Home რუბრიკები სამართალი «ნაცების» ნაცემები

«ნაცების» ნაცემები

1177

საქართველოს ხელისუფლებას რომ ხელები სისხლში აქვს გასვრილი, არახალია. ამის ნათელი მაგალითია სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, ვალერი ფხაკაძის, გიორგი გამცემლიძის და სხვა არა ერთი ახალგაზ­რდის ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტა. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების სისხლში ხელები აგვისტოშიც ამოისვარა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდლისა და მისი ამალის არაადეკვატურ, გაუთვლელ ქმედებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სააკაშვილის გუნდი ხელებს ფეკალიებშიც აფათურებდა… დიახ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის მწარე რეალობაა!

28 აპრილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტევების დღედ გამოაცხადა და საქართველოს ყველა ეკლესიაში შენდობის ლოცვა ჩატარდა. სწორედ ამ დღეს, სავარაუდოდ, «ნაციონალებმა» მომიტინგეებს ფეკალიებით სავსე პარკები ესროლეს და, როგორც ჩანს, სინანულიც ასე გამოხატეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის… სამწუხაროდ, სწორედ ზნეობისგან ასე განძარცულ ადამიანებზე დგას სააკაშვილის ხელისუფლება, ადამიანებზე, რომლებიც ოპონენტებთან საბრძოლველად ფეკალიებში ხელის ფათურსაც არ ერიდებიან და, ალბათ, ამ ფაქტის შემდეგ აღარც კი ღირს იმაზე საუბარი, ოპოზიციის რამდენ მხარდამჭერზე მოხდა თავდასხმა 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ. თუმცა, უპრიანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად დაცულია ქვეყანაში განსხვავებული აზრი… ვიდრე ვისაუბრებდეთ ბოლო დღეებში «ნაცების» მიერ ნაცემ ადამიანებსა და მომხდარ ინციდენტებზე, შეგახსენებთ, როგორ მოდიოდა ხელისუფლებაში «ნაციონალური მოძრაობა».

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში «ნაციონალების» რეგიონებში გასვლა, ძირითადად, ქვების სროლითა და ცემა-ტყეპით სრულდებოდა. ყველაზე მასშტაბური მათ შორის ბოლნისში და ბათუმში გამართული მუშტიკრივი იყო.

ბოლნისში საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისთვის ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა და «ნაცშპანამ» ბოლნისის მაშინდელ გამგებელს ცხვირპირი დაუსისხლიანეს და შევარდნაძის მხარდამჭერებს ქვებიც დაუშინეს, თუმცა, მაშინ «ნაციონალების» მიერ ქვების სროლის ფაქტის ინსცენირება ლევან მამალაძესა და მის მხარდამჭერებს დაბრალდათ… შემდეგი იყო ბათუმში მომხდარი მასშტაბური ცემა-ტყეპა, როდესაც «ნაციონალურ მოძრაობას» ასლან აბაშიძემ მიტინგის ჩატარების საშუალება არ მისცა. ყველაზე მეტად მაშინ კობა დავითაშვილი და კობა ხაბაზი გაილახნენ. დავითაშვილი იმდენად დაზარალდა, რომ «ვარდების რევოლუციის» აქციებშიც კი ვერ მიიღო ინტენსიური მონაწილეობა. მოგვიანებით მან განაცხადა, – სააკაშვილი გაიპარა და როდესაც ჩვენ გვირტყამდნენ, ის აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევდაო… შევარდნაძის ხელისუფლებას თავის დროზე რომ დაესაჯა ქვების სროლისთვის «ნაციონალური მოძრაობა», შესაძლოა, ხელისუფლებაში მოსვლაც ვერ მოეხერხებინათ და არც 7 ნოემბერი მოეწყოთ ქართველი ხალხისთვის და არც აგვისტოს ომი დაეტეხათ თავს ქვეყნისთვის. თუმცა, დღეს ამაზე საუბარი გვიანია და ხელისუფლების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულებრივ ქმედებებზე გიამბობთ. კრიმინალური ზონდერბრიგადები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში თავს ესხმიან ადამიანებს და სასტიკად უსწორდებიან მათ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ცემის ფაქტებს ხშირ შემთხვევაში მშვიდად შესცქეროდა პოლიცია და პატრული და არც კი უცდიათ დანაშაულის აღკვეთა.

