Home რუბრიკები სამართალი “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის წერილი N6 საპყრობილიდან

“საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის წერილი N6 საპყრობილიდან

გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარ რედაქტორს, ბატონ ირაკლი თოდუას

ბატონო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგესალმოთ და ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თქვენდამი, თქვენი რედაქციის და გაზეთის მიმართ. როგორც თქვენი გაზეთის დაარსებიდან მისმა მუდმივმა მკითხველმა, მინდა, მთელი პასუხისმგებლობით და კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მან ძალიან მოკლე დროში მოიპოვა საზოგადოების ნდობა და თავისი დამსახურებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მედიასივრცეში. ამას თქვენი რედაქციის ჟურნალისტების, პროფესიული გუნდის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და მკაფიო ეროვნული პოზიციის დამსახურებად ვთვლი. ამას ემატება შესანიშნავად გააზრებული საინფორმაციო, ანალიტიკური, პოლიტიკური და ისტორიული მასალები, გაზეთის ინდივიდუალური სტილი, რაც მაფიქრებინებს, რომ თქვენ მიერ არჩეულ რთულ გზაზე წარმატება გელით.
მოგეხსენებათ, მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ და ცალმხრივმა პოლიტიკურმა აზროვნებამ სერიოზული დაღი დაასვა მედიისადმი საზოგადოების ნდობას. ელექტრონულ მედიაზე განხორციელებულმა ზეწოლამ და ტერორმა შედეგი გამოიღო, მისი უმეტესი ნაწილის კაპიტულაცია და თვითშეზღუდვა მოახდინა, რამაც პრესას საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე მეტი პასუხისმგელობა დააკისრა, მაგრამ ნახევრადთავისუფალი მედია ისეთივე ტრაგედიაა ქვეყნისთვის, როგორც თავისუფალი სიტყვის იმიჯით შენიღბული თუ ანგაჟირებული; ან ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა. ამიტომ პასუხისმგებლობის სიმძიმე ათმაგდება, როდესაც ახალი, დამოუკიდებელი მედიასაშუალება (ამ შემთხვევაში თქვენი გაზეთი) საკუთარ თავზე იღებს ისეთ სიმძიმეს, რომ დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა ჯუნგლებში და საზოგადოებამდე მიიტანოთ ჭეშმარიტად თავისუფალი აზრი და სიტყვა, რაც ჩემში თქვენდამი ღრმა პატივისცემას იწვევს.

ბატონო ირაკლი, მე, მერაბ რატიშვილი, თქვენი ერთგული მკითხველი, წელიწადი და მეცხრე თვეა მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვიმყოფები, სადაც შეზღუდული მაქვს ყველა ელექტრონულ მედიასაშუალებებთან გაცნობა (სამაგიეროდ ვისვენებ და დაცული ვარ მისგან), ამიტომ დღეს მხოლოდ ქართული პრესაა ჩემი მეგობარი და მეგზური ქვეყანასა და მსოფიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გამოგიტყდებით, ჩემდაუნებურად მოპოვებულ თავისუფალ დროს უქმად არ ვკარგავ და ვცდილობ, ზოგიერთი ჩემი ნააზრევი თუ მოქალაქეობრივი პოზიცია, რომელიც აქაც ვერ შემიზღუდეს, საზოგადოებას მივაწოდო. ამას, სხვათაშორის, თქვენი მეშვეობითაც ვახერხებ, რისთვისაც მადლობას გიხდით. იმედს ვიტოვებ, მომავალშიც შევძლებთ თანამშრომლობას და, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ურთიერთთანადგომას.

თუ საჭიროდ ჩათვლით, გთხოვთ, თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.

მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატება თქვენს რთულ და ეკლიან გზაზე.

პატივისცემით

მერაბ რატიშვილი

პოლიტპატიმარი,

პოლიტოლოგი

ქ. რუსთავი,

N6 საპყრობილე

08.07.2009 წელი.

 

სამწუხაროდ, ოპერატიულად თვალყურს ვერ ვადევნებდი – ტელევიზორი და რადიო არ მაქვს საკანში, მაგრამ იმ ინფორმაციით, რაც პრესის საშუალებით მივიღე, შეიძლება გითხრათ, რომ ბატონმა ბაიდენმა ჩაგვიტარა დიპლომატიის 24-საათიანი მასტერკლასი, როცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კმაყოფილი დატოვა, მაგრამ ხელში არც ერთს არაფერი უჭირავს. დანარჩენი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ მხარეს როგორი ინტერპრეტაციის და პიარის უნარი აღმოაჩნდება – სათავისოდ რომ გამოიყენოს ბაიდენის ფორმულირებები და ქვეტექსტები. ქართველი საზოგადოება კი, ჩემი აზრით, ცოტა გაოგნებული და იმედგაცრუებული დარჩა იმიტომ, რომ ბატონმა ბაიდენმა მიშა თან არ წაიყვანა და იმედი გაუცრუა.

