Home რუბრიკები ისტორია “ვეჩერნაია მოსკვამ” ბორჯომის მიტროპოლიტს მამის თანაპოლკელი მოაძებნინა

“ვეჩერნაია მოსკვამ” ბორჯომის მიტროპოლიტს მამის თანაპოლკელი მოაძებნინა

დღეს საქართველოში მიივიწყეს ისტორიული წარსული, ალბათ, ამიტომაც აფეთქებენ კულტურულ ძეგლებს, ძირკვავენ წლობით ჩამოყალიბებულ ღირებულებებს, რუსულ ენას მტრის ენად რაცხავენ და დემოკრატიულ ღირებულებებზე ინგლისურად ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, რუსეთის საპატრიარქომ უარი განაცხადა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ეპარქიების ცნობაზე, რადგან ერთმორწმუნე მეზობელთან მრწამსის გარდა, დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებს. ამის კიდევ ერთი დასტური ის ამბავია, რომელსაც წინამდებარე პუბლიკაციაში მოგითხრობთ…

მამა სერაფიმეს მამისგან ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა – ხსოვნა ერგო
ამ სატელეფონო საუბრის პირველ წუთებში ვერც კი მივხვდი და ვერც დავიჯერე, შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ ვერ გავიგონე: “საიდან რეკავთ?!” – “ბორჯომიდან, საქართველოდან! მამა სერაფიმე მქვია, თქვენი პუბლიკაციის გამო ვრეკავ: “მოლოდაია უ ნიხ ფამილია.” 25 თებერვლის “ვეჩორკაში” დაიბეჭდა…” არა, ცხადია, ასე არ ხუმრობენ, მაგრამ დამეთანხმებით, ფანტასტიკას ჰგავს. თუმცა არც ასეა საქმე ჩვენს, კომპიუტერული კომუნიკაციების, საუკუნეში. ჩვენს გაზეთს საქართველოში ვერ იშოვი, სამაგიეროდ, არსებობს “ვეჩერნაია მოსკვას” ინტერნეტვერსია. სწორედ ასე ჩააღწია სტატიამ ვეტერან ანატოლი გრიგორის ძე მლადოვზე ბორჯომში, ასე წაიკითხა იგი მიტროპოლიტმა სერაფიმემ და მიხვდა, რომ ჩვენი სტატიის გმირთან ერთად მსახურობდა მამამისი ილია ჯოჯუა.

ახალი სტატიის მომზადებას შევუდექით და სწორედ მაშინ გადმოსცეს ის ყბადაღებული რეპორტაჟი: რუსები საქართველოში არიან, სააკაშვილი მოკლეს და სხვა ამდაგვარი საძაგლობა… დაე, ღმერთმა განსაჯოს. ისე კი, არის სიმართლის მარცვალი ერთი ქართველის (დიახ!) სიტყვებში: “ხელისუფლება მოდის და მიდის, ხალხი კი რჩება.” სადავოც არაფერია.

ორი ბედისწერა და ერთი ომი

ილია ანდრეის ძე ჯოჯუა სოხუმში დაიბადა 1917 წელს. ომის დაწყებისას ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი იყო და ანატოლი მლადოვივით ფრონტზე წასვლა უნდოდა, რისთვისაც თანაკურსელებთან ერთად სამხედრო კომისარიატები შემოიარა. მლადოვთან ერთად ის ქიმდაცვის აკადემიაში ჩარიცხეს. ეს 1941 წელს ჩამოყალიბებული დაჩქარებული კურსი იყო. ახალწვეულ ქიმიკოსებს მჭიდრო ვადებში ყველაზე მნიშვნელოვან რამეებს ასწავლიდნენ და მაშინვე ფრონტზე აგზავნიდნენ. 1942 წელს ანატოლი მლადოვი სტალინგრადის ბრძოლის ქარ-ცეცხლში მოხვდა, ხოლო ილია ჯოჯუა – ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე, სადაც ასევე სისხლისმღვრელი ომები მიმდინარეობდა.

ფაშისტ სნაიპერებზე თავდასხმისას ახალგაზრდა მეთაური ანატოლი მლადოვი მძიმედ დაიჭრა, დაბრმავდა და იძულებული გახდა, დემობილიზებულიყო. უფროსი ლეიტენანტი, სატანკო პოლკის ქიმიური სამსახურის მეთაური ილია ჯოჯუა კავკასიას იცავდა, შემდეგ ხარკოვთან იბრძოდა და ამ ომის შედეგებს თავისი სამხედრო ბიოგრაფიის ყველაზე საზარელ ეპიზოდად მიიჩნევდა. ჯოჯუა 1945 წლის დეკემბრამდე იბრძოდა, დაჯილდოებულია მედლებით: “კავკასიის დაცვისათვის” და “1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის.”

