Home რუბრიკები სამართალი თვითმხილველ ჯაბა ჟვანიას ჩვენება

თვითმხილველ ჯაბა ჟვანიას ჩვენება

1189

ძვირფასო მკითხველო, 28 მაისს შსს ზონდერების მიერ მომიტინგეების დარბევის ფაქტი მერაბიშვილის კანტორამ უკუღმა შეატრიალა და ეკა ზღულაძის პირით გვაუწყა, რომ, თურმე, საწყალი, ნიღბიანი და ბოდი ბილდერივით დაკუნთული «პოლისმენები» შსს ოპერატორს აგრესიული მომიტინგეებისაგან იცავდნენ, რადგან მათ «გავეშებულმა» მომიტინგეთა ბრბომ შეუტია თურმე და ისინიც იძულებულნი გამხდარან, თავი დაეცვათ… მერაბიშვილის კანტორამ არათუ შავი თეთრად გაასაღა, უმალ მოქმედებაზე გადავიდა და მეორე დღესვე დააპატიმრა… არა ნიღბიანი პოლიციელები, რომლებიც ხელკეტებითა და დანებით ასე მარჯვედ ოპერირებდნენ, არამედ – «გავეშებული» მომიტინგეები კანონის დამცველების განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.
მინდა, გითხრათ, რომ იმ საღამოს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა და «ზონდერების» ნასროლი აგურის ნატეხიც ლაზათიანად მომხვდა ბეჭში. წესით, ნორმალურ სახელმწიფოში, სანამ «პოლიციელების განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის» მომიტინგეებს დააკავებდნენ, სულ მცირე, ფორმალურად მაინც, უნდა დაეკითხათ თვითმხილველები და გაერკვიათ, ვინ ვის ურტყამდა, ვინ წამოიწყო მუშტიკრივი და ა.შ.

ნორმალურ ქვეყანაში ეს ასეც მოხდებოდა, მაგრამ… მერაბიშვილის კანტორას თვითმხილველები რომ დაეკითხა, მაშინ ეკა ზღულაძის პირით გახმიანებული ვერსია საპნის ბუშტივით გასკდებოდა. ამიტომ, გახლდით რა ზემოაღნიშნული ფაქტის თვითმხილველი, პირნათლად ვიხდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს და საჯაროდ ვიძლევი შემდეგ ჩვენებას:

…28 მაისს, ოპოზიციური მიტინგის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ პროტესტანტთა საკმაოდ ხალხმრავალი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებმა 26 მაისის საპროტესტო მსვლელობა რატომღაც ხელისუფლებაზე გამარჯვებად შეაფასეს და კონცერტიც ამ «გამარჯვებას» მიუძღვნეს. სწორედ ამ დროს (როგორც მოგვიანებით ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა) შინაგან საქმეთა სამინისტროში «სახალხო ზეიმის» ჩაშლისა და პროტესტანტებისათვის «გრძელი ხელკეტების ღამის» მოწყობის ოპერატიულ გეგმაზე ბჭობდნენ…

დაახლოებით ღამის ათ საათზე, ანუ კონცერტის დაწყებიდან ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, ფურცელაძის ქუჩაზე (რომელიც პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირს უერთდება) «ზონდერბრიგადები» ჯგუფებად შეიკრიბნენ. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილნი ხალხს შეერივნენ, თუმცა, მომიტინგეებს მათ ქცევაში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ…

დაახლოებით ნახევარსაათიანი დაზვერვის შემდეგ «ზონდერები» მოქმედებაზე გადავიდნენ – ნიღბები მოირგეს და ჯერ მათთან ყველაზე ახლოს მდგომ ახალგაზრდებს დაერივნენ და ხელკეტები დაუშინეს, ხოლო შემდეგ ელვისებურად შეუტიეს მომიტინგეთა ფართო მასას, რომელიც ფურცელაძის ქუჩის გასწვრივ იყო თავმოყრილი…

შეტევა ერთობ სწრაფი და კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა – მომიტინგეთა დიდი ნაწილი ნიღბიანთა მოულოდნელი თავდასხმით დაიბნა და პანიკაში ჩავარდა…

მიტინგი ქაოსად იქცა, ქვებითა და დროშის ტარებით შეიარაღებული დემონსტრანტები ყიჟინით მიიწევდნენ ფურცელაძის ქუჩისკენ, სადაც «ზონდერბრიგადები» სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს…

როცა ქუჩის ჩასახვევთან შეკრებილმა დაახლოებით ორასამდე მომიტინგემ კონტრიერიში დაიწყო, ნიღბიანებს შეტევითი პოზიციიდან თავდაცვაზე გადასვლა მოუხდათ. რიცხობრივი უპირატესობა დემონსტრანტების მხარეს იყო და «ზონდერები» შემოტევის მოგერიებას ვეღარ ახერხებდნენ.

საბოლოოდ, ხელჩართულ ბრძოლაში მომიტინგეებმა იმარჯვეს, ხანმოკლე დაპირისპირების შემდეგ სამოცდაათამდე ნიღბიანმა უკანდახევა დაიწყო, რაც მალე მათ პანიკურ უკანსვლაში გადაიზარდა.