9 აპრილი, 2009 წელი

9 აპრილს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე თავს დაესხნენ გია ყარყარაშვილის ავტომანქანას, სცემეს მის მძღოლს და წაართვეს ვიდეოკამერა, თუმცა, მომხდარის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია.

შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ კი ბრძანა, – ყარყარაშვილს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს და, შესაბამისად, მომხდარი ინციდენტიც არ დასტურდებაო…

ეს რომ პრიმიტიული თავის მართლებაა, ყველასთვის ნათელია, რადგან არა ერთმა დაზარალებულმა მიმართა დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას, მაგრამ დღემდე არც ერთი საქმე, რომელთა გამოძიებაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა, არ გახსნილა. 9 აპრილი შედარებით მშვიდობიანი იყო. მომიტინგეების ცემის ფაქტებმა კი შემდგომ დღეებში უფრო და უფრო იმატა.

10 აპრილი, 2009 წელი

10 აპრილს მოძრაობის – «რატომ?» – წევრებს: ირაკლი ხუხუნეიშვილს, ლაშა კოპალიანს, ოთარ ჭელიძეს, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეს ნიღბიანები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი აქციიდან შინ ბრუნდებოდნენ. თავდამსხმელები ხელკეტებითა და ელექტროშოკით იყვნენ შეიარაღებული და მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენელს ირაკლი ხუხუნეიშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

10 აპრილს, დაახლოებით 21 საათზე, სპორტის აკადემიის სტუდენტები მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მიემართებოდნენ თავისუფლების მოედნისკენ.

ოლეგ სიმონიანსა და ვოვა სტეფანოვს გზა გადაუჭრა « BMW» მარკის «ჯიპმა X-5-მა», სერიით GMZ111. ავტომანქანიდან გადმოვიდა 6 პიროვნება, რომლებმაც ხელკეტებით მიაყენეს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს დროშები.

10 აპრილს ავლაბრის მეტროსთან დავით ახალაძეს ნიღბიანმა პირებმა მანქანა დაუმტვრიეს და მანქანაში მჯდომ ერთ-ერთ მგზავრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

10 აპრილს შარაშიძის ქუჩა #24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ პარლამენტარ ბაკურ გულუას კუთვნილ ავტომანქანას მინები ჩაუმსხვრიეს. ყოფილი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

12 აპრილი, 2009 წელი

12 აპრილს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ დაასუფთავებდნენ ტერიტორიას და დასუფთავებას თითქოს შეუდგნენ კიდეც. ამ დროისათვის გამოჩნდა ხელკეტებით აღჭურვილი 50-მდე პირი. დაიწყეს ჩხუბი, დაამტვრიეს აპარატურა და მოშალეს სცენა. «საზოგადოებრივი დამცველის» წარმომადგენელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მიტინგის დარბევიდან ორ საათში, როდესაც მონიტორინგს ატარებდნენ თბილისის ქუჩებში, ფილარმონიასთან დააფიქსირეს ოთხი «ჯიპი», რომელთაგან ერთ-ერთში ვასილ სანოძე იჯდა.

12 აპრილს «დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს» სამ წევრს სცემეს. ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც მათ მომიტინგეებისთვის სასმელი წყალი და საკვები იყიდეს. მათ დაუმტვრიეს მანქანები და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

13 აპრილი, 2009 წელი

13 აპრილს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უცნობმა პირებმა სცემეს და თავი გაუტეხეს. დაზარალებული, საჩხერელი ჯანიკო დვალი აცხადებს, რომ ქუჩაში უცნობმა სამმა მამაკაცმა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჰკითხა, სად მიდიოდა და ვის უჭერდა მხარს: –

«ჯერ აგიტაცია ჩამიტარეს, რომ თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვიდოდა, დავკარგავდი ყველაფერს, ხოლო საქართველო დაკარგავდა მომავალს და, რადგან პოზიცია არ შევიცვალე, მცემეს»…

70 წლის მომიტინგეს თავდამსხმელებმა თავი გაუტეხეს და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღმოუჩინა.

