Home რუბრიკები ისტორია აკაკი რამიშვილი მენშევიკური მთავრობის შეცდომების შესახებ

აკაკი რამიშვილი მენშევიკური მთავრობის შეცდომების შესახებ

თბილისში ამერიკელი კონსული სმიტი 1917 წლიდან მეგობრობდა კავკასიის ერებთან, განსაკუთრებით კი – საქართველოსთან. ის ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრისგან თავიდანვე მოითხოვდა, რომ ამ ერებისათვის ამერიკას დიდი ფინანსური დახმარება გაეწია, რათა ხელი შეეწყოთ საკუთარი ჯარის შექმნისა და ეკონომიკის განვითარებისათვის. ბატონი სმიტი გამუდმებით ცდილობდა, დაეინტერესებინა ამერიკული ფირმები კავკასიასა და საქართველოში.

ერთ დღეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სმიტთან გაუგებრობა მოუხდა. ევგენის დაავიწყდა, რომ სმიტი უზარმაზარი ამერიკის წარმომადგენელი იყო, ხოლო თვითონ კი – პატარა საქართველოსი. ის ზოგჯერ სიფიცხესა და ამპარტავნობას იჩენდა. ერთხელ ე. გეგეჭკორმა მებაჟეებს გააჩხრეკინა ამერიკის კონსულის დიპლომატიური ჩემოდანი. ეს ამბავი ცეცხლის ალივით მოედო საქართველოში მყოფ ყველა წარმომადგენელს. ევგენი გაჯიუტდა და ცხრა თვე ბოდიშს არ იხდიდა. ბოლოს, გეგეჭკორი და სმიტი იტალიის წარმომადგენელმა ჩერუტიმ შეარიგა. სამწუხაროდ, ამ ინციდენტს ორი ცუდი შედეგი მოჰყვა საქართველოსთვის. კერძოდ, ჩემოდნის ამბავი კონსულმა დაწვრილებით ამცნო ვაშინგტონს. ამერიკელებმა ჩვენს მთავრობას “ფსევდო-მთავრობა” უწოდეს და ეს გაიმეორა კიდეც მოკავშირეების უზენაესმა საბჭომ; მეორე მხრივ, ამერიკის კონსული ურჩევდა ამერიკელ მრეწველებს, არ წამოეწყოთ საქმეები საქართველოში, სანამ მას დე იურე არ ცნობდნენ.
კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი პარიზის კონფერენციაზე რომ გაემგზავრნენ, სტამბოლში ისინი, როგორც არასასურველი პირები, ინგლისელმა ადმირალმა კალთორპმა დააკავა. ნუთუ ესენი მართლა წარმოადგენენ მთელ ქართველ ერს, თუ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ ფრაქციასო? ასე მიმართა მან ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს. კიდსტონმა ამ ორი ყოფილი რევოლუციონერის გამოჩენა მოულოდნელ და არასასიამოვნო ფაქტად მიიჩნია. მას არ უნდოდა ამ ორი ქართველის გაშვება კონფერენციაზე და გადაწყვიტა მათი პრინკიპოს კუნძულზე გაგზავნა, სადაც მთელი რუსეთის კონფერენცია მიმდინარეობდა.

თბილისში ამერიკის კონსული თავის კოლეგას სტამბოლში ატყობინებდა, ერჩია სპარსელების ან სომხებისათვის, რომ ამერიკიდან სპარსეთში ჩასასვლელად საქართველოს ტერიტორია არ გაევლოთ, ვინაიდან საქართველოს მთავრობა მათ ყველაფერს გაურთულებდა და უცხოურ ვალუტას ჩამოართმევდა.

