Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი მედვედევი: თქვენი ინიციატივა დროული და აქტუალურია

დიმიტრი მედვედევი: თქვენი ინიციატივა დროული და აქტუალურია

853

გასულ პარასკევს, 27 მარტს, კაფე «ქარავანში» არასამთავრობო ორგანიზაციამ «ისტორიული მემკვიდრეობა» (თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე) უაღრესად საჭირბოროტო თემატიკისადმი მიძღვნილი საინტერესო ციკლის «ჟამი ხსნისა» პირველი სამი კრებულის პრეზენტაცია გამართა.

ამ შეკრებაზე გამოსულმა საზოგადოების თავმჯდომარემ, ცნობილმა მეცნიერებმა, ჟურნალისტებმა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უკანასკნელ ხანს ჩვენში ქვეყნის წარსულზე და, ძირითადად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ლაპარაკისას სრულიად უგულებელყოფილია ისტორიული სინამდვილე. დღეს ზეობს გაყალბებულ ფაქტებზე აგებული აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელმაც შეაღწია ყველგან, სადაც კი ისტორიაზე წარმოდგენა ყალიბდება. ურცხვადაა გადაკეთებული ისტორიული ფაქტები და მოვლენები, ხშირად კი პირდაპირი ტყუილია წარმოჩენილი უტყუარ ჭეშმარიტებად.
ხან თამარ მეფე გამოგვიცხადეს ოსად (ოსებს არაფერს ვერჩით), ხან დავით აღმაშენებელი შეგვირაცხეს «ყველაზე დასავლური ღირებულებების» მატარებლად, ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ, თურმე, თურქეთი ყოფილა ჩვენი ისტორიული «მეგობარი», რუსეთი კი – ისტორიული «მტერი».

ისტორიის ფალსიფიკაცია დღევანდელ დღეს ცეცხლზე დასხმული ნავთია რუსეთთან უკიდურესად წამხდარი ურთიერთობებისთვის.

ყოველივე ამის გამო «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» მიზნად დაისახა, შეეკრიბა და სისტემაში მოეყვანა ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა საქართველოს მდგომარეობას მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, რათა საზოგადოებამ ისტორიული დოკუმენტების მიხედვით განსაჯოს და შეაფასოს საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის ავ-კარგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» მიმართვას, რომელიც ანალოგიური საზოგადოებრივ-სამეცნიერო საქმიანობის რუსეთში წამოწყების თხოვნით გაუგზავნეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევი პირადად გამოეხმაურა. ხსენებულ მიმართვაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დაძაბული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს კატასტროფამდე მიიყვანს, თუ საზოგადოება არ გააცნობიერებს, რომ უკვე ორი ათეული წელიწადია, მიმდინარეობს რუსეთისა და საქართველოს ისტორიის დახვეწილი ფალსიფიკაცია, რაც მიზნად ისახავს ოდესღაც მოძმე ხალხების სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებას. არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა» სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოებას და, პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობას საკუთარი ქვეყნის რეალური წარსულის შეცნობაში დაეხმაროს. ამ მიზნითვე გამოაქვეყნა და დასაბეჭდად ამზადებს უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებს – სახელმწიფო აქტებს, თანამედროვეთა მოგონებებს, ბიოგრაფიულ მასალებსა და სხვ.

გამოსაქვეყნებლად მზადდება ბიოგრაფიული ნარკვევების კრებულები რუსი და ქართველი ხალხების გამოჩენილი წარმომადგენლების – სახელმწიფო მოღვაწეთა, სარდლების, სასულიერო მოღვაწეთა, მეცნიერების, ხელოვნების ოსტატთა შესახებ, რომლებიც თავიანთი ბედით განასახიერებენ ქართველი და რუსი ერების ისტორიის, რწმენის, კულტურის ერთიანობას.

«ისტორიულმა მემკვიდრეობამ» იმედი გამოთქვა, რომ ამ წამოწყებას გაგებით მოეკიდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ფართო საზოგადოებრიობაც, ამ ინიციატივის რეალური სარგებლობა კი მრავალგზის გაიზრდება, თუ ანალოგიურ საქმიანობას დაიწყებს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო სტრუქტურა რუსეთის ფედერაციაშიც.