13 აპრილს «დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს» წევრებზე თავდასხმა მოხდა. სცემეს გოჩა თევზაძეს, ლაშა კუჭავასა და ლევან კოტეტიშვილს, ასევე ტაქსის მძღოლ თემურ ბუნტურს. დაზარალებულებს საკვები მიჰქონდათ მომიტინგეებისთვის. ისინი პეკინის ქუჩიდან მიემართებოდნენ რუსთაველის გამზირისკენ. ტაქსიში ჩასხდომის დროს მათ თავს დაესხა 10-მდე პიროვნება და სცემეს.

ტაქსის მძღოლის განმარტებით, თავდამსხმელები იყვნენ « BMW»-ს მარკის ავტომობილით, რომლის სერიაა LAS 433. თავდამსხმელებმა დაამტვრიეს ტაქსი.

13 აპრილს ორგანიზაციის «ალიანსი – საქართველოსთვის» – სამგორის რაიონის ახალგაზრდული შტაბის უფროსს შმაგი გელბახიანს სასტიკად სცემეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 აპრილი, 2009 წელი

ვახტანგ ლაღიძის განმარტებით, 14 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, იგი შინ ბრუნდებოდა საკუთარი ავტომანქანა «ტოიოტა ლენდ კრუიზერით» ჭავჭავაძის გამზირზე, პირველ ჩიხში, მას გზა გადაუჭრა «ნისანის» მარკის ნაცრისფერმა ავტომანქანამ. ამავე დროს მისი ავტომობილის უკან გაჩერდნენ ავტომანქანები, რომელთაგანაც 12-მდე პიროვნება გადმოვიდა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახტანგ ლაღიძეს და წაართვეს ავტომანქანა. დაზარალებულის განმარტებით, სავარაუდოდ, მომხდარი საქართველოში მსოფლიო ბანკის წამომადგენლობასთან დამონტაჟებულ ვიდეოკამერას უნდა დაეფიქსირებინა. ოფისის მესვეურნი აცხადებენ, რომ ვაშინგტონიდან თანხმობის მიღების შემდეგ აღნიშნულ მასალას გადასცემდნენ საქართველოს სახალხო დამცველს.

14 აპრილს ავლაბრის მეტროსთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სცემა ჰამლეტ გულორდავას, რომელიც აქციიდან სახლში მიდიოდა. თავდამსხმელი «მერსედესის» მარკის «ჯიპიდან» გადმოვიდა.

14 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა – გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი დაჭრეს.

15 აპრილი, 2009 წელი

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულს ახსნა-განმარტება მისცა იოსებ მანჯავიძემ. მისი განმარტებით, იგი ძმებთან – ოთარ და ზურაბ მანჯავიძესთან ერთად 2009 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა «საზოგადოებრივი მაუწყებლის» შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. დაახლოებით დილის 4 საათზე ისინი მეგობრის მანქანით მივიდნენ შევჩენკოს ქუჩაზე, სადაც ზურაბ მანჯავიძის კუთვნილი ავტომანქანა იყო გაჩერებული. მანქანაში ჩასხდომის შემდეგ მათ წინ გადაუდგა ვერცხლისფერი «მერსედესი», ხოლო უკნიდან მოად­გათ «ფოლკსვაგენის» მარკის მუქი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით VNX 937 ან 972. მანქანებიდან ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, დაახლოებით 8-9 კაცი. მათ ხელკეტებით შეამტვრიეს მანქანის წინა მინა, გააღეს კარი და ცდილობდნენ ზურაბ მანჯავიძის გადმოყვანას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხმაურზე მათ ადგილობრივი მოსახლეობა გამოესარჩლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ. დაზარალებულის განმარტებით, ზურაბ მანჯავიძემ მიმართა სა­პატრულო პოლიციას, რომელმაც მანქანაზე დევნის განხორციელების ნაცვლად, ახსნა-განმარტება ჩამოართვა მათ, რითაც დამნაშავეებს მიმალვის საშუალება მისცა.

