28 აპრილს მოსკოვში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტში, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე «რუსეთისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ორი ხალხის საერთო ბედის შესახებ». რუსული მხარის ინიციატივით ორგანიზებული ეს შეხვედრა იყო გამოხმაურება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის წერილზე, რომელიც მან ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» წარმომადგენლებს 27 მარტს გამოუგზავნა მათივე მიმართვის პასუხად.
მრგვალ მაგიდას რუსი მეცნიერების მიწვევით საქართველოდან ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» წარმომადგენლები – ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე, «ისტორიული მემკვიდრეობის» საზოგადოებრივი საბჭოს წევრები: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი შოთა კვირტია და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია, აგრეთვე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1993-95 წლებში საქართველოს ელჩი რუსეთში, პროფესორი ვალერიან ადვაძე.
რუსეთის მხრიდან მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ლავროვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ბუგაი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი ვლადიმერ გეორგიევი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ დეგოევი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი იური ჟუკოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის სექტორის გამგე ვლადიმერ კუჩკინი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვადიმ მუხანოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ სილაევი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის რუსეთის ხალხთა ისტორიისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი ვადიმ ტრეპალოვი.
მრგვალი მაგიდის მუშაობას უძღვებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვლადიმერ შესტაკოვი.
განსახილველი თემის დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასტურია ის ფაქტი, რომ მონაწილეთა გამოსვლებს დარბაზში ესწრებოდა რუსეთის სამეცნიერო წრეების ათეულობით წარმომადგენელი, რომლებიც მრგვალი მაგიდის მუშაობაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ.
«საქართველო და მსოფლიომ» ამ მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ მონაწილეს, არასამთავრობო ორგანიზაცია «ისტორიული მემკვიდრეობის» თავმჯდომარეს ტარიელ გაგნიძეს სთხოვა, მოსკოვში გამართული ფორუმის შესახებ მოეთხრო.
– ბატონო ტარიელ, მართალი გითხრათ, ქართული საზოგადოების გაოცება გამოიწვია თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენელთა წერილის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის განსაკუთრებულმა ყურადღებამ. საპასუხო წერილიც მალევე მიიღეთ. თქვენსა და დიმიტრი მედვედევის წერილებში გამოთქმული სურვილების ასე ოპერატიულად რეალიზების მოლოდინი, ალბათ, ნაკლებად იყო რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობიდან გამომდინარე, თუმცა, ფაქტის წინაშე ვდგავართ – ამ მიმოწერიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ მოსკოვში შეხვედრა გაიმართა და სწორედ იმ საკითხებზე იმსჯელეთ, რაც ასევე ძალიან აქტუალურია ქვეყნისთვის, მით უმეტეს, დღეს…
– სწორად შენიშნეთ, საკითხები, რომლებზეც მოსკოვში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ვიმსჯელეთ, დღეისათვის მართლაც ფრიად აქტუალურია. ამ დიალოგს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ იგი გაიმართა რუსეთ-საქართველოს უკიდურესად გართულებული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფონზე, იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაწყვეტილია. პოლიტიკურ მიზეზებს ნუ ჩავუღრმავდებით, მაგრამ ვიტყვი, რომ ურთიერთობების გაფუჭების გასამართლებლად ურცხვად იყენებენ ისტორიის ფალსიფიკაციას. ასეთ ვითარებაში ჩვენმა საზოგადოებამ თავისი ინიციატივით დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტების სისტემატიზაცია და კრებულებად გამოცემა, ამავე დროს ჩვენი საქმიანობის შესახებ წერილით მივმართეთ ბატონ მედვედევს და ვისურვეთ, რუსული მხარეც ჩაბმულიყო ამ პროცესში.
ყველასთვის ცნობილია რუსეთის ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიცია – ის კატეგორიულ უარს აცხადებს საქართველოს ხელისუფლებასთან და პირადად საქართველოს პრეზიდენტთან რაიმე სახის დიალოგზე.
