Home რუბრიკები სამართალი სიმართლის თქმისთვის მოწმე სასამართლოს შენობასთან დააკავეს

სიმართლის თქმისთვის მოწმე სასამართლოს შენობასთან დააკავეს

710

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 3 სექტემბერს მომხდარი ფაქტი, ალბათ, დიდხანს დარჩება ქართული მართლმსაჯულების “უბადლო შედევრად”. მოწმე სიმართლის თქმისათვის დაკითხვიდან 5 წუთში პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.

ეს ამბავი აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესზე მოხდა, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვის მოტივით არის დაკავებული. მოსამართლე დავით კეკენაძე, პროკურორი დიტო ხვიტია და ვახანიას ხუთი ადვოკატი (მათ შორის, ლალი აფციაური) თითქმის 2 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ მთავარ მოწმეს, ვლადიმერ ვახანიას კარის მეზობელს – ჯამბულ ჩიქოვანს (ადვოკატ ჯონი ზარანდიას განმარტებით, ჩიქოვანი მოიქცა ისე, როგორც ჩიქოვანებს ეკადრებოდა), რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ვლადიმერ ვახანიას დაკავების უმსგავსო პროცესი.
ჯამბულ ჩიქოვანმა დეტალურად ილაპარაკა ყოველივეზე და განაცხადა, რომ პირველი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა, გაყალბებული იყო; გაყალბებული იყო, ასევე, მისი ხელმოწერაც. მან ისიც აღნიშნა, რომ პირველ ჩვენებაში არ იყო შეტანილი ის ფაქტი, რომ ის, როგორც მოწმე, ვახანიას სახლში პოლიციელების შესვლიდან საათნახევარში მოიწვიეს, რაც აშკარად არ ემთხვეოდა ე.წ. პირველ გაყალბებულ ჩვენებას. ეს კი არ მოეწონა პროკურორ დიტო ხვიტიას, რის გამოც მან გამოაგზავნინა სასამართლოსთან პოლიციელთა მთელი არმია, რაც, რა თქმა უნდა, დარბაზში მსხდომებმა არ იცოდნენ.

ჯამბულ ჩიქოვანის ჩვენების მიცემის შემდეგ, ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესვენება გამოცხადდა. სწორედ მაშინ სასამართლოდან გამოსულ ჯამბულ ჩიქოვანს მოულოდნელად თავს დაესხნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით უამრავი ხალხის თვალწინ წივილ-კივილის ფონზე ჩატენეს მანქანაში და სამხარეო პოლიციაში გააქანეს.

შესვენების შემდეგ აღშფოთებულმა ადვოკატებმა იერიში პროკურორ დიტო ხვიტიაზე მიიტანეს. მათი განცხადებით, ჯამბულ ჩიქოვანის დაკავება კანონის უხეში დარღვევით მოხდა, რომ მსგავსი რამ მათ არც უნახავთ და არც სმენიათ, დიტო ხვიტია კი “ოლიმპიური სიმშვიდით” უსმენდა ადვოკატების ბრალდებასა და ჯამბულ ჩიქოვანის ახლობლების წყევლა-კრულვას.

აღშფოთებულმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სასამართლო დარბაზი, პროცესის გაგრძელებაზე უარი განაცხადა ვლადიმერ ვახანიამაც, რომელმაც ხმამაღლა აღნიშნა, რომ მისი დაკავების ოქმი თავიდან ბოლომდე გაყალბებულია.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სიმართლისმთქმელ ჯამბულ ჩიქოვანს ჩვენების შეცვლის ბრალდებით 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. არადა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩიქოვანის მიერ მიცემული პირველი ჩვენება და ხელმოწერა გაყალბებულია. 8 სექტემბერს განახლდა სასამართლო სხდომა. უნდა დაეკითხათ, ასევე, მთავარი მოწმე მინდია მაქაცარია, მაგრამ პროცესზე იგი არ გამოცხადდა, რადგან მასაც იგივე ბედი მოელოდა, რაც – ჯამბულ ჩიქოვანს, რადგან თუ სიმართლეს იტყოდა არა იმას, რასაც პროკუ­რორი აძალებდა, მასაც დაიჭერდნენ. ამის დადასტურება იყო ის, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა. ადვოკატებმა დააყენეს საკითხი, რომ სანამ არ იქნება გარანტია მოწმის დაცულობისა და უსაფრთხოებისა, მის მოსვლას აზრი არ აქვს, რადგან მოსამართლემ მოითხოვა მისი იძულებითი წესით გამოცხადება სასამართლოში.

მსჯავრდებული ვახანიას ხუთივე ადვოკატმა დააყენა საკითხი პროკურორ დიტო ხვიტიას აცილების შესახებ, რადგან იგი მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლასა და მუქარას. მოსამართლე დავით კეკენაძემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მაშინ ადვოკატებმა თვით კეკენაძის აცილების საკითხი დააყენეს, რადგან იგი მიკერძოებული და სუბიექტურია და ასეთი პიროვნება ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. კეკენაძემ თავისი თავის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ის არის ობიექტური და ვერ ხედავს მისი და პროკურორის აცილების აუცილებლობას.

სიტყვით გამოვიდა ვლ. ვახანია და აღნიშნა, რომ მის მოწმეებზე ხორციელდება ზეწოლა და მუქარა. პირველად ჯერ დააპატიმრეს მთავარი მოწმე თენგიზ კალანდია (მას ნარკოტიკი ჩაუდეს), მერე – მეორე მოწმე ჯამბულ ჩიქოვანი, ახლა უნდა დააპატიმრონ მინდია მაქაცარიაც და ასეთ პირობებში სასამართლო პროცესის ჩატარებას არავითარი აზრი არ აქვს.

ვახანია და ადვოკატები, ასევე, ახლობლები სასამართლოსგან ობიექტურობას არ ელიან, ისინი მოითხოვენ თვით სამართალდამცველების – ხვიტიას, კანკიასა და შენგელაიას დასჯას, რადგან მათ ფაქტი გააყალბეს.

 

ლადო ქირია, ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here