ზვიად ლიჩელისა და ვახტანგ ივანიშვილის განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე. დაახლოებით 24 საათზე მათ დატოვეს აქცია. საკვების საყიდლად წასულებმა შენიშნეს თეთრი ფერის «ნივა», რომელიც მათ სიახლოვეს საეჭვოდ მოძრაობდა. ზვიად ლიჩელმა და ვახტანგ ივანიშვილმა გადაწყვიტეს უკან, აქციაზე დაბრუნება. ამ დროს ავტომანქანიდან უცნობმა პირმა დაუძახა: – «ერთი წუთით, ბიჭებო»… ამის შემდეგ მათ წინ გადაუდგათ «მერსედესის» მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ხელკეტებით შეიარაღებული ოთხი უცნობი პირი. შემთხვევის ადგილზე ოთხი ავტომანქანა იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა ზვიად ლიჩელსა და ვახტანგ ივანიშვილს სცემეს. აღნიშნული ფაქტი შენიშნეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დაიძრნენ მათი მიმართულებით. თავდამსხმელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.

15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს ახსნა-განმარტება მისცა საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა გოჩა სახლთხუციშვილმა. მისი განმარტებით, 15 აპრილს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, აქციიდან საკუთარი ავტომობილით («ღანგე ღოვერ», სახელმწიფო ნომრით MUღ 755) სახლში, პეტრიწის ქუჩაზე დაბრუნდა. მან ავტომობილი სადარბაზოსთან გააჩერა. ამ დროს მას თავს დაესხა 3-4 ადამიანი, რომელთაც გადმოაგდეს სახლთხუციშვილი მანქანიდან და სცემეს. ხმაურმა მეზობლების ყურადღება მიიქცია, რის შედეგადაც თავდამსხმელები გაიქცნენ და თან წაიყვანეს ნაცემის კუთვნილი ავტომანქანა. ისინი მეზობლის ავტომანქანას შეეჯახნენ. 15-20 წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ პოლიციელები. მათ განაცხადეს, რომ მეზობლის ზარით შეიტყვეს მომხდარის შესახებ. დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები იდაყვსა და შუბლის არეში. დაახლოებით 01. 00 საათზე პოლიციამ დაურეკა დაზარალებულს და აცნობა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა სოფელ დიღომში იპოვეს.

15 აპრილს თემურ რადიანი ვაჟიშვილსა და მეგობართან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. დილის სამი საათისთვის მათ დატოვეს აქცია და წავიდნენ სახლისკენ. თემურ რადიანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე «ჯიპის» მარკის ორი ავტომანქანა შენიშნეს. ამ დროს მათ წინ ოთხი ავტომანქანა გადაუდგათ – 3 შავი «ჯიპი» და ერთი თეთრი მსუბუქი ავტომანქანა. თემურ და შალვა რადიანები გაიქცნენ ვარაზისხევის მიმართულებით. მათ მანქანებიდან გადმოსული 10-15 კაცი გამოეკიდათ. როგორც თემურ რადიანი აცხადებს, მათ სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და რეზინის ხელკეტები ეჭირათ. მამა-შვილი რადიანები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მდებარე «ჯეოსელის» ოფისის წინ შეჩერდნენ. იქვე გაჩერდა თეთრი ავტომანქანა, საიდანაც 4-5 ნიღბიან-ხელკეტიანი მამაკაცი გადმოხტა და დაუწყო მათ ცემა.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შემთხვევის ადგილთან ახლოს იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

როდესაც ხელკეტებით ნაცემმა მომიტინგეებმა პატრულის თანამშრომლებს დახმარება სთხოვეს, მათ უპასუხეს, რომ არ ჰქონდათ არც რაცია და არც მობილური ტელეფონები და ვერ დაეხმარებოდნენ. თემურ რადიანმა ამის შემდეგ საკუთარი მობილური ტელეფონით გამოიძახა პატრული, რომელიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა დახმარებაზე მანაც უარი განაცხადა. თემურ და შალვა რადიანები რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა წაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

15 აპრილს ხალხის პარტიის, თავისუფლების პარტიისა და გაერთიანების – «ალიანსი საქართველოსთვის» – სამ წევრს: გიზო სართანიას, ჰამლეტ გულორდავასა და მალხაზ ჩარკვიანს სცემეს. შემთხვევა ავლაბრის მეტროსთან მოხდა. მიტინგის მონაწილეები მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ. მათ თავს დაესხნენ «მერსედესისა» და «ტოიოტას» მარკის ავტომანქანებით და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი განმარტებით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ.

