Home რუბრიკები სამართალი ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას დევნა შეწყვიტეს

ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას დევნა შეწყვიტეს

770

საქართველოს სამართლებრივ სივრცეში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა – წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა “რია ნოვოსტის” თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. სამართლებრივ სახელმწიფოში ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა და არც არავის გააკვირვებდა, ჩვენთან კი ამ პრეცედენტმა თვით ეჭვმიტანილის გაოცებაც კი გამოიწვია; გაოცებულნი დარჩნენ იურისტებიც – ჟურნალისტის ადვოკატები.
 “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში შემოგთავაზეთ ვრცელი მასალა, რომელშიც ასახული იყო საქმის არსი. კერძოდ, ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას გამოძიება ადანაშაულებდა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იგი ეჭვმიტანილადაც ცნეს და გაუსვლელობის ხელწერილიც ჩამოართვეს. ავტომანქანის მართვის მოწმობაში, რომელიც 32 წლის წინათ გაიცა და რომლის დუბლიკატიც 18 წლის წინათ დამზადდა, მითითებული იყო B და C კატეგორიები. გამოძიება C კატეგორიის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა.
ალბათ, კურიოზი იქნებოდა თვით ქართული სამართალწარმოების პრაქტიკაშიც კი, ეს ამბავი ისეთ ცნობილ ჟურნალისტს რომ არ შემთხვეოდა, როგორიც ბესიკ ფიფიაა. სააგენტო “რია ნოვოსტიმ”, ბუნებრივია, განგაში ატეხა ამ ფაქტთან დაკავშირებით და მომხდარი შეაფასა აქციად, რომელიც ღიად არამეგობრულ ხასიათს ატარებს. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფიფიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს “პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტზე ზეწოლის მიზანია არა მხოლოდ მასმედიის დაშინება, არამედ ყველა იმ ადამიანისა საქართველოში, ვისაც დამღუპველად მიაჩნია ახლანდელი რეჟიმის კურსი, რომელიც მეთოდურად ანგრევს რუსეთ-საქართველოს ტრადიციულ კეთილმეზობლობას ყველა ასპექტში.

ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გამოეხმაურა ქართული და რუსული მედია, სააგენტო “ფრანსპრესი” და გაზეთი “ლე მონდი”. გამოხმაურება მოვიდა ნიუ იორკიდანაც.

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვა ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

“ბესიკ ფიფია იმიტომ ამოირჩიეს, რომ რუსეთის ახალი ამბების სააგენტოში მუშაობს… მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას მას ყველა ბრალდება და მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება”, – განაცხადა კომიტეტის დირექტორის მოადგილემ რობერტ მაჰოუნიმ. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვეს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ, ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა.

საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის დეგენერაციის დამადასტურებელი ამ სიტუაციის დასასრული კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ყველასთვის მოულოდნელი, თუმცა ლოგიკური იყო – 2009 წლის 7 სექტემბერს ეჭვმიტანილად ცნობილი ჟურნალისტის საქმეზე წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა 18 სექტემბერს შეწყდა. პროკურატურას სულ რაღაც 11 დღე დასჭირდა იმის გასარკვევად, რომ ბესიკ ფიფიას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა, რადგან მისი მართვის მოწმობა ოფიციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ იყო გაცემული. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ. მახათაძე დადგენილებაში აღნიშნავს, რომ “წინასწარ გამოძიებას არ გააჩნია საქართველოს სისხლის სამართლის 281-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების წაყენების საფუძველი – იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, საქმეზე რჩება მხოლოდ ეჭვი იმის შესახებ, რომ მას ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც კანონით დადგენილი წესით, არ დასტურდება…” პროკურორი ამავე დადგენილებაში იმასაც აღნიშნავს, რომ “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ექვსი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო მართვის მოწმობის დამზადების, გასაღებისა და შეძენის ნაწილში გასულია ექვს წელზე მეტი, რის გამოც, მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება ვერ დაიწყება (გამოძიება დაწყებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ნაწილში), ხოლო გამოყენების ნაწილში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ბ. ფიფიას მიმართ განზრახვა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების შესახებ არ დასტურდება, რის გამოც საქმეზე წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს”.

