Home რუბრიკები საზოგადოება 9 მაისს გამარჯვების პარკში ვეტერანები და მათი გამარჯვება შეურაცხყვეს!

9 მაისს გამარჯვების პარკში ვეტერანები და მათი გამარჯვება შეურაცხყვეს!

834

2009 წლის 9 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ – «ისტორიული მემკვიდრეობა» – თბილისში, გამარჯვების პარკში ჩაატარა «გიორგის ბაფთის» აქცია.

სამამულო ომის ვეტერანებს დაურიგდათ წმინდა გიორგის ორდენის ბაფთები, აგრეთვე პერიოდიკა. ამ აქციის ირგვლივ სულ სხვა ხასიათის რეპორტაჟი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამარჯვების პარკში მომხდარმა გვაიძულა წინამდებარე წერილის დაწერა.

საქმე ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მისასალმებელ სიტყვაში გაუგონარი მკრეხელობა ჩაიდინა, საერთოდ აურია ერთმანეთში ისტორიული ფაქტები და სიცრუე. მან 9 მაისი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ჩინოვნიკმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ, თურმე, სამამულო ომის დროს საქართველოდან ახალწვეულებს არაპროპორციულად იწვევდნენ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თურმე სწორედ საქართველოდან მიჰყავდათ ჯარისკაცები, რაც, მისი მტკიცებით, ეწინააღმდეგება ომის წარმოების ლოგიკას და მას თუ დაეჯერება, თურმე ქართველებს შეგნებულად ანადგურებდნენ. ეს განცხადება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი ავტორი გახლავთ საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, რომელმაც 9 მაისს ერთმანეთთან გააიგივა ფაშისტური გერმანია და სამამულო ომში ფაშიზმის დამმარცხებელი საბჭოთა ხალხი.
კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ არის ჩართული ისტორიის გაყალბების ფერხულში, რამაც ბოლო დროს გრანდიოზული მასშტაბები შეიძინა. ისტორიის გაყალბებისა და თვალში ნაცრის შეყრის, აგრეთვე სამამულო ომის ვეტერანების აშკარა შეურაცხყოფის ნათელი მაგალითია ბატონი სიხარულიძის სიტყვა, წარმოთქმული 2009 წლის 9 მაისს.

ამ დღეს, მინისტრის კვალდაკვალ, არც ერთ გამომსვლელ ოფიციალურ პირს პრინციპულად არ გახსენებია დიადი გამარჯვება ფაშიზმზე, არც ამ გამარჯვების ორგანიზატორზე – უმაღლეს მთავარსარდალზე, გენერალისიმუსზე, ქართველ იოსებ სტალინზე უთქვამთ რამე (შეიძლება ამ ჩინოვნიკებს გავუგოთ – მაგათ რომ მთავარსარდალი ჰყავთ, იმასთან სტალინი რა მოსატანია…).

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოფიციალურ პირთა შემდეგ გამომსვლელთაგან მხოლოდ ბატონმა ვალერი კვარაცხელიამ გაუსვა ხაზი იოსებ სტალინის როლსა და მნიშვნელობას ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების საქმეში.

ამ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახე, მისი ნამდვილი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი იმითაც ჩანს, რომ კუკიაზე დიდ სამამულო ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო სრულიად მოუვლელია, საფლავის ქვები და წარწერიანი დაფები ზოგი დამტვრეულია, ზოგიც – საერთოდ დაკარგული. თვით სასაფლაოს ტერიტორიაზე სარეველა ბალახია მოდებული და იქაურობაზე არავინ ზრუნავს, მოხუც ქალბატონს თუ არ ჩავთვლით, რომელიც იქ დაკრძალული ერთ-ერთი მებრძოლის შთამომავლად გაგვეცნო.