ამის შემდეგ არეულობა ჩაცხრა. ყველას ეგონა, რომ დაპირისპირება დამთავრდა, მაგრამ მოულოდნელად «ზონდერებმა» შეტევა განაახლეს. ამჯერად მათ ხელკეტებთან ერთად დანებიც ჰქონდათ და რიცხობრივადაც უფრო მეტნი იყვნენ.

დემონსტრანტებმა მასობრივ შემოტევას ვერ გაუძლეს. ნიღბიანებმა სწრაფი იერიშით «მოწინააღმდეგის» ბარიერები გაარღვიეს და უცებ მომიტინგეთა შუაგულში აღმოჩნდნენ. ხალხის მასა ისევ პანიკამ მოიცვა, დანით შეიარაღებულ ნიღბიანებთან ახლოს ვერავინ მიდიოდა – ყველა გარბოდა. ვინც გაქცევას ვერ ახერხებდა, «ზონდერთა» ხელკეტების «მსხვერპლი» ხდებოდა, ხოლო გაქცეულს არანაკლებ «შთამბეჭდავი» ლანძღვა-გინება მიჰყვებოდა უკან (როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბილწსიტყვაობის კურსებს საგანგებოდ გადიან)…

დარბევის დროს, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა – როცა ნიღბიანებმა ფურცელაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კუთხეში მდგომ რამდენიმე მომიტინგეს საგანგებოდ შეუტიეს,

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა (თავდაცვის მიზნით) ქუჩაში სასეირნოდ გამოყვანილი პიტბულის ჯიშის ძაღლი აუშვა და «ზონდერებისკენ» «მიუთითა», ძაღლიც ელვისებურად მოსწყდა ადგილს და წამში ერთ-ერთ ნიღბიანს ზურგზე შეახტა…

კარგა ხანს სასოწარკვეთილი დარბოდა პიტბულის ყბაში ჩავარდნილი «ზონდერი», მერე კი ძირს დავარდა და სანამ «თანამებრძოლებმა» ხელკეტები მიაშველეს და პიტბული უკუაქციეს, მიწაზე ფართხალებდა…

იმ ღამით არა ერთი მსგავსი კურიოზული ფაქტი მოხდა – იყო შემთხვევები, როცა დემონსტრანტები შემთხვევით ერთმანეთს ურტყამდნენ და ქვებს უშენდნენ (მერე კი ერთმანეთს ბოდიშებს უხდიდნენ), მაგრამ კურიოზი და ანეკდოტი იქით იყოს…

28 მაისის ხელკეტიანმა ღამემ კიდევ ერთხელ გააშიშვლა «ვარდოსანთა» ხელისუფლება, კიდევ ერთხელ სამზეოზე დადო «ნაცმოელთა» ჭეშმარიტი სახე და ნათლად დაგვანახა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა…

ცნობისთვის:

თბილისის მასშტაბით საპროტესტო აქციების დაწყებიდან (ანუ 9 აპრილიდან დღემდე) შინაგან საქმეთა სამინისტროს «ზონდერბრიგადების» მიერ მომიტინგეთა დარბევის ას ოცზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თითოეული ფაქტი ხელისუფლებამ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობად შეაფასა და არც ერთ მათგანზე გამოძიება არ დაწყებულა.

უფრო მეტიც, 28 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა: დემონსტრანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაპირისპირებაც ამას მოჰყვაო. პარალელურად, კადრებში ვითომ დემონსტრანტების მიერ დანით დაჭრილი პოლიციელები აჩვენეს, რომლებიც ასევე თავგამოდებით ირწმუნებოდნენ, რომ ჩხუბი მომიტინგეებმა დაიწყეს.

მოკლედ, ქალბატონი ზღულაძე და მისი ზემდგომი თუ ქვემდგომი ჩინოვნიკები ლამის ტყავიდან გამოძვრნენ თავის მართლებით, თუმცა მათ მხედველობიდან ერთი რამ მაინც გამორჩათ – კადრებში, რომელთაც სახელისუფლებო არხები («რუსთავი 2», «იმედი» და «საზოგადოებრივი მაუწყებელი») მთელი ღამე ატრიალებდნენ, ნათლად ჩანდა, რომ პოლიციელებად შერაცხილ «ზონდერებს» სახეზე რატომღაც ნიღბები ეკეთათ (ანუ ყაჩაღებს ჰგავდნენ), ჩანდა დანებიც (რომელთა გამოყენებაც დემონსტრაციის დასაშლელად ასევე აკრძალულია). კადრებში ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ მუშტიკრივში სწორედ ნიღბიანები აქტიურობდნენ და არა მომიტინგეები, როგორც ამაში ქალბატონი ზღულაძე გვარწმუნებდა.

ერთი სიტყვით, ქალბატონი ზღულაძე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თეთრს შავად წარმოგვიდგენდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკრანზე ორივე ჩანდა – თეთრიც და შავიც…

სხვათა შორის, ეს კადრები იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მერაბიშვილის უწყებამ, შეცდომით თუ უნებლიედ, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა მაყურებელს…
 
 

 

ჩვენება დაწერილია ჩემ მიერ. ვადასტურებ და ხელს ვაწერ

ჯ. ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here