Home რუბრიკები სამართალი 1300 ევროს მიხდიდნენ იმ სახლში, მაგრამ ღირსება მილიარდჯერ მეტი ღირს!

1300 ევროს მიხდიდნენ იმ სახლში, მაგრამ ღირსება მილიარდჯერ მეტი ღირს!

783

არავინ იცის, რამდენი ადამიანია სამშობლოდან შორს საშოვარზე გადახვეწილი… თუკი ადრე დამპყრობთა მათრახის ქვეშ უწევდათ იძულებითი სიშორე, დღეს საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის გარეთ ქართველები მხოლოდ იმიტომ გარბიან, რომ თავი გადაირჩინონ…

ყველაზე მეტი ქართველი (უმეტესწილად ქალები) საბერძნეთშია, წასული და აქ დატოვებულ საკუთარ მშობლებსა და ქმარ-შვილს, ძირითადად, ბერძენი მოხუცების მოვლა-პატრონობით არჩენს. მათი უმეტესობა სამშობლოდან არალეგალური გზებით მიემგზავრება, რადგან თბილისში თავმოყრილი საელჩოებისა და საკონსულოების დადგენილი “სტავკები” იმდენად მაღალია, რიგითმა ქართულმა ოჯახებმა, უკანასკნელიც რომ გაყიდონ, მაინც არ ეყოფა აქაც საშოვარზე ჩამოსული დიპლომატების ჯიბეს და ამიტომაც ჩვენებურები მიდიან ისე, რომ არად დაგიდევენ, რა შეიძლება შეემთხვათ ლუკმაპურის საშოვნელ გზებზე!
საბერძნეთში მომუშავე ქართველობის ძირითადი საქმიანობა, როგორც აღვნიშნეთ, მოხუცი ბერძნების მოვლა-პატრონობაა. ზოგი მოხუცი ჭირვეულია, ზოგი – დამთმობი, ზოგი – ძალიან მძიმე ავადმყოფი, ზოგი – ლოთი და ა.შ. მათი შვილები, ძირითადად, მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ და მშობლების წინაშე პასუხისმგებლობას მოსამსახურისთვის 500, 600, 700, 800 ევროს გადახდით გამოხატავენ… არადა, ბევრმა, შესაძლოა, არცკი იცის, ჩვენს ქალბატონებს თითოეული ევრო როგორი დამცირებისა და ცრემლის ფასად აქვს გამომუშავებული!

“საქართველო და მსოფლიო” პირველივე ნომრებიდან აქვეყნებს ჩვენი ემიგრანტების ყოფის ამსახველ მასალებს. ამჯერად გთავაზობთ ქალბატონ თინათინ გ.-ს ისტორიას, რომელიც, ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველს ღრმად ჩააფიქრებს და გულგრილს არ დატოვებს.

“საბერძნეთში წასვლა და იქ დროებით დამკვიდრება თუნდაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბერძნები უძველესი მართლმადიდებლები არიან! როგორც ბევრი მორწმუნე ქართველი, მეც ვოცნებობდი ათონის მონასტრისთვის შორიდან მაინც შემევლო თვალი, ფეხით მომევლო თითოეული ისტორიული ადგილი, მომელოცა იქაური ეკლესიები და ღვთისთვის ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა მეთხოვა.

მართლმადიდებლურ ოჯახში გავიზარდე. დედმამიშვილებში უმცროსი მე ვიყავი და ზედმეტად მათამამებდნენ, მაგრამ შრომა, სწავლა და უფროსისადმი მორჩილება ბავშვობიდანვე სისხლში მქონდა გამჯდარი. სკოლა წარმატებით დავამთავრე, ინსტიტუტშიც ჩავაბარე და სწავლის დამთავრების შემდეგ დროთა განმავლობაში ერთ-ერთი საწარმოს განყოფილების უფროსიც გავხდი! თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ 90-იანი წლებიდან ყველაფერი ამოყირავდა. ჩემი საწარმო დაიხურა, ასობით თანამშრომელი კი უმუშევარი დავრჩით…

ეკლესიაში სიარულს მოვუხშირე; შვებას ლოცვების კითხვასა და მარხვაში ვპოულობდი. მორჩილებაში ვიყავი მღვდლებთან, მრევლთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთანაც კი… ბოლოს მონაზვნად აღკვეცა დავაპირე, მაგრამ დედაჩემის სასტიკ წინააღმდეგობას წავაწყდი: “თუ აღიკვეცები, იცოდე ცოცხალს ვეღარ მნახავ, ან ოჯახი არ გინდა, ან შვილი და ან კიდევ ჩვენ სუყველაო?” აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი, დედა დარდისთვის არ მემეტებოდა და, შესაძლოა, ჩემმა მცირედ მორწმუნეობამაც განაპირობა ის, რომ ბოლომდე ვერ შევინარჩუნე ჩემი პოზიცია. თანატოლები მეუბნებოდნენ: “თინა, ისეთი ოქროს ხელები გაქვს, ყველაფერს შეძლებ, ახლა საზღვარგარეთ ბევრი ქართველი მიდის სამუშაოდ, იქნებ, შენც წამოსულიყავი და იქ გეცადა ბედი?” დედაჩემი სიხარულით შეხვდა ჩემს აზრს საბერძნეთში შესაძლო გამგზავრების შესახებ და სულ მალე თბილისი-ათენის რეისით საქართველოდან გამოვემგზავრე…

