Home რუბრიკები სამართალი რამაზ ქაცარავა: ნანგრევებში ნათლად ჩანს, რომ ხელყოფილია ზოგიერთი მზიდი კონსტრუქცია!

რამაზ ქაცარავა: ნანგრევებში ნათლად ჩანს, რომ ხელყოფილია ზოგიერთი მზიდი კონსტრუქცია!

1345

26 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, მილიონ ლარად გადაეცა «რუსთავი 2»-ს

26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე «ვარსკვლავების აკადემიის» შენობა ჩამოინგრა, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შენობის ამჟამინდელი მეპატრონეა «რუსთავი 2», რომელსაც პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა «თბილზნიიეპის» შენობა. პრეზიდენტის 461-ე დადგენილებით ხალხზე გამარჯვებულმა ტელევიზიამ მილიონ ლარად ჩაიგდო ხელში 26 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით… თანხა რომ სიმბოლურია, ყველასთვის ნათელია, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა «რუსთავი 2»-ს მონური მსახურების სანაცვლოდ ეს ქონება უფეშქაშა…
მართალია, პრეზიდენტმა მომხდარ ტრაგედიაზე სიმართლის დასადგენად გამოძიებას 10 დღის ვადა მისცა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს საქმეც ისევე ჩაიფარცხება, როგორც, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის, გნებავთ, ბუტა რობაქიძის, ან, უფრო შორს რომ წავიდეთ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა…

ვიდრე მომხდარზე გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი, ჭორ-მართალი ერთმანეთში ირევა და ისიც კი ითქვა, რომ მომხდარი ტრაგედია შენობის სიძველეს უკავშირდება.

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს «თბილზნიიეპის» დირექტორთან რამაზ ქაცარავასთან, რომელიც აცხადებს, რომ შენობის ჩამოშლის მიზეზი მზიდი კონსტრუქციების დანგრევა გახდა.

– ბატონო რამაზ, ვიდრე 26 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, გკითხავთ, რა იყო «თბილზნიიეპის» საქმიანობის სფერო?

– «თბილზნიიეპი» რუსული აბრევიატურაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში მსგავსი დაწესებულება სულ ხუთი იყო. ჩვენი ინსტიტუტი მოწინავე გახლდათ სეისმოლოგიაში და ჩვენი ექსპერტიზის გარეშე სეისმურ რაიონებში არაფერი შენდებოდა. კვლევა-ძიება მიმდინარეობდა სამოქალაქო მშენებლობის დარგში და სეისმური რაიონებისთვის ყველა პროექტი ჩვენთან მუშავდებოდა. ორიგინალური მეთოდებიც შევიმუშავეთ, მაგალითად, სეისმურ რეგიონებში პანელიანი სახლის სიმაღლე განსაზღვრული იყო ცხრა სართულით, მაგრამ ჩვენთან დამუშავებული მეთოდებით იყო შემთხვევები, როდესაც თოთხმეტსართულიანი ნაგებობებიც კი შენდებოდა. მაგალითად, გლდანში, დიდ დიღომში ინდუსტრიული მშენებლობები სულ ჩვენი პროექტებით წარიმართა.

– პროექტს მხოლოდ ამტკიცებდით თუ დამუშავებაც თქვენთან ხდებოდა?

– სამეცნიერო განყოფილება კონკრეტულ ლოკალურ ამოცანას ამუშავებდა, ვთქვათ, როგორ უნდა აშენდეს ახალი მეთოდით კარკასული სახლი. შემდეგ ჩვენთან ხდებოდა ამ პროექტის გამოცდა და მშენებლობაც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლამდე 850 თანამშრომელი გვყავდა, მაგრამ შემდეგ ბევრს მოუხდა სამსახურიდან წასვლა, თუმცა ინსტიტუტმა შეინარჩუნა ფუნქციები, რადგან სეიმიკი წამყვანია მშენებლობაში. დარჩა სეისმოლაბორატორია, საგამოცდო ლაბორატორია და, რაც მთავარია, ჩვენი ინსტიტუტი ახლაც და ბოლო წლებშიც სამშენებლო მასალების ხარისხის გამოცდაზე მუშაობდა, ასევე, მიმდინარეობდა სამშენებლო კონსტრუქციების მდგრადობის გამოცდა. ჩვენი სპეციალისტები სწავლობენ და იძლევიან დასკვნას, რამდენად ვარგისია ესა თუ ის მასალა. როგორც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს რკინიგზასთან და ვამოწმებთ ამ უწყების შენობა-ნაგებობების მდგრადობას. ვმონაწილეობდით ბორჯომის რკინიგზის მშენებლობაში, მახინჯაურის, ბათუმის სადგურებიც ჩვენი ზედამხედველობით აშენდა. ჩვენი კონტროლით აშენდა აეროპორტში რკინიგზის სადგური, რომელიც მთლიანად ლითონკონსტრუქციაა. ამჟამად «თბილზნიიეპი» არის შპს, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. გასული წლის ზაფხულში სახელმწიფომ ჩვენგან უმთავრესი ნაწილი ამოიღო – 26 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, რაც შემდეგ პირდაპირი მიყიდვით გადაეცა «რუსთავი 2»-ს.

