Home რუბრიკები საზოგადოება ვის უმიზნებდა ეროსი ოქროს ისარს?

ვის უმიზნებდა ეროსი ოქროს ისარს?

637

“ქართულმა პარტიამ” აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა ეს აქცია დააანონსა (ო, რამდენი “ა”-ა ამ მოკლე სიტყვაში) პოლიტიკურ წრეებში დაახლოებით ისეთი აურზაური ატყდა, როგორც გაკოტრებულ ბორდელში, როდესაც საუკეთესო კლიენტს გაულანძღავენ. პოლიტიკოსები და ექსპერტები (მცირე გამონაკლისის გარდა) ლამის რიგში ჩამწკრივდნენ, ოქრუაშვილისთვის ქვა რომ ესროლათ.

და მაინც, რატომ მივიდა ,,ქართული პარტია” აშშ-ის საელჩოსთან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ალბათ, უმჯობესი იქნება, მომხდარის საინფორმაციო და პოლიტიკური ასპექტები ცალ-ცალკე განვიხილოთ.
ბოლო დროს ,,ქართული პარტია” სასტვენიანი ჩაიდანივით ხმაურობს. გასაკვირი ამაში არაფერია, რადგან მას საკუთარი თავის წარმოჩენა და სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებულობის დაფიქსირება სჭირდება. საინფორმაციო თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი და იაფი (და ყველაზე დესტრუქციული, თუმცა რას ვიზამთ) მეთოდი ამისთვის კონფლიქტის გაღვივებაა, რომლის დროსაც მასში ჩართული მხარეების განსხვავება ერთმანეთისგან (ნამდვილი თუ წარმოსახვითი, რა მნიშვნელობა აქვს) უფრო რელიეფურად ჩანს. მხოლოდ ხელისუფლებასთან დაპირისპირება აშკარად არ კმაროდა, ამიტომ ,,ქართული პარტია” მსწრაფლ ჩაება ურთიერთობების ისტერიულ გარკვევაში ,,რვიანთან” და ნინო ბურჯანაძესთან. მთლიანობაში ეს საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მიზანი მიღწეულია _ ,,ქართულმა პარტიამ” საკუთარი ,,განსხვავებულობის” დაფიქსირება საკმაოდ მოკლე ვადაში მოახერხა.

თუ აქციას აშშ-ის საელჩოსთან ამავე ჭრილში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ,,ქართულმა პარტიამ”: ა) მიიპყრო ყურადღება; ბ) რამდენიმე დღით ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ,,ნიუსმეიკერად” იქცა; გ) დაიმსახურა იმ ადამიანების (ნაწილის) მოწონება, რომლებიც აშშ-ის საელჩოს და, ზოგადად, ამერიკული სახელმწიფოს მოქმედებას საქართველოში კრიტიკულად ეკიდებიან; დ) კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი განსხვავებულობა სხვა პარტიებისგან. ყველაფერი დანარჩენი, პრინციპში, კორდებალეტია. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კონსპიროლოგიური სქემები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქცია წარმოადგენდა რევერანსს კრემლის მისამართით, ან კიდევ, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ სააკაშვილმა და ,,ქართულმა პარტიამ” ვაშინგტონის წინაშე შეგნებულად გაითამაშეს სპექტაკლი, რომელშიც ერთმა ,,მეგობრის”, ხოლო მეორემ ,,მტრის” როლი შეასრულა; მაგრამ ეს, ალბათ, მაინც კონტპროდუქტიული იქნება.

ჯერ ერთი, კრემლს ნაკლებად აინტერესებს აშშ-თან კონფრონტაციაზე ორიენტირებული ძალები; მისთვის გაცილებით კომფორტულია ისეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, როგორიცაა, მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც ანტიამერიკული რიტორიკისთვის არასოდეს მიუმართავს. საერთოდ, ,,გადატვირთვის” კონტექსტში, ეს რიტუალური ცეკვები ,,პრორუსულობისა” და ,,პროამერიკულობის” გარშემო ერთობ არააქტუალური გახდა. რაც შეეხება ,,ვაშინგტონის მეგობრებისა და მოწინააღმდეგეების” როლების ჰიპოთეტურ განაწილებას და ამერიკელების რეაქციას, საელჩომ განაცხადა, რომ ,,ქართულ პარტიას” აქციის გამართვის სრული უფლება აქვს. შესაძლოა, ეს იმისთვისაც გაკეთდა, რომ ქართველი ,,მეგობრები და მოწინააღმდეგეები” როლში არ შეჭრილიყვნენ და მეტი დამაჯერებლობისთვის ერთმანეთისთვის იქვე საელჩოსთან თავ-ყბა არ გაეერთიანებინათ. საერთოდ კი, მოსკოვი და ვაშინგტონი, მარტივად რომ ვთქვათ, ,,ბავშვთა ლიგაში არ თამაშობენ” და მსგავსი ფორმით გაგზავნილ მესიჯებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ.

გარკვეული დამატებითი ქვეტექსტი ყოველივე ამას შეიძლება მხოლოდ საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ მართლაც არსებობს რაღაც ძლიერ გასაიდუმლოებული გეგმა, რომელიც მიზნად ანტიამერიკული მისწრაფებების მარგინალიზაციას ისახავს. დღეს საზოგადოებაში პროამერიკული განწყობის დაფიქსირება, პრინციპში, ცუდ ტონად ითვლება (ეს სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შედეგია) და რატომ არ შეიძლება იგივე ანტიამერიკულ განწყობას დაემართოს (უფრო სწორად, დამართონ)? ეს სავსებით შესაძლებელია, თუ შტატების მძაფრ კრიტიკას სკანდალური პარტია დაიწყებს, რომელსაც საზოგადოება ფრიად არაერთგვაროვნად აღიქვამს. მაგრამ ერთი, არცთუ შთამბეჭდავი, აქცია ამ შემთხვევაში ამინდს ვერ შექმნის და ჩვენ იძულებული ვართ, დაველოდოთ, გადადგამს თუ არა ,,ქართული პარტია” მომდევნო ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

                                                                                                                                                                                     დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here