ასეთ ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენს მიმართვაზე ძალიან გულთბილი და კეთილგანწყობილი პასუხი გამოგვიგზავნა. იგი ამ წერილში, სხვა მოსაზრებებთან ერთად, გამოთქვამდა სურვილს, რომ რუსი მკვლევარები გაიზიარებდნენ და მხარს აუბამდნენ ჩვენს ინიციატივას. სწორედ ამ გამოხმაურების გაგრძელება იყო 28 აპრილს მოსკოვში გამართული მრგვალი მაგიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა და დიალოგი გაიმართა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვევითა და ინიციატივით. საქართველოს მხრიდან, მოგეხსენებათ, ჩემთან ერთად ამ დიალოგში მონაწილეობდნენ პროფესორები: შოთა კვირტია, ალექსანდრე ჭაჭია და ვალერიან ადვაძე. რუსეთის მხარეც საკმაოდ წარმომადგენლობითი და ავტორიტეტული მეცნიერებით დაგვხვდა. დიალოგის დროს იგრძნობოდა, რომ ისინი შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებულნი. მათი სულისკვეთებითა და განწყობით ასევე კარგად ჩანდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ დიალოგი დიალოგისთვის და განსახილველი თემით გულწრფელად იყვნენ დაინტერესებულნი.
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ისტორიული პროცესების ცალკეული პირების ნება-სურვილისამებრ ინტერპრეტაციას ისინი საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან. ჩემი გაოცება და, ამავე დროს, აღფრთოვანება გამოიწვია მათმა სიღრმისეულმა ცოდნამ საქართველოს ისტორიის ყველა ნიუანსისა.
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო დისკუსია, ეს იყო დიალოგი, რომელიც შეეხებოდა ჩვენი საერთო ისტორიის, რეალური ისტორიის წარმოჩენის საკითხებს. ვიმსჯელეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს საზოგადოებამდე ისტორიის ობიექტურად მიტანისათვის და არა ინტერპრეტირებულად, როცა პოლიტიკური მოტივებით ხდება ისტორიული ფაქტების დამახინჯება. ეს არა მარტო საქართველოს, რუსეთის პრობლემაც არის. რუსი მეცნიერების გამოსვლებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ისინიც შეწუხებულნი არიან ბოლო დროს განვითარებული ტენდენციებით.
– თუკი ასეთი შეწუხებულები არიან, რატომ არ უწევენ აშკარა წინააღმდეგობას ისტორიის ფალსიფიკაციას? მოგეხსენებათ, დღეს, ალბათ, ნაკლებად, მაგრამ საბჭოურ წლებში სწორედ ისტორიის ინსტიტუტში ან მისი მეთვალყურეობით ქვეყნდებოდა ისტორიოგრაფიასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, ბროშურები, წიგნები და ა.შ. ამის შესახებ თუ ისაუბრეთ და მათ რა პოზიცია აქვთ?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ უშუალოდ ამ ინსტიტუტში მზადდება ეს ყველაფერი. როგორც წესი, ასეთი პუბლიკაციები, ისტორიის ფალსიფიკაციას ვგულისხმობ, მზადდება ძალიან ვიწრო წრეში ე.წ. ისტორიკოსების მიერ, რომელთაც კარგად უხდიან და რომელთაც პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსება ნაკლებად აწუხებთ. ფალსიფიკაციას საკმაოდ ორგანიზებული ხასიათი აქვს, ეს არ ხდება სპონტანურად და არ არის კერძო პირის ან კერძო სტრუქტურის ინიციატივა. ამის წინააღმდეგ ორგანიზებული პასუხი აქამდე არ ყოფილა. ჩვენი მცდელობა პირველი ნაბიჯია, რათა ისტორიის ფალსიფიკაციას ორგანიზებული პასუხი გაეცეს დასაბუთებულად, ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით და იმ პროცესების ობიექტურად წარმოჩენით, რომლებსაც ასე მონდომებით ამახინჯებენ. მათი საწუხარიც ეს იყო და ამიტომაც მიესალმნენ ჩვენს ინიციატივას, რომ ამ პროცესს ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი მისცემოდა. ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.
