Home რუბრიკები სამართალი გულიკო აბრამიძე: ჩემს შვილს 19 ჭრილობა ჰქონდა და 27 სასიკვდილო დარტყმა ბლაგვი...

გულიკო აბრამიძე: ჩემს შვილს 19 ჭრილობა ჰქონდა და 27 სასიკვდილო დარტყმა ბლაგვი საგნით მიყენებული

1581

საბჭოეთის რკინის ფარდის გახსნის შემდეგ ქართველები უწყვეტ ნაკადად მიედინებიან საზღვრებს იქით და იაფი მუშახელით ავსებენ ცივილური ქვეყნების ბაზრებს; ნელ-ნელა ეჩვევიან ახალ ყოფას, უცხო ქვეყნის ადათ-წესებსა და ცხოვრების ნირს. ეს კი საშიში და დროულად აღსაკვეთი მოვლენაა, რადგან მცირერიცხოვანი ერის შვილებს გლობალურობაში დანთქმის უფლება არ გვაქვს. ემიგრაციას ყოველთვის აქვს სახიფათო წახნაგები მოსალოდნელი გაუგებრობებით, რაც ხშირად ტრაგიზმით მთავრდება. ტრაგიკულად დასრულდა იმ ორი ახალგაზრდის ცხოვრებაც, ვისზეც ახლა მინდა გიამბოთ. ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ სოსო და გიორგი? ამ იდუმალებით მოცულ ამბავს უკრაინაში უცნაურ ვითარებაში დაღუპული სოსო გეგელაშვილის დედა გულიკო აბრამიძე გვიამბობს.
– სოსომ სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. სურვილი ჰქონდა, სწავლა მაგისტრატურაში გაეგრძელებინა, მაგრამ ოჯახური პირობები ამის საშუალებას არ აძლევდა. მას სტუდენტი მეუღლე და წლინახევრის ბიჭი ჰყავდა, ოროთახიან ბინაში 8 სული ვცხოვრობდით. მატერიალურმა გაჭირვებამ ყველა დაგვღალა. სოსო ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ბიჭი იყო და უმუშევრობას ვერ ეგუებოდა, სპეციალობით ადგილს ვერ შოულობდა. კერძო კაბინეტის გახსნას კი ოცნებაშიც ვერ გაბედავდა. ოჯახში ერთადერთი შემომტანი ჩემი მეუღლე გახლდათ და ისიც, ინჟინერი კაცი, ელიავას ბაზრობაზე მტვირთავად მუშაობდა, ისე წვალობდა, რომ იტყვიან, მისი ნაშოვნი ლუკმა არ იჭმებოდა. ამისშემხედვარე სოსო მეგობარ ბიჭებთან ერთად თურქეთში მშენებლობაზე სამუშაოდ წავიდა, მაგრამ თურქებმა ბიჭები დააღალატეს – რასაც დაჰპირდნენ, ის თანხა არ მისცეს. 4 თვის შემდეგ სოსო ოჯახში დაბრუნდა მძიმე შრომით გალახული, თავმოყვარეობაშელახული და გულგატეხილი და ძალიან კრიტიკულად განწყობილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ. სულ იმას გაიძახოდა: «რა უსარგებლოდ ვხარჯავ წლებს, ელემენტარული პირობებიც არ მაქვს ჩემი პატარა ოჯახისთვისო». ცდილობდა, საშველი გამოენახა, ჯართის ჩამბარებელი პუნქტიც კი გახსნა, მაგრამ პურის ფულს ძლივს შოულობდა. დიდი საძმო ჰყავდა, ხშირად მესაუბრებოდა მათზე, განსაკუთრებით სანზონელ გიორგი მახარაშვილზე, რომელსაც ზედმეტ სახელად «ტუკას» ეძახდნენ. ტუკა უკრაინაში დიდი ხნის წასული იყო; როგორც ამბობდნენ, რემონტიორად მუშაობდა, ბევრი ფული იშოვა და ცხოვრება აიწყო. ბიჭები მის მარიფათს შენატროდნენ. ერთხელ მითხრა: «წავალ უკრაინაში ტუკასთან, აუცილებლად დამასაქმებს, ვიმუშავებ, იქნებ ერთოთახიანი ბინა მაინც ვიყიდოო; როდემდე ვიჯდე გულხელდაკრეფილი, თანაც უკრაინა მოძმე ქვეყანაა და ქრისტიანებით დასახლებულიო». გულმა რეჩხი მიყო და მისი აზრი არ მოვიწონე. შემდეგში ეს აზრი სამჯერ მაინც გამიმეორა, მაგრამ სამჯერვე გადავაფიქრებინე. ვერ მოისვენა, არ ვიცი, იქნებ ბედისწერა ეძახდა… თან შეზრდილი მეზობლის ბიჭი გიორგი ბაღაშვილი აიყოლია, რომელსაც მასავით ახლადშექმნილი ჰქონდა ოჯახი და ნასესხები ფულით 2007 წლის 14 ივლისს დილის 7 საათზე ორივე უკრაინაში, ქალაქ დონეცკში გაფრინდა. იქ მათ, შეთანხმებისამებრ, უნდა დახვედროდა გიორგი მახარაშვილი, იგივე ტუკა, რომელიც მათ სამსახურის შოვნაში უნდა დახმარებოდა. ჩემი სოსო ხელმარჯვე და დაუზარელი ბიჭი იყო, მაგრამ რემონტზე არასოდეს უმუშავნია, ხოლო გიორგი ბაღაშვილი ამ საქმის პროფესიონალი გახლდათ.

