Home რუბრიკები სამართალი უგუნურთა პოლიტიკამ სამშობლო დამაკარგვინა, ოჯახი დამინგრია და შვილი გამიუბედურა

უგუნურთა პოლიტიკამ სამშობლო დამაკარგვინა, ოჯახი დამინგრია და შვილი გამიუბედურა

674

არა ერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ ემიგრაციაში წასვლა არა მხოლოდ ქვეყნისთვისაა საზიანო, არამედ ხშირად – თვით ემიგრანტის ოჯახის დამანგრეველიც. წლების მანძილზე ამ საკითხს პრინციპული დუმილი სდევდა, რადგან უცხოეთში წასულებიც და აქ დარჩენილებიც ფიქრობდნენ, რომ ეს “განშორება”

5 წელიწადზე მეტს არ გასტანდა. დღეს ემიგრანტთა მხრიდან ხშირად ისმის კითხვა: – როდის დავბრუნდებით ან როგორ ქვეყანაში დავბრუნდებით?

კითხვაც და პასუხიც ჩვენდა უნებურად გადაჯაჭვულია უამრავ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემასთან.

აი, რას გვიყვება ამერიკაში მყოფი ემიგრანტი ბელა გვიშიანი.
– ქალბატონო ბელა, როდის და როგორ წახვედით ამერიკაში, რამ გაიძულათ, ოჯახს განშორებოდით?

– უბედურებაა, როცა ადამიანი იძულებულია, ლუკმაპურისთვის ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს. ეს უკიდურესად გაჭირვებულთა ხვედრია. წასვლის მიზეზი თავისთავად ყალიბდება, რადგან ოჯახის ტრაგედია ჩვენსავე სულში იხარშება.

სრულიად ახალგაზრდა სიყვარულით გავთხოვდი, გული იმედებით მქონდა სავსე და სულიც მიმღეროდა. მეგონა, სიყვარული ცხოვრებისეულ სიძნელეებს გადამალახვინებდა. ჩემი მეუღლე უმამოდ გაიზარდა, ქვრივმა დედამთილმა კი იტალიურ ეზოში დამხმარე სათავსოების გარეშე ერთი დიდი ოთახი და იაფფასიანი ავეჯი დაგვახვედრა. ჩემი მეუღლე საავიაციო ქარხანაში მუშაობდა მექანიკოსად. ჩუმი, მორიდებული, პატიოსანი და გამრჯე კაცი ხუთსულიან ოჯახს გვინახავდა. ორი გოგონა შემეძინა.

ბინა ნგრევის ზონაში იყო და ახალ ბინებს ველოდებოდით. მოუწყობელ ეზოში მცხოვრებნი მხოლოდ ერთი ტუალეტითა და ერთი ონკანით ვსარგებლობდით. ჩინელების წყევლა – “რევოლუციის დროს გეცხოვროს” – ამიხდა. უშუქოდ და უგაზოდ დავრჩით. ჩემი პატარა გვანცა სიბნელეში გამუდმებით ტიროდა. მეუღლემ სამსახური დაკარგა. უკიდურესად გაგვიჭირდა. არც დანაზოგი მქონდა და არც გასაყიდი ნივთები. პურის ფულსაც ხშირად ვსესხულობდი. განა რამდენ ხანს გაიტანდა ოჯახი თავს ნასესხები ფულით… მერე საქორწინო ბეჭედიც გავყიდე. მისაყვედურეს – ოჯახის დანგრევა იცისო, მაგრამ მაშინ ეს ცრურწმენად ჩავთვალე. გაჭირვებაში უკეთ ვლინდება ადამიანთა ხასიათი. ჩვენი ეზო ამ მხრივ გამოირჩეოდა, ჭირიც და ლხინიც ერთი გვქონდა. ბავშვებისთვის შეშის ღუმელი დავდგი. ზამთარში პურის რიგში დგომისგან შეციებული მეზობლები თავს ჩემთან იყრიდნენ. ეზოდან პირველად ამერიკაში ლაღიაშვილების რძალი წავიდა, მერე მეორე მეზობელი – საბერძნეთში. ჩვენმა კარის მეზობელმა დედა-შვილმა სახლი გაყიდა და ამერიკაში გაემგზავრა. მე კი ორი კარტოფილითა და ხახვით წვნიანს ვაკეთებდი და ჩემი ცრემლებით ვაზავებდი, რადგან დარდს ოჯახის წევრებსაც კი ვუმალავდი. ცხოვრებამ თვალნათლივ დამანახა, რომ რაღაც უნდა მეღონა.