გასაგებია, რომ პირველსავე შეხვედრაზე ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საქმის ყველა ნიუანსს ვერ მოვიცავდით, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა გაიმართა, რუსეთის ავტორიტეტული მეცნიერები ჩაერთნენ საქმეში და, ფაქტობრივად, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებაც დაინტერესებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ობიექტურად გაშუქებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიული პროცესები ისე უნდა აისახოს, როგორც ეს სინამდვილეში იყო და არა – პოლიტიკური კონიუნქტურისთვის. ამისათვის ჩვენ მიზნად დავისახეთ რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, რათა პროცესი უფრო სიღრმისეული გახდეს და შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, რაც მთავარია, შედეგი გამოიღოს იმ თვალსაზრისით, რომ ფართო საზოგადოებრიობა გაეცნოს სინამდვილეს ისტორიული პროცესების შესახებ, კონკრეტულად კი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის შესახებ.
– ბატონო ტარიელ, ურთულეს საქმეს შეეჭიდეთ. წლების მანძილზე ინტერპრეტირებული მოვლენების რეალურ კალაპოტში მოქცევა და მით უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა არცთუ მცირე ძალისხმევას მოითხოვს. თქვენ კონკრეტული ნაბიჯები ახსენეთ და, იქნებ, ჩვენც გაგვიმხილოთ, როგორ, რა გზებით აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?
– მრგვალი მაგიდის მონაწილეები შევთანხმდით, რომ ამ მიზნების მისაღწევად უნდა დავაარსოთ პერიოდული გამოცემა. ეს იქნება ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემა, ალბათ, უპრიანია, – ორივე ერთად. პერიოდულობას განვსაზღვრავთ. ყოველკვარტალურიც რომ იყოს, უკვე დიდი საქმე გაკეთდება. ამაში ერთობლივი კვლევის შედეგებიც აისახება და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის – «ისტორიული მემკვიდრეობის» მუშაობის შედეგებიც გაშუქდება. პარალელურად ამ თემატიკასთან დაკავშირებული მასალებიც გამოქვეყნდება.
– ბარემ აქვე ჩაგეკითხებით. «ისტორიულმა მემკვიდრეობამ» უკვე გამოსცა ხუთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი კრებული, რომლებშიც სწორედ ისტორიული დოკუმენტების სისტემატიზაცია მოახდინეთ, ე.ი. პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ეს კრებულებიც ხომ არ ჩაიტანეთ მოსკოვში და ხომ არ იგეგმება მსგავსი კრებულების რუსულად გამოცემა?
– რა თქმა უნდა, წავიღეთ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბუნებრივია, რუსულადაც გამოიცემა ანალოგიური მასალები, მაგალითად, «ქართლის ცხოვრება», რომელიც საქართველოს მატიანეა და რუსი მკვლევარებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან რუსულად არ გამოცემულა. დადგა საკითხი, რომ «ქართლის ცხოვრება» რუსულად ვთარგმნოთ და გამოვცეთ. გარდა ამისა, შევისწავლით და საზოგადოებრიობას გავაცნობთ რუსეთში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველებს, გაშუქდება მათი საქმიანობა და როლი რუსეთის ისტორიაში.
ცალკე კვლევის საგანია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი, რამ გამოიწვია ასეთი მკვეთრი გაუარესება ჩვენს სახელმწიფოებს შორის და რა შედეგები მოგვიტანა ამან ჩვენც და მათაც. ეს ჩვენი გუშინდელი დღეა და ბრმა უნდა იყო, ვერ ხედავდე, სადამდე მიგვიყვანა მეზობელთან შუღლმა და მტრობამ.
ქართულ მასმედიას რომ გადაავლო თვალი, განსაკუთრებით, ტელევიზიით ისეთ სურათს გვიხატავენ, თითქოს დედამიწის ცენტრი ჩვენ ვიყოთ და მსოფლიო პროცესები ჩვენ ირგვლივ ტრიალებდეს. ეს რომ ასე არ არის, ნათელია. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სხვა ჩვენთვის თავს არ შეიწუხებს.
– მრგვალი მაგიდის გარდა, ალბათ, სხვა შეხვედრებიც გექნებოდათ. როგორ გხვდებოდნენ და რა დამოკიდებულებაა საქართველოსა და ქართველობის მიმართ?
– ჩემს პირად მაგალითზეც დავრწმუნდი, რომ მოსკოვში ანტიქართული განწყობა არ არსებობს. ამ 5-6 დღის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, როგორც მეცნიერებთან, ისე სხვებთან და არ შემხვედრია არც ხანდაზმული და არც ახალგაზრდა, ვისაც ანტიქართული განწყობა აქვს და ქართველებს ამრეზით უყურებს. ამას გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება.
– თქვენი ნათქვამითაც დასტურდება, რომ ისტორიის ფალსიფიკაციამ ამ საქმით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასურველი ნაყოფი არ გამოიღო და ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობაში ბზარი ვერ გააჩინა…
– საბედნიეროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ჯერჯერობით, მაგრამ, თუ ეს პროცესი გაგრძელდა და არ შევეწინააღმდეგეთ, ბოლოს და ბოლოს, ბზარიც გაჩნდება და უარესობისკენ ცვლილებების შეჩერება, შესაძლოა, ვეღარც შევძლოთ. ვერ დამისახელებთ ფაქტს, როცა ორი ხალხის მტრობას ან ერთისთვის მოეტანოს სიკეთე, ან მეორისთვის.
ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ერთ რამეს: ხომ არაერთი ფაქტი ვიცით, როცა გუშინდელი მოკავშირეები მოსისხლე მტრებად გადაკიდებიან ერთმანეთს.
როცა ორი სახელმწიფო მოკავშირედ გვევლინება, ამას საერთო ინტერესები უდევს საფუძვლად, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტერესები ხშირად იცვლება და ამას საუკუნეები არ სჭირდება. მაგალითი ბევრია.
მაგრამ ახლა სხვა მაგალითი ვნახოთ: რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, ორ საუკუნეზე მეტი გავიდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ურთიერთდამოკიდებულება არ შეცვლილა, პირიქით: ქართველებმა მალევე დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ისტებლიშმენტში. უკვე 1812 წლის სამამულო ომში 12 ქართველი გენერალი და 40-მდე ოფიცერი მონაწილეობდა. ეს მაშინ, როცა ინტეგრაციული პროცესები ხეირიანად არც იყო დაწყებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობა არ იყო მხოლოდ ინტერესთა ერთობლიობა, მხოლოდ პოლიტიკური პრაგმატიზმი. ამ ფაქტიდან ცხადია, რომ ქართულმა არისტოკრატიამ იმთავითვე თავისად ჩათვალა რუსეთი, რუსეთმაც თანამებრძოლად და თავისიანად მიიღო ერთმორწმუნე ქართველები. მნიშვნელოვნად ასეა დღესაც.
– ბატონო ტარიელ, დავუბრუნდეთ მრგვალ მაგიდას. ფიქრობთ თუ არა მსგავსი შეხვედრების გაგრძელებას მოსკოვსა და თბილისში?
– დიახ, და ამაზეც ვიმსჯელეთ. კონკრეტული გადაწყვეტილებაც მივიღეთ. გვინდა, რომ ჩვენი დიალოგი გადავაქციოთ საზოგადოების დიალოგის მოედნად და ამ შეხვედრებში არა მარტო მეცნიერებმა, არამედ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა, მისმა საღად მოაზროვნე ნაწილმაც ფართოდ მიიღოს მონაწილეობა. ორი ხალხის ურთიერთობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე გითხარით, რომ რუსეთში უყვართ საქართველო, უყვართ ქართველები და ეს სიყვარული უნდა გავიხსენოთ და გავაღვივოთ. მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც მეტყვის, რომ მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მტრობა და შუღლი სჯობია.
რაც შეეხება შეხვედრების ინტენსივობას, მე იმედი მაქვს და მოსკოვური შეხვედრის სულისკვეთება და განწყობაც ასეთი იყო, რომ ამას უნდა მიეცეს მუდმივი ხასიათი და უნდა გაგრძელდეს სისტემატურად. ეს არა მარტო დღევანდელ რუსეთსა და დღევანდელ საქართველოს სჭირდება, ეს სასიკეთოდ წაადგება ამ ორ სახელმწიფოს მომავალში და, თუ გულახდილები ვიქნებით,
ვთქვათ პირდაპირ – რუსეთსა და საქართველოს დღევანდელი დაძაბული ურთიერთობა არც ერთისთვის არის სასიკეთო და არც მეორისთვის, მაგრამ ჩვენ იმედი არ უნდა დავკარგოთ: კეთილმეზობლურ ურთიერთობას აუცილებლად აღვადგენთ. ეს და ამგვარი შეხვედრებიც სწორედ ამ საქმეს ემსახურება.
– ბატონო ტარიელ, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის გზების ძიება და მით უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ძალიან აქტუალურია, მაგრამ, ვთქვათ პირდაპირ, – არცთუ უსაფრთხო…
– რა თქმა უნდა, გვესმის, რომ დღეს ამ საკითხებზე საუბარი, შესაძლოა, სულაც არ იყოს პოპულარული, მაგრამ ჩვენთვის ორიენტირია საქართველოს მომავალი. წარსულის ცოდნის გარეშე კარგი მომავალი არ გვიწერია და ამიტომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის – «ისტორიული მემკვიდრეობის» მიზანი მხოლოდ ისტორიული დოკუმენტების კვლევა და გამოქვეყნება კი არა, ამ ისტორიული სინამდვილის ხალხის ყურამდე მიტანა და მომავლის სამსახურში ჩაყენებაა.
რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საფრთხიანია თუ უსაფრთხო, მაგალითს გეტყვით:
როგორც კი რუსეთის პრეზიდენტისადმი ჩვენი მიმართვა გამოქვეყნდა და ბატონი მედვედევის საპასუხო წერილიც გამოჩნდა, თუკი რაიმე ბერკეტის გამოყენება შეიძლებოდა, ყველაფერი მოსინჯა საქართველოს ხელისუფლებამ. ამ წერილის ხელმომწერ ყველა პირზე დაიწყო ზემოქმედების გზების ძიება.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთზე ამან შედეგი გამოიღო – ერთმა, თუ არ ვცდები, ხელფასზე გაცვალა საკუთარი «მე» (მგონი, ეს ხელფასი ბოლოს მაინც დაკარგა), მეორეს რაღაც კონკურსში შეჰპირდნენ გამარჯვებას (მგონი, გრანტის მისაღებად). ამან ძალიან დამწყვიტა გული – ისინი ქართულ სამეცნიერო წრეებში ცნობილი პიროვნებები არიან, ალბათ, კარგი პროფესიონალებიც, მომავალი თაობების აღმზრდელები, მაგრამ მათი პიროვნული ღირსებისა და თვისებების შესახებ რა მოგახსენოთ.
აღებულ ხელფასს დახარჯავ, სამსახური დღეს გაქვს და ხვალ შეიძლება აღარ გქონდეს, ბოლოს და ბოლოს, პროფესიას და საქმიანობის სფეროსაც იცვლის კაცი, ან საერთოდ ანებებს თავს, მაგრამ თავმოყვარეობას, საკუთარი ღირსების შეგრძნებას, პირად ავტორიტეტს რა ვუყოთ? ამასაც შეიცვლი? თუ დღეს რაღაცას ანაცვალებ და ხვალ ისევ რაღაცის სანაცვლოდ კვლავ მოიპოვებ? რა, პირადი ავტორიტეტი და ღირსება აღებ-მიცემობის საგანია? ფულს და მატერიალურ სიკეთეს ერთი თვისება აქვს – რამდენიც უნდა გქონდეს, ადვილად გეხარჯება და ხშირად აღარც გახსოვს, სად წავიდა. ფული სად დაიხარჯა, ადვილად ავიწყდება ადამიანს, მაგრამ ამ ფულის საშოვნელად გაკეთებული საქმე ან ჩადენილი საქციელი ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება და მის შთამომავლებზეც გადადის. სწორედ ამის მიხედვით ყალიბდება ადამიანის სახელი და ავტორიტეტი. წესით, ისინი ამას თვითონ უნდა ასწავლიდნენ მომავალ თაობებს, თუმცა, ახლა მე მიწევს მათთვის ამის შეხსენება.
კიდევ ერთი გარემოება უნდა აღვნიშნო: რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელს აწერს ჩვენი ორგანიზაციის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა კვირტია. იგი ერთ-ერთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სოციოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი იყო. ისიც აავსეს პრეტენზიული საყვედურებით, – როგორ გაბედე ასეთ ანტისახელმწიფოებრივ (!) დოკუმენტზე ხელის მოწერაო და ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს, ეთქვა, რომ დოკუმენტზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი. გააფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პოზიცია შეუთავსებელი იქნებოდა სახელმწიფო სამსახურში ყოფნასთან და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში მისი შემდგომი მონაწილეობა აღარ შეიძლებოდა (!). დღეისათვის ბატონი შოთა უმუშევარია, მაგრამ ამას მის მოქალაქეობრივ პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია. თუ რატომ არ მოეწონა ხელისუფლებას ასე ძალიან ჩვენი წამოწყება, ესეც ადვილი ასახსნელია:
ჩვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად ირჯება რუსეთისგან მტრის ხატის შესაქმნელად (ცოტა თავისით და ცოტაც «მეგობარი ქვეყნების» წაქეზებით). სხვა მიზეზებთან ერთად, ამას აკეთებს, თავის გარშემო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და მობილიზებისთვის, ცდილობს, პატრიოტული იმიჯი შეიქმნას, თითქოს ესენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ. მათ კი ებრძვის რუსეთი იმიტომ, რომ საქართველოს გადაყლაპვა უნდა. ისინი რუსეთს გველეშაპად გვიხატავენ, რომელიც, თურმე, ოდითგან საქართველოს მტერია და ამ დროს, თურმე, როგორც სააკაშვილი ბრძანებს, საქართველოს გვერდით უდგას მისი ისტორიული მეგობარი თურქეთი…
გამოჩნდა, რომ რუსეთი და რუსეთის ხელისუფლება სულაც არ ყოფილა ისეთი მტარვალი, რომელსაც საერთოდ არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობა და ქართველებთან ლაპარაკი; გამოჩნდა, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფალი კეთილგანწყობით ესაუბრება ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს; ე.ი. გაჩნდა ალტერნატივა და, თუკი ეს პროცესი გაგრძელდება, ხელისუფლების «კეთილ საქმეებს» დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. გამოჩნდება, თავისი ფანდის გასამაგრებლად, სხვა ყველაფერთან ერთად, როგორ უსინდისოდ აყალბებს ხელისუფლება ისტორიას. ყველასთვის ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება მნიშვნელოვანწილად ჩვენი ხელისუფლების გამიზნული მოქმედებების შედეგია. ხელისუფლება რომ ტყუის და ისტორიას ურცხვად აყალბებს, ეს ყველაფერი მომავალში ძალიან კარგად გამოჩნდება, როდესაც ჩვენი შეხვედრები უფრო ინტენსიური გახდება და ბევრი ისტორიული ფაქტი მივა ხალხის ყურამდე. სწორედ ამ საშიშროებას ხედავენ და ამიტომ ეშინიათ ჩვენი. ამ ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოწურა. მათ პერსპექტივა არ აქვთ არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, არამედ, საერთოდ, ქვეყნის წინსვლის პერსპექტივაც არ ჩანს. ამიტომ სიმართლის თქმა დღეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ არა მარტო ისტორიულ ფალსიფიკაციას ვებრძვით, აწმყოს ფალსიფიკაციასაც უნდა შევებრძოლოთ.
ესაუბრა ბონდო მძინარაშვილი