აფხაზეთიდან დევნილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ინვალიდებმა, რომლებიც ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობენ, ოთხი წლის წინათ განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს (ამჟამად მათგან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია თანამდებობაზე), მაგრამ პასუხის ღირსნიც არ გამხდარან, ამიტომაც ვეტერანმა დევნილებმა გადაწყვიტეს, “საქართველო და მსოფლიოს” საშუალებით ისევ შეეხსენებინათ თავიანთი გულისწუხილი ხელისუფლებისათვის.
“ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებს, პირველ რიგში, ჩვენი წინაპრების საძვალეში დაბრუნება გვსურს. სამწუხაროდ, ვეტერანები უყურადღებოდ ვართ მიტოვებული. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 60 წლისთავზე ჩვენი ხსენებაც არ იყო. უბრალოდ, მოლოცვაც დაავიწყდათ, ჯილდოს გადაცემაზე აღარაფერს ვამბობ. აფხაზეთში კი ვეტერანებს სახლში მიუტანეს 60 წლისთავის აღსანიშნავი მედლები და ფულადი თანხა საჩუქრად. აქ კი კვლავ გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება ვეტერანებზე და ომში დაღუპულთა ქვრივებზე პენსიის ძირითადი კანონის მიღება. 1996 – 1997 წლებში დაგვპირდნენ, რომ 2004 წლის იანვრიდან ვეტერანების პენსია 129 ლარი გახდებოდა. 2003 წლის 31 დეკემბერს ეს კანონი, ანუ მე-60 მუხლის ამოქმედება 2005 წლის იანვრამდე გადაიდო. 2004 წლის 29 დეკემბერს ვადა 2006 წლის პირველ იანვრამდე გადაწიეს, ხოლო 2006 წლის დამდეგს პენსიის გაანგარიშებებზე მე-60 მუხლი საერთოდ ამოიღეს. ამგვარად გაქრა დაპირებული 129 ლარი! ჩვენი, ვეტერანთა, რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, რადგან ყველანი 80 წელს ვართ გადაცილებულები, ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, საარსებო მინიმუმი. მაქსიმუმ 5 წელიწადში, ალბათ, სანთლით საძებარნი ვიქნებით. ძალიან ბევრი ვეტერანი გარდაიცვალა საკვებისა და მკურნალობის სახსრების უქონლობით”, – ნათქვამია ოთხი წლის წინათ დაწერილ განცხადებაში, რომელსაც ხელს 31 ვეტერანი დევნილი აწერდა, მათგან ცხრა უკვე გარდაიცვალა. თუ ხელისუფლებამ მართლაც არ იზრუნა ამ ომგამოვლილ, ფაშიზმის დამმარცხებელ ადამიანებზე, მართლაც, რამდენიმე წელიწადში ისინი ზეციურ საქართველოში დაიმკვიდრებენ ადგილს.
ლადო ქირია