– საუბარია, რომ «რუსთავი 2»-ს ეს შენობა სიმბოლურ თანხად მიჰყიდეს…

– ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს.

არსებობს პრეზიდენტის 461-ე დადგენილება და ყველაფერი ეს შეფასებულია მილიონ ლარად. შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა «რუსთავი 2»-მა და ჩვენ იქიდან წამოვედით.

– თუ გახსოვთ, რა ფართის შენობა შეიძინა «რუსთავი 2»-მა?

– 26 ათასი კვადრატული მეტრია მიწა და მასზე განლაგებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა. შენობის ფართი ნამდვილად არ მახსოვს. წინ იყო ადმინისტრაციული კორპუსი, რომელსაც მიდგმული აქვს ექსპერიმენტული სამუშაობის კორპუსი. მისი ფართი 4 ათასი კვადრატული მეტრია. იქ ამზადებდნენ კონსტრუქციებს და მიმდინარეობდა სტატიკური გამოცდები. ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული იყო ადმინისტრაცია. იქ არქიტექტორებიც მუშაობდნენ.

– როდის გაიყიდა «თბილზნიიეპის» შენობა?

– პრეზიდენტმა დადგენილება 30 ივნისს გამოსცა. ჩვენ 2 თვის შემდეგ დავცალეთ შენობა.

– თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი?

– ეს 40 წლის შენობაა, მაგრამ ეს დრო არც ისე ბევრია იმისთვის, რომ შენობა დაძველებულიყო, მით უმეტეს, არ იყო ბზარები და ჯდენები. ამიტომაც, ვფიქრობთ, რემონტის დროს მზიდ კონსტრუქციებს შეეხნენ, თორემ ტიხრების გადაადგილება ნგრევას არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევდა. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენთვის კონსულტაციისთვისაც კი არავის მოუმართავს. მშენებლები ჩვენთან არ მოსულან, თუმცა უნდა მოსულიყვნენ და ეკითხათ. არც პროექტი მოუთხოვიათ ჩვენგან და ვერც ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, რას აკეთებდნენ იქ. უდავოა, რომ მზიდ კონსტრუქციებს შეეხნენ, სხვაგვარად ასეთი რამ გამორიცხულია. ნანგრევებში ნათლად ჩანს, რომ ხელყოფილია ზოგიერთი მზიდი კონსტრუქცია.

საუბარი იმაზე, რომ, თურმე, კორპუსში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, მძიმე დანადგარები იყო და ექსპერიმენტები ტარდებოდა, სისულელეა!

ხაზგასმით აღვნიშნავ, იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურული განყოფილება, სადაც იდგა მაგიდები და სახაზავი დაფები. მით უმეტეს, ინსტიტუტის დაშლის შემდეგ იგი სრულყოფილად არ დატვირთულა, შენობები ჩაკეტილი იყო და პერიოდულად ვაწესრიგებდით.

– მოგეხსენებათ, სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, 10 დღის ვადაში დადგენილიყო შენობის დანგრევის გამომწვევი მიზეზები…

– დიახ, გამოძიება დაწყებულია. იუსტიციის საბჭოს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ აქ, ჩვენც გაგვესაუბრნენ… კიდევ ვიმეორებ, ამ შენობას დასანგრევი არაფერი სჭირდა. ყურადღებით რომ დაათვალიეროთ, ნანგრევიდან ერთ მეტრში კედლებს ბზარიც არ აქვს. მეტი რა გითხრათ…

– სავარაუდოა, გამოძიების შემდეგ ჯოხი საკმაოდ დაბალ რგოლზე გადატყდება… კულუარებიდან უკვე ჟონავს ინფორმაცია, რომ, თურმე, თქვენი ინსტიტუტი გეგმურ სარემონტო-გასამაგრებელ სამუშაოებს არ ატარებდა…

