მეუფე სერაფიმე წერს იმაზე, რაც მას აღელვებს და ახარებს, მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს რაც მეტხანს ვცხოვრობ ამქვეყნად, მით მეტად ვრწმუნდები: დედამიწაზე უკვალოდ არაფერი ქრება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. უფრო მეტიც: ყველაფერი, რაც ხდება, სწორედ მისთვის დანიშნულ დროს ხდება! არც ადრე, არც გვიან – სწორედ მაშინ, როცა ამის ჟამი დგება.
აზრი არცთუ ორიგინალურია, მაგრამ ამის გამო განა ნაკლებ სარწმუნოა? არსობრივად, ამ აზრიდან სულ ნახევარი ნაბიჯია უფლის უზენაესი ნების აღიარებამდე, უფლისა, რომელიც მორწმუნეთათვის – უდავო ჭეშმარიტებაა და განა მხოლოდ მორწმუნეთათვის?
18 მარტის “ვეჩერნაია მოსკვაში” გამოვაქვეყნეთ სტატია სახელწოდებით: “ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,” იმის შესახებ, რომ მოსკოვიდან ძალიან შორს, საქართველოს პატარა ქალაქში, ცნობილი და დიდებული სახელით ბორჯომი, თურმე ჩვენს გაზეთს კითხულობენ. ინტერნეტ-ვერსიას, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გასაკვირია.
კიდევ უფრო საკვირველია, რომ გაზეთი, უფრო სწორად, რამდენიმე კვირით ადრე დაბეჭდილი სტატია ქართველმა მღვდელმა, მამა სერაფიმემ წაიკითხა.
ეს გახლდათ მონათხრობი დიდი სამამულო ომის ვეტერანზე, მოსკოველ ანატოლი გრიგორის ძე მლადოვზე, რომელსაც მამა სერაფიმე გამოეხმაურა, ვინაიდან ჩვენი პუბლიკაციის გმირის საბრძოლო გზა მჭიდროდ გადაჯაჭვული აღმოჩნდა მამამისის – ილია ანდრეის ძე ჯოჯუას საფრონტო წილხვედრთან! მეუფე სერაფიმემ რედაქციაში დარეკა, გავიცანით ერთმანეთი, ელექტრონული ფოსტის მისამართები გავცვალეთ, მიწერ-მოწერა გავაბით და გამოვიდა ჩვენი სტატიაც, რომელიც დავასრულეთ სიტყვებით “შეხვედრამდე, მამაო სერაფიმე,” რადგან სულ მალე ის მოსკოვში ჩამოსვლას აპირებს, პირისპირ შეხვედრა კი სულ სხვაა…
ძალიან ბევრი წერილი დამიგროვდა ამ გასაოცრად ბრძენი, კეთილი და პატიოსანი ადამიანისა. ის წერს იმაზე, რაც აღელვებს და უხარია, თავის მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
და ამ დღეებში, ვნების კვირაში, რომელიც ისე საშინლად დაიწყო, რომ სიტყვებითაც ვერ გადმოსცემ… სწორედ ახლა მინდა, რომ ზოგიერთი მისი წერილი ყველამ წაიკითხოს. ვფიქრობ, მიხვდებით, რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ მაინცდამაინც მისი, მამა სერაფიმეს წერილები…
“ძვირფასო ოლგა, დღეს შევამოწმე ფოსტა და თქვენი წერილი ვნახე…
… მადლობა ღმერთს, რომ ღვთისმოშიში ადამიანები რუსეთშიც არიან და საქართველოშიც, ისინი, ვინც იმედოვნებს, რომ დადგება დრო და ჩვენ შორის მეგობრობას ღმერთი აღადგენს. მე, როგორც ეპისკოპოსს, ამის მჯერა.