კერძო საფლავები ისე შეჭრილა ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე, რომ თითქმის წაშლილა ზღვარი…

დიადი გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე – ეს ერთ-ერთი უმთავრესი შემაკავშირებელი სიწმინდე იყო საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხებისათვის, მათი ერთიანობის სიმბოლო. სამამულო ომში გამარჯვება იყო ის ბოლო აკორდი, რომელმაც საბოლოოდ შეკრა ერთ ოჯახად საბჭოთა კავშირის ხალხები, მათ შორის, რუსები და ქართველებიც. მაგრამ მას შემდეგ ისტორიისთვის არა, მაგრამ ადამიანთა მეხსიერებისთვის დიდი დრო გავიდა. ამ საერთო სიწმინდეებზე თაობები იზრდებოდნენ და ესეც განაპირობებდა ჩვენი საერთო ფასეულობებისა და ინტერესების მართებულად გააზრებას.

მაგრამ, როგორც ვთქვით, გავიდა ხანი და რა ხდება დღეს? ყველგან, სადაც კი შესაძლებელია – აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში, რუსეთში თუ ჩვენთან – სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს გამალებული კამპანია ამ ყველაზე დიდი საერთო სიწმინდის გასაშავებლად და მისი მნიშვნელობის უგულებელსაყოფად. საამისოდ, ყველა სხვა უხამსობასთან ერთად, მარჯვედ ამახინჯებენ ისტორიას, აყალბებენ ფაქტებს და ისტორიულ მოვლენებს უკუღმა წარმოგვიდგენენ. უფროსი თაობის ხალხს სიმართლე ჯერ კიდევ ახსოვს, მაგრამ ახალგაზრდა თაობას აღარც სკოლის სახელმძღვანელოებიდან, აღარც უმაღლეს სასწავლებლებში და აღარც მასმედიიდან ისტორიაზე სიმართლეს აღარ ეუბნებიან. უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანაა მიმართული იმისათვის, რომ წაიშალოს ისტორიული მეხსიერება. სწორედ ამას ემსახურება ძმათა სასაფლაოებისა და დიდი სამამულო ომის თემატიკის ძეგლების შებილწვა, ესესელთა მსვლელობები, სამშობლოს მოღალატეთა სიმართლისთვის მებრძოლებად გამოყვანა და მრავალი სხვა. ცალკე კამპანიაა გაჩაღებული სახელოვანი გამარჯვების დიდი შემოქმედის – იოსებ სტალინის პიროვნებისა და ამ გამარჯვების საფუძვლის – მის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაციისათვის.

ყოველივე ეს ემსახურება ერთ კონკრეტულ მიზანს – სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგვკიდონ ერთმანეთს და პირველ რიგში – რუსეთს ხალხები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინათ ერთიან ძმურ ოჯახად, მშვიდობაში და თანხმობით ვცხოვრობდით. და რადგანაც ამისთვის არავითარი ობიექტური პირობა არ არსებობს, გამალებით გვახვევენ თავს ათასგვარ სიყალბეს და მავანთა ჭკუაზე გადაწერილ ისტორიას.

9 მაისი, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად, არის რუსი და ქართველი ხალხის ერთობლივი გამარჯვების ღირსშესანიშნავი თარიღი, ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და გმირული ფურცელი რუსულ-ქართული მეგობრობის ისტორიაში. მარტო ის რად ღირს, რომ გამარჯვების დროშა რაიხსტაგის თავზე ააფრიალეს ქართველმა მელიტონ ქანთარიამ და რუსმა მიხეილ ეგოროვმა. ყოველივე ეს იმედს იძლევა, რომ სულიერად ახლობელი ჩვენი ორი ხალხი დაძლევს დღევანდელ განსაცდელს და კვლავაც აღვადგენთ უწინდელ მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ ამას გაუსვა ხაზი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, როცა მილოცვით მიმართა ქართველ ვეტერანებს 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიის ფალსიფიკაციას უნდა დავუპირისპირდეთ ყველა საშუალებით და ყველა გზით უნდა შევინარჩუნოთ ისტორიული მეხსიერება. საამისოდ შევკრიბეთ და უკვე ხუთ კრებულად გამოვეცით XVII-XIX საუკუნეების საქართველოს ყოფის მაჩვენებელი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები. ამ საქმიანობას მომავალშიც გავაგრძელებთ.

ტარიელ გაგნიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია

«ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here