Home რუბრიკები სამართალი ნანა კვარაცხელია: ქვეყანაში განათლების სისტემის დეგრადირებისა და დაცემის მექანიზმი რეფორმაში თავიდანვე მიზანმიმართულად...

ნანა კვარაცხელია: ქვეყანაში განათლების სისტემის დეგრადირებისა და დაცემის მექანიზმი რეფორმაში თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ჩადებული

718

დრო ყველაზე მოუსყიდველი შემფასებელია. საინტერესოა, ჩატარებულმა განათლების რეფორმამ განვლილ ოთხ წელიწადში თავისი დემოკრატიულობით, შინაარსითა და ფორმით გაამართლა თუ არა, გაუხსნა თუ არა გზა განათლების სისტემის პროგრესულობას, კადრების პროფესიულ დაოსტატებას, თაობათა განსწავლულობას. ცხადია, რეფორმა დაზღვეული ვერ იქნება შეცდომებისგან, უნებლიე ხარვეზებისგან, ვერც სიძნელეთა და პრობლემათა სიუხვისაგან, მაგრამ დარგის ძირეული და მნიშვნელოვანი არსი არ უნდა შეილახოს.

ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციის – “სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის” – სარევიზიო კომისიის წევრი ნანა კვარაცხელია.
– ქალბატონო ნანა, დღევანდელი გადასახედიდან რას გვეტყვით განათლების რეფორმის ამჟამინდელ შედეგებზე?

– რეფორმა დარგის განახლებასა და აღორძინებას, ტრადიციულობისა და ნოვატორულის ორგანულ მთლიანობას, ობიექტური სინამდვილის კანონზომიერებათა აქტიურ შეცნობას გულისხმობს. ჩვენი ორგანიზაცია განათლების მიმდინარე რეფორმაში დარღვევების აღრიცხვასა და შესწავლაზე მუშაობს. დარღვევები კი კატასტროფულია. ამ მცირე მონაკვეთში, რასაც რეფორმა დაარქვეს, სისტემაში ყველაფრის გაფუჭება მოასწრეს.

განათლების სისტემის რეფორმა იმ მიზნით დაიწყო, რომ 2010 წლისთვის უმაღლესი განათლების საერთო ევროპული სივრცე შექმნილიყო. შედეგი კი ასეთია: 2010 წლისთვის ჩვენ სრულიად დავშორდით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეს და მნიშვნელოვნად დაბლა დავეშვით იმ განათლების დონიდანაც, რომელიც რეფორმამდე იყო საქართველოში. მიზეზი კი ისაა, რომ “რეფორმის მამებს” არ გააჩნდათ რეფორმის წარმატებით ჩატარების ნიჭი და უნარი, შესაძლებლობებისა და რეზერვების გამოყენების სურვილი, არსებული პრობლემებისადმი ინდივიდუალური და შემოქმედებითი მიდგომა. ყველაზე საგულისხმო კი ის ფაქტია, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის დეგრადირებისა და დაცემის მექანიზმი რეფორმაში თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ჩადებული “თავისუფლების ინსტიტუტის”, კახა ლომაიასა და მისი დამქაშების მიერ. რეფორმა ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებდა. ცინიზმია, რომ ილიას სახელით გაანადგურეს მთელი სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში.

განათლების რეფორმა პოლიტიზებულია და საფუძვლად პოლიტიკური მიზნები უდევს და არა სისტემის თანამედროვე დონეზე სრულყოფა. ამიტომ მოახდინეს სისტემის სრული დისკრედიტაცია, უნივერსიტეტს ჩამოართვეს ყველანაირი უფლება, მათ შორის – ავტონომია. რეფორმა შინაარსით ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ზევიდან თავსმოხვეული, გარკვეული პოლიტიკური სიმძიმით დატვირთული ხრიკია.

უნივერსიტეტში ლომაიას პირველი ვიზიტისას აკადემიკოსმა გამყრელიძემ განაცხადა: “უნივერსიტეტს აქვს უმდიდრესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტრადიცია და კულტურა.” გაცეცხლებულმა ლომაიამ კი უპასუხა: “უნივერსიტეტს თავისი ტრადიციები და ფასეულობები არ ჰქონია”.