ომის შემდეგ ანატოლი მლადოვმა, მიუხედავად სიბრმავისა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და პედაგოგად 40 წელზე მეტხანს იმუშავა. ილია ჯოჯუა გეოლოგი გახდა და თითქმის 10 წელი გდრ-ში, ქალაქ კარლმარქსშტადტში მუშაობდა, ასევე გეოლოგკონსულტანტი იყო ვიეტნამში, მიღებული ჰქონდა ხო ში მინისა და შრომის ორდენები. სამშობლოში დაბრუნებული ტყვარჩელში მუშაობდა მთავარ გეოლოგ-ინჟინრად.

ილია ჯოჯუამ ომში ძმა – სევერიანე ჯოჯუა დაკარგა, რომელიც 1942 წელს ქერჩში დაიღუპა.

მემკვიდრეობად დარჩენილი ხსოვნა

ილია ჯოჯუას ვაჟი, რომელიც სტატიაზე გამოგვეხმაურა, ასევე სოხუმში დაიბადა, ა. ს. პუშკინის სახელობის #2 რუსული სკოლა დაამთავრა, იმსახურა არმიაში, ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში… გრანდიოზულ გეგმებს აწყობდა, ამერიკაში გამგზავრებაზეც კი ოცნებობდა, ისევე, როგორც მისი თაობის ახალგაზრდა სპეციალისტები.

მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად ისურვა და მანაც სასულიერო მოღვაწეობის გზა აირჩია. მამა სერაფიმე ბავშვობიდან მორწმუნე იყო, დედამ აღზარდა ასე, მანვე მონათლა ეკლესიაში მალულად, როცა ის ორი წლის იყო.

აკადემიის დამთავებისთანავე, 1991 წელს თბილისის მახლობლად მდებარე წმიდა ანტონ მარტყოფელის მონასტრის მორჩილი გახდა, 1992 წელს – ბერად აღიკვეცა, ხოლო წლის ბოლოს მღვდელი გახდა, ახლა ბორჯომის მიტროპოლიტია.

მამასთან ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდა. ძველ ფრონტელს უჭირდა ომზე ლაპარაკი – მეტისმეტად ბევრი მწუხარება, სიკვდილი და ტანჯვა იხილა იმ წლებში, მაგრამ შეძლო შვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებების გადაცემა. ილია ანდრეის ძე ჯოჯუა 1981 წელს გარდაიცვალა და შვილს ძვირფას მემკვიდრეობად ხსოვნა დაუტოვა. როცა სტატიაში ნაცნობი სიტყვები: “ქიმდაცვის აკადემია” ამოიკითხა, გული აუძგერდა, თითქოსდა შორეული წარსულიდან ბარათი, მშობელი მამისგან გადმოცემული სალამი მიიღო. ქვესათაურში გამოტანილი სიტყვა “თანაპოლკელი” შესაძლოა მთლად ზუსტი არ იყოს, მაგრამ დიდი შეცდომაც არაა. ისინი ყველა, ძველი თანამებრძოლები, ვეტერანები, დიდი სამამულო ომის ჯარისკაცები არიან…

აპრილში მამა სერაფიმე მოსკოვში ჩამოვა. ის ოცნებობს ანატოლი გრიგორის ძე მლადოვთან შეხვედრასა და “მამასავით გულში ჩაკვრაზე.”

ამასთან, მამა სერაფიმეს პატრიარქი კირილესთვის ძველი, 1762 წლის ხატის გადაცემა სურს. ეს პატარა ხატია როსტოვისა და იაროსლავის მიტროპოლიტის წმიდა არსენი მაცეევიჩისა, რომლის ხსოვნასაც 13 მარტს აღნიშნავენ. ხატი მამა სერაფიმესთან თბილისის ანტიკვარული მაღაზიიდან მოხვდა, როგორც დაბადების დღის საჩუქარი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნება.

მასთან, კიდევ უამრავი შეკითხვა გვაქვს და სულმოუთქმელად ველოდებით შეხვედრას. იმედია, მოსკოვში ვიხილავთ, რედაქციაშიც მოვიწვევთ. ახლაც გვაქვს მიწერ-მოწერა ელექტრონული ფოსტით. ყველა წერილს იწყებს სიტყვებით: “ღმერთმა დაგლოცოთ…” ბევრი ფოტო გამოგვიგზავნა, თავისიც და მამამისისაც.

გვჯერა, რომ ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება.

შეხვედრამდე, მამა სერაფიმე!

 

გაზეთი

“ვეჩერნაია მოსკვა”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here