ძალიან მძიმე ხალხი აღმოჩნდა ჩვენი ერთმორწმუნე ბერძნები… მაცივრის კარებს საგულდაგულოდ მიკეტავდნენ, “ზედმეტი” რომ არ მეჭამა. ნოხის, ლეიბის, სუფრის ქვეშ ხურდა ევროებს მიყრიდნენ: აბა, როცა იპოვის, როგორ მოიქცევა, დაგვიბრუნებს თუ არაო… სახლს დღეში რამდენჯერმე არევდნენ, დაანაგვიანებდნენ და მიყურებდნენ, როგორ ვალაგებდი. სიკვდილს ვნატრობდი, ისე მექცეოდნენ… ბერძნული ენა ძალიან მალე ვისწავლე (იქამდე კი ვიცოდი გერმანული, რუსული, თურქული და აზერბაიჯანული), გრამატიკულად გამართული ბერძნულით ვესაუბრები ჩემს დღევანდელ “პატრონს”, რომელიც ხშირად მეუბნება: “ასეთი ბერძნულით, “კირია” თინა, დღეს ბევრი ვეღარ ლაპარაკობს ჩვენში და, გასაკვირია, შენ რომ ასე კარგად მეტყველებო. შრომა და ხვალინდელი დღის იმედი მასულდგმულებს აქ, თორემ კალამი ვერ დაწერს და ენა ვერ იტყვის, რა გაჭირვებით მოვედი დღემდე…

ჩემი პირველი “პატრონი” მოხუცი კაცი რომ გარდაიცვალა, მარტო მე ვტიროდი… არც პანაშვიდი ჰქონია საცოდავს და არც მღვდელი მოსულა წესის ასაგებად. საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ ნათესავები – ცოლი, შვილები – და პირდაპირ იქიდან წაასვენეს სასაფლაოზე. გზაში “ბაბუას” ცოლმა ფეხი მოიტეხა და, რადგან ოჯახს უკვე “გამოცდილი” ვყავდი, ახლა “ბებიას” მოვლა მთხოვეს შვილებმა. ღმერთმა არ გამწირა! წინა დღით უმუშევრად დარჩენილი ისევ მიჩვეულ “ჭირს” შევეჭიდე და რამდენიმე თვეში “კირია” (ბერძნ. ქალბატონი) ფეხზეც დავაყენე.

საერთოდ, აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება “სარეკომენდაციო ბარათებს”, რომლებსაც ძველი “პატრონები” ახალ “პატრონებს” უგზავნიან! ჩემმა “ბებიამ”, რადგან უკვე აღარ ვჭირდებოდი, თავისი დაქალის ოჯახში მუშაობა შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე…

ახალი ოჯახი საბერძნეთში ძალიან ცნობილ სანტექნიკურ ნაკეთობათა საწარმოს მეპატრონისა აღმოჩნდა. ფირმის პატრონი მეუღლითა და 5 შვილით უზარმაზარ ვილაში ცხოვრობს. სახლს გარშემო არაჩვეულებრივი სილამაზის ბაღი აკრავს, ეზოში კი სხვადასხვა ძვირფასი ჯიშის ცხოველები დასეირნობენ. ოჯახის უფროსი, ანუ ცნობილი ბიზნესმენი დ.კ. კარგი ადამიანი აღმოჩნდა; ბავშვები – ცელქები, გათამამებული და ზომაზე მეტად თავხედები… სიტყვა “წესრიგი, ზრდილობა და თავაზიანობა” მათთვის უცხო ხილი იყო და ამიტომაც, როცა ოჯახი დიდ წვეულებებს მართავდა, ბავშვები ქალაქგარეთ გაჰყავდათ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად.

დილით 6 საათზე ვდგებოდი, ვლოცულობდი და “ჩემი ჯვრის” სიმძიმეს ამგვარად ვამსუბუქებდი. შემდეგ პირველ სართულზე ჩამოვდიოდი, “პატრონს” ფუნთუშას ან ღვეზელს გამოვუცხობდი, ყავას მოვუდუღებდი და კარებამდე გავაცილებდი. მადლიერების თვალით მიყურებდა ის უბედური და რამდენჯერმე თვალზე ცრემლიც კი შევნიშნე, როცა ვუთხარი: “ღმერთმა ავისგან დაგიცვათ, წარმატებულ დღეს გისურვებთ”. ოჯახში ძაღლად არ აგდებდნენ და ჩემგან ადამიანურმა მოპყრობამ გული აუჩუყა მილიარდელ კაცს.