15 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ყოფილი პარლამენტარი, «ახალი მემარჯვენეების» წევრი დავით უჯმაჯურიძე გაიტაცეს. მას პირზე «სკოჩი» ააკრეს და სცემეს, წაიყვანეს ქალაქგარეთ და საგურამოში დააგდეს, ხოლო მისი ცეცხლწაკიდებული მანქანა ვაშლიჯვარში გადააგდეს.

16 აპრილი, 2009 წელი

ღამის სამ საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს თემურ გუნდაძესა და ლუიზა გაბაიძეს. მათი განმარტებით, სოფელ ხიხანიდან სამარშრუტო ტაქსით გოჩა გაბაიძე, ლუიზა გაბაიძე, მურმან ცეცხლაძე, ამირან გაბაიძე, თეიმურაზ გუნდაძე, ნუგზარ გორგაძე, გიული გაბაიძე და თემურ ბოლქვაძე მიდიოდნენ მიტინგზე დედაქალაქის მიმართულებით. მარნეულში სამარშრუტო ტაქსი გააჩერეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა. მძღოლს განუცხადეს, რომ მანქანა საჯარიმოზე უნდა გადაეყვანათ. მგზავრები გადანაწილდნენ ორ ტაქსიში (ერთ-ერთი მათგანი «ვაზ 21 09», სახელმწიფო ნომრით AAK 488) და გზა თბილისის მიმართულებით განაგრძეს. ტაქსი, რომელშიც ლუიზა გაბაიძე იჯდა, დაწინაურდა და ქალბატონმა არ იცის, როდის ჩამორჩა მეორე ავტომანქანა. აღნიშნულ მანქანაში ისხდნენ მისი ძმა გოჩა გაბაიძე და თემურ გუნდაძე. ამ უკანასკნელის განმარტებით, რუსთავის ტრასაზე მათ წამოეწია «BMW»-ს მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ტრანზიტული ნომრებით. მათ გზა გადაუჭრეს ტაქსის, რომელიც იძულებული გახდა, გაჩერებულიყო. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 6 ნიღბიანი მამაკაცი. მათ ხელკეტებით დაიწყეს ტაქსის საქარე მინების ჩამტვრევა. მძღოლის უკან და გვერდით მჯდომი პირები გადაათრიეს მანქანიდან და დაუწყეს ცემა ხელკეტებით. თეიმურაზ გუნდაძე და ნუგზარ ბოლქვაძე გაიქცნენ. მათ მოგვიანებით დაუკავშირდა თანმხლები პირი და აცნობა, რომ თავდამსხმელები წავიდნენ. ავტომანქანასთან დაბრუნებულს მანქანაში მყოფი ყველა პირი სასტიკად ნაცემი დახვდა.

16 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შპს «ნეიროქირურგიულ კლინიკაში», სადაც შეხვდნენ ამურ თეგეტაშვილს. მისი განმარტებით, იგი სოფელ სვენეთიდანაა დევნილი და აქტიურად მონაწილეობს 9 აპრილის აქციებში. 15 აპრილს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, მან დატოვა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ფეხით გაემართა. მას თავს დაესხა 30 წელს გადაცილებული, სპორტული აღნაგობის 5-6 მამაკაცი და სცემეს ე.წ. «კასტეტებით». შედეგად გონება დაკარგა. გონსმოსულს თავდამსხმელები აღარ დახვდა.

16 აპრილს შალვა სადაღაშვილსაც დაესხნენ თავს. მისი განმარტებით, იგი «ეროვნული ფორუმის» წევრია და 16 აპრილს, გამთენისას, მორიგეობდა აქციაზე. დაახლოებით დილის 3 საათზე დაურეკა მეუღლემ და სახლში წასვლა გადაწყვიტა. ორთაჭალაში, ბალნეოლოგიურ კლინიკასთან, ტაქსის წამოეწია «ჯიპის» მარკის ავტომანქანა, რომელში მსხდომებმაც ხელკეტებით ანიშნეს ტაქსის მძღოლს გაჩერება და ისიც დამორჩილდა. ნიღბიანმა მამაკაცებმა სადაღაშვილი გადმოიყვანეს მანქანიდან და ხელკეტებით სცემეს.

16 აპრილს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეებმა ის პიროვნება ამოიცნეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იგი სისხლის სამართლის სამძებროს რუსთავის სამსახურის უფროსი იყო, თუმცა პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ წარმოუდგენია. სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და რაზმაძე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გაიყვანეს, რაც იგი გაილახა.