– ეს ინფორმაცია სიმართლეს მოკლებულია! ჩვენ შენობა ჩაკეტილი გვქონდა და ვასუფთავებდით. მას სარემონტო ან გასამაგრებელი არაფერი სჭირდა. ასე ყველაფერი შეიძლება ითქვას… ხაზგასმით ვიმეორებ: შენობა იყო მდგრადი, მრავალჯერ ვთქვით და «რუსთავი 2»-საც განვუცხადეთ, რომ ტიხრების გადაადგილება შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა მზიდი კონსტრუქციებისთვის ხელის ხლება საკომპენსაციო გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე. განვუმარტავდით, რომ დაშენება მხოლოდ ფუნდამენტისა და მზიდი კონსტრუქციების საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

– მშენებლებს თქვენთან არანაირი კონსულტაცია არ გაუვლიათ?

– არა! მე არც ვიცი, ეს რა ორგანიზაციაა, ვინ რას აკეთებდა… ნათლად ჩანს, რომ ხელყოფილია მზიდი კონსტრუქციები.

– ისიც ითქვა, რომ პირველ სართულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თითქოს თქვენი ინსტიტუტი ატარებდა…

– არავითარი სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩაგვიტარებია! ჯერ ერთი, ვერც შევძლებდით უფულობის გამო, ან რატომ უნდა ჩაგვეტარებინა?! სამუშაოები ძირითადად სახელოსნოებსა და ექსპერიმენტულ საწარმოო კორპუსში მიმდინარეობდა და იმ ნაგებობებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ის მხარე, რომელიც ჩამოინგრა, ბოლო წლებში ჩაკეტილი იყო, არც ერთი ბზარი არ შეინიშნებოდა და არც დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა.

– როგორ დაიწყო «რუსთავი 2»-თან თქვენი თანამშრომლობა?

– ჩვენ სახელმწიფო შპს ვართ. ჩვენი ზემდგომი ორგანო ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოა. რაკი მატერიალურად გვიჭირდა, მას თხოვნით მივმართეთ, იჯარით გაგვეცა გარკვეული ფართი. არსებობს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება. მათივე თანხმობით გამოვაცხადეთ აუქციონი ფართის გაქირავების თაობაზე და აუქციონის წესით გამარჯვებულს მას იჯარით გადავცემდით. ამაზე არსებობს ყველა ხელშეკრულება. სწორედ, ამ წესის დაცვით მივაქირავეთ «რუსთავი 2»-ს მეხუთე სართული, სადაც მათ «ვარსკვლავების აკადემია» გახსნეს. ასე გაიცნო «რუსთავი 2»-მა ეს ინსტიტუტი, რასაც შემდეგ ამ შენობის გაყიდვა მოჰყვა.

– პროექტის თანამშრომლები კულუარებში ამბობენ, რომ მზიდი კედლები დაანგრიეს და სამი-ოთხი დღე «სტიაჟკას» ინტენსიურად ასხამდნენ შენობის იმ ნაწილში…

– სამუშაოები მიმდინარეობდა და რას აკეთებდნენ კონკრეტულად, ვერ გიპასუხებთ. ჩემი და ჩვენი სპეციალისტების აზრით, ისინი მზიდ კედლებს შეეხენ. გასული წლიდან ჩვენს ინსტიტუტს ამ შენობებთან არაფერი აკავშირებს.

ჩვენთან, როგორც შენობის უწინდელ მფლობელთან, მშენებლებს არავითარი კონტაქტი არ ჰქონიათ, არ მოუთხოვიათ პროექტი და კონსულტაციისთვისაც კი არ მოუმართავთ!

– როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, შენობის რეკონსტრუქციის შესახებ პროექტი იქ არ შესულა, რაც თავისთავად დარღვევაა…

– ყველა პროექტი მერიის შესაბამის სამსახურში მტკიცდება. მათ ჰქონდათ თუ არა პროექტი, არ ვიცი. ჩვენ ყველგან აღვნიშნეთ, რომ წინასწარი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე მზიდ კედლებთან შეხება დაუშვებელია!

– როგორც ექსპერტი, რას იტყვით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე?

– ძნელია, ვინმესკენ ხელი გაიშვირო. ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიურო მუშაობს. დაველოდოთ მის დასკვნას.

ფაქტია, რომ ამხელა ნგრევის შემდეგ დანარჩენ შენობაში ბზარი არ არსებობს. მზიდ კონსტრუქციას რომ არ შეხებოდნენ, შენობა არ დაინგრეოდა.

 

მანანა ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here