Home რუბრიკები საზოგადოება ტარიელ გაგნიძე: პირველებმა ამ მავნებლური ტენდენციის წინააღმდეგ ხმა ქართველებმა ამოვიღეთ

ტარიელ გაგნიძე: პირველებმა ამ მავნებლური ტენდენციის წინააღმდეგ ხმა ქართველებმა ამოვიღეთ

ვის რაში სჭირდება ტყუილზე აგებული ისტორია?

2009 წლის 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა თავისი განკარგულებით შექმნა ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის კომისია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენთან, საქართველოში, მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობა», რომელიც აქტიურად საუბრობს ისტორიის ფალსიფიკაციის მანკიერ პრაქტიკაზე და ამ თემაზე მოსკოვში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეც იყო. ვესაუბრებით ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ტარიელ გაგნიძეს:
– ბატონო ტარიელ, რითაა გამოწვეული ისტორიის ფალსიფიკაციის ფენომენი?

– საერთოდ, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში დასკვნები ხშირად შეფერილია კვლევის ობიექტისადმი მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულებით, კვლევის საგნის სუბიექტური აღქმით, მაგრამ ის, რაც ისტორიასთან მიმართებაში ხდება, ეს ერთი ცალკე მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულება არაა. მიზანში ამოიღეს კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული პერიოდი და ისტორიის ურცხვად დამახინჯება-გადაწერა მავანთა კონიუნქტურული მისწრაფებების მიხედვით მიმდინარეობს.

უკანასკნელ ხანს ტყუილი და სიყალბე საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოშიც. პრიორიტეტად აიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების და ჩვენთან მიმართებით საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ისტორია.

– უფრო კონკრეტულად, რას გამოყოფდით ისტორიის გაყალბების ტენდენციაში?

– რა გვესმის დღეს და როგორ ისტორიას ვისმენდით უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში? – რომ საბჭოთა კავშირი იყო «ხალხების ციხე» (ე.ი. რუსებს ქართველები ციხეში ვყავდით გამომწყვდეული), რომ რუსეთი იყო და არის სასტიკი და ულმობელი იმპერია (ე.ი. ჩვენ – ქართველებს რუსეთი სასტიკად და ულმობლად გვექცეოდა და გვექცევა), რომ ეს იმპერია დაპყრობილი ხალხების სისხლსა და ძვლებზე იყო აგებული (ე.ი. ქართველების სისხლსა და ძვლებზეც), რომ რუსეთის იმპერია სპობდა და ანადგურებდა მის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებსა და ხალხებს (ე.ი. ქართველებსაც გენოციდს გვიწყობდა), რომ რუსეთის იმპერიას მისი ზეობის ხანაში სათავეში ედგა ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორი კაცობრიობის ისტორიაში – ქართველი იოსებ სტალინი, ხოლო მის რეპრესიულ მანქანას ხელმძღვანელობდა განთქმული ჯალათი, ასევე ქართველი ლავრენტი ბერია (ქართველები მხოლოდ სიგლახეში ვჯობივართ ყველას და მხოლოდ ცუდი გამოგვდის ხელიდან), და ა.შ. და ა.შ. მაგრამ რუსეთი დიდია და «საშიში», საქართველო – პატარა, სუსტი და, თანაც, «ქართველებს მხოლოდ ცუდი გამოგვდის ხელიდან».

რა ვქნათ? ამ ფიქრში რომ ვართ, მაშინვე გამოჩნდნენ «ძლიერი» და «კეთილი» ამერიკელები. ისინი ხომ ყველგან ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხის «ქომაგები» და «დემოკრატიის მებაღეები» არიან. როცა ჩვენი გასაჭირი შეიტყვეს, დასახმარებლად გამოეშურნენ, დემოკრატია გვასწავლეს და რუსეთისაგან გადასარჩენად მაშინვე შემოგვთავაზეს ნატოში შეყვანა, რომელიც, თურმე, სწორედ გამხეცებული რუსეთისაგან დანარჩენი მსოფლიოს გადასარჩენად შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ყოფილა. ჩვენც მეტი რა გვინდა, ქართველებს? შრომა არ დაგვჭირდება, ამერიკელები გაგვიწევენ ფინანსურ დახმარებას – ფულს მოგვცემენ; მრეწველობა და სოფლის მეურნეობა რად გვინდა, თავის შეწუხება სჭირდება და, თანაც, კეთილი ამერიკელები ჰუმანიტარულ დახმარებას გვიგზავნიან; არც დამოუკიდებელი საშინაო და, მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკა გვჭირდება (მაინც არ გამოგვდის არასოდეს არაფერი), ამერიკელები გამოგვიგზავნიან კონსულტანტებს და ისინი გვიკარნახებენ, როგორ მოვიქცეთ (როგორ მოვუწყოთ პროვოკაციები რუსეთს, რომ რაც შეიძლება ძლიერ გავაბრაზოთ და აგრესორისა და მტარვალის იმიჯი შევუნარჩუნოთ); და ყველაზე მთავარი – რუსეთმა რომ საბოლოოდ არ გადაგვყლაპოს და არ მოგვსპოს, ჩვენთან ჩააყენებენ ნატოს სამხედრო ბაზებს, დადგამენ აქ ბირთვულ რაკეტებს და, აბა, მერე ვუჩვენებთ სეირს რუსებს – ერთი რამე გაბედონ, მაშინვე ამერიკული ბირთვული ბომბი მოხვდებათ თავში. მოგეცათ ლხენა, ხომ მაგარია? სად იყვნენ აქამდე ეს დალოცვილი ამერიკელები?!