– ქალბატონო გულიკო, როგორ შეხვდნენ მათ უკრაინაში, სამსახური მალე იშოვეს?

– რას ბრძანებთ… აეროპორტში მათ მახარაშვილი არ დახვდა. მან ბიჭებთან ვიღაც ოლია ეფრემოვა გამოგზავნა, რომელთანაც არაკანონიერად ცხოვრობდა. დღის 4 საათზე სოსომ დამირეკა: «დედა, ჩავფრინდი და კარგად ვარო». მისი ტონი მეუცნაურა და არ მოვეშვი, კითხვა კითხვაზე დავაყარე. შეწუხებულმა მიპასუხა: «აქ ისეთი რაღაცეები ხდება, სიტუაციაში ვერ გავერკვიე, ტო, გავგიჟდიო». ჩავეძიე, – მითხარი რა ხდება-მეთქი, მაგრამ მისი მობილური გაითიშა. ავფორიაქდი, ვრეკავდი ყოველ 5 წუთში, 10 წუთში, ნახევარ საათში… მაგრამ ამაოდ. თურმე გიორგი ბაღაშვილიც ელაპარაკა დედას. მასაც იგივე უთქვამს. თუ ფული დაგჭირდებათ, მითხარით, სად გამოგიგზავნოთ და გამოგიგზავნითო, – უთქვამს დედამისს. ამ დროს მათი სატელეფონო კავშირიც გაწყვეტილა. ის ღამე თეთრად გავათენე. გამთენიისას ჩემმა ქალიშვილმა ნინომ ისევ დარეკა სოსოს ტელეფონზე და სიხარულით მაუწყა – ტელეფონი ჩაირთოო. უცებ ფერი დაკარგა და ტელეფონიანი ხელი აუკანკალდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვას სარკინიგზო პოლიციის უფროსმა ვინმე ანდრეი ვლადიმეროვიჩმა ჩემს გოგონას უთხრა: «შენი ძმა და მისი მეგობარი დაიღუპნენ, თუ ხვალ დილით 11 საათამდე არ მოაკითხავთ, უპატრონოდ გამოცხადდებიან და აქ დაიკრძალებიანო». ცივმა ოფიციალურობამ და ადამიანურმა გულგრილობამ უფრო დაგვაბნია, ეს მხოლოდ მათ, სხვებს შეეძლოთ… თუმცა გულგახეთქილს მაშინ ანალიზის თავი არ მქონდა.

უთენია ჩემი მეუღლე და გიორგის სიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში გავარდნენ. იქ უთხრეს, თქვენს ჩაფრენამდე ფაქსს გავგზავნით და ჩვენი საკონსულო ბიჭების გადმოსვენებაში დაგეხმარებათო, თანაც საკონსულოს ტელეფონის ნომერიც მისცეს. იმდენად ვიყავით მოულოდნელობით თავზარდაცემულნი, რომ ვფიქრობდით, იქნებ ცოცხლები არიან-მეთქი. ვრეკავდი მოცემულ ნომერზე უკრაინის ქართულ საკონსულოში, მაგრამ ნომერი არ მპასუხობდა. ჩემი მეუღლე და გიორგის სიძე უკრაინაში გაფრინდნენ, ჩავიდნენ დნეპროპეტროვსკის ოლქის ვასილკოვსკის რაიონის რკინიგზის პოლიციის განყოფილებაში, გვამები ამოიცნეს და, რადგან ბიჭებს მხოლოდ ერთდღიანი ბალზამირება ჰქონდათ გაკეთებული, გადმოსვენების სამზადისს შეუდგნენ.