თავი დავანებოთ შეფასებითი კატეგორიებით მსჯელობას. დეგენერაციასთან გვაქვს საქმე თუ პროვოკაციასთან, ამაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ იმტვრიოს თავი. ჩვენ, უბრალოდ, შეკითხვები დავსვათ: თუკი თავიდანვე ცხადი იყო (და გამოძიებამაც კარგად იცოდა), რომ მართვის მოწმობა 32 წლის, ხოლო მისი დუბლიკატი 18 წლის წინათ გაიცა, ნუთუ იმდენს ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ საქმეს პერსპექტივა არ ჰქონდა? კარგი, დავუშვათ, სიბრიყვით მოუვიდათ (რა, გაგიკვირდებათ?), რატომ არ გაითვალისწინეს ეჭვმიტანილად ცნობილი ფიფიას ადვოკატების არგუმენტები ანდა თვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანაავტორის, ცნობილი იურისტის, ყოფილი გენერალური პროკურორის, პროფესორ გია მეფარიშვილის კომპეტენტური აზრი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ ბესიკ ფიფიას ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა? არ გაითვალისწინეს და… იცით, რაც მოხდა – იძულებული გახდნენ საქმე შეეწყვიტათ.

თურმე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების შესახებ ბესიკ ფიფიას განზრახვაც არ დასტურდება. აბა, რას ედავებოდნენ ჟურნალისტს? მან ხომ თვითონ მიუტანა მართვის მოწმობის დუბლიკატი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილებას – გამომიცვალეთო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ “გამოძიება დაწყებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ნაწილში”. გაგიკვირდება პირდაპირ – ჟურნალისტი საგამოცდო განყოფილებას მისაბმელიანი “კამაზით” მიადგა? აბა, რაში გამოიხატება “გამოყენების ნაწილი”? როდის გამოიყენა ჩ კატეგორია, მოსკოვიდან თბილისამდე “რეფრეჟერატორით” ჩამოვიდა?

ფიფიას ადვოკატის რეზო მხეიძის თქმით, ჟურნალისტის მართვის მოწმობაში ჩ კატეგორიის ჩაწერა სახელმწიფო ორგანოს შეცდომაა და არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის. “ბესიკ ფიფიას მოქმედებაში არ არის დანაშაულის შემადგენლობა, რადგან მას არასოდეს გამოუყენებია მართვის მოწმობაში მითითებული ჩ კატეგორია და არ ატარებდა სატვირთო ავტომობილს”, – განაცხადა ადვოკატმა. ამის შესახებ “საქართველო და მსოფლიოც” წერდა – ამ სამი წლის მანძილზე თბილისში მოვლინებული ჟურნალისტი მხოლოდ რუსული მართვის მოწმობით სარგებლობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს “მადლობა პატრულს” არაერთხელ დაუჯარიმებია კიდეც. ამ საჯარიმო ქვითრებში სწორედ რომ რუსული “პრავაა” მითითებული.

ჟურნალისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ “რია ნოვოსტის” მთავარმა რედაქტორმა სვეტლანა მირონიუკმა განაცხადა: “ვიმედოვნებთ, რომ მომავალში “რია ნოვოსტის” თანამშრომლების და თვით წარმომადგენლობის მიმართ პოლიტიკური ხასიათის ქმედებებს არ ჩაიდენენ…”

როგორც ხედავთ, “რია ნოვოსტის” მთავარი რედაქტორი “იმედოვნებს”. აი, ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები კი ბოლო ხუთი წლის მანძილზე აღარაფერს ვიმედოვნებთ. ჩვენ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ახლა უკვე, შესაძლოა, ჩვენზე კარგადაც კი იცის ჟურნალისტმა ბესიკ ფიფიამ, რომელიც სიხარულს არ მალავდა სისხლის- სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო.

“საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ეყოთ გამბედაობა, შეეწყვიტათ თავიანთივე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. და ეს, ჩემი აზრით, მათი დამარცხება არ არის, სამართლიანი გადაწყვეტილება მათვე ამშვენებს”, – თქვა მან.

ბუნებრივია, ჩვენც ვიზიარებთ ცნობილი ჟურნალისტის ამ სიხარულს, მაგრამ აქვე დიდი წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის იმიჯის შემლახველი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ამ ნაბიჯს მძიმე შედეგები მოჰყვება. და ეს დრო არც ისე შორს არის.

 

ბონდო

მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here