რა განწყობა ეუფლება პრობლემაში ჩაუხედავ ადამიანს ყოველივე ზემოთქმულის მოსმენის შემდეგ? ბუნებრივია, აგრესია გაუჩნდება და ბრაზი დაარხრჩობს, ვინ არიან ეს რუსები, მაგათი ასე და ისე… რა შედეგი მოჰყვება ამას? რუსეთისა და რუსების ათვალწუნება და მათდამი მტრული დამოკიდებულება – ადამიანურ დონეზე, სახელმწიფოებრივ დონეზე – გაუცხოება და ანტაგონისტური, კონფრონტაციული პოლიტიკა.

ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ვითარებას.

აყალბებენ ისტორიას – ნიშნავს, სიმართლეს მალავენ; თუკი მალავენ, ე.ი. სიმართლე ხელს უშლით. რაში უშლით ხელს? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა მიზნისთვის სჭირდებათ ტყუილი? ამაზე პასუხი თვითონ სიყალბეში უნდა ვეძებოთ და იმ განწყობაში, რასაც მკითხველში ეს ტყუილი აღძრავს. ყალბისმქმნელები სწორედ ამ შედეგს ესწრაფვიან.

პირველებმა ამ მავნებლური ტენდენციის წინააღმდეგ ხმა ქართველებმა ამოვიღეთ. 2007 წლის 27 სექტემბერს ქართველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ რუსულ პრესაში რუსულად, პირველ რიგში, რუსებისვე გასაგონად გამოაქვეყნა წერილი სათაურით «საჭიროა ისტორიული სიმართლე». ამ წერილში მან პირველმა ილაპარაკა საჯაროდ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისტორიის გაყალბებაზე, ამ სიყალბის კონკრეტულ ავტორებზე და ამ მავნე პროცესის შედეგებზე. ამ წერილით პოლიტოლოგმა დასაბამი მისცა ამ ფრიად საჭირბოროტო საკითხის საჯარო განხილვას და ამ თემას საზოგადოების ყურადღება მიაპყრო. მთავარია, რომ რუსეთის ხელისუფლება მთელი სერიოზულობით მოეკიდა ბატონი ჭაჭიას ნათქვამს.

ცოტა მოგვიანებით, 2009 წლის დასაწყისში, იგი იყო ინიციატორი, შექმნილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა უფრო ორგანიზებული გამხდარიყო მუშაობა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. შედეგად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც «ისტორიული მემკვიდრეობა» ვუწოდეთ. ჩვენ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები იყო ის, რომ დავიწყეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტების სისტემატიზაცია და კრებულებად გამოცემა (დღეისათვის უკვე ექვსი კრებულია გამოცემული, მზადდება მეშვიდე), აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ წერილით, რომელშიც ვატყობინებდით ჩვენი წამოწყების შესახებ და ვთხოვდით, ანალოგიური შინაარსის საქმიანობა წარმართულიყო რუსეთშიც.

შეიძლება ითქვას, ჩვენ პროცესების კატალიზატორის როლი შევასრულეთ.

ბატონი მედვედევი სულ რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ჩვენს მიმართვას. 2009 წ. 27 მარტს მივიღეთ მისი საპასუხო წერილი, რომელშიც იგი მიესალმა ჩვენს ინიციატივას, უწოდა მას დროული და აქტუალური და ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა და რუსმა ხალხებმა ერთად უნდა ვიამაყოთ ჩვენი ერთობლივი წარსულით.

პრეზიდენტის საპასუხო წერილიდან ერთ თვეში – 2009 წლის 28 აპრილს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე – «ორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ».

შემდეგ ამას მოჰყვა 2009 წლის 9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 64-ე წლისთავი, როდესაც დ. მედვედევმა ქართველ ვეტერანებს ცალკე, გამორჩევით მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და ამ მიმართვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დაუშვებელია ჩვენი წარსულის ინტერპრეტაცია და რომ აუცილებელია, ჩვენმა სულიერად ახლობელმა ხალხებმა შეინარჩუნონ ისტორიული წარსული და ისტორიული მეხსიერება.

ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სისტემური ხასიათის მისაცემად რუსეთის პრეზიდენტმა სულ ახლახან, 19 მაისს, გამოსცა განკარგულება, რომლითაც შექმნა წარმომადგენლობითი კომისია და მას ზუსტად ასეთი სახელი უწოდა: «კომისია რუსეთის ინტერესების საზიანოდ ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობების აღსაკვეთად».

 ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გაიაზრეს, რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს ისტორიის გაყალბებას ქვეყნისთვის, მისი ავტორიტეტისთვის, მისი მომავლისთვის და რომ სიყალბეს სწორედ საამისოდ იგონებენ; სწორედ ამიტომ აიყვანეს ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში.

– რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

– სამწუხაროდ, სრულიად საპირისპირო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყალბი ისტორია ერთნაირად საზიანოა რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. რუსეთმა სახელმწიფო დონეზე დაიწყო ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, ჩვენი ხელისუფლება კი თვითონაა სიყალბის ეტალონი და მისაბაძი მაგალითი. მათგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ, საზოგადოებამდე მივიტანოთ ისტორიული სინამდვილე და ხალხს შევახსენოთ ჩვენი საამაყო წარსული.

ესაუბრა მაია სვიანაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here