მკვლელობაში ბრალდებული ემზარ ჯაყელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სს კოლეგიის მოსამართლემ ეკა არეშიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მას პროკურატურა 35 წლის სერგო კირთაძის მკვლელობაში სდებდა ბრალს, თუმცა პროკურატურამ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო ჯაყელის ბრალეულობის სასამართლოში დამტკიცება ვერ შეძლო. ჯაყელის ოჯახის წევრების განცხადებით, უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა კონკრეტული თანხა ამ ეტაპზე არ სახელდება.
საქმე აღიძრა სს კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობისათვის, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მკვლელობა 5 წლის წინათ წყნეთის უპატრონო ბავშვთა სახლის ეზოში მოხდა. პოლიცია ჯაყელს 5 წლის მანძილზე ეძებდა და მისი დაკავება 2008 წლის 3 ნოემბერს მოახერხა. ბრალდებული დაკავებიდან სასამართლოს დასრულებამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ თვლიდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ 2003 წლის 7 თებერვალს ემზარ ჯაყელმა სერგო კირთაძე მოკლა.
პროკურორი საბრალდებო დასკვნაში წერს, რომ მკვლელობის მოტივი უბრალო შეკამათება გახდა.
“2003 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 12 საათზე, ნინო მამფორია შინ მეგობართან სერგო კირთაძესთან ერთად დაბრუნდა. სახლში შესვლისთანავე მათთან სტუმრად მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ემზარ ჯაყელი, რომელმაც მისვლის მიზეზი იმით ახსნა, რომ ქუჩაში პოლიცია დადიოდა და მასთან შეხვედრას მოერიდა. ჯაყელმა და კირთაძემ ერთმანეთი გაიცნეს, ისაუბრეს. ნინო მამფორია კი ამ დროს მეორე ოთახში შვილს აძინებდა და თვითონაც ჩაეძინა. ცოტა ხანში მამფორია ჯაყელისა და კირთაძის ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა. ისინი საერთო ნაცნობის, ვინმე “შუტკას” გამო კამათობდნენ. ჯაყელმა კირთაძე გარეთ გაიხმო, კირთაძე გასვლამდე მამფორიასთან შევიდა, ქურთუკი აიღო და სთხოვა, დაეძინა; გასვლისას დაუბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა…
დაწყებული კამათი გარეთ გასვლის შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. განაწყენებულმა ჯაყელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კირთაძეს გულმკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის გამოც იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჯაყელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – მკვლელობის ამ ვერსიას თბილისის პროკურატურის საპროცესო განყოფილების პროკურორი მიხეილ ჩხეიძე ამტკიცებდა.
მისივე მტკიცებით, 2003 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე, ნინო მამფორიას გაეღვიძა. კირთაძე სახლში არ დახვდა, მის მოსაძებნად გარეთ გავიდა, თუმცა სიბნელეში ვერაფერი დაინახა და ისევ სახლში შებრუნდა. დილით ქუჩიდან ჩოჩქოლი შემოესმა, გარეთ გასულმა მოკლული კირთაძე იხილა.
ბრალდებული ჯაყელი წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის პროცესშიც დუმილის უფლებით სარგებლობდა. მისი ადვოკატი კი ირწმუნებოდა, რომ მკვლელობის ღამეს ჯაყელი საერთოდ არ იმყოფებოდა წყნეთში. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთადერთმა მოწმემ ირაკლი შავგულიძემ, რომელსაც ბრალდება ეყრდნობოდა, სასამართლოში ჩვენება შეცვალა, რისთვისაც იგი პროკურატურამ ჩვენების შეცვლისათვის დააკავა.
შავგულიძის ჩვენებით, ემზარ ჯაყელი მისი ბავშვობის მეგობარია. როგორც თავად იხსენებს, მოკლული პირველად მან ნახა, მაგრამ ვერ ამოიცნო.
“დაახლოებით დილის ოთხ საათზე სახლიდან სამსახურში წასასვლელად გამოვედი. უპატრონო ბავშვთა სახლის ეზოს რომ მივუახლოვდი, მზარეულმა ქალებმა დამიძახეს და მითხრეს, – ნახე ეზოში რა გდიაო.
მივედი, სანთებელა ავანთე და მიცვალებული დავინახე, თავდაღმა ეგდო… არც სახეზე შემიხედავს და არც სუნთქვა მესმოდა.
ორჯერ დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცა. მაშინვე დარაჯთან მივედი და ვუთხარი, პოლიციასა და სასწრაფოში დაერეკა. მე კი სახლში გამოვბრუნდი და დედაჩემი და მეზობლები გავაღვიძე…
ნინო მამფორიაც გამოვიდა, მკვდარი რომ ნახა, ტირილი დაიწყო. თურმე იმ საღამოს კირთაძე მასთან ყოფილა და ჯაყელს გაუცილებია. ნინომ მითხრა, რომ კირთაძე ჯაყელმა მოკლა. ნინო მამფორია ჩემი გარდაცვლილი ბიძაშვილის ცოლი იყო. ა. კირთაძე ნინომ თავის ნათესავად გამაცნო. იგი ხშირად დადიოდა მასთან,” – იხსენებს შავგულიძე.
შავგულიძე წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში წერდა, რომ “იმ დილით ემზარი მისივე ეზოს კართან ვნახე. მკითხა – რა ხდებაო? ვუთხარი – კირთაძე მოკლეს-მეთქი და მან შეაგინა კირთაძეს.” წინასწარ გამოძიებაში ნათქვამი ეს მონაკვეთი მან სასამართლო პროცესზე არ დაადასტურა და განაცხადა, რომ
“ეს ყველაფერი, ალბათ, გამომძიებელმა დაწერა. მე წერა-კითხვა არ ვიცი და არ მინახავს, გამომძიებელი რას წერდა.”
თავის დროზე შავგულიძის ძმამ პროკურატურას განცხადებითაც მიმართა, რომ შავგულიძის ჩვენება არასწორი იყო. იგი ძმის ხელახლა დაკითხვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ შავგულიძე მეორედ აღარ დაკითხა. 5 წლის შემდეგ სასამართლოზე დაკითხული შავგულიძე ჩვენების შეცვლისთვის დააკავეს.
მეორე მოწმე – ირაკლი გალუაშვილი იხსენებს, რომ მკვლელობის წინა დღეს ჯაყელს შეშის დაჩეხვაში ეხმარებოდა.
“მე და ემზარის ძმა მის სახლში შეშას ვჩეხავდით. საღამოს 7 საათი იქნებოდა, ემზარს მამიდამ რომ დაუძახა, დეიდაშენი გირეკავსო. ტელეფონზე საუბრის შემდეგ ემზარი სახლიდან გავიდა. მე როგორც ვიცი, იგი დეიდამისთან წავიდა და მკვლელობის ღამეს წყნეთში არ ყოფილა. დილით ეს ამბავი გავიგე. პოლიციაში როცა დამკითხეს, ჩემზე ზეწოლას ახორციელებდნენ. მითხრეს, ჯაყელს რატომ იცავო. პოლიცია პირდაპირ მეუბნებოდა, რომ მიმეცა ისეთი ჩვენება, რომელიც მის დანაშაულს დაამძიმებდა. მათი სახელები და გვარები არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი გამომძიებელი იყო,” – განაცხადა პროცესზე ირაკლი გალუაშვილმა.
მაკა ქობალია