“შაბათი დღე ახლოვდებოდა, ე.ი. წვეულება უნდა გაემართათ ჩემს “პატრონებს”. გავაკეთე აუარება ბუტერბროდი, გამოვაცხვე ნამცხვრები, გამოვწურე წვენები, მოვრთე-მოვკაზმე სუფრა და დაღლილი საღამოსთვის გავემზადე. “ოოო, რა სილამაზეა, დიზაინერი ვინ გყავდათ?.. ტელეფონი ჩაგვაწერინე… რა გემრიელია ყველაფერი, რომელ საკონდიტრო ფირმას შეუკვეთეთ? რა არაჩვეულებრივი ფერებია?!” – ისმოდა ყოველი კუთხიდან… სასტუმრო დარბაზში ლანგარზე დადებული რაღაც საჭმელი შემქონდა, ჩემმა “ქალბატონმა” დამსწრე საზოგადოებას მოახსენა: “ყველაფერი ჩვენმა მოსამსახურე ქალმა მოამზადა, არ შეგეზიზღოთ, გემრიელად მიირთვით; ერთი, რაც მან კარგად იცის, სისუფთავე და ყოველდღე ლოცვააო”, – ირონიულად გაიცინა, ჭიქა დადგა და “მწუ, მწუ, მწუ”-ო ხელის მოძრაობით თავისკენ მიხმო. ლანგარი ხმაურით დავდგი. “ქალბატონო, ჩემს სამშობლოში ასე ძაღლებს, ზოგადად, ცხოველებს, უხმობენ და თქვენ თუ თვლით, რომ მე ცხოველი ვარ, ძალიან შემცდარხართ! ერთადერთი, ვისაც ზღვაში გადაგდებული ღვთისმშობლის ხატის ხელით შეხების უფლება და მადლი მიეცა, ჩემი წინაპარი – ქართველი ბერი იყო… ამ წუთიდან ვტოვებ თქვენს ოჯახს, თუმცა არა განრისხებული. ღმერთმა გაპატიოთ თქვენი ამპარტავნება, გასაგებია?” – მკაცრად ვუთხარი და წასასვლელად გავემზადე.

სტუმრები შოკში ჩაცვივდნენ – ჯერ ჩემი ბერძნულის ცოდნით, ხოლო შემდეგ – განვითარებული მოვლენების გამო.

სახლის უფროსი, ანუ ცნობილი ბიზნესმენი დ.კ. სირცხვილისგან სად წასულიყო, არ იცოდა. მე და სტუმრებს ერთად გვიხდიდა ბოდიშს, ნუ წახვალთ, მე მაპატიეთო. მისი მთვრალი მეუღლე კი თავისას არ იშლიდა და რამდენიმე წუთს კვლავ აგრძელებდა ჩემს შეურაცხყოფას: “ჰა, როგორია განათლებული მონა, მოგწონთ?” “აბა, შენ თუ ასეთი მცოდნე ხარ, ეს ნივთი რა არის?” – მანიშნა შალითაგადაკრულ როიალზე.

როიალს თავი ავხადე, მიშელ ლეგრანის უკვდავი მელოდია შევასრულე “შერბურის ქოლგებიდან”, საზოგადოებას გამოვემშვიდობე, ბიზნესმენ დ.კ.-ს ანგარიშის გასწორება ვთხოვე და ერთ საათში ათენის ცენტრში მდებარე ფეშენებელური ვილა დავტოვე! 1300 ევროს მიხდიდნენ იმ სახლში, მაგრამ ღირსება მილიარდჯერ (და უფრო მეტადაც) მეტი ღირს! ჩემს ქვეყანაში, შესაძლოა, დამცირებულად მიმაჩნდა თავი, მაგრამ იმ დღეს უცხო მიწაზე ღირსებით აღსავსე ვიყავი და ჩემი ქართველობით – ძალიან ამაყი!

იმ ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ მდიდრების კვარტალში სამსახური არცკი მიცდია. საშუალო ფენის ბერძნებთან გაცილებით “მარტივია” ურთიერთობაც და თანაცხოვრებაც. ამჟამად ერთ მოხუც ქალს ვუვლი, დღეში რამდენჯერმე ვბან, ვასუფთავებ და ვკვებავ. მორწმუნე ბერძენია და მიადვილდება მასთან ურთიერთობა. ის კი არადა, მისმა ვაჟმა, რომელიც არქიტექტორია, ამასწინათ ცოლობა მთხოვა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რადგან ჩემს ასაკში (45 წლის ვარ) ქორწინება, შვილის გაჩენა და ა.შ. დიდი რისკია! ერთხელ გავრისკე (აქეთ როცა წამოვედი) და არ გაამართლა, ახლა ქორწინება გავრისკო და აქ ჩავრჩე, ეგეც არ მინდა! ალბათ, ისევ სამშობლოში დავბრუნდები, სადაც თითოეული ხე, სახლი, ეკლესია, მიწა და წყალი მშობლიურია და ყველაფერს განსაკუთრებული მადლი აქვს!”

 

ირინე გოგოსაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here