ცნობილია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივი კავშირის, ასევე, ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო ურთიერთობების მოდელის შემუშავებისთვის რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა 2008 წლის ივლისში მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც შექმნის დღიდან არის «ისტორიული მემკვიდრეობის» საზოგადოებრივი საბჭოს წევრი.

«ისტორიულმა მემკვიდრეობამ» ბატონ ალექსანდრეს (რომელიც ამჟამად სამკურნალოდ იმყოფება საზღვარგარეთ) გააცნო თავისი ინიციატივა და სთხოვა, გამოეყენებინა მისი შესაძლებლობები და ავტორიტეტი, რათა საზოგადოების მიმართვა მისულიყო რუსეთის პრეზიდენტის ყურამდე და ბატონ მედვედევს მხარი დაეჭირა ამ წამოწყებისთვის.

რფ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვიდან რამდენიმე დღეში ნათელი გახდა, რომ ბატონმა დ. მედვედევმა მოიწონა ქართული მხარის ინიციატივა. ამის დასტური გახლავთ წერილი, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიულ მემკვიდრეობას» გამოუგზავნა და რომლის ქართულ ვარიანტს აქვე გთავაზობთ:

«არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს

დიდი ყურადღებით გავეცანი თქვენს მიმართვას. იმ პირობებში, როცა რუსეთისა და საქართველოს ხალხების ურთიერთობები სერიოზულ გამოცდას გადის, აუცილებელია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჩვენი საერთო წარსულის ფაქტების პირუთვნელი ასახვა.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, ტრადიციის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უფრო და უფრო ხშირად მახინჯდება, ანდა ხელახლა იწერება ცალკეულ პოლიტიკოსთა კონიუნქტურული მისწრაფებების გამო. ასეთი ფალსიფიკაციების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, წინაპართა მიერ დანატოვარი უმდიდრესი მემკვიდრეობის შენარჩუნება მეცნიერთა პროფესიული ღირსების საქმეა.

ამასთან, თქვენი ინიციატივა დროული და აქტუალურია. ეს მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს ხალხების ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა რუსი მკვლევრების მხარდაჭერას პოვებს, ისინი თქვენსავით დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნების ისტორიის ობიექტური შეფასებით, ისტორიისა, რომლის ფურცლებითაც ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ.

გისურვებთ სიკეთესა და წარმატებებს.»

ზემოთქმულთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ბატონ ტარიელ გაგნიძეს.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ ორგანიზაციის შექმნა და რას ისახავთ მიზნად?

– ჩვენი აზრით, რფ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავება არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტის წინდაუხედავი საქმიანობითაა გამოწვეული, არამედ იმ ფაქტითაც, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მასობრივი, მასშტაბური, წინასწარგანზრახული ფალსიფიკაცია ორივე ქვეყნის ისტორიისა. ვერ ვიქნებით გულგრილნი, რადგან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუარესება, ისტორიის ფალსიფიკაციასთან ერთად, ხალხთაშორის მტრობას გამოიწვევს. ეს არათუ წერტილს დაუსვამს რუსეთთან სრულფასოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების პერსპექტივას, არამედ სავალალოდ აისახება რუსეთში მცხოვრები მილიონობით ქართველის ბედზეც.

დაგეგმილი გვაქვს იმ შინაარსის ბროშურათა სერიის გამოშვება, რომლებიც უკვე გამოვაქვეყნეთ. ეს იქნება ისტორიული დოკუმენტები, ბიოგრაფიული მასალები, ისტორიულ მოვლენათა მონაწილეებისა და თვითმხილველთა მემუარები. გამოსაცემი ლიტერატურის დიდი ნაწილი ეძღვნება რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ისტორიას, რუსეთის როლის ობიექტურად წარმოჩენას ქართველი ხალხის გადარჩენისა და განვითარების საქმეში და, ასევე, საქართველოს როლის თვალსაჩინოობას რუსეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამხედრო-ეკონომიკური სახელმწიფოს, ჩამოყალიბებაში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უმეცარი პოლიტიკანების მიერ ჩვენი ხალხისთვის თავსმოხვეული თეზისი იმის შესახებ, რომ ქართველები საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მონები იყვნენ. მიგვაჩნია, რომ ეს თეზისი შეურაცხყოფს ჩვენს ერს, ჩვენი წინაპრების ხსოვნას, მით უმეტეს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო რეალურ ისტორიასთან.