ერთხელ ჩემი დედამთილი ფულის სასესხებლად ლაღიაშვილებთან მივიდა. შინ აჟიტირებული დაბრუნდა და მითხრა: – ჩვენი მდგომარეობა გაუგია, ფულის გამოგზავნას აპირებს და იქნებ წახვიდეო. დედამთილმა ხსნის გზა დაინახა, იმასაც დამპირდა, ჯერ კიდევ შემიძლია ბავშვების მოვლა, მერე დროც გამოიცვლება, სულ ასე ხომ არ იქნებაო.

არასოდეს მიმუშავია. შეუცნობელის შიში, ოჯახის მიტოვება, მარტო ყოფნა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ “გაჭირვება მაჩვენეო და…” ბედს დავმორჩილდი არსებულით დაბნეული, სასოწარკვეთილი, დაბეჩავებული, დარდით გასიებული გულით. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი, იქნებ საკონსულომ ბეჭედი არ ჩამირტყას-მეთქი… მაგრამ საკუთარი განცდების დათრგუნვის მცდელობით ამერიკაში გავემგზავრე. მეუღლესთან გამომშვიდობებისას ხელები გამეთოშა და შუბლზე სიმწრის ოფლი მასხამდა.

– ამერიკაში სამსახური მალე იშოვეთ?

– ამერიკაში ჩასული დამღალა ზღვა ხალხის ხილვამ, ავტომანქანების ულევმა ნაკადმა, უჩვეულო, ფერადოვანმა და ცვალებადმა რეკლამებმა. ნიუ-იორკი სხივოსანია, მოძრავი, დიდებული, ბრწყინვალე. შთაბეჭდილებამ ისე მძლია, არც დაღამება გამიგია და არც გათენება, თურმე 20 საათის განმავლობაში მეძინა.

ჩვენები დამეხმარნენ. ამ თანადგომის სულ მცირედი საკუთარ მიწაზე რომ გვახასიათებდეს, ალბათ, აქეთ გამოხედვაც არ დაგვჭირდებოდა. შინამოსამსახურედ ამიყვანეს ერთ დიდ სახლში, რომელსაც ულამაზესი ბაღი ერტყა. ოჯახი ნათესავებისგან შედგებოდა, ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიე, ვინ ვინ იყო ერთმანეთისთვის. თითოეულს ბინაში თავისი მისაღები, ბუდუარი და საძინებელი ჰქონდა, ლუქსის პრინციპით საკუთარი სველი წერტილებით. ყოველდღიურად მათი ტუალეტები, აბაზანები და ჯაკუზები უნდა მეწმინდა სპეციალური ხსნარითა და ჯაგრისებით. დღეში სამჯერ მაინც, სართულები უნდა დამევლო და სველი წერტილები, განსაკუთრებით, აბაზანები და საშხაპეები უნდა დამელაგებინა. ზოგი მათგანი შხაპს ძილის წინაც იღებდა და მაშინ თუ გამომიძახებდნენ, უეჭველად რაიმეთი მასაჩუქრებდნენ. ფულს რეგულარულად მიხდიდნენ. მთელი დღე რეზინის ბოტებში, წყალგაუმტარ ხალათში გახვეული, ცელოფანის ბერეტითა და რეზინის ხელთათმანებით ლიფტით აღმა-დაღმა დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფერი რიგიანად გამეკეთებინა.

სველ წერტილებს შიდა კონდიციონერები და გამწოვები ჰქონდა, ისე, რომ ორთქლი არ დგებოდა და არც სუნი მაწუხებდა, მაგრამ ყოველდღიურად უზარმაზარფილებიანი იატაკი, დიდი სარკეები სპეციალური ხსნარით უნდა მეწმინდა, აბაზანები მეკრიალებინა.

არაადამიანური შრომა მეხმარებოდა, დარდს გავმკლავებოდი. მამხნევებდა იმის შეგნება, რომ საქართველოში ჩემს ქმარ-შვილს აღარც შიოდა და აღარც სციოდა. იმავე სახლში ვცხოვრობდი, იქვე ვიკვებებოდი. ამიტომ ფული მეზოგებოდა. ფულსაც და ნაჩუქარ ნივთებსაც ვფუთავდი და საქართველოში ვაგზავნიდი. სხვა მოსამსახურეები სამსახურის სტილში დადიოდნენ, გამოპრანჭულნი და თავმომწონენი. საღამოობით ოჯახებში ბრუნდებოდნენ. არავინ მეკონტაქტებოდა. თუ ვჭირდებოდი, ჟესტიკულაციით მეუბნებოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. იძულებითი კონტაქტის დროს ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ, თითქოს უმდაბლეს, ჭუჭყიან, ბილწ საგანს უახლოვდებოდნენ უხერხულობის დამფარავი, ძალაუნებური ღიმილით. ჩემს ნახელავს წვრილმანი ანგარიშიანობით აკვირდებოდნენ, სტერილურ სისუფთავეს მოითხოვდნენ. არასოდეს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ მათი ქედმაღლობით შეურაცხყოფილი ვიყავი, მათი სიმდიდრით – დათრგუნული, ჩემი მდგომარეობით კი – გაგულისებული. იქნებ, ეს ადამიანური სისუსტეებია.

მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ სამშობლომ გაგვყიდა, ღალატით მდიდართა მონებად გვაქცია. განა ამაზე ვოცნებობდით, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფეხმძიმე ქალი მიტინგებზე ვათენ-ვაღამებდი?! ძნელია, წარმოიდგინო სიმწარე ოკეანისგაღმა წასული ქალისა, დედისა, დისა და მეუღლისა, რომელიც სხვათა ჭუჭყსა და ნაბანს წმენდს და ენატრება, იგივე საკუთარ სახლში, თავისიანებისთვის გააკეთოს, იმისთვის დაიხარჯოს, ვინც უყვარს და ეძვირფასება.

– თქვენი მესმის… ცხოვრება მუდმივად ბრძოლის ასპარეზია, სადაც ხშირად გვიყალიბდება კრიტიკული დამოკიდებულებები…

– ჩემი ნაბიჯი, ამაგი ჩემიანების მხრიდან დაუფასებელი დარჩა. ამან უფრო გამიტეხა გული ყველასა და ყველაფერზე. წლობით მარტო დარჩენილმა მეუღლემ საყვარელი გაიჩინა – ახალგაზრდა და ლამაზი, რომელმაც ის სიცარიელე შეუვსო, რასაც ჩემი აქ არყოფნით განიცდიდა. შინაგანად პატიოსანი კაცი ადვილად დამორჩილდა გრძნობებსა და ვნებას. მე, როგორც ქალი, მისთვის აღარ ვარსებობდი. ბოლო დროს ტელეფონზე იმასაც კი აღარ მეკითხებოდა, როგორ ხარო, არამედ – ფულს როდის გამომიგზავნიო. ამერიკაში ემიგრანტი სავსებით მიუსაფარი, უბადრუკი არარაობაა, განიცდი უთვისტომობასა და დამცირებას, რის გამოც გული გტკივა, მაგრამ ღალატი საყვარელი ადამიანის მხრიდან, რომლის მსხვერპლშესაწირად ხორცითაც და სულითაც მზად ხარ, გულის ტკივილი კი არა, გულის მოკვლაა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი 15 წლის გვანცა ნარკომანს გადაეყარა, დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ ოჯახი მალე დაენგრა და დარჩა ინვალიდ ბავშვთან ერთად. უბედური ქალი ვარ.

ჩემი დედამთილი ოჯახის გაწეწვის დარდმა გადაიყოლა… ასე დაინგრა ჩემი ოცნებები…

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ოჯახური ტრაგედიის მიზეზი?

– რთულია, უპასუხო ამ კითხვას. ალბათ, ბედისწერა… თუმცა უპირველესი მიზეზი ჩემი ამ დღეში ყოფნისა ჩემი ქვეყნის მდგომარეობაა, რომელმაც მაიძულა, საყვარელი კაცი და შვილები – ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, წლობით მიმეტოვებინა, გაზულუქებული, უზნეო, სიმდიდრით გადაგვარებული ბილწი ამერიკელებისთვის ტუალეტები რომ მეწმინდა ლუკმაპურის ფასად. ამერიკა როდია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სად გაგონილა მეგობრობა ბატონსა და მსახურს შორის… ჩვენ მონებად გაყიდული, შეურაცხყოფილი მდგომარეობის, სამშობლოდაკარგული ხალხი ვართ. ეს არავის ეპატიება. უგუნურთა პოლიტიკამ დამაკარგვინა სამშობლო, ოჯახი დამინგრია და შვილი გამიუბედურა… რაც ყველაზე უარესია, რწმენა დამიკარგა. აი, ნაყოფი, რომლისთვისაც მეც და ჩემნაირებიც გაგვიმეტეს. ემიგრანტები დაუძლეველი პრობლემების მსხვერპლნი ვართ და ვერაფრით გაგვირკვევია, რატომ ხდება ჩვენი აყრა და გადახვეწა…

ჩემი უმცროსი გოგონა – ჩემი ნუგეში და სასოება გამუდმებით მეკითხება: “დე, როდის ჩამოხვალ?..” ჩვენი ხუხულები ისევ ხელუხლებელია იმ განსხვავებით, რომ დღეს უკვე ინვესტორს ელოდებიან. ისევ უმუშევრობა და გაჭირვებაა, სათავეში მყოფნი კი გამდიდრდნენ. უსულგულობით გამწარებული ვფიქრობ სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა ვფიქრობ, შვილიც აქეთ წამოვიყვანო, მაგრამ ვიცი, ასეთი ნაბიჯით არც ქვეყნის და არც საკუთარი მომავალის წინაშე მართალი არ ვიქნები.

 

ესაუბრა

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here