ადრე შევეხეთ მემარცხენე მენშევიკების მიერ საქართველოს ტერიტორიის ეროვნული უმცირესობებისათვის დარიგების ფაქტს. საინტერესოა, როგორ ასაბუთებდა ეროვნულ-დემოკრატი ზურაბ ავალიშვილი ლონდონში მოკავშირეთა უზენაესი საბჭოს კომისიის წინაშე საქართველოსთვის ლაზისტანის, ართვინ-არდაღანისა და ბათუმის შემოერთების აუცილებლობას: “საჭიროა, ლაზისტანის მოთხოვნა დავასაბუთოდ ისტორიულად ეთნიკურ საფუძველზე. ეს ტერიტორია ბათუმის პროვინციის გაგრძელებაა. ლაზები რასით და ენით მეგრელებთან არიან დაკავშირებული. მართალია, ლაზები იძულებით არიან გამაჰმადიანებული, მაგრამ მაჰმადიან, ანუ თურქულ საქართველოს წარმოადგენენ. ჩვენ ვთხოულობთ ლაზისტანის სანჯაკს, ანუ ტრაპეზუნდის ვილაიეთს, ერზრუმის ვილაიეთს, ყარსის პროვინციის დასავლეთ ნაწილს (არდაღანს და ოლტის) და, აგრეთვე, ბათუმს მთელი მისი პროვინციით. ჩვენ მზად ვართ, ყველა გარანტია მივცეთ ჩვენს მეზობლებს, განსაკუთრებით სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომ თავისუფლად ისარგებლებენ ბათუმის პორტით”.

კომისიის ფრანგმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლაზებს არაფერი განუცხადებიათ იმის თაობაზე, უნდათ თუ არა საქართველოსთან შეერთება. რაც შეეხება ბათუმს, თავმჯდომარის აზრით, ყოველ ახალ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გასასვლელი ზღვაზე.

უზენაესმა საბჭომ გამოიტანა დადგენილება: “ბათუმი უნდა იყოს თავისუფალი პორტი, ხოლო პროვინცია ორად უნდა გაიყოს. დასავლეთი სომხეთს უნდა გადაეცეს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი – საქართველოს. რაც შეეხება ლაზისტანს, იგი უნდა იყოს სომხეთის ავტონომიური პროვინცია!”

* * *

ახლა განვიხილოთ ბათუმის საკითხი.

როგორც ისტორიიდან გვახსოვს, 1829 წელს თურქებმა დაიბრუნეს ბათუმი რუსეთისაგან, ხოლო 1878 წელს კი იგი კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდა. შემდეგ, ჩვენი ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებაზე დაუსწრებლობის გამო, ბოლშევიკებმა ბათუმი თურქეთს გა­დასცეს.

გერმანელი ფონ ვეზენდონკის ცნობით, 1918 წლის გაზაფხულზე, როდესაც თურქეთი ამიერკავკასიის დაპყრობას ცდილობდა, გაბოლშევიკებულმა რუსეთმა, ბათუმი ქართველებს რომ არ დარჩენოდათ, უბრძოლველად ხელში ჩაუგდო თურქებს.

ინგლისის ჯარმა 1918 წლის დეკემბერში შეცვალა გერმანელები. დაიკავა ბათუმი და მისი პროვინცია, როგორც მომარაგების ბაზა დენიკინისათვის. ინგლისელებმა თეთრი რუსების წარმომადგენელი დანიშნეს პროვინციის გუბერნატორად, თვითონ კი, თეთრგ­ვარდიელების გარეშე, მხოლოდ წესრიგს იცავდნენ ქუჩებში. მთელი რეგიონი თურქებისა და ბოლშევიკების საინტრიგო ბაზად იქცა. ჩვენ, ქართველები, კი ხმას ვერ ვიღებდით.

1920 წლის იანვარში დენიკინმა ომი წააგო, ინგლისელებმა გადაწყვიტეს, ბოლშევიკების შესაჩერებლად ამიერკავკასიისათვის სამხედრო დახმარება გაეწიათ. მაგრამ სანრემოს კონფერენციაზე კარლო ჩხეიძემ ვერ გაბედა ბათუმსა და ერევანს შორის რკინიგზის დათმობა სომხეთისთვის. ირაკლი წერეთელმა კიდევ უფრო დიდი შეცდომა დაუშვა. მას ჟორდანიასაგან საიდუმოდ სცოდნია, რომ იგი ლენინთან ხელშეკრულების დადებას აპირებდა და ეს ირაკლიმ პარიზის კონფერენციის დელეგატებს განუცხადა.

