Home რუბრიკები სამართალი მირანდა ახვლედიანი: 3-დან 60 წლამდე მოქალაქეთა უმრავლესობა ჯანდაცვის მომსახურების გარეშე დარჩა

მირანდა ახვლედიანი: 3-დან 60 წლამდე მოქალაქეთა უმრავლესობა ჯანდაცვის მომსახურების გარეშე დარჩა

804

ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არაა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი მას შემდეგ გახდა, რაც ჯანდაცვის თითქმის ყველა ობიექტი გასხვისდა და შეწყდა სახელმწიფო პროგრამების უდიდესი ნაწილის მოქმედება. მოსახლეობა იაფი დაზღვევის ამარა დარჩა, რომელიც, ძირითადად, მხოლოდ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს მოიცავს და გა­დაუდებელი სამედიცინო დახმარების მცირე ჩამონათვალს. ხშირად უხეშად ირღვევა პაციენტთა უფლებებიც. არაპროფესიონალიზმი და სამსახურებრივი გულგრილობა ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ცალკეულ პიროვნებებს ერთმევათ სიცოცხლის უზენაესი უფლება. თუმცა მსგავსი ფატალური ფაქტების დაფიქსირების დროსაც, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, განმკითხავი არავინაა. ჯანდაცვის სამინისტროს “სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც”, რომლის პირდაპირი დანიშნულება პაციენტთა უფლებების დარღვევის შესწავლაა, ისეთ დასკვნას დებს, რომელშიც უმეტესწილად არ ფიქსირდება ფრაზა “არაპროფესიონალიზმი და სამსახურებრივი გულგრილობა”. ჯანდაცვის სფეროში შექმნილ პრობლემებზე და პაციენტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჭელფარე ფოუნდატიონ”-ის იურიდიულ მრჩეველს და ჯანდაცვის ომბუდსმენს, ქალბატონ მირანდა ახვლედიანს ვეწვიეთ.
– რა არის დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემა საქართველოს ჯანდაცვაში?

– ჯანდაცვის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 2008 წლის ბოლომდე საქართველოს უღატაკესი მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილისათვის უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდენი უფასო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა. ამჟამად ამ პროგრამაში დაახლოებით 1 200 000 მოქალაქეა ჩართული. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ პროგრამაში არ არის ჩართული, სტაციონარული მომსახურების საჭიროებისთანავე უსახსრობის გამო უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ეს ფაქტი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით სახელმწიფო პროგრამების უდიდესი ნაწილი გაუქმდა, ამიტომ ხელისუფლებამ “იაფი დაზღვევა” შემოიღო, ე.წ. ხუთლარიანი დაზღვევა.

– როგორც ცნობილია, არც ეს დაზღვევა მოიცავს სრულყოფილ მომსახურებას.

– ის პაკეტი, რაც ხუთლარიანი დაზღვევით შესთავაზეს მოსახლეობას, ფაქტობრივად, პირველად ჯანდაცვაში მხოლოდ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზებს, სისხლში გლუკოზის განსაზღვრას და ელექტროკარდიოგრამას მოიცავს. რაც შეეხება ურგენტულ დახმარებას – სადაზღვევო კომპანია მხოლოდ 50%-ს ფარავს და თან არსებობს გარკვეული ნოზოლოგიების ჩამონათვალი, რომელიც ანაზღაურდება. მაგალითად, ბარძაყის ყელის მოტეხილობა არ არის ურგენტული, შესაბამისად, მოქალაქემ თუ მოიტეხა ფეხი, მას თავად მოუწევს მკურნალობის საფასურის სრულად დაფარვა.

მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური ოპერაციები, რომლებსაც დაზღვევა არ ეხება. არადა, მოსახლეობის ძირითად ნაწილს არ შეუძლია ოპერაციაში 2000 ლარის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბებად არ ითვლებიან და არ არიან რეგისტრირებული შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

– გარკვეულ ხანს ტელევიზიით გვიჩვენებდნენ იაფი დაზღვევით კმაყოფილ ადამიანს, რომელსაც ხელის მოტეხვის ოპერაციის და მკურნალობის საფასური აუნაზღაურეს. გამოდის, მოსახლეობას ატყუებდნენ?

– ხელის მოტეხილობა ურგენტული არ არის და არ შედის ნოზოლოგიების ჩამონათვალში. ამდენად, სახელმწიფო პროგრამით მას ამგვარი მომსახურება არ ეკუთვნის და, სავარაუდოდ, ვერც ოპერაციას გაიკეთებდა.

– ხელმისაწვდომობასთან ერთად, სერიოზულ პრობლემას მკურნალობის ხარისხი წარმოადგენს. რა ინფორმაციას ფლობთ ამ კუთხით?

– არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამოქმედო სახელმძღვანელოები (გაიდლაინები), რომელთა მიხედვითაც უნდა მოქმედებდეს ექიმი და არა საკუთარი შეხედულებისამებრ. ექიმები თავიანთ პირად მოსაზრებაზე დაყრდნობით მკურნალობენ პაციენტებს, ნაცვლად მტკიცებულებაზე დამყარებული მედიცინისა. ყველა ექიმს სუბიექტური მიდგომები აქვს და, შესაბამისად, ხარისხიც დაბალია. როცა ჯანმრთელობის უფლებაზეა საუბარი, მხოლოდ პაციენტთა უფლებები არ ირღვევა. ხშირად ექიმებს არ აქვთ ადეკვატური სამუშაო გარემო და ადეკვატური ანაზღაურება. ეს მეორე ძირითადი მიზეზია, რის გამოც მკურნალობის ხარისხი დაბალია.