ჩემმა მეუღლემ დახმარების სათხოვნელად საკონსულოში დარეკა, ორი დღის განმავლობაში ყურმილს არავინ იღებდა, ხოლო მესამე დღეს უპასუხეს და ოფიციალური ტონით განუცხადეს, რომ გადმოსვენების საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

რკინიგზის მილიციის უფროსმა განაცხადა, რომ გვამები ცხრის ნახევარზე ნახა, მაშინ როცა გიორგიმ თავის მეუღლეს ღამის 2 საათსა და 8 წუთზე დაურეკა და აფორიაქებული ხმით ჰკითხა: «სად ხართ, გოგო, ხომ სახლში ხართო?» ჩემი მეუღლე ამბობს, რომ პოლიციის უფროსი ანდრეი ვლადიმეროვიჩი წამდაუწუმ მეკითხებოდა, – თუ იჩივლებთო. ამ ტრაგედიას კვალიფიკაცია პატრონების ჩასვლამდე მისცეს – «არა სამრეწველო უბედური შემთხვევა», ხოლო ჩასულებს აუხსნეს, რომ ბიჭები ნასვამები იყვნენ და ორივენი მატარებლიდან გადახტნენო.

ახლა რასაც გეტყვით, ეს დედის ინტუიციაა – ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა, ვიცნობ და ვიცი! ანდრეი ვლადიმეროვიჩმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გვამები პატრონიანად დნეპროპეტროვსკისთვის მოეცილებინა. ჩემმა მეუღლემ და გიორგის ჭირისუფალმაც გოლგოთა გაიარეს. მანქანა, რომელშიც ბიჭები ესვენნენ, გზაზე გაფუჭდა, თქეში წვიმა მოდიოდა და მიცვალებულები საკუთარი ზურგით ზიდეს ავტობუსამდე. უკრაინის არც ერთი პროზექტურა გვამებს შესანახად არ იტოვებდა. ბოლოს ერთმა ქრისტიანმა უთხრათ – «რა გჭირთ ქართველებს, ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა, ქართველ ბიჭებს ასე რომ უსწორდებიანო». სანამ ჩამოასვენებდ­ნენ, მახარაშვილს დავურეკე, ჩემდა გასაოცრად, სამძიმრისა და თანაგრძნობის ნაცვლად აგდებული კილოთი ნერვიულად შემომიტია – რატომ არ ჰკითხე, სად მოდიოდაო?! ამის შემდეგ ის ჩვენთვის საერთოდ გაუჩინარდა. ჩამოსვენების დღეს, ჩვენი კონსული უკრაინაში თემურ ნიშნიანიძე ტელევიზიით გამოვიდა და ურცხვად იცრუა, რომ ბიჭების გადმოსვენებაში ოჯახს საკონსულო დაეხმარაო. მისი გამოსვლით მარტო შეურაცხყოფილი კი არა, განადგურებულიც დავრჩი, რადგან განაცხადა, რომ ბიჭები მატარებლის ფანჯრიდან გადახტნენო. ჩემი შვილი შეურაცხადი არ ყოფილა, რომ ეს გაეკეთებინა. აეროპორტში ჩამოსვენებისას ჟურნალისტთა კორპუსი დაგვხვდა, მაგრამ არავისთვის ხმა არ გაგვიცია. ჩემმა მეუღლემ პირველი კომენტარი გასვენების დღეს გააკეთა და მტკიცედ განაცხადა – ბიჭები მოკლეს!

– ქალბატონო გულიკო, ამ საქმის შესახებ გამოძიებამ რა დაადასტურა, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო?

