Home რუბრიკები სამართალი “033”-ის თანამშრომლები სამსახურიდან თანამშრომლის არდასმენის გამო დაითხოვეს

“033”-ის თანამშრომლები სამსახურიდან თანამშრომლის არდასმენის გამო დაითხოვეს

717

საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს კანონი არ იცავს

ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ პრობლემები დამახასიათებელია როგორც კერძო, ისე სახელისუფლო სტრუქტურებისთვის. ამ უკანასკნელ სეგმენტში დასაქმებულებმა სამუშაო ადგილები შედარებით ადვილად შეინარჩუნეს, თუმცა საფრთხე რეალურად არსებობს და სამსახურის დაკარგვის ალბათობაც ნებისმიერი სექტორისთვის დიდია. დასაქმებულებს ზოგჯერ მაშინაც ათავისუფლებენ, როცა მიზეზად ეკონომიკური კრიზისი არ სახელდება, მაგრამ უმნიშვნელო ფაქტი ასეთ საბაბად ადვილად გამოიყენება. რამდენიმე კვირის წინ ასე მოხდა სასწრაფო დახმარება ,,033”-ის შემთხვევაშიც. კომპანიის ორი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ თანამშრომლის ნასვამობა არ დაადასტურეს. ეს იყო ადამიანის უფლებებისა და შრომის კოდექსის უხეში დარღვევა. სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი მომხდარა. ამის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურები და ორგანიზაციები ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარღვეული უფლებების აღდგენა ნაკლებად ხელეწიფებათ.
“პროფესიული კავშირების” წარმომადგენელთა განმარტებით, საქართველოში ხშირია შრომის კოდექსის უხეში დარღვევა და, მასთან ერთად, ადამიანის მორალის შელახვა, რაზეც შესაბამისმა სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ რეაგირება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სფეროში ერთადერთ პრიორიტეტად სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და უმუშევრობის დაძლევას ასახელებს. მართალია, მთავრობა დაბეჯითებით ირწმუნება, რომ სიღარიბის დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს და არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდება, უმუშევრობასთან ბრძოლაში წაყრუების პოლიტიკას ხშირად მიმართავს.

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში ხშირია. მას ხელს უწყობს ისიც, რომ შრომის კოდექსი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს და დასაქმებული მოქალაქეების უფლებები ყოველ წუთს ირღვევა. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა კანონში ცვლილებების შეტანა. “ჩვენ 30-პუნქტიანი შესწორება შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან და იმედია, მათში მალე მოხდება გარკვეული და აუცილებელი ცვლილებები, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, – საქართველოში, ისედაც არარსებული უფლებების უხეში დარღვევის არაერთი ფაქტი არსებობს. ბევრია შემთხვევა, როდესაც სამსახურებიდან უკანონოდ დაითხოვენ ხოლმე თანამშრომლებს. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვიცავთ მათ უფლებებს. უბედურება ისაა, რომ ადამიანები ხმას არ იღებენ მანამ, სანამ უშუალოდ მათ კარზე არ დააკაკუნებს ასეთი უბედურება. დღეს ხშირია დეკრეტის არგაცემის, დაშანტაჟების, ხელფასის უკანონოდ დაქვითვის, უკანონო დათხოვნის ფაქტები. პროფკავშირებში უწყვეტად შემოდის საჩივრები. საჭიროა ჩვენი ორგანიზაციის მეტად გაძლიერება და ფეხზე დაყენება, რათა უფრო მარტივად შევძლოთ მათი დახმარება. ამისათვის კი აუცილებელია კანონში ცვლილებების განხორციელება. სასწრაფო დახმარება “033”-ში მომხდარი შემთხვევა სამარცხვინოა. არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება ის ფაქტი, რომ ვიღაცამ თანამშრომელი არ დააბეზღა და ამ მიზეზით სამსახურიდან დაითხოვეს. ეს ამორალური საქციელია”.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კერძო სექტორში ასეთი ფაქტი მრავლადაა, მაგრამ სახელმწიფო კომპანიის – ,,033”-ის შემთხვევა მათთვის პირველია. პეტრიაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,ასეთ ფაქტს სათანადო რეაგირება თუ არ მოჰყვა, სისტემურ სახეს მიიღებს. მით უმეტეს, როდესაც საქმის კურსში არიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრი, შესაბამისი რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს”.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია მსგავს დარღვევებს შრომის კოდექსის უვარგისობას მიაწერს. ,,033”-ის შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელი არანაირ დასაბუთებას არ ითხოვს; უბრალოდ, ამბობს, იმიტომ გავუშვით, რომ არ დაადასტურეს თანამშრომლის ნასვამობაო, რაც მათ მოვალეობაში არ შედიოდა. სასწრაფო დახმარების ექიმთა სამუშაოზე აღდგენა კი რატომღაც ჭიანურდება. სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი დღეს საკმაოდ მრავალგვარია. ვისაც უნდა თანამშრომლის დათხოვნა, საბაბად ეკონომიკური კრიზისის გამოყენებას ადვილად ახერხებს. საქმე ისაა, რომ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ. ვიღაცამ შვებულება მოითხოვა და არ აუნაზღაურეს, ვიღაცამ კუთვნილი ხელფასის დროულად მიღება მოითხოვა და უარი მიიღო და ა.შ.

“ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ფოთის პორტის რამდენიმე მედმუშაკი სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვდნენ. პროცესი ახლახან დასრულდა, სამწუხაროდ, წავაგეთ, – ამბობს ალექსანდრია, – ბევრია, ასევე, დამსაქმებელთა მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ხელფასების გაუცემლობის ფაქტი. პრობლემა განსაკუთრებით იმათ შეეხო, ვინც ამა თუ იმ კომპანიაში ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი და მასთან დაახლოებული ექსპერტი აცხადებდა, რომ საქართველო არ არის საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირებული ქვეყანა და კრიზისი არ შეეხებაო, მაგრამ ასე არ მოხდა. მსოფლიო საფინანსო კრიზისი შეგვეხო და საკმაოდ მწვავედაც. ეს პრობლემა განსაკუთრებით კერძო სექტორს ეხება. საჯარო სამსახურებში დაფინანსება გადასახადებზეა დამოკიდებული, სადაც, ასევე, მნიშვნელოვანი დარღვევებია.

ჩვენ დავიცავთ ყველა ადამიანს, რომელსაც დამსაქმებელთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კანონში გვაქვს მექანიზმები, რაც მათ დაცვას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ისინი, ვინც აქამდე ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. ამ ადამიანების დაცვა ძნელია. ჩვენ მათ დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ მონურ შრომაზე არ წასულიყვნენ და დამსაქმებელთან ხელშეკრულების გარეშე საქმიანობაზე თავის დროზე უნდა ეთქვათ უარი. სამწუხაროდ, მაშინ არავინ გვისმინა, შედეგმა კი, როგორც ხედავთ, დიდხანს არ დააყოვნა”.

კერძო სტრუქტურები დღესაც შეგნებულად არიდებენ თავს ხელშეკრულების გაფორმებას. სამწუხაროდ, როდესაც ქვეყანაში სრული უმუშევრობაა და ყველა ცდილობს, როგორმე იშოვოს დღიური ლუკმა, ხელშეკრულების გარეშე შრომასაც ადვილად თანხმდება.

 

ირმა ჩიტაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here