– ყველაზე ხშირად როდის ირღვევა პაციენტთა უფლებები?

– როგორც უკვე ვთქვით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა უპირველესი პრობლემა. ამასთან, ჯანდაცვის რეფორმა სპონტანურად, არათანმიმდევრულად მიმდინარეობს, გაპიარებულია რეფორმის მხოლოდ ზოგადი ნაწილი, რის გამოც პაციენტამდე ვერ აღწევს დაწვრილებითი ინფორმაცია. მათ არ იციან, რაში გაეწევათ შეღავათი, რას აძლევს მათ სახელმწიფო, ანუ ინფორმაციის მიღებაც პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში ირღვევა კონფიდენციალობა. არ მინდა, ბოლომდე ექიმები დავადანაშაულო, მაგრამ დღეს საქართველოში არ არის იმის კულტურა, რომ პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიები არ გახდეს ღია და საჯარო განხილვის საგანი. ასევე პრობლემაა ავადმყოფის ინფორმატიული თანხმობა, ანუ ექიმი ერთპიროვნულად იღებს მკურნალობის მეთოდების შერჩევის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ვალდებულია, პაციენტთან შეათანხმოს მკურნალობის მეთოდები.

– კონკრეტული შემთხვევის დასახელება თუ შეგიძლიათ?

– ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ჯანდაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი. როცა სამინისტროს ამ წინადადებით მივმართეთ, მან მიზანშეწონილად არ ჩათვალა სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დამცველის არსებობა. არადა, როცა საქმე ეხებოდა პაციენტს, რომლის მშობლებიც რელიგიური მრწამსის გამო სისხლის გადასხმის წინააღმდეგნი იყვნენ, ჯანდაცვის სამინისტროში არ აღმოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელიც ამ ფაქტზე კომენტარს მაინც გააკეთებდა. ამ უწყებაში მოქმედებს “სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო”, სადაც შედის საჩივრები, მაგრამ მათი მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, იდება ისეთი დასკვნები, რომლებშიც ყველაფერია (ისტორიის შევსებიდან დაწყებული, მცირე დარღვევებით დასრულებული) ექიმთა არაპროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი გულგრილობის გარდა. იძულებული ვართ, იმას დავჯერდეთ, რასაც გვთავაზობენ, რადგან არ გვყავს შესაბამისი ექს­პერტები დამოუკიდებელი დასკვნის გამოსატანად.

ვერ გეტყვით, რამდენად მიუკერძოებლად მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები კონკრეტული სამედიცინო შეცდომების შესწავლის დროს. იყო შემთხვევა, როცა პაციენტი ავტოკატასტროფაში დაშავდა. მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ის დაიღუპა. მშობლების საჩივრის საფუძველზე საქმე სააგენტომ შეისწავლა, რომლის დასკვნასაც არ დავეთანხმეთ, არაპროფესიონალიზმი და გულგრილი დამოკიდებულება პაციენტისადმი აშკარა იყო, მაგრამ მათ დასკვნაში არ ჩანდა.

– ქალბატონო მირანდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს “პსპ”-ს და “ავერსის” მიერ ფარმაცევტული ბაზრის ერთგვარი მონოპოლიზაცია, რომლებიც, ასევე, ფლობენ კლინიკებს. იქნებ ამ საკითხსაც შევეხოთ…

– დღეს რაც ფარმაცევტულ ბაზარზე ხდება, მოსახლეობისთვის ესეც სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არ არსებობს სარეცეპტო სისტემა, შესაბამისად, მოსახლეობა ეწევა თვითმკურნალობას. ამ შემთხვევაში რჩევას აძლევენ თვითონ აფთიაქები, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარი პროდუქციის გასაღებაზეა ორიენტირებული. თვითმკურნალობას არ მოსდევს შედეგი, პაციენტი იძულებული ხდება, განმეორებითი მკურნალობა ჩაიტაროს, რაც ზრდის დანახარჯს. სარეცეპტო სისტემის არარსებობა, გარდა დანახარჯის ზრდისა, საშიშროებას უქმნის პაციენტთა ჯანმრთელობას (მაგ., ანტიბიოტიკების შემთხვევაში).

– ექიმები ხშირად შეკრულნი არიან ფარმაცევტულ კომპანიებთან. იმ ექიმებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტ წამალს გააყიდვინებენ, თამაშდება საგზურები; ასაჩუქრებენ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკით და ა.შ., ანუ ექიმი ხშირად პაციენტის ინტერესზე მაღლა კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ინტერესს აყენებს…

– ამის შესახებ პირად საუბრებში ბევრი მსმენია, მაგრამ კონკრეტული საჩივრით არავის მოუმართავს. ეს კორუფციაა და თუ ერთი ფაქტიც კი ჩვენამდე არ მოვიდა, ისე ვერაფერს გეტყვით – ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. დაბოლოს, მინდა, ისევ ჯანდაცვის რეფორმის საკითხს დავუბრუნდე, რადგან რეფორმები ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს; არ არსებობს ჯანსაღი დისკუსია აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, პროცესი არ არის გამჭვირვალე და, აქედან გამომდინარე, ეჭვს ბადებს რეფორმის ბევრი დეტალი.

 

ესაუბრა

ნათია ქადაგიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here