში თუ ერთით ნაკლები”.
დაბოლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში, რა თქმა უნდა, ხაზგასმითაა დაფიქსირებული, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნისა, თუმცა, სავარაუდოდ, ხსენებული დეკლარაცია მხოლოდ განვითარებულ, ნორმალურ სახელმწიფოებზე ვრცელდება, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ნანა ლაღაძიშვილი