განზრახული გვაქვს სამეცნიერო-პრაქტიკული, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციების გამართვაც როგორც რუსეთ-საქართველოს ისტორიული და თანამედროვე ურთიერთობების, ასევე, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების პრობლემების შესახებ.

გვინდა, შევქმნათ კვალიფიციურ ისტორიკოსთა, პოლიტოლოგთა, სოციოლოგთაგან შემდგარი ლექტორთა ჯგუფი და ორგანიზება გავუკეთოთ რეგიონებში ლექციების ციკლების ჩატარებას ადგილობრივი მასწავლებლების, სტუდენტების, მოსწავლეებისა და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისთვის.

– საზოგადოება არაერთგვაროვნად ეკიდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხს და სწორედ ამ ნიშნით მიმდინარეობს ბრძოლა პოლიტიკურ ძალებს შორისაც…

– ჩვენ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ დაპირისპირებებში, რადგან ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს. სრულიად ნათელია, რომ საქართველოს გადარჩენა ნგრევისა და ეკონომიკური დეგრადაციისგან შეუძლია მხოლოდ იმ ძალას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების უნარი შესწევს, დააინტერესებს მეზობელ ქვეყანას ერთიანი, ეკონომიკურად განვითარებული საქართველოს არსებობით. ასეთი ძალა კი ჯერჯერობით არ ჩანს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოში ბოლო წლებში იმ სიტუაციის ანალოგიური ვითარებაა, რომელმაც აიძულა ილია ჭავჭავაძე, შეექმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. განათლების სისტემის წინასწარგანზრახულმა ნგრევამ, ეროვნული მეცნიერების განადგურებამ, ისტორიის კონიუნქტურულ დამახინჯებასთან ერთად, ხელი შეუწყო უვიცი თაობის ფორმირებას. თუ სასწრაფო ზომები არ მივიღეთ, 10-20 წლის შემდეგ დეგრადირებულ მოსახლეობას მივიღებთ. ამიტომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ზოგადსაგანმანათლებლო მიზნების რეალიზაციაა.

– მიიჩნიეთ, რომ ამ მიზნების რეალიზების შესახებ რფ-ის პრეზიდენტისთვის უნდა გეცნობებინათ? იცოდით, რომ ეს შედეგს გამოიღებდა?

– რუსეთის პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი ინიციატივა და გამოვთქვით სურვილი, რუსეთის შესაბამის სამსახურებსაც მოეკიდათ ხელი მსგავსი საქმიანობისათვის. ჩვენი საერთო ისტორიის ფალსიფიკაციისკენ მიმართული დესტრუქციული მუშაობა რუსეთშიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ რუსეთში სერიოზული პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღა საქართველოს ამა თუ იმ რეგიონის ისტორიული კუთვნილების საზოგადოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენის შეცვლის მიზნით. ნათელია, რომ ეს კეთდება საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცებისთვის ფონის შესაქმნელად და ამის გასამართლებლად. ჩვენს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, წინ აღუდგეს ამ მცდელობებს და ეს აზრადაც არ მოსდის. რუსეთ-საქართველოს შორის მტრული ურთიერთობები ხელს უწყობს ამ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას და ახალი ტერიტორიული პრობლემებით გვემუქრება. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ დღეს ჩვენი მეზობლებისთვის მხოლოდ რუსეთია შემაკავებელი ფაქტორი, თორემ საქართველოსგან უკვე თბილისსაც აღარ დატოვებდნენ. სწორედ ამიტომ ფრიად მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხში და ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ იგი კეთილგანწყობით გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას.

თორნიკე მანველიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here