Home რუბრიკები სამართალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ქმარი ცოლს თავის ჩამოხრჩობას აიძულებდა

მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ქმარი ცოლს თავის ჩამოხრჩობას აიძულებდა

1689

საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ემსახურება. შიდა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის ფაქტების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას ჩვენი ეროვნული შეგნება თავს არიდებს. თუ არა და… ადამიანური ტრაგედია შეიძლება სულაც აქვე, ჩვენ გვერდით ტრიალებდეს და, არც თუ იშვიათად, მოწმეთა გარეშე. გაყიდული, შეურაცხყოფილი და ნაწამები მსხვერპლი ჩვენი საზოგადოების წევრია. არავის უნდა ეპატიოს მძიმე დანაშაული, რომლის ცენტრში ადამიანის უფლებებისა და პირადი ღირსების ხელყოფაა.

შიდა ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი და ამავე ორგანიზაციის იურისტი მანანა ფურცხვანიძე.
– ქალბატონო ელისო, თქვენამდე მოსატან ფაქტებს ხშირად თან სდევს პრინციპული დუმილი, არც იძულებითი დუმილია გამონაკლისი. თუ შეიცვალა რამე ამ მიმართულებით?

– ძნელია, მსხვერპლმა გადააბიჯოს იმ ზნეობრივ ზღვარს, რასაც ეროვნული მენტალიტეტი ჰქვია და ჩვენამდე მოვიდეს. ქართველებს ოდითგანვე გვწამს, რომ ჭუჭყიანი სარეცხი არ უნდა გამოვფინოთ, ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გავიდეს. ასეთი ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. მართალია, ერცხვინებათ ჭირის გამხელა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, “…ჭირმა თავი არ დამალაო”. ხშირად მსხვერპლისათვის მიყენებული ზარალი იმდენად მძიმეა, რომ დაგვიანებული გამოაშკარავებისას ჭირს მსხვერპლის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა, მიჩქმალვით კი სავალალო შედეგებს ვიღებთ.

ჩვენი ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა, 10 რეგიონული კომიტეტითა და ორი თავშესაფარით, რომელიც თბილისსა და ახალციხეში მდებარეობს. რეაბილიტაციის ცენტრებში ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ და, როდესაც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა აუცილებელია, თავშესაფრებში ვათავსებთ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მსხვერპლთა უმრავლესობამ არ იცის, სად და ვის მიმართოს.

– მაინც, რატომ და რა მიზეზით ხდება ამგვარი დანაშაულებანი. რომელიმე ფაქტს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– უამრავი პრობლემით დატვირთული ჩვენი რთული ყოფა ძალადობაზეა აგებული, ხშირად ადამიანურ ურთიერთობებში უამრავ სიყალბეს ვხვდებით. ყველა ვერ ძლევს ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს და ირღვევა ადამიანის წონასწორობა. ყველაზე ხშირად კი ადამიანი თავის შინაგან არსს აგრესიით ავლენს და აქედან იწყება მსხვერპლის ტრაგედიაც, რომელიც ადამიანობის საზღვრებს სცილდება.

არასოდეს დამავიწყდება ორშვილიანი ახალგაზრდა ოჯახი, ტირანადქცეული მამისაგან საშინელ ძალმომრეობას რომ განიცდიდა. ოჯახის მამას სახლში, ფარდის მიღმა სახრჩობელა ჰქონდა გამზადებული. ოჯახში თავისი დადგენილი წესებით ცხოვრობდა, გარეთ კი “სხვას” თამაშობდა. საზოგადოებაში მათ ოჯახზე დადებითი აზრი არსებობდა – ცოლ-ქმარი ყველას მოსიყვარულე წყვილად მიაჩნდა, მეტიც, თვით ოჯახის მოსიყვარულე ნათესავებმაც არ იცოდნენ, შიგ რა “ქოთანი დუღდა”. ოჯახის დედა თუ ოჯახის უფროსის მიერ დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს დაარღვევდა, საღამოს ჩამქრალი სინათლის ფონზე ასეთი სცენა თამაშდებოდა: სადისტი მამა მცირეწლოვან შვილებს მაყურებლად სვამდა, ხოლო ცოლს ტკბილი, დათაფლული, მოსიყვარულე ხმით სთხოვდა, ჩადენილი დანაშაულისთვის თავი ჩამოეხრჩო. ქალი ფოთოლივით ცახცახებდა; ბავშვებს მკვდრისფერი ედოთ, შიშისაგან ენაჩავარდნილნი უცქეროდნენ სასტიკ სპექტაკლს. ამგვარი სცენა დედისა და ბავშვების ფსიქიკას ანადგურებდა, ოღონდ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად და თუ არა ჩვენი დროული ჩარევა, თითოეული მათგანი ზეწოლითა და ფსიქოლოგიური შთაგონებით სახრჩობელის მსხვერპლი გახდებოდა.

– ეს ამბავი უშუალოდ მსხვერპლმა შეგატყობინათ? მოძალადე კაცი, ალბათ, ავადმყოფი იყო…