ინგლისის მთავრობაში ლორდ კერზონის არყოფნის დროს კამათი გაიმართა ბათუმის მომავალზე. ლორდის მოადგილემ ჰარდინგმა განაცხადა, რომ ბათუმი საქართველოს შემადგენლობაშია და თუ რაიმე ეჭვი არსებობს, უორდროპს უნდა შევეკითხოთო. მაგრამ მხედრებმა მთავრობაში საკუთარი წინადადება გაიტანეს და მიაღებინეს დადგენილება “მთელი ამიერკავკასიის დატოვების თაობაზე”. ამაზე ოსბორნმა განაცხადა, ეს კავკასიაში ინგლისის მთელი პოზიციის განადგურებას ნიშნავსო.

უორდროპმა ეს რომ გაიგო, გადადგომა გადაწყვიტა. მაკ დონელი ამაში ხედავდა ინგლისელი მხედრების უკანასკნელ ცდას, წინ აღდგომოდნენ რუსეთის იმპერიალიზმის ბატონობას, კავკასიის რესპუბლიკების დამხობასა და წითელი არმიის მიერ მათ ხელში ჩაგდებას.

ლორდ კერზონი მხარში ამოუდგა უორდროპს და ჰარდინგს. სამხედრო სამინისტროს უნდოდა გენერალ კუკოლისის ბათუმში დატოვება პატარა ესკორტით, მაგრამ გენერალი მილნი არ იყო ამაზე თანახმა. დაბოლოს, კერზონი შეუთანხმდა ინგლისის ჯარების მთავარსარდალს მარშალ ვილსონს, რომ ბათუმში ორ ბატალიონს დატოვებდნენ. 1920 წლის თებერვალში ინგლისის მთავრობა ამას დაეთანხმა. ინგლისის სამხედრო ექსპერტების აზრით, არ იყო საჭირო დიდი გარნიზონის დატოვება ბათუმში.

უორდროპმა შენიშნა, რომ მენშევიკური მთავრობა უკმაყოფილო იყო ინგლისის გამგებლობით ბათუმის პროვინციაში და მოითხოვდა ნებართვას რამდენიმე პუნქტის დაკავების თაობაზე. მაგრამ, სანამ საქმე გადაწყდებოდა, 1920 წლის მარტში ქართველთა ერთეულებმა ახალციხიდან და არდაღანიდან გადალახეს პროვინციის საზღვარი.

უორდროპი აღშფოთდა, ჟორდანიას პროტესტი განუცხადა და ჯარი უკან გააყვანინა. კერზონმა მკაცრად გააფრთხილა ჩვენი მთავრობა, რომ ასეთი მეთოდებით თავიანთ საქმეს ავნებდნენ.

იტალიელმა სენატორმა კონტიმ თბილისის ერთ-ერთი გაზეთის ინტერვიუში განაცხადა, ბათუმი საქართველოს ფიუმიაო (ფიუმი გახლავთ იუგოსლავიის ქალაქი, რომელიც ძველად უნგრეთს ეკუთვნოდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისა და გაბრიელე დანუნციოს პუტჩის შემდეგ იტალიას გადაეცა. მოგვიანებით, 1947 წელს, კვლავ იუგოსლავიამ დაიბრუნა).

გენერალმა კუკოლისმა აზრი შეიცვალა, ცნო, რომ ინგლისის ადმინისტრაცია არ იყო სათანადო დონეზე და ქართველებმა საჩქაროდ უნდა დაიკავონ ბათუმიო. მაგრამ გენერალი მილნი ამას არ თანხმდებოდა, ვინაიდან ქართული სამხედრო ერთეული ახლა ნატანებიდან შევიდა პროვინციაში. უორდროპიც გაბრაზებული იყო. გენერალ კუკოლისის აზრით, პროვინცია საქართველოს უნდა გადასცემოდა.

ლონდონში ეშინოდათ, რომ საქართველოსთან უსიამოვნება უფრო ზიანს მოუტანდათ, ვიდრე სიკეთეს. სომხები, რასაკვირველია, გაიძახოდნენ, ქვეყანას არ შეუძლია ცხოვრება პორტის გარეშეო. ლორდ კერზონი კი ფიქრობდა ბათუმის თავისუფალ ქალაქად გამოცხადებას, ხოლო პროვინციის საქართველოსა და სომხეთს შორის გაყოფას.