სააკაშვილმა კი 24-საათიანი მლიქვნელობის კლასიკური მაგალითი გვიჩვენა, რომლის საფასური მილიარდი დოლარი და ხელისუფლებაში დარჩენის იმედი იყო. თუ ასეთი სტუმარმასპინძლობა და ამგვარი მლიქვნელობა შეეძლო, მეასედი რომ პუტინთან და მედვედევთან გამოეყენებინა, არც ეს ე. წ. ომი იქნებოდა, არც რუსულ ბაზარს დავკარგავდით, ამდენ ხალხსაც არ დავაქცევდით, არც ურთიერთობა გაფუჭდებოდა – აფხაზეთიც და ოსეთიც აქეთ დაგვიწყებდა ხვეწნას.

საინტერესოა, რა იფიქრა იმ დროს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ, როდესაც ბაიდენს, როგორც გმირსა და სამყაროს პრეზიდენტს ხვდებოდნენ. მაშინ როგორღა უნდა დახვდნენ ნიკოლას, რომელმაც მოქალაქეობრივი და პოლიტიკური გმირობა რეალურად ჩაიდინა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარემ, როცა რუსული ტანკები თბილისთან გააჩერა. შემდეგ კი ევროკავშირიდან ჩვენთვის 2-მილიარდიანი დახმარებით დაგვასაჩუქრა. მაგრამ, ვფიქრობ, ნიკოლა სარკოზი ამას არ დაუშვებდა, განა იმიტომ, რომ ადამიანური სისუსტეები არ აქვს. არა, უბრალოდ ევროპული მენტალიტეტიც, დემოკრატიაც და ჩვენ მიმართ მიდგომაც სხვა აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ევროპელები არ გვიყურებენ, როგორც თავის ახალ კოლონიას, ამიტომ არც იმის უფლებას მოგვცემენ, მშიერ ქვეყანაში მათ მიერ გამოყოფილი ფული ერთდღიან მარიაჟობას დავახარჯოთ. სარკოზის თავშეკავებულობა კი შარშან აგვისტოში ვნახეთ.

ის მილიარდი, რომელიც ბატონმა ბაიდენმა რამდენჯერმე შეგვახსენა, არავინ იცის, სად წავიდა და რას მოხმარდა. არც არავის შეუწუხებია თავი, ბოლომდე ჩასძიებოდა. რაში მოიხმარა სააკაშვილმა ეს ფული? და მეორე – ეს ფული მათ ბიუჯეტს არ მოჰკლებია. ამ ფულის რეალური ფასი მათთვის ევროპელებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი მილიონ ასი ათასია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ ფულის დაბეჭდვა მოუწევთ, მანამდე, მათთვის მხოლოდ ელექტრონული ვერსიაა, ანუ ელექტრონული ფული. ამის მიუხედავად, მადლობა ნამდვილად ეთქმის.

ბატონი ბაიდენი “ვარდების რევოლუციის” დაუსრულებლობაზე, დემოკრატიის განვითარებასა და გაგრძელებაზეც საუბრობდა, არც ჩვენი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები გამორჩენია, რაც ჩვენთვის, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აქაც ბევრი რამ დასაფიქრებელი და გასაანალიზებელია. მათ ხომ ჩვენზე კარგად იციან, რა რევოლუცია იყო და რა დემოკრატიაა დღეს საქართველოში. როგორ შეიძლება, განავითარო და გააძლიერო ის, რაც არ არსებობს. თუ ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი საარჩევნო გარემო, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, არიან პოლიტიკური პატიმრები, უკაცრავად, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი?! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი დემოკრატიისგან და ამავე მიმართულებით გაძლიერებისაკენ. სხვათაშორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტიც აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს და პოლიტპატიმრები გვყავს. ჰილარი კლინტონის 2008 წლის თებერვლის ანგარიშში, რომელშიც მოხსენიებული ვარ, როგორც პოლიტპატიმარი, აქცენტი და მითითებებიც სწორად არის გაკეთებულ. რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ? ახლა მე გეკითხებით, თუ იციან და აღიარებენ საქართველოში პოლიტპატიმრებს, რატომ არაფერი გააკეთეს? აგერ ივლისი დამთავრდა, თუ რაიმეს გამოსწორება უნდოდათ, 6 თვე ჰქონდათ, ვინ შეუშალათ ხელი? რა გამოკვეთა ამ ხნის მანძილზე პატივცემულმა აშშ ელჩმა, ბატონმა ტეფტმა, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მისი პირადი ხელმძღვანელის მოხსენებასაც და დასკვნებსაც იგნორირება გაუკეთა? რატომ არ მოსთხოვა სააკაშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლება? დასკვნები თვითონ გააკეთეთ. მათ ხომ ჩვენზე კარგად იციან, რომ თუ დემოკრატიას ერთი კომპონენტი მაინც აკლია, უკვე დემოკრატია აღარ არის. მაშინ დავარქვათ თავისი სახელი, რომ ქვეყანაში დიქტატურის პირობებში არსებობს დემოკრატიის ელემენტები, დემოკრატიული სეგმენტები, რასაც დემოკრატიას ეძახიან ზოგიერთები.მსგავსი რამ ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის აფრიკის დიქტატორული რეჟიმებისა და კაციჭამია პრეზიდენტების პირობებშიც, რადგან ფორმალურად იმათაც აქვთ ე. წ. სასამართლო, ე. წ. არჩევნები და ე. წ. პარლამენტი.