რეფორმების დროს ქალბატონი თეა თუთბერიძე თავისი კმარელებით შემოვარდებოდა უნივერსიტეტში, ვულგარული გამოხტომებით არბევდა და აქცევდა ყველაფერს, “წითელ პროფესურას” გვეძახდა თავად უბირი. დღეს “თავისუფლების ინსტიტუტში” სკოლის დირექტორების დირექტორია და დიდ სოლიდურ ხელფასს იღებს. მათი ოფისი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შენობაშია. რამდენჯერმე მივაკითხე, მინდოდა, რეალურად მეჩვენებინა შედეგები, რაც ამ წლების განმავლობაში განათლების სისტემაში გაჩნდა. გამოკეტილი დამხვდა მათი ოთახები. როდესაც მაშინდელ პარლამენტის საგანმანათლებლო კომიტეტის თავმჯდომარეს – ნოდარ გრიგალაშვილს ვუთითებდით ამა თუ იმ კანონის დარღვევაზე, ჩვენი არგუმენტებით თავმობეზრებულმა მოგვიგო: “პოლიტიკური ნება ნებისმიერ კანონზე მაღლა დგასო”, გვერდით ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ხუთი სახელგანთქმული პროფესორი ედგა. პროფესურის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარზეც მოპასუხედ გრიგალაშვილი გამოვიდა და განაცხადა: “საკითხი, რომელზეც ჩივით, შესწავლილი არ მაქვსო”. მოდი და ეძებე ამ ქვეყანაში სამართალი…

– რა სიკეთე მოუტანა რეფორმამ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში?

– საბუნებისმეტყველო საგნების საათები სკოლაში მინიმუმამდეა დაყვანილი, გაუგებარია, რა სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ეს საგნები არათანმიმდევრულად, ქაოსურად ისწავლება. ფიზიკაზე რომ გადავიდეს, მათემატიკა კარგად უნდა იცოდეს მოსწავლემ. არასქემატურობა მოსწავლეს საგნისადმი ინტერესს უკარგავს. ამით ინგრევა მისი ფსიქიკა და ქვეყანასა და საზოგადოებას აკლდებიან უნარიანი, ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანები. საფუძველმოუმზადებელი მოსწავლეები კი უმაღლეს სასწავლებლებში მოდიან. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე უმძიმესი მდგომარეობაა, საგანთა შესწავლა პარალიზებულია, რადგან 7 დარგი ერთ ფაკულტეტად გააერთიანეს (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, გეოლოგია, ბიოლოგია, კიბერნეტიკა, გეოგრაფია), გაუქმებულია სამეცნიერო სექტორი და უამრავი ლაბორატორია, რომელსაც სასწავლო პროცესი ეფუძნებოდა. ზუსტი მეცნიერული დარგის შესწავლა ცდისეული დაკვირვებების გარეშე შეუძლებელია და სწავლება კარიკატურულ ხასიათს იძენს. იყო კარგი სახელმძღვანელოები, რომლებიც ადრე ინგლისური და რუსული ენებიდან ითარგმნებოდა, ახლა მათ თარგმნაზე აღარავინ ფიქრობს.

საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე უკონკურსოდ დაინიშნა იმიტომ, რომ პარლამენტარ კვერნაძის და გახლდათ, მაშინ, როდესაც აკადემიკოსები აიძულეს, არაკომპეტენტური კომისიის წინაშე (რომელშიც არც ერთი სპეციალისტი არ იყო) კონკურსი გაევლოთ. დღესაც მიდის სასამართლო პროცესები უკანონოდ ჩატარებულ კონკურსზე. შავი ზღვის უნივერსიტეტში, რომელსაც პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხელმძღვანელობს, მათემატიკას 24 წლის გოგო, ვინმე ავალიშვილი ასწავლის. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომელი სახელმძღვანელოთიც ხელმძღვანელობს. ეს სახელმძღვანელო გადმოთარგმნილია და სავსეა უამრავი მათემატიკური შეცდომით. სტუდენტები მათემატიკას ვერ სწავლობენ, სწავლის სოლიდურ თანხას კი იხდიან. ეს არის კორუფციისთვის ოფიციალურად დაკანონებული წესი. დავიწყებულია დიდი მეცნიერები – ანდრია რაზმაძე, ნიკო მუსხელიშვილი, არჩილ ხარაძე, ივანე ბერიტაშვილი, ილია ვეკუა, რომელთაც ზუსტ მეცნიერებაში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და შესანიშნავი სახელმძღვანელოები შექმნეს, რომლებზეც გაიზარდა მთელ მსოფლიოში განთქმული კადრები. ამჟამადაც კი ილია ვეკუას წიგნი ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების სამაგიდო წიგნია. ჩვენზე იტყვიან: “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”.

თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული ადამიანი შეუძლებელია, მოერგოს ბიუროკრატიულ სტრუქტურას, ამიტომ მოუწყო ლომაიამ სასამართლო და ხულიგნის სტატუსი მიანიჭა სახელგანთქმულ პროფესორებს – თენგიზ სანაძეს, ჯემალ მებონიას, გიორგი გოგოლაშვილს, მაია ნათაძეს და სხვებს. განათლების სისტემაში მცოდნე და მოაზროვნე კადრის გაშვების შემდეგ “დეჰუმანიზირებული” იერარქიული, უსახური, მონოპოლიური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელსაც შეზღუდული აზროვნების მორჩილი კადრი სჭირდება, რომელიც კარგსა და ცუდს ვერ განასხვავებს და მხოლოდ ზემდგომთა ბრძანებებს დაემორჩილება.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ერთი დარაჯი გვყავდა, სახელად – მოსე. დღეს ამ კორპუსს დაცვის 120 თანამშრომელი იცავს. შეიქმნა მონიტორინგის სამსახური კაზინოს ყოფილი თანამშრომლის ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს პროფესორზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებს. ამგვარი გაუმართლებელი სტრუქტურები შექმნეს ვეებერთელა ხელფასებით, გაბერილი ადმინისტრაციული შტატებით და დაარქვეს დეპარტამენტები. ამგვარი რეფორმით უნივერსიტეტის ცნობილი ფოიეები, კაბინეტები და ტალანები, სადაც ინტელექტუალური დევკაცები დააბიჯებდნენ, შემთხევითი პიროვნებების საჯირითო გახდა. კადრების წყვეტა სხვადასხვა დარგებში გამოიწვევს განათლების სრულ განადგურებას. ფინანსები, რომელიც განათლების რეფორმისთვის იყო გამოყოფილი, ხელთ იგდო ნომენკლატურულმა ელიტამ და თავისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა. რეფორმამ, რომელიც მხოლოდ სათავეში მდგომთა სარგებლიანობაზე იყო აგებული, ხოლო მანიპულირების მექანიზმი – ცენტრალირებული, განათლების სისტემას სოციალური ფუნქცია და სიცოცხლისუნარიანობა დააკარგვინა, უძლიერესი კერების გაჩანაგებით ავტორიტეტი შეულახა, მომავალი თაობების თვალში მეცნიერებისა და განათლებულ პირთა სტატუსი დააკნინა, რითაც მთლიანად წინააღმდეგობაში მოექცა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოსახვედრად წაყენებულ პირობებთან.

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმა სრულიად ეწინააღმდეგება ევროპის უძველესი 450 უნივერსიტეტის რექტორების მიერ ხელმოწერილ დიდ “ქარტიას”, რომელიც მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტების საქმიანობის საფუძველია. ქარტიის ძირითადი მიზანია საუნივერსიტეტო ტრადიციებისა და უმნიშვნელოვანესი ფასეულობების წარმოჩენა. ფუნდამენტალური პრინციპით უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, კვლევა და სწავლება ზნეობრივად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისაგან.

დღეს ქაოსია საგანმანათლებლო სისტემაში. ამ გზით ვერც ტაძრისკენ მივდივართ, ვერც ამერიკისკენ და ვერც ევროპისკენ. მივდივართ სიბნელისკენ, უვიცობისკენ და პრიმიტიულ მდგომარეობას ვუბრუნდებით. ამიტომ სახელისუფლებო პოლიტიკა განათლების მიმართ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა სწორი ორიენტაცია შეირჩეს და დამკვიდრდეს. სხვანაირად აფრიკის ქვეყანა გავხდებით.

 

ესაუბრა

ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here