დაბოლოს, კარლო ჩხეიძემ პარიზის საზავო კონფერენციას გადასცა მემორანდუმი. საქართველო კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეთანხმდებოდა ამიერკავკასიის მეზობლებთან საქართველოს ამ პროვინციის და პორტის ანექსიის ფარგლებში. ჰარდინგმა მიიღო კარლო ჩხეიძე და განუცხადა: პროვინციის ხალხს ერთი სურვილი აქვთ, რომ ხელახლა შეუერთდნენ საქართველოს და ჩვენ ვიძლევით ყოველივე იმის გარანტიას, რომ პორტი ყველასათვის ღია იქნება და სავაჭრო ცენტრი გახდება. იგი ინგლისური გარნიზო­ნისაგან მოითხოვდა დახმარებას ქალაქში წესრიგის დამყარებისათვის.

ამას საქართველოს მთავრობის წევრებისათვის ყოვლად მოულოდნელი ამბავი მოჰყვა, რომელიც მათ 1920 წლის 7 მაისს შეიტყვეს: ნოე ჟორდანიას საიდუმლოდ გაუგზავნია თავისი წარმომადგენელი მოსკოვში, რომელსაც საქართველოს სახელით ხელი მოუწერია ხელშეკრუებაზე საბჭოთა რუსეთთან და თურმე ამ დოკუმენტს არ სჭირდებოდა დამფუძნებელი კრების რატიფიკაცია.

ამ კატასტროფულ ხელშეკრულებას შემდეგში კიდევ შევეხებით. ამჯერად კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რა დიდი უფლებებით სარგებლობდა ნოე ჟორდანია, როდესაც ასეთ საქმეებს სჩადიოდა. თუმცა ამაზე თვითონვე მოგვითხრობს თავის მოგონებებში: “მთავრობის სხდომები ემსახურებოდნენ უმთავრესად მიმდინარე საშინაო საამშენებლო საქმეებს. მას ხშირად არ ვესწრებოდი. თუმცა ის წინადადება, რომლის წინააღმდეგიც ვიყავი, არ გადიოდა. ასეთი ვეტო ხშირად არ მიხმარია, ვინაიდან წინასწარ ვიცოდი, რომელი უწყება და რა პროექტი მოდიოდა მთავრობაში.

რთული საგარეო საკითხები ასეთ ოფიციალურ სხდომებზე არ განიხილებოდა: ეს იყო სფერო თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრისა ანდა მხოლოდ მინისტრების თათბირისა. დიდი ბჭობა გვქონდა, მაგალითად, იმაზე, შეგვეყვანა თუ არა ჩვენი ჯარი აჭარაში. ვერ გადაწყვიტეს და მე მომანდეს. დიდი ფიქრის შემდეგ შუაღამით გავეცი ბრძანება, რომ ჩვენი ჯარი საზღვარზე გადასულიყო”.

თუ მოვაგროვებთ მასალას ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობის მეთოდის შესახებ, იერარქიის საოცარი სურათი წარმოგვიდგება. პირამიდის ზემოთ არის ნოე ჟორდანია, მის ქვეშ – პარტიის ბიურო, ამის შემდეგ – მენშევიკური ფრაქცია პარლამენტში, შემდეგ – საქართველოს მთავრობა, და ბოლოს – დამფუძნებელი კრება.

ეს საინტერესო შენიშვნაა ყველასათვის, ვისაც კი აწუხებს მთავრობის მიერ ჩადენილი შეცდომები.

ამ ხელშეკრულებამ აიძულა ინგლისელები, რომ ჯარი გაეყვანათ ბათუმიდან და ქალაქი საქართველოსათვის გადაეცათ.

სინამდვილეში კი ეს უფრო ჩვენს დამარცხებას უდრიდა, ვიდრე გამარჯვებას.

 

აკაკი რამიშვილი,

“ჩვენი შეცდომები”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here