– პირველი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით ამ უცნაურ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. საქმეს შეუსწავლელად, გამოძიების გარეშე მიეცა კვალიფიკაცია, ასეთი ნაჩქარევი «მონათვლა» კი ყოველთვის ეჭვს იწვევს. ჩემს მოთხოვნას, უკრაინიდან მოეწოდებინათ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შედეგი არ მოჰყოლია. კონსულის ჩარევის მიუხედავად მომაწოდეს მხოლოდ საექიმო მოწმობა გარდაცვალების შესახებ. ბევრი კითხვა დამიგროვდა: როგორ აღმოჩნდა 100 კმ/სთ-ში სიჩქარით მიმავალი მატარებლიდან გადმომხტარი ორივე ადამიანის გვამი ერთსა და იმავე ადგილზე? რატომ არ იქნა გამოძიებული გადმოხტომის მიზეზი? რატომ იყო მხოლოდ 7 მოწმის ჩვენება და არა მთელი მატარებლის მგზავრებისა? თუ ნასვამები იყვნენ, სად იყო მატარებლის გამცილებელი ან პოლიცია, რატომ არ გააჩერეს მატარებელი სამუხრუჭე ონკანით და არ გადაიყვანეს ბიჭები რომელიმე სადგურის პოლიციის განყოფილებაში? როგორ გააღეს ბიჭებმა ჩქაროსნული მატარებლის ელექტრონული კარები ხელით?… მოწმეები ამბობენ, რომ ერთი ხტებოდა, მეორე იჭერდაო, ასეთ შემთხვევაში ერთის ჩანთა ხომ მატარებელში უნდა დარჩენილიყო? გადახტომისას რატომ არ დაზიანდა მათი მობილური ტელეფონები, ან რატომ არ გასკდა გატენილი სამგზავრო ჩანთები და ნივთები არ მიმოიფანტა? რატომ ეყარა ეს ჩანთები ლიანდაგიდან 15 მეტრის მოშორებით, როდესაც ამ სიმძიმის ნივთების გატყორცნის მანძილი ამგვარი სიჩქარის დროს 30 მეტრზე ნაკლები არ შეიძლება იყოს? ვინ არის ეს 7 მოწმე? იქნებ მათ სცემეს და აწამეს ჩვენი შვილები და შემდეგ უბედური შემთხვევის სცენა გაითამაშეს? აქ, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ჩემს შვილს 19 ჭრილობა ჰქონდა და 27 სასიკვდილო დარტყმა ბლაგვი საგნით მიყენებული. რატომ იყო სოსოს შარვალი მუხლთან ამომწვარი, ხოლო ჩანთის ღვედი შეტრუსული? მას ფეხის თითები მომტვრეული და თითებზე სკალპირებული ჭრილობა ჰქონდა, რომელსაც წამების დროს მიმართავენ. თხემის არეში მიყენებული ჭრილობა ძვლის საზრდელამდეა დასული. რატომ ჰქონდა გიორგი ბაღაშვილს ხელებზე ფრჩხილები დაგლეჯილი, ხოლო მარჯვენა ხელი სახსარში გადატეხილი? აი, რას წერს ქართველი ექსპერტი: «ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია და განვითარებულია სიკვდილის დადგომამდე». ამ ეჭვს ცოცხალი მოწმეც ჰყავს, დნეპროპეტროვსკიდან ბიჭების გადმოსვენებისას იქაურმა ექსპერტიზის თანამშრომელმა ჩემს ქმარს უთხრა: «ბიჭები ნაცემები და გადმოყრილები არიანო». მრავალგზის მივმართე საჭირო ინსტანციებს ამ საკითხზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის. აი, ჩვენი საკონსულოს ბოლო პასუხი: «ინციდენტი კვალიფიცირდება, როგორც უბედური შემთხვევა და შესაბამისად სისხლის სამართლის აღძვრის საკითხი არ განიხილებაო». რატომ მიმალავენ დნეპროპეტროვსკში ექიმ დგიუმაზიკის მიერ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს? ვაი, რომ მატერიალურად უძლურს იქ ჩასვლა არ შემიძლია.

შეიძლება ეს იყო ანგარიშსწორება ქართველებზე, როგორც მორგის თანამშრომელმა განაცხადა. იქნებ ბიჭები ისეთი რამის უნებლიე მოწმენი გახდნენ, რომ ვიღაცას მათი სიცოცხლე ხელს არ აძლევდა?

მახარაშვილი (ტუკა) სანამ გაუჩინარდებოდა, ამბობდა: «ოლგამ ბიჭები სახლში მოიყვანა, ფრანგული შამპანურით გავუმასპინძლდი. ცოტა ხნით საქმეზე გასვლა მომიხდა და, რომ მოვბრუნდი, ისინი უკვე წასულები დამხვდნენო». აღარ ვიცი, რა ვიფიქრო…

– და მაინც, ქალბატონო გულიკო, არ გიფიქრიათ რომ თავი და თავი ისევ ჩვენი ყოფა და სოციალური სიდუხჭირეა?

– მიფიქრია, მძულს ხელისუფლება, რომელმაც ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავის მოქალაქეებზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. უღიმღამო ცხოვრებით გაწამებული ჩემი შვილი იტანჯებოდა, მამაკაცური თავმოყვარეობა ელახებოდა, ავბედითი ყოფის გამო წავიდა და ცხოვრებამ მწარე განაჩენი გამოუტანა.

დღესაც უამრავი ადამიანი იტანჯება, რაღას არ აკეთებს თავის გადასარჩენად. რამდენჯერმე ვიფიქრე, მივალ მიტინგზე, ჩემს ტკივილზე ვიტყვი-თქო, მაგრამ მათ რიგითი ადამიანის დარდი არ აქვთ.

პოლიტიკოსები გველივით პერანგს იცვლიან, ყველა მთავრობაში რომ მოხვდნენ და სულ არ ანაღვლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ტრაგიკული ბედის ადამიანებით სავსეა.

ესაუბრა ლალი შაშიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here