16 აპრილს პარლამენტის ყოფილი წევრი (ამჟამად კონსერვატიული პარტიის წევრი) ნიკა კვეზერელი დააკავეს ხულიგნობისა და იარაღის გამოყენებისთვის (მას იარაღის ტარების უფლება აქვს). დაკავებულმა ამოიცნო თავდამსხმელი ბადრი გულუა, რომელიც მას ავლაბარში აედევნა. სავარაუდოდ, სწორედ თავდამსხმელის ჩამოცილების მიზნით გამოიყენა კვეზერელმა იარაღი. მოგვიანებით ყოფილი დეპუტატი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

18 აპრილი, 2009 წელი

18 აპრილს ინციდენტი მოხდა ქუთაისის მახლობლად. «დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს» აჭარის ორგანიზაციის წევრები: მალხაზ ბალაძე, თეიმურაზ მდივანი, ჯონი ტერეიშვილი და გელა დათუნიშვილი თბილისიდან ბათუმში ბრუნდებოდნენ. თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანთან ისინი ოთხმა ავტომანქანამ ალყაში მოაქცია. 15-ოდე ნიღბიანმა მათ მანქანის ტყეში შეყვანა მოსთხოვა, თუმცა, ოპოზიციის აქტივისტებმა მოასწრეს საპატრულო პოლიციის გამოძახება და მანქანის კარების ჩაკეტვა. საპატრულო პოლიციის გამოჩენის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ.

24 აპრილი, 2009 წელი

24 აპრილს კაფე «მარჯანოვში» მიხეილ სააკაშვილის «ვიზიტი» საპროტესტო აქციით დასრულდა. ჩხუბი მოხდა საპატრულო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. დაშავდა პოლიციის თანამშრომელი ზვიად ლოლუაშვილი. თავგატეხილ სამართალდამცველს სამედიცინო დახმარება მიხეილის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

25 აპრილი, 2009 წელი

25 აპრილს თბილისში, ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩების კუთხეში, განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომლის მოვალეობაა, გააკონტროლოს, პოლიციელები იცავენ თუ არა კანონსა და პოლიციის ეთიკის კოდექსს, თავად «ნადირობდა» თანამშრომლებთან ერთად პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებზე. მოქალაქე თენგიზ ბერიძეს ესროლეს ე.წ. «კისტის» თოფი, ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე მომიტინგეებისთვის წყლით სავსე პარკების სროლით «ერთობოდა». სანოძე გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან, თუმცა 2008 წლიდან იგი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

25 აპრილს, დაახლოებით 22 საათზე, გორში საკუთარ სადარბაზოსთან ოთხი შეიარაღებული ნიღბიანი პიროვნება თავს დაესხა პოლიტიკური გაერთიანების – «მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის» – ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტს გიორგი მარტინენკოს, რომელსაც სასტიკად სცემეს.

27 აპრილი, 2009 წელი

27 აპრილს მოძრაობის – «რატომ?» – წევრებსა და მერიის დაცვის სამსახურს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაცვის სამსახურის წევრებმა აქციის მონაწილეებს მერიის შესასვლელთან სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს. წინააღმდეგობა ცემა-ტყეპაში გადაიზარდა.

28 აპრილი, 2009 წელი

28 აპრილს მეტრო «რუსთაველთან» 20-30 კაცამდე თავს დაესხა ირაკლი კობახიძესა და ზაზა ელიჩბეგოვს, რომლებიც მიტინგიდან მოდიოდნენ. თავდამსხმელებმა მომიტინგეებს სასტიკად სცემეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 აპრილს რუსთავში ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ თორნიკე არევაძესა და ზურაბ ყანჩაველს, რომლებსაც სასტიკად სცემეს. ამავე დღეს ქარელში თავს დაესხნენ ვლას ბაქრაძეს.

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები «ნაცების» ნაცემების მხოლოდ მცირე ნუსხაა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას და ჩვენი გაზეთის მკითხველს შეძლებისდაგვარად ამომწურავად გავაცნობთ ყველა იმ დანაშაულს, რაც განსხვავებული აზრისთვის დევნას უკავშირდება…
 

მანანა ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here