აქ მინდა, ისევ ოპოზიციას გადავწვდე და ვუთხრა, როდესაც აიტაცებთ და კომენტარებს უკეთებთ სააკაშვილის გამოსვლებს დემოკრატიის მეორე და მესამე ტალღაზე, მეტ დემოკრატიაზე და მეტ თავისუფლებაზე, თქვენ შეგნებულად თუ უნებლიედ იმეორებთ იმავე ფრაზებს, რომ მართლაც გინდათ ახალი დემოკრატიული ტალღები და მეტი დემოკრატია. თქვენ ამით “აპრავებთ” მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, უზურპატორის რეჟიმს და, პრაქტიკულად, აღიარებთ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არსებობს, ოღონდ ამას არ ჰყოფნის სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო და ა.შ. თუ ეს ყველაფერი რეალურად არ არსებობს, მაშინ სადაა დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა? ვინ, როდის და სად მიუშვა ხალხი სამართავად? ამით თქვენვე ქმნით ხაფანგებს და მერე თქვენვე ებმებით შიგ, თუნდაც – როდესაც სააკაშვილს მოიხსენიებთ პრეზიდენტად, ამით ხომ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას; რამ განაპირობა თქვენი პოზიციის შეცვლა, მეგობრებო? ჯო ბაიდენის ვიზიტის უფრო საფუძვლიანი შეფასება შესაძლებელი უფრო მოგვიანებით იქნება, ვინაიდან გარე, საჩვენებელი ღონისძიებების გარდა რეალურად ინფორმაციას თითქმის არავინ ფლობს. ვინც ფლობს, აღთქმა აქვს მიცემული და ბოლომდე არ საუბრობს. არ ესმით, ახლა თუ არ თქვეს, მერე ამას ის ფასი აღარ ექნება, მაგრამ რას ვიზამთ, ეს თუ მათი არჩევანია. ამიტომ ჯობია, დაველოდოთ, როგორ ჩაივლის აგვისტო და მერე, შეიძლება, სხვა საკითხზეც ვისაუბროთ, განსაკუთრებით უსაფრთხოების და ტერიტორიული პრობლემების საკითხებზე. თუ გაგახსენდებათ, მე მზად ვიქნები სასაუბროდ.

დამერწმუნეთ, რომ ამერიკულ დემოკრატიას და დემოკრატიულ ფასეულობებს ეჭვქვეშ არ ვაყენებ; პირიქით, ვთვლი, რომ მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიული განვითარების პირობებში მიაღწევს ჩვენი ერი და ქვეყანა დამოუკიდებლობას და გამთლიანებას. ჩვენს ერს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ეს კარგად იციან რუსებმაც და ამერიკელებმაც, იციან ჩვენი ზნე-ჩვეულებები და ხასიათი. ეროვნული თავისუფლება ხომ პიროვნული თავისუფლებით იწყება, რაც ჩვენში, ერის უმეტეს ნაწილში, ნამდვილად ჭარბობს. ზუსტად ამის შეზღუდვას ცდილობენ ჩვენთან, ადვილი სამართავები რომ ვიყოთ. ქვეყანაში, სადაც მონები ცხოვრობენ თავისუფალი ვერ გახდები, ამიტომ მათთვის – მეგა სახელმწიფოებისთვის ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა მხოლოდ პირობითი მცნებებია. თუ საქართველოს მუდმივად ენდომება, ამერიკული და თუნდაც რუსული კრედიტები მიიღოს, მათთვის ჩვენ “მეგობარი ქვეყანა” ვიქნებით იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსი ექნება ჩვენს სახელმწიფოს, როგორი რეჟიმი იქნება ქვეყანაში და რა გვარის იქნება ქვეყნის მმართველი. ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here