– ძნელია სიტუაციის გაანალიზება. ქალი მეგობარს გამოუტყდა არსებული ვითარების კულმინაციისას, როდესაც იგრძნო, რომ ქმრის დაჟინებულ სურვილს გადატანილით დაღლილ-დაქანცული ვეღარ გაუძლებდა. მეგობარმა ქალმა კი დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ძალადობას ეხება საქმე, ყველას ჰგონია, რომ მოძალადე ავადმყოფია. ამ შემთხვევაში მამაკაცს სულიერი აშლილობის არც ერთი სიმპტომი არ აღმოაჩნდა. ძნელია, დამნაშავის სულში ჩაღრმავება, მისი საქციელის ახსნა. როდესაც ამ კაცს დაველაპარაკეთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს სიტყვები ყრუ კედელს ეხეთქებოდა, თითქოს ბრმა კაცის წინაშე ვიდექით, რადგან ჩვენ წინ პირქუში, ემოციაგამოფიტული არსება იდგა. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასთან, რომელიც მსხვერპლზე ფიზიკურ კვალს არ ტოვებს და ყველაზე ვერაგული ხერხია. ეს აქ, თბილისში მოხდა. კარგა ხნის მანძილზე მსხვერპლი შვილებითურთ სულიერად იმსხვრეოდა, ფიზიკურად ნადგურდებოდა. ქალი მცირეწლოვანი ბავშვებით რეაბილიტაციის ცენტრში მოვათავსეთ. დედამ არ ისურვა თავისი შვილების მამის პასუხისგებაში მიცემა და მისი დასჯა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ვასწავლოთ, როგორ იცხოვროს, მაგრამ ამგვარი მიდგომით ისევ თვითონ ზარალდებიან. ეს ამბავი უფრო ამიტომ დამამახსოვრდა და ხშირად ვფიქრობ მათზე. ვერაფრით ვხვდები, ასე რატომ ხდება წყვილებში: გულადს – მშიშარა, კაცთმოძულეს – კაცთმოყვარე, ბოროტს – სათნო, უნდილს – ენერგიული, ეგოისტს – ალტრუისტი, ხოლო ურწმუნოს ღვთისმოსავი უკავშირდება. ასეთი ოჯახების ბავშვებზე ფსიქიკური ზეგავლენის კვალი იმდენად მძიმეა, რომ მომავალში დიდ საშიშროებას უქადის და მათ გამოსაჯანმრთელებლად სერიოზული მუშაობა გვჭირდება.

საუბარში მანანა ფურცხვანიძე ჩაგვერთო, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად სახელმწიფო ქსელში შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს. მან შიდა ტრეფიკინგის შემთხვევაზე გვიამბო:

– ტრეფიკინგის პროცესში განსაკუთრებულად ყურადსაღებია “სასოწარკვეთის” ფენომენი, რომელიც იუნგის მიხედვით “შინაგანი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მონაკვეთია”. სასოწარკვეთილი ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. ხშირად ადამიანი ვაის გაეყრება და უის შეეყრება. მე და ფსიქოლოგი (ქ-ნი მანანა იურისტია) ერთად გავდივართ სავარაუდო მსხვერპლთან ინტერვიურებას. ამის საფუძველზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს, არის თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლი კომისიაზე გასული.

იყო შემთხვევა, როცა თბილისის “ტუბდისპანსერში” ჭლექით დაავადებული გოგონა მიიყვანეს, რომელსაც ტრეფიკინგის ნიშნები ჰქონდა.

გოგონა ობოლი იყო. მას ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბებია ზრდიდა. ბებია ქალაქის რკინიგზის ვაგზალში მზესუმზირას ყიდდა, გოგონა კი ყოველთვის თან ახლდა. უკონტროლობამ და უყურადღებობამ, ვაგზლის გარემომ ჯერ კიდევ ბავშვი, 12 წლის უბიწო გოგო ისე გარყვნა, რომ ბებიას ეჭვიც არ გასჩენია. ის უკვე იქ მყოფ მეძავ ქალთა გავლენით სხეულით ვაჭრობდა.

– ქალბატონო მანანა, ვაგზალი სავსეა პოლიციელებით. განა იქ მყოფმა სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიეს არასრულწლოვანი გოგოს მდგომარეობა?

– ეს არ ვიცი, მაგრამ ვიღაც მამაკაცმა ამ გოგონას საშუალებით ფულის კეთება მოინდომა. ძალმომრეობით გოგო თბილისიდან კახეთში ჩაიყვანა და ერთ სახლში რამდენიმე ქალთან ერთად ჩაკეტა, რომელნიც მამაკაცებს ემსახურებოდნენ. მას ყველაფერი აუკრძალეს, “მომსახურებიდან” კი დღეში მხოლოდ 5 ლარს აძლევდნენ. სექსუალური ექსპლუატაციის შედეგად გოგონა დასუსტდა, ტუბერკულოზით დაავადდა. როდესაც ჩვენ ის ვნახეთ, უკვე 16 წლის იყო. მას არ მოსწონდა თავისუფლების შეზღუდვა და ამბობდა: “კახეთიდან ამიტომ გამოვიპარეო”, მაგრამ ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და “ვაგზლის” ძველმა მეგობრებმა დისპანსერში სამკურნალოდ წამოიყვანეს, სადაც მკურნალობის სრულ კურსს გადიოდა. კომისიამ ის ტრეფიკინგის მსხვერპლად მიიჩნია და მისი რეაბილიტაციის ცენტრში მოთავსება გადავწყვიტეთ. მან თავშესაფარზე უარი თქვა.

ისე იყო გონებადაქვეითებული, საკითხში გარკვევა უჭირდა. უტიფრად გარე სამყაროსკენ ილტვოდა. მკურნალობა არ დაუმთავრებია, ისე გაიპარა ტუბდისპანსერიდან. შევეცადეთ, მოგვეძებნა, მაგრამ ამაოდ. მასზე ფიქრი ჩემი გონებიდან მაინც არ ქრება. რატომ ვერ შევძელით, გადაგვერჩინა “ქალაქში, მტვერში” წაქცეული ბავშვი, რომელიც ღმერთმაც გაწირა და კაცმაც? ამგვარი შემზარავი ფაქტებით მარტო არასრულწლოვანი გოგონას სული არ სახიჩრდება, ჩვენი ეროვნული, ადამიანური ღირსებებიც ილახება.

 

ესაუბრა

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here