სერაფიმე საროველის საპატივცემულოდ პატარა ეკლესია ავაგე, ბევრჯერ ვთხოვე НТВ-ს, ОРТ-ს ტელეარხების ჟურნალისტებს: ჩამოდით, გადაიღეთ, ყველას უჩვენეთ რუსეთში, როგორ ვცხოვრობთ ჩვენ, ქრისტიანები, თქვენი ერთმორწმუნე ძმები! სულ ამაოდ: ტელევიზიებს დღეს მხოლოდ ოლიგარქები და პოლიტიკური სკანდალები, ანდა ბორის მოისეევის ნათქვამი და ДОМ-2 აინტერესებთ…
გიგზავნით ბორჯომის სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიის ფოტოს, რომლის გახსნაზეც 2007 წელს რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ ევგენის ძე კოვალენკო ჩამოვიდა.
იქვე დავაბრძანეთ ქვა (ბორჯომში ვიპოვეთ), ფორმით რომ ძალზე წააგავს იმ ქვას, რომელზეც სერაფიმე საროველი ლოცულობდა.
… ჩვენ ყველას, რუსებსაც და ქართველებსაც ღვთის მცნებები რომ გვახსოვდეს, ვიცნობდეთ და გვიყვარდეს სერაფიმე საროველისნაირი წმინდანები, მგონია, რომ არავითარი ომი და განხეთქილება ჩვენს, ადამიანებს შორის, არ იქნებოდა.
და კიდევ ვფიქრობ: მეტი უნდა ვილაპარაკოთ, ვწეროთ, მოვყვეთ კეთილსა და წმინდა სულის ადამიანებზე…
მინდა ასეთი სიყვარულის მაგალითი მოგიყვანოთ – ჩვენთან, ბორჯომში ერთი მორწმუნე ხეიბარი ქართველი ცხოვრობს, რომელიც რამდენიმე წლის წინ კდემამოსილ, თვინიერ, სიმპათიურ რუს ქალიშვილზე დაქორწინდა. მეუღლემ მას ვაჟი და ქალიშვილი აჩუქა.
რომ იცოდეთ, ოლგა, როგორ უყვარს ცოლ-ქმარს ერთმანეთი და არასოდეს კამათობენ.
კაცს ვეფხვია კურტანიძე ჰქვია, თავისი ნასტია რუსეთში გაიცნო. ცოლი 10 წლით უმცროსია მასზე და მართლაც ძალიან ჰგავს ნასტენკას ძველი ფილმიდან “მოროზკო.” გახსოვთ? გიგზავნით მათ ფოტოებს… ღმერთმა დაგლოცოთ, ოლგა. მეუფე სერაფიმე…”
“გამარჯობა, ოლგა. წავიკითხე სტატია “ვეჩერნაია მოსკვაში,” მადლობელი ვარ, მე და ჩემი ახლობლები ძალიან გაგვახარა ამ სტატიამ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მოსკოვში ჩემი მამიდაშვილები ბელა და ემა გეიდეკო ცხოვრობენ. ბიძაჩემი, მამაჩემის ღვიძლი დის – მამიდაჩემის ქმარი, პეტია გეიდეკო იყო.
ისინი სოხუმში დაიბადნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გადასახლდნენ, სადაც აგერ უკვე 50 წელია ცხოვრობენ… ბელამ მიამბო, როგორ გაემგზავრა მამიდაჩემი ვერა ჯოჯუა ფრონტზე, მამასთან, როცა გი ხარკოვის გათავისუფლებისას დაჭრეს და ვგონებ, ქალაქ იზუმის ჰოსპიტალში მოხვდა.
მას ბევრი რამ ახსოვს ჩვენს ოჯახზე, ფოტოსურათიც კი აქვს, რომელსაც მამაჩემი ფრონტზე ფარაჯის ჯიბით დაატარებდა.
ძია პეტია 1966 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მამაჩემის გვერდით, სოხუმის სასაფლაოზე. ძალიან გვიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდით… მთელი საქართველო უყვარდა. მახსოვს, ძია პეტია რომ გვესტუმრებოდა, ყველას გვიხაროდა, რა თქმა უნდა, მაშინ ძალზე პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ უფროსების საუბარს დიდი ყურადღებით უსმენდა ბებიაჩემი დომინიკა.
იგი გლეხის ქალი იყო, რუსული არ იცოდა, მაგრამ ერთ ფრაზას მუდამ თვალმოჭუტული და ბიძაჩემს მიჩერებული ამბობდა: შტო, პეტიია, პშიონ და პშიოონ? ეს ნიშნავდა: “რაო, პეტია, სულ ჯაშუშებზე ჰყვებიო?” ბებიაჩემი და ბაბუაჩემი 1878 წელს იყვნენ დაბადებული. ბაბუამ, დედის მხრიდან, 1914 წელს გერმანიის ფრონტზე მეფე ნიკოლოზ II ნახა, რომელიც ქართველ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მიესალმა და გამოელაპარაკა. ბაბუამ 1966 წლამდე იცოცხლა და სულ ამ შეხვედრას იხსენებდა… გიგზავნით ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ფოტოებსაც – ხომ ლამაზი ბებია მყავდა? ბიჭი კი ბიძაჩემია, რომელიც 1942 წელს ქერჩში დაიღუპა…
ასევე გიგზავნით დედაჩემის, ანგელინა კონსტანტინეს ასულის ფოტოს. ღმერთი გფარავდეთ, ოლგა. თქვენი მეგობარი მეუფე სერაფიმე…”
“მეკითხებით, ოლგა, როგორ ვდღესასწაულობთ აღდგომას ბორჯომში. ჩვენს ქალაქში, სადაც სულ 20 ათასი კაცი ცხოვრობს, 7 ეკლესია მოქმედებს. პასექის დღესასწაულს მთელი ქალაქი ზეიმობს, აქ ხომ ძირითადად, მართლმორწმუნენი ცხოვრობენ.
ვნების კვირაში მთელი ქალაქი ხელში ბზის მწვანე რტოებით დადის.
აღდგომის დღესასწაულზე ღვთისმსახურებას ღამის 11 საათზე ვიწყებთ, 12 საათზე ლიტანიობას – ეკლესიის გარშემო სვლას ვიწყებთ, ზარების რეკვის თანხლებით, შემდეგ უკვე ლიტურგიაა. მთელი ეზო სანთლებითაა განათებული, ძალიან ბევრი სტუდენტი და მოსწავლეა, რომლებიც თბილისიდან ორი დღით შინ, პასექზე ჩამოდიან.
ღვთისმსახურების ბოლოს, გარიჟრაჟზე, ძირითადად, მრევლი რჩება და ყველა ეზიარება. ჩვენი მღვდლები ძალიან იღლებიან, მაგრამ ყველას საზეიმო განწყობა აქვს, ნამდვილი ღვთის მადლია… მონასტრებში ღვთისმსახურება უფრო დიდხანს გრძელდება. აქ სამი დედათა და სამი მამათა მონასტერია. სხვათა შორის, დიდ პარასკევს ყველა პასექის კვერცხებს ღებავს და მხოლოდ წითლად.
აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, სასაფლაოზე გადიან, მიაქვთ პასქა, კვერცხები, სანთლები და… რა თქმა უნდა, ღვინო… რაკიღა პატარა ქალაქია, ყველაფერი უფრო მწვავედ აღიქმება, სიხარულიცა და პასექიც, მწუხარებაცა და იმედიც.
ღმერთი გფარავდეთ, თქვენი მეგობარი მეუფე სერაფიმე…”
“შევიტყვე იმის შესახებ, რაც მოსკოვში მოხდა… ყველანი მწუხარებას ვეძლევით და ვლოცულობთ დაღუპულთათვის, უდანაშაულო მოწამეთათვის. დამთხვევაა? წინ ხომ პასექია, უფლის აღდგომა, მაგრამ როგორც აღდგომამდე იყო გოლგოთა, ასევე ახლაც განსაცდელი მოგვევლინა – საშინელი ტრაგედია… ვლოცულობთ ყველასთვის…”
ავტორი: ოლგა მოროზოვა
გაზეთი “